მამა ბრძანებს, ძე ქმნის, სული აღასრულებს...
მამა ბრძანებს, ძე ქმნის, სული აღასრულებს...
როცა წმინდა სამების შესახებ ვფიქრობთ, საჭიროა განმასხვავებელი ნიშან-თვისებების მიხედვით შევიქმნათ მართებული, შეურევნელი წარმოდგენა, სხვაობის განსაზღვრისათვის ავიღოთ არა საერთოდ წარმოდგენადი რამ , როგორიცაა, მაგალითად, "არაქმნილობა", "მიუწვდომლობა", აღნიშნული რაიმე ცნებით, ანთუ სხვა რამ ამისი მსგავსი, არამედ ვეძიოთ ის ერთი რამ, რითაც თითოეულის ცნება ცხადად და შეურევნელად გამოეყოფა ერთად წარმოდგენადს, რასაც ერთიანად წარმოვისახავთ.

* ვიდრე აზრს არ მიუღწევია შეურევნელი წარმოდგენისათვის წმინდა სამების თითოეული წევრის პიროვნულ თვისებებზე, მანამდე მას არ ძალუძს ჯეროვნად აღასრულოს დიდებისმეტყველება მამისა და ძისა და სულისა წმინდისა.

* სამებაზე მსჯელობისას ჩვენთვის საკმარისია ვაღიაროთ ის სახელები, რომლებიც საღვთო წერილიდან ვიცით, და ამ დროს ყოველთვის უნდა ვერიდოთ სიახლეთა შემოღებას, რამეთუ ჩვენი ხსნა-ცხოვნება სახელების გამოგონებაში კი არ მდგომარეობს, არამედ - ღმერთის სწორ, მართებულ აღიარებაში, რაც რწმენით გაგვითავისებია.

* იმათ, ვინც ჩვენ სამღმერთიანობას გვსაყვედურობს, დაე, მივუგოთ, რომ ჩვენ ვაღიარებთ ერთ ღმერთს არა რიცხობრივად, არამედ ბუნებით... რამეთუ ყოველივე, რაც ერთად იწოდება, სინამდვილეში არც ერთია და არც მარტივი (არაშედგენილი) თავისი ბუნებით; ღმერთის შესახებ კი ყველა აღიარებს, რომ იგი მარტივი და არაშედგენილია. მაშასადამე, ღმერთი ერთია არა რიცხობრივად, - რამეთუ რიცხვი რაოდენობის კუთვნილებაა, რაოდენობა კი სხეულებრივ ნივთიერებასთანაა დაკავშირებული და ამიტომ რიცხვი არის სხეულებრივი ბუნების კუთვნილება, - არამედ ღმერთი ერთია თავისი არსით და ბუნებით. ყველა რიცხვი ისეთს რასმე აღნიშნავს, რასაც წილად ნივთიერი და შემოსაზღვრული ბუნება ხვდომია, ერთადერთობა და ერთიანობა კი მარტივი (არაშედგენილი) და უსაზღვრო ბუნების თვისებაა... ამდენად ჩვენ გამოვრიცხავთ ღმერთის ცნებიდან ყოველგვარ ნივთიერ და შემოსაზღვრულ რიცხობრიობას...

* ვინც გონებით მამა ღმერთი წარმოიდგინა, მან აზრით ძე ღმერთიც მოიცვა მის არსობრიობაში; ხოლო ვისაც გონებაში ძე ღმერთი წარმოუდგენია, მისთვის სულიწმინდა ღმერთიც განუყოფელია ძე ღმერთისაგან.

* აკურთხევს, ცხოველჰყოფს, განანათლებს, ნუგეშს სცემს და ყოველივე ესევითარს აღასრულებს ერთი ღმერთი - ყოვლადწმინდა სამება - მამა და ძე და სულიწმინდა. და დაე, ნურავინ მიაწერს კურთხევა-განათლების ხელმწიფებას მხოლოდ სულიწმინდის მოქმედებას. სხვა ყოველივე თანაბრად მოიმოქმედება ურთიერთღირსთა მიერ - მამის და ძის და სულიწმიდის მიერ: ყოველი მადლისა და ძალის მონიჭება, წინამძღვრობა, ცხოვრება, ნუგეშისცემა, უკვდავყოფა, გათავისუფლება და სხვაც, თუკი რამ არის ჩვენზედ მოფენილ სიკეთეთაგან - ყოვლადწმინდა სამებისაგან აღესრულება.

* ქმედებათა იგივეობასაც მამაში, ძესა და სულიწმინდაში ცხადად ადასტურებს მათი ღვთაებრივი ბუნების განუსხვავებლობა და ერთობა.

* მამა ბრძანებს, ძე ქმნის, სული აღასრულებს... მაგრამ ეს განსხვავება არ მოასწავებს განყოფას, რამეთუ ერთია დასაბამი და მიზეზი ყოველთა არსებათა, შემოქმედი, რომელიც ქმნის ძის მიერ და აღასრულებს სულიწმინდის მიერ.

* ყოველი საღვთო ქმედება არის განუყოფელი სამობრივი ქმედება, ანუ მოქმედება მამისაგან ძის მიერ სულიწმინდაში... ჩვენც, საღმრთო მადლის ნიჭთა მიმღებნი, უპირველესად მომცემისაკენ მივაპყრობთ ჩვენს აზრს, ვინც გვირიგებს ამ ნიჭთ, შემდეგ წარმოვიდგენთ წარმომგზავნელს, მომავლინებელს, ბოლოს კი ფიქრით აღვმაღლდებით ყოველგვარი სიკეთის წყაროსა და მიზეზისაკენ.
წმინდა ბასილი დიდი

ძველი აღთქმა ცხადად ქადაგებდა მამა ღმერთს, და არა ამგვარივე სიცხადით - ძე ღმერთსაც. ახალმა აღთქმამ ძე ღმერთი განგვიცხადა ყოვლად აშკარად და მითითებანიც მოგვცა სულიწმინდის ღვთაებრიობაზე. და აწ ჩვენთან სულიწმიდა ჰგიებს, გვანიჭებს რა უცხადეს შეცნობას სამობით ერთი ღმერთისა... ამგვარად, ჯერ-იყო სამობრივ ღვთაებრივ ნათელს თანდათანობითი მატებით გაეცისკროვნებინა ადამიანები...

* საღვთო გამოცხადება აღსრულდა, სამობრივი საიდუმლო გაცხადებულია, მაგრამ მისი დატევნა ჯერ არ ძალუძს ადამიანს. საჭიროა მარადის მივესწრაფოდეთ მის წვდომას, სანამ სრულყოფილად არ განგვეცხადება ყოველივე ის, რაც სასურველი და სანატრელია ჩვენთვის.

* მხოლოდ წმინდანნი იხილავენ წმინდას - სამების სამმზეობრივ ბრწყინვალებას. მხოლოდ სრულყოფილნი დაიმკვიდრებენ წმინდა მეუფეობრივი სამების სრულყოფილ ნათელს და შეცნობას, რამეთუ მაშინ სამება უფრო ნათლად და წმინდად გაგვაცისკროვნებს და მთლიანად შეუერთდება ჩვენს მთელ გონებას, რაშიც ვგონებ კიდეც, საკუთრივ, ცათა სასუფეველს... და მაშინ იქ დამკვიდრებული სულები შეიძენენ ყოვლადწმინდა სამების სრულყოფილ შეცნობას, და ეცოდინებათ, თუ რა არის იგი, ვითარია და რაოდენია.

* სამება - ჭეშმარიტად სამებაა... სახელწოდება - "სამება" - აღნიშნავს არა უთანასწორო საგანთა რაოდენობას, არამედ თანაბარ, თანასწორ და ერთნაირი პატივის მქონეთა ერთობლიობას.

* გავიფიქრებ თუ არა ერთზე, უმალ გავცისკროვნდები სამით; როგორც კი განვყოფ სამს, უმალ აღვმაღლდები ერთამდის. როცა ერთი წარმომიდგება სამებისაგან, მას როგორც მთლიანს მივაგებ პატივს... როცა გრძნობისმიერ ჭვრეტაში სამს შევაერთებ, ერთ მნათობს ვხედავ, და არ ვუწყი განყოფა თუ გაზომვა ერთიანი ნათლისა.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ბეჭდვა
1კ1