ეს ნათელი სულს რომ ეცხადება, გონება ჩერდება გაოცებული
ეს ნათელი სულს რომ ეცხადება, გონება ჩერდება გაოცებული
კაცობრიობის ისტორიასა და თითოეულის პირად ცხოვრებაში არის ჟამი, როცა ყოველივეს მრუმე წყვდიადი მოიცავს; ცოდვა, გაბოროტება, ურწმუნოება, მტრობა, სიცრუე - ეს მტრული ძალები თითქოს ატყვევებს კაცობრიობას, და ფარავს რა ჩვენგან ყოველგვარ სინათლეს, არ გვაძლევს საშუალებას გავაღწიოთ ამ უკუნი წყვდიადიდან. მაგრამ "ნათელი ბნელში ნათობს, და ბნელმა იგი ვერ მოიცვა" - მან იგი ვერ უნდა მოიცვას. საკმარისია ერთი კოცონი აინთოს და სინათლე უკვე შორს ვრცელდება; ერთი ნაპერწკლიდან მრავალი კოცონი შეიძლება აინთოს, და ჩვენს ირგვლივ კვლავ სინათლე ისადგურებს.

* ისწავლეთ, ისე იცხოვროთ, რომ თქვენი მზერა ყოველთვის სინათლისკენ იყოს მიმართული, სინათლე კი ქრისტეა, რომელმაც თქვა: "მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა" (იოანე 8,12). თუკი ჩვენ ამ სინათლეში ვივლით, ნათლის ძენი შევიქმნებით, სიბნელე ძალას დაკარგავს ჩვენზე, და ჩვენ გადავსახლდებით "ხელმწიფებისა მისგან ბნელისა სასუფეველსა ძისა ღმრთისა საყვარელისასა" (კოლას. 1,13).

მაშინ ჩვენ თავად სხვის ცხოვრებაში წყვდიადის გამფანტველ შუქურად ვიქცევით და სიყრმიდან შევითვისებთ მოყვასისათვის სიყვარულის, თავდავიწყების, მოწყალების, თანაგრძნობის საქმეების აღსრულებას. და ჩვენში მოქმედი სინათლის ძალა არ შესუსტდება არც სიბერეში და უძლურების, ტანჯვის დღეებსა და იმა სოფლად მიცვალების ჟამს გაგვისხივოსნებს.

* ვეცადოთ, წმინდა წერილიდან ყოველდღიურად რაიმე სანუგეშო სიტყვა შევითვისოთ, გულთა შინა ჩვენთა სასიხარულო, გამამხნევებელი აზრები დავიმარხოთ; გამუდმებით ვიყურებოდეთ სახარებაში, ქრისტეს ნათელ ხატს ვუმზერდეთ და სული ჩვენი სინათლისა და სიხარულის წყაროსთვალად იქცევა. მაშინ უფლისმიერი სიხარული და მშვიდობა ღვთისა, "რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა", ჭარბად იქნება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ უკვე აქ, დედამიწაზე, ვიგემებთ, "რომ სიხარული მარჯვენესა შინა მისსა არს უკუნისამდე" (ფსალმ. 15,11).
მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური

ქრისტიანის შინაგანი ცხოვრება სულიერ თაბორზე ასვლაა, მაგრამ თაბორის ნათლისკენ მიმავალი გზა ცოდვის ხევებსა და ფლატეებზე, ვნებების ნარ-ეკალს შორის მიემართება. ეს გზა ქრისტიანის მიერ სულიწმინდის მადლის მომუშაკებაა, იმ ციური ცეცხლისა და ნათლის მოპოვებაა, რომელიც მარადისობაში თვითონ ამ ადამიანს გადააქცევს ნათლად და თაბორზე სახეცვლილ ქრისტე მაცხოვარს მიემსგავსება. უფლის ფერისცვალება ღამით მოხდა. ფერისცვალება ცათა სასუფევლის საიდუმლოა; ღამე მოასწავებს საიდუმლოს.

* შეუძლებელია, ჩვენი გონებით მივწვდეთ ღვთაებრივ ნათელს; დავუძებნოთ ანალოგიები მიწიერ არსებობაში, აღვიდგინოთ ემოციურ მეხსიერებაში. ეს ნათელი სულს რომ ეცხადება, გონება ჩერდება გაოცებული, ვნება კვდება, იღვიძებს სულის მანამდე უცნობი, დახვეწილი გრძნობები. ადამიანმა არ იცის - მასშია ეს ნათელი თუ მის გარეთ, მაგრამ აღიქვამს კი მას, ვითარცა სიცოცხლეს, ვითარცა ადამიანური შეზღუდულობისა და პირობითობიდან ღვთაებრივი არსებობის თავისუფლებაში გადასვლას.

ღვთაებრივი ნათლის განცხადებას დიონისე არეოპაგელმა დროებითი მარადისობა უწოდა - მარადისობა, რომელიც ცხადი იქმნა დროში და დროის ზღვარს მიღმა. ღმრთაებრივი ნათელი დიდად განსხვავდება ნათლის სხვა ფორმებისგან, ისევე როგორც მზის შუქი - ღამის წყვდიადისაგან.

* პეტრე მოციქული ქრისტიანებს "სამეფო და სამღვდლო მოდგმას" უწოდებს, რამეთუ ფერისცვალების ნათელი ადამიანის გულს ტაძრის საკურთხევლად აქცევს, რომელშიც განუწყვეტლივ აღესრულება ღვთისმსახურება.

* ღვთაებრივი ნათელი ხატებზე ბრწყინვალე შარავანდით გამოისახება. ამ ფასდაუდებელი გვირგვინით უფალი ძლევაშემოსილთ აჯილდოებს. ფერისცვალების ნათელი საიდუმლოა მომავალი საუკუნისა, როცა ცეცხლში დაიწვება ცა და მიწა და იქნება ცა ახალი და მიწა ახალი.
არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი

ქრისტეს ნათელი რომ მივიღოთ და შევუშვათ გულში, საჭიროა, რამდენადაც შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ ხილულ საგნებს. განვიწმინდოთ სული სინანულითა და კეთილი საქმეებით, ჯვარცმული მაცხოვრისადმი რწმენით. დავხუჭავთ რა ხორციელ თვალს, გონებას დავტვირთავთ გულის შიგნით, გულში, სადაც ვიღაღადებთ უფლის, მაცხოვრის ქრისტეს სახელს.

მხოლოდ ასეთი მუშაობით ჩაეფლობა გონება გულში და იფეთქებს ქრისტეს ნათელი, ჩვენი სულის ტაძარს თავისი ღვთაებრივი სინათლით გაანათებს.

* როცა ადამიანი შინაგანად შეიგრძნობს მარადიულ ნათელს, მაშინ გონება უსუფთავდება და მას გრძნობისმიერი წარმოდგენები არაწმინდა კი არ ექნება, არამედ სიკეთით სავსე. ის მზად არის მიწის შუაგულშიც კი ჩავიდეს, ოღონდ არ დაკარგოს ჭეშმარიტი სიკეთე - ღმერთი.
ღირსი სერაფიმე საროველი

როცა გონება იწმინდება და ნათლდება საკუთარი სინათლით, ღვთის მადლის ჩაურევლად, - ამ ბუნებრივი სინათლის წყალობით ადამიანები, როგორც ამბობენ წმინდა მამები, დემონებსაც ხედავენ, - მაშინ ეს გონება დამატებით ღვთის მადლის ნათელსაც მიიღებს და ეს ნათელი მუდმივად რჩება მასში და შემეცნებისა და ხედვის უნარს აძლიერებს; როგორ და რა ხარისხით, ეს უფალმა იცის. ადამიანსაც შეუძლია (როცა სურვილი გაუჩნდება), მისთვის საინტერესო რამ დაინახოს და შეიმეცნოს, ითხოვოს ამის შესახებ ლოცვის დროს, და მაშინ ამოქმედდება მადლი და აღასრულებს მის თხოვნას, ვინაიდან თვითონ ითხოვა.
ბერი იერონიმე
ბეჭდვა
1კ1