ცათა სასუფეველი არ მოვა, თუ არ შევქმნით ცათა სასუფეველს ჩვენში
ცათა სასუფეველი არ მოვა, თუ არ შევქმნით ცათა სასუფეველს ჩვენში
ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.

* გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.

* ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.

* ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოფენ, მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგან ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო და მას ღვთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს კაცს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
წმინდა ეფრემ ასური

ყოველი, ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
წმინდა კიპრიანე კართაგენელი

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
წმინდა სერაფიმე საროველი

ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.

* უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.

* შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე - მხოლოდშობილი ძე? მისი, კეთილი ნიავი - სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი - მოციქულნი და მათი მემკვიდრენი - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი - ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა - ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა - იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: "აღვაშენო ეკლესია? ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას".

* აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.

* ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა ნეტარებისაკენ, ანუ როგორც ზოგჯერ უწოდებენ - ბედნიერებისაკენ. ოღონდ ბედნიერება წუთიერი ნეტარებაა, ხოლო ნეტარება მარადიული ბედნიერებაა. გზა ნეტარებისაკენ წარემართება ღვთიურთა მცნებათა აღსრულებით.
წმინდა იოანე ოქროპირი

ქრისტიანმა სულის ხსნა თავის ერთადერთ, უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს, ყველაფერი დანარჩენი კი საშუალებებად ამ მიზნის მისაღწევად.

ყველა ამქვეყნიური საქმე, რა მნიშვნელოვანი და დიდიც არ უნდა გვეჩვენოს, წვრილმანი საქმიანობაა. უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ყველა საქმეთა შორის ჩვენი ხსნა უნდა იყოს.
მღვდელი აბრაამ ნეკრასოვი

ცათა სასუფეველი არ მოვა, თუ არ შევქმნით ცათა სასუფეველს ჩვენში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცეცხლოვან გეენიაზე. მრავალი ადამიანისათვის უკვე დადგა ჯოჯოხეთი.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

ცხონების საქმეს ვერ იქმ ქრისტეს გარეშე, ქრისტე კი ვერ იქმს შენს გარეშე.
წმინდა ფილარეტ მოსკოველი
ბეჭდვა
1კ1