წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
ერთია ღმერთი, გაცხადებადი სამ ნათელში: ამგვარია სამების წმინდა ბუნება.

***
ღმერთი, ასე ვთქვათ, განუყოფლად განიყოფა, და განუყოფლადვე ერთდება, რამეთუ ღმერთი ერთია სამობრივ და სამი ერთია, მათშია ღმრთაება, ანდა, უფრო სწორად, ისინია ღვთაება.

***
როცა გესმის ძის შობის შესახებ, ნუ ეცდები გამოიძიო, თუ ვითარია ამ შობის სახე! როცა გესმის, რომ სული გამოვალს მამისაგან, ნუ გამოიძიებ ცნობისწადილით, თუ როგორ გამოვალს იგი!.. რამეთუ როგორ ხდება ეს - მხოლოდ მშობელმა და გამომავლენელმა მამამ და შობილმა ძემ და გამომავალმა სულიწმინდამ უწყიან. ამაზე მეტის მცნობელობა დაფარულია ღრუბლით და მიუწვდომელია შენი ახლომხედველობისთვის.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

შევიცნობთ რა ყოვლადწმინდა სამებას იმ ზომით, რომლითაც ამქვეყნიურ ცხოვრებაში ხელგვეწიფება, ჩვენ მცირედი ეჭვის გარეშე ვაღიარებთ, რომ ყოველ გონიერ, სულიერ თუ სხეულებრივ ქმნილებას, რაკი ის არსებობს, თავისი არსებობაც და სახეც მიღებული აქვს სწორედ მისგან - ყოვლადწმინდა სამებისგან და მის მიერვე წარემართება ესოდენ მწყობრი წესრიგითა და სიმშვენიერით. ამასთან, ეს იმგვარად კი არ უნდა გავიგოთ, თითქოს ქმნილების ნაწილი მამის მიერ იყოს შექმნილი, ნაწილი - ძის მიერ, ხოლო სხვა ნაწილი - სულიწმინდის მიერ, არამედ... ყოველივე ერთობლივ და თითოეული ბუნებაც - ცალკე - შექმნილია მამის მიერ ძით სულიწმინდის მადლისგან. რამეთუ ყოველი საგანი, სულერთია, სუბსტანციას ვუწოდებთ, არსობრიობას თუ ბუნებას, ანდა სხვა რამ სახელს, ერთდროულად ატარებს თავის თავში ერთსაც, მეორესაც და მესამესაც, ასე, რომ წარმოადგენს რაღაც ერთიანსაც და სხვათაგან განსხვავებულსაც თავისი სახით, და არ არის ამოვარდნილი საგანთა მწყობრი რიგიდან.
ნეტარი ავგუსტინე
ბეჭდვა
1კ1