მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები? ჰოი, ურწმუნოებავ! ჰოი, უგუნურებავ!
მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები? ჰოი, ურწმუნოებავ! ჰოი, უგუნურებავ!
გამონათქვამები აღდგომის დღესასწაულისათვის
თუ არ არის აღდგომა, მაშინ არც ღმერთია და არც წინაგანგება, არამედ ყოველივე თვითნებურად განეგება და წარემართება, რადგან, აჰა, ვხედავთ, რომ მართალთა უმრავლესობა შეჭირვებულია და შეურაცხყოფილი, არ მიიღებს რა არანაირ შემწეობას ამჟამინდელ ყოფაში, ხოლო ცოდვილნი და უსამართლონი სიმდიდრეში და ყოველგვარ განცხრომაში განისვენებენ. ამიტომ, კეთილგონიერთაგან ვინ იქნება ისეთი, რომ ამგვარი რამ მართლმსაჯულებისა და ბრძნული წინაგანგების საქმედ ჩათვალოს?

* ამიტომ, იქნება, დიახ, იქნება აღდგომა, რადგან სამართლიანია ღმერთი და ვინც მას დაუთმობს, საზღაურსაც მიიღებს მისგან. ასე რომ, თუ მხოლოდ სული იღვაწებდა სათნოებათა ასპარეზზე, მხოლოდვე იგი მიიღებდა გვირგვინს. ასევე, თუ მხოლოდ სული ჩაეფლობოდა სიამტკბილობაში, სამართლიანად დაისჯებოდა მხოლოდ იგი, მაგრამ რადგან სულს არც სხეულისგან განცალკევებული არსებობა ჰქონდა და არც მის გარეშე ეშურებოდა იგი სათნოებას თუ ბოროტებას, საზღაურსაც სამართლიანად მიიღებს ერთობლივად ორივე მათგანი.

* ამასთან, ადასტურებს საღვთო წერილიც, რომ იქნება სხეულთა აღდგომა. ასე უთხრა ღმერთმა ნოეს წარღვნის შემდეგ: "როგორც ბალახის მწვანილი, მოგეცით თქვენ ყოველივე, მაგრამ ხორცი სულის სისხლით არ ჭამოთ, რადგან თქვენეულ სისხლსაც თქვენს სულთაგან გამოვიძიებ; ყველა მხეცის ხელისგან გამოვიძიებ მას და ყოველი ადამიანის, მისი ძმის ხელისგან გამოვიძიებ მის სულს. ვინც დაღვრის ადამიანის სისხლს, მისი სისხლის სანაცვლოდ დაიღვრება, რადგან ღვთის ხატით შევქმენი ადამიანი" (შესაქ. 9,3-6).

* როგორ გამოიძიებს იგი ადამიანის სისხლს ყველა მხეცის ხელისგან, თუ არ აღადგენს მომკვდარი ადამიანების სხეულებს? მართლაც, ადამიანთა სანაცვლოდ როდი კვდებიან ცხოველები.

ასევე, თქმულია მოსეს მიმართ: "მე ვარ ღმერთი აბრაამისა, ღმერთი ისააკისა და ღმერთი იაკობისა. არ არის ღმერთი მკვდართა ღმერთი" (გამოსვლ. 3,6), ე. ი. არ არის იგი იმათი ღმერთი, რომლებიც მოკვდნენ და აღარ იარსებებენ, არამედ ცოცხალთა, რომელთა სულებიც მის ცხოველ ხელშია, სხეულები კი კვლავ იცოცხლებენ აღდგომის მიერ.

ღვთის მამა დავითიც ამბობს ღვთის მიმართ: - სულს წაართმევ მათ და მოისპობიან და მათივე მტვრისკენ მიიქცევიან (ფს. 103,29). აჰა, სხეულთა შესახებაა ეს სიტყვა. შემდეგ ურთავს: "გამოავლენ შენს სულს და შეიქმნებიან, და განაახლებ მიწის პირს" (ფს. 103,30).

ესაიაც ამბობს: "აღდგებიან მკვდრები და აღიმართებიან საფლავებში მყოფნი" (ეს. 26,29). ცხადია, რომ სხეულებია დადებული საფლავებში და არა სულები.

ნეტარ ეზეკიელსაც უთქვამს: "და მოხდა ისე, რომ ვწინასწარმეტყველებდი მე და, აჰა, იყო მიწისძვრა, და მოიტანა ძვლები, ძვალი - ძვლისადმი, თითოეული - თავისი ნაწევრისადმი. და ვიხილე, და, აჰა, შეექმნათ მათ ძარღვები და ხორცები აღმოუცენდათ და ამოუვიდათ მათზე, და ზემოდან გარემოეტმასნათ მათ ტყავი" (ეზეკ. 37,7-8). შემდეგ იმას გვასწავლის, როგორ დაუბრუნდათ მათ ბრძანებამიცემული სულები.

საღვთო დანიელიც ამბობს: "და იმ დროს აღდგება მიქაელი, დიდი მთავარი, რომელიც დადგენილია შენი ხალხის ძეებზე, და იქნება ჟამი შეჭირვებისა, შეჭირვება, როგორიც არ ყოფილა მას შემდეგ, რაც ხალხი გაჩნდა მიწაზე, ვიდრე იმ დრომდე. და იმ დროს ცხონდება შენი ხალხი, ყველა ის, ვინც წიგნში ჩაწერილი აღმოჩნდება. და მრავალნი მძინარეთაგანნი მიწის ნაყარში აღიმართებიან, ერთნი - საუკუნო სიცოცხლისათვის, მეორენი - საუკუნო გაკიცხვისა და სირცხვილისათვის. და გონიერნი გამობრწყინდებიან, როგორც სამყაროს ბრწყინვალებაა და მრავალნი მართალთაგანნი, როგორც ვარსკვლავნი, საუკუნოდ და შემდეგაც გამობრწყინდებიან" (დან. 12,1-3). როდესაც ამბობს იგი, რომ "მრავალნი მძინარეთაგანნი მიწის ნაყარში აღდგებიან", ცხადია, სხეულთა აღდგომას წარმოაჩენს ამით, რადგან არავინ იტყვის, რომ სულებს სძინავთ მიწის ნაყარში.

თვით უფალმაც წმინდა სახარებებში სხეულთა აღდგომა ცხადად გადმოსცა, რადგან თქვა: "მოისმენენ საფლავში მყოფნი ღვთის ძის ხმას და გამოვლენ კეთილთა მოქმედნი სიცოცხლის აღდგომაში, ხოლო უკეთურთა მოქმედნი - სასჯელის აღდგომაში" (იოან. 5,28-29), საფლავებში მყოფებად კი განა ოდესმე სულებს იტყოდა ვინმე საღად მოაზროვნეთაგანი?

"მაგრამ იკითხავს ვინმე: როგორ აღდგებიან მკვდრები?" (1 კორ. 15,35). ჰოი, ურწმუნოებავ! ჰოი, უგუნურებავ!

განა ის, ვინც მარტოოდენ განზრახვით გარდაქმნის მტვერს სხეულად, ის, ვინც უბრძანებს თესლისეული ნივთის მცირე წვეთს საშოში ზრდას და სხეულის ესოდენ მრავალსახოვან და მრავალგვარ აგებულებად განსრულებას, განა ასეთი ვინმე უფრო მეტად არ შეძლებს იმას, რომ, განიზრახავს რა, კვლავ აღადგინოს უკვე ქმნილი და დარღვეული?

მაგრამ როგორი სხეულით მოვლენ ისინი? (1 კორ. 15,35). უგუნურო! (იქვე 36), თუკი სიბრმავე არ განებებს, რომ ირწმუნო ღვთის სიტყვები, საქმეთაგან მაინც ირწმუნე, რადგან "შენ რასაც თესავ, არ ცოცხლდება, ვიდრე არ კვდება, და როცა რაიმეს თესავ, არათუ იმ სხეულს თესავ, რაც უნდა შეიქმნეს, არამედ შიშველ მარცვალს, ვთქვათ, ხორბლისას ანდა სხვა რამისას, ხოლო სხეულს ღმერთი აძლევს მას, როგორც ინებებს, და თითოეულ თესლს თავისი სხეული ეძლევა" (1 კორ. 15,36-38). დაუკვირდი, რომ თესლები ისე დაიფლვის ხნულებში, როგორც საფლავებში. ვინ არის იგი, ვინც შთაუნერგავს მათ ფესვებს, ღეროს, ფოთლებს, თავთავებს და უწვრილეს ფხებს? განა არა ყოველთა შემოქმედი? განა არა იმის ბრძანება, ვინც ყოველივეს აღაშენებს? ამიტომ, გწამდეს ასევე, რომ ღვთის განზრახვითა და ნიშანცემით იქნება მკვდართა აღდგომაც, რადგან განზრახვის თანამსრბოლად აქვს მას ძალაც.

ამრიგად, აღვდგებით, შეუერთდებიან რა სულები გაუხრწნელებულ და ხრწნილებისგან განძარცვულ სხეულებს და წარვუდგებით ქრისტეს საშინელ ტახტს, და გადაეცემიან ეშმაკი და მისი დემონები, აგრეთვე მისი ადამიანი ანუ ანტიქრისტე, ურჯულონი და ცოდვილნი საუკუნო ცეცხლს (არა ნივთიერს, როგორიც ჩვენთან არის, არამედ იმგვარს, როგორიც ღმერთმა უწყის), სიკეთის მოქმედნი კი გამობრწყინდებიან, როგორც მზე, ანგელოზებითურთ, საუკუნო ცხოვრებისათვის ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან. მჭვრეტელნი მისნი და ჭვრეტილნი მისგან, რომლის დაუსრულებელ სიხარულსაც მოინაყოფებენ ისინი, ამინ!
წმინდა იოანე დამასკელი
ბეჭდვა
1კ1