წმინდა მამათა გამონათქვამები
წმინდა მამათა გამონათქვამები
მართლმადიდებლობა არის არა მარტო მართლმადიდებლური დოგმატები, არამედ ეკლესიის მთელი ცხოვრება - ერთიანი და განუყოფელი, მისი მისტიკა, წესები, საგალობლები, მისი გადმოცემა შინაგანი ლოცვის შესახებ, მისი ბრწყინვალე პატრისტიკა. მართლმადიდებელი ეკლესია თაბორის ნათლის საცავია და მხოლოდ ამ ნათელთან შერწყმისას ხელეწიფება სულს ფერისცვალება, სულიერ თაბორზე ასვლა და მისტიკური აღდგომა მკვდრების საყოველთაო აღდგომამდე.

***
ჩვენ მორწმუნეები ვართ, ქრისტიანები, მაგრამ შეიძლება ჩვენც ვიყოთ ბრმები. ადამიანს აბრმავებს ამპარტავნება. იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადებაში" სულიწმინდა ამპარტავნებაში ამხელს ლაოდიკიის ეკლესიის ეპისკოპოსს: "შენ ვერ გულისხმა-ჰყოფ, რამეთუ შიშველი და ბრმა ხარ". ამპარტავნება ადამიანს ღვთისგან აუცხოებს.
არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი

"თვალები სულების შეხვედრის წერტილია", - თქვა ერთმა ბრძენმა. სულის თვალი სულში აღწევს: იგი სანთელს ჰგავს, რომლის საშუალებითაც მეორე სულს ვუახლოვდებით, რათა გამოვცადოთ და შევიცნოთ იგი.

როდესაც ბრმას ვუყურებთ თვალებში საპასუხო გამოხედვის ამაო მოლოდინში, რაღაც იდუმალ, შემაშფოთებელ გრძნობას განვიცდით, ისევე, როგორც გვაშინებს სიბნელეში წყლის ყურება ანდა უფანჯრო სახლი.

მზერა საიმედო ჯაჭვია, რომლითაც ბუნება ადამიანს საკუთარ თავზე მიაჯაჭვავს. მგრძნობიარე ადამიანი ბუნებას ხილული სახეებით აღიქვამს, ისინი განაცვიფრებენ და აღაფრთოვანებენ მას. სულიერი ადამიანი თავისი სულის ცეცხლით ყველა სახეს რაღაც პირველქმნილ ელემენტს აძლევს, თვითონვე აღფრთოვანებულია ამ ერთადერთი ელემენტით, მაგრამ ეს მხოლოდ სულიერების დასაწყისია.
წმინდა ნიკოლოზ სერბი
(ველიმიროვიჩი)
ბეჭდვა
1კ1