ჯვარია ჩემს გულში და ჯვარია ჩემი დიდება!
ჯვარია ჩემს გულში და ჯვარია ჩემი დიდება!
საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, იღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა.

ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათლით არის გასხივოსნებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც "ძელმა ჭეშმარიტებისამ", წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზე სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია ყოველს მცნებაზედ: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი".

ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანებოდა ჩვენი ქვეყანა, იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თვითონ ქართველიცა. ამ კაცთმოყვარე ღმერთისათვის იწამა ჩვენი ქვეყანა, მას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზედ, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავ-პირდასისხლიანებულმა და ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა.

* ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმომწონებით ვეძახით.

* დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს.

ამიტომაც ეკლიანი გვირგვინი წამებულისა უფრო უანგაროა, უფრო მიმზიდველია, უფრო საგულმტკივნეულოა და, მაშასადამე, უფრო მშვენიერი, სასახელო და სადიდებელი. მარტო ამ წამებულთა ჰლოცულობს კაცობრიობა, მარტო ამ წამებულთა აღიარებს იგი წმინდანებად და თაყვანს სცემს ლოცვითა და კურთხევითა.

ეკლიანი გვირგვინი, ჩვენს დღემდე მოტანილი ჩვენთა წინაპართაგან, ამ მშვენიერებითა ჰშვენის, ამ სახელითა სახელოვნობს, ამ დიდებით ჰდიდებულობს. თუ ვისმე სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვნენ და სხვას კი გზა გაუნათესო, ეს ჩვენს მამა-პაპას ეთქმის და მადლობელნი შვილნი ლმობიერებით პირქვე უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა.
წმიდა ილია მართალი

თუკი შენ, იუდეველი, გვსაყვედურობ, რატომ ვცემთ თაყვანს ჯვრის ძელს, როგორც უფალს, მაშინ რატომღა არ სდებ ბრალს იაკობს, რომელიც თაყვანს სცემდა თავისი კვერთხის წვერს: "სარწმუნოებით იაკობმან... თაყუანის-სცა წუერსა ზედა კუერთხისა მისისასა" (ებრ. 11,21). სავსებით ცხადია, რომ მან თაყვანი სცა არა ხეს, არამედ მისი მეშვეობით იოსებს, ისევე, როგორც ჩვენ ჯვრის თაყვანისცემით ვადიდებთ ქრისტეს და არა ხეს.
ნეაპოლის ეპისკოპოსი ლეონტი

ჯვარი და სხვადასხვა მწუხარება ქრისტიანული დროშაა, რომელთა ქვეშაც ქრისტიანი იბრძვის თავისი მეფის - ჯვარცმულისათვის.
წმიდა ტიხონ ზადონელი

იმისათვის, რომ სული აღდგეს, ადამიანი ჯვარზე უნდა გაეკრას, რათა მოაკვდინოს სულიერი ვნებანი და, უწინარეს ყოვლისა, ეგოიზმი, – უწესო შვილი ამპარტავნებისა, რომელიც წინ ეღობება ღვთაებრივ მადლს და ადამიანს ცხვირ-პირს ამტვრევინებს.
წმიდა პაისი ათონელი

დაე, ნუ შეგვრცხვება ჯვარცმულის თაყვანისცემა, გაბედულად გამოვისახოთ პირჯვარი; ჯვარი გადავსახოთ პურს, რომელსაც მივირთმევთ, ფინჯნებს, რომელთაგან ვსვამთ, ჯვარი გამოვსახოთ კარიბჭეებზე. გამოვისახოთ პირჯვარი, როცა ვიძინებთ, როცა ვიღვიძებთ, როდესაც ვმგზავრობთ და როცა ვისვენებთ. ჯვარი - უდიდესი დაცვაა გლახაკთათვის ძღვნად მოცემული და უძლურთათვის უშრომლად ბოძებული.
წმიდა კირილე იერუსალიმელი

თუკი იგრძნობ, რომ გული შენი ღიზიანდება და მძიმდება, პირჯვარი გადაიწერე და ამ გზით დაიცავი მკერდი შენი.
წმიდა იოანე ოქროპირი

განვედ ჩემგან, სატანა, თორემ დაგცემ ჯვრით, რომლის წინაშეც ძრწის ყოველივე. ჯვარს ჩემი სხეულით ვატარებ; ჯვარს გამოვსახავ სიარულის დროს; ჯვარია ჩემს გულში და ჯვარია ჩემი დიდება!
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ბეჭდვა
1კ1