მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა
მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა
მრავალგვარ სიმდიდრეს ფლობთ? ნუ დაგავიწყდებათ, რომ საბოლოოდ გექნებათ ბინა ორი ნაბიჯი სიგრძით და ექვსი - სიგანით, ხოლო ერთი საფლავის ქვა სავსებით საკმარისი იქნება თქვენი დაცვისათვის.

* რადგანაც მარხვა არ დავიცავით, განგდებულ ვიქმენით სამოთხიდან. ვიმარხულოთ, რათა დავბრუნდეთ.
წმინდა ბასილი დიდი

თავისუფალია ის ადამიანი, ვინც ხორციელ სიტკბოებას და გრძნობისმიერ სიამოვნებას კი არ ემონება, არამედ ბატონობს თავის სხეულზე გონიერი განსჯისა და კეთილკრძალულების გზით. მადლიერია და კმაყოფილია იმით, რასაც ღმერთი აძლევს, თუნდაც ძალზე მცირე იყოს.

როგორც ზომაზე მეტად გრძელი სამოსი უშლის მოგზაურს ხელს სიარულში, ასევე ზედმეტი ქონების შეძენის სურვილი არ აძლევს ნებას ადამიანს, სულის ხსნისათვის იღვწოდეს და საუკუნო ცხოვრება დაიმკვიდროს.
წმინდა ანტონი დიდი

ხშირად შეაგონებდე საკუთარ თავს, რომ ან სიმდიდრე დაგტოვებს მოკლე ხანში, ან შენ დატოვებ სიმდიდრეს.

* მარხვის შემსუბუქება საეკლესიო კანონების მიხედვით უძლურთათვის დასაშვებია, და ეს სამართლიანია, რადგან უძლურება თავისთავად გულისხმობს იმ მდგომარეობას (ანუ გრძნობების მოთოკვასა და ხორციელი ვნებების უმოქმედობას), რის მისაღწევადაც საჭიროა მარხვა. აქედან გამომდინარე, უძლურებაში მყოფისთვის მარხვით ხორცის დაოკება კი არ არის საჭირო, არამედ უძლური სხეულის კვებითა და მკურნალობით გაძლიერება, სულის მსახურებისათვის სრულიად უვარგისი რომ არ გახდეს.
მოსკოვის მიტროპოლიტი ფილარეტი

რა არის სიმდიდრე? სიმდიდრე კარგი რამეა... მე მის საწინააღმდეგოდ რა მეთქმის, მაგრამ ის მაინც არ არის საჭირო პირობა ბედნიერებისა. უიმისოდ ბედნიერება კარგადა გრძნობს თავს და იგრძნობს კიდევ, თუკი ჩვენ ვიქნებით ისეთი ადამიანები, რომლებიც უპირველესად ზნეობრივი მხარის დაკმაყოფილებას ესწრაფვიან.

* ხშირია ხოლმე, რომ, როცა სული ჭლექდება, ხორცის დღეობა მაშინ არის; როცა სული ჰყვავის, ხორცი დნება.

* იმისთანა ხალხი, რომლის გამოხატულობაც ჟამთა ვითარებით უმაღლესს საგნებიდან მარტო ჭამა-სმაზედ დამდგარა, ანუ რომელსაც მცირე საგნებიდამ გონება მაღლა ვერ აუცილებია, ის ხალხი უფრო შებრალების ღირსია, ვიდრე გაკიცხვისა.
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

ეცადე, ჭამა-სმის უფალი იყო და არა მონა.

* ვინც ხორცს არ ჭამს და სხვა საჭმელს გადამეტებულად მიიღებს, ღვინოს უზომოდ სვამს და ხორცს აპოხიერებს, უსარგებლოა მისი მარხვა.

* როგორც დასაბამი ნაყოფისა არის ყვავილი, ისე დასაბამი მოღვაწეობისა არის მარხვა.
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი

გადამეტებული საკვები სხეულს მეტისმეტად გადატვირთულ ხომალდს ამსგავსებს, რომელიც ტალღების მცირეოდენ მოძრაობაზეც კი ფსკერზე ეშვება.

* არც ერთ ჭამისმოყვარულ და მძიმე ცხოველს არ შეუძლია ისეთი სწრაფი სირბილი, როგორიც მცირედმჭამელ ირემს: ამის მსგავსად გემოთმოყვარე შეუძლებელია ისეთი აქტიური და ღვაწლისმოყვარე იყოს, როგორიც მმარხველი.

* რაც უფრო მეტია შეშა, მით უფრო ძლიერია ცეცხლი. რაც უფრო მეტია საკვები, მით უფრო მძვინვარეა ვნება.
ამბა ლეონტი

გარდამოცემა მარხვის შესახებ ისეთივე ძველია, როგორიც თვით სამყარო. პირველი მცნება, რომელიც ადამიანს უფლისგან მიეცა, მარხვის შესახებ მცნება იყო.

* მარხვა სხეულისა საზრდელია სულისა.
წმინდა იოანე ოქროპირი

დაიმორჩილე სტომაქი, სანამ მას არ დაუმორჩილებიხარ.
წმინდა იოანე კიბისაღმწერელი

საზრდელის მიღება შეზღუდე მაშინ, როცა კიდევ მცირედის მიღება გსურს.

* სხეულს იმდენი საკვები მიაწოდე, რამდენიც სჭირდება და დღეში სამჯერ რომ ჭამო, არ გავნებს.

* მშვინვიერ მარხვაზე ნუ წუხხარ, ის არაფერს წარმოადგენს სულიერი მარხვის გარეშე.
წმინდა ბასანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

გაიხსენე, რომ სამოთხეში ადამი შენზე ნაკლებ სრულყოფილი არ ყოფილა. წარმოიდგინა, რომ მარხვის გარეშეც შეიძლებოდა ცხოვრება და რა გამოვიდა? ლოთი შუა სოდომში ცხოვრობდა და სათნოებებით იყო განთქმული. სოდომს გარეთ კი მარხვა შეწყვიტა და რა მოხდა?
ხერსონის მთავარეპისკოპოსი ინოკენტი

მარხვა და ლოცვა განუყრელნი არიან.
წმინდა ნილოს სინელი

მარხვის შემდეგ პური ტკბილია, მღვიძარების შემდეგ ძილი ტკბილია, თუ დაღლილი ხარ, მაგარ ქვაზე უფრო კარგად დაისვენებ, ვიდრე სავარძელში.
წმინდა პაისი ათონელი
ბეჭდვა
1კ1