ადამიანი ყველა სხვა ქმნილებაზე უფრო აღმატებული და ღირებულია ღვთისთვის
ადამიანი ყველა სხვა ქმნილებაზე უფრო აღმატებული და ღირებულია ღვთისთვის
თუკი ხილული ესე ქმნილება ეგზომ მშვენიერია, რაოდენგზის უფრო მშვენიერი უნდა იყოს უხილავი, სულიერი ქმნილება!
* ანგელოზნი არ იცვლებიან. მათ შორის არ არიან არც ყრმები, არც ჭაბუკნი და არც მოხუცებულნი. როგორნიც დასაბამიდან შეიქმნენ ღვთის მიერ, იმგვარნივე რჩებიან მარადის და მათი შედგენილობაც წმინდა, შეურყვნელი და უცვალებელი რჩება. მათი არსების თავდაპირველ შედგენილობაში და, ასე ვთქვათ, ნარევში სიწმინდე იყო შთადებული... ამიტომაც ისინი, სხვა გონიერ ქმნილებათა, ადამიანთა მსგავსად, თავისუფალი ნებით შემოსილნი, ადვილად არ არიან მიდრეკილნი ცოდვისაკენ, რადგან თავიდანვე საღვთო კურთხევით აღივსნენ, ვითარცა თავიანთი არსების შედგენილობით, და რადგან სულიწმინდის მადლის ძალით მუდმივად ჰგიებდნენ სათნოებაში.

* თუკი გონებით წარმოვიდგენთ სულიწმინდის არარსებობას, მაშინ დაირღვევა ანგელოზთა დასები, მოისპობა მთავარანგელოზნი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, ყოველივე აირ-დაირევა და ზეციურ ძალთა არსებობა უწესრიგო, უკანონო და გაურკვეველი შეიქნება.
წმინდა ბასილი დიდი

მხოლოდ წმინდანნი იხილავენ წმინდას - სამების სამმზეობრივ ბრწყინვალებას. მხოლოდ სრულყოფილნი დაიმკვიდრებენ წმინდა მეუფეობრივი სამების სრულყოფილ ნათელს და შეცნობას, რამეთუ მაშინ სამება უფრო ნათლად და წმინდად გაგვაცისკროვნებს და მთლიანად შეუერთდება ჩვენს მთელ გონებას, რაშიც ვჰგონებ კიდეც, საკუთრივ, ცათა სასუფეველს... და მაშინ იქ დამკვიდრებული სულები შეიძენენ ყოვლადწმინდა სამების სრულყოფილ შეცნობას, და ეცოდინებათ, თუ რა არის იგი, ვითარია და რაოდენია.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

მაღალია ადამიანის ღირსება. აბა, იხილე, თუ ვითარ დიდნი და მშვენიერნი ქმნილებანი არიან ცანი და ქვეყანა, მზე და მთვარე, მაგრამ მათში კი არ ინება შემოქმედმა ღმერთმა დამკვიდრება და მოსვენება, არამედ მხოლოდ ადამიანში. ამიტომაც ადამიანი ყველა სხვა ქმნილებაზე უფრო აღმატებული და ღირებულია ღვთისთვის, და იმადაც კი გავკადნიერდები, რომ ვიტყვი: ადამიანი არა თუ ხილულ ქმნილებებზე უფრო აღმატებული და ღირებულია, არამედ უხილავ, სულიერ ქმნილებებზეც, ანუ ღვთის მსახურ სულებზე, ანგელოზებზეც კი. რამეთუ მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზებზე კი არ ბრძანა შემოქმედმა ღმერთმა - ჩვენს ხატად და მსგავსად შევქმნათო (დაბად. 1,26), არამედ მხოლოდ ადამიანის გონიერ არსებაზე, მის უკვდავ გონიერ სულზე თქვა ასე. ამიტომაც წერილ არს: "დაიბანაკებს ანგელოზი უფლისაი გარემოის მოშიშთა მისთა და იხსნნეს იგინი" (ანუ ადამიანები, ფსალმ. 33,8).
წმინდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი

განწმენდილთ ვერაფერს ავნებს ბოროტი ანგელოზიც, ანუ ეშმაკი, რამეთუ იგი იმის გამო კი არ არის ბოროტი, რომ ანგელოზია, არამედ იმის გამო, რომ საკუთარი ნებით ბოროტისაკენ მიქცეულა. მაშასადამე... ანგელოზნიც ცვალებადნი არიან ბუნებით, რამეთუ უცვალებელი - მხოლოდ შემოქმედი ღმერთია. მაგრამ თავიანთი თავისუფალი ნების მიზეზით, რომლითაც კეთილ ანგელოზთ საკუთარ თავზე უფრო მეტად შეჰყვარებიათ შემოქმედი, ისინი მარადის მტკიცენი და შეურყეველნი არიან ღმერთის სიყვარულში, მის ერთგულებაში და მარადის დატკბებიან მისი მიუწვდომელი დიდებულებით, ისე, რომ მთელი თავიანთი ნება-სურვილით დაემორჩილებიან მას, ერთს. ხოლო იმ ანგელოზმა, რომელსაც საკუთარი თავი ღმერთზე უფრო მეტად შეუყვარდა, არ ისურვა შემოქმედს დამორჩილებოდა, განეშორა უზენაესის არსს და ამპარტავნებით შეპყრობილი დაეცა. კვალად, ეშმაკი იმიტომაც შეიქნა იმაზე დაბალი და უარესი, რაც თავდაპირველად იყო, რომ თავისზე დაბლა არსებულით დატკბობა მოისურვა, ანუ საკუთარი ძლიერებით დატკბობა უფრო ინდომა, ვიდრე შემოქმედი ღმერთის ყოვლადძლიერებით!

* ანგელოზები ღმერთს საკუთარი თავისუფალი ნებით ემსახურებიან, და მათი ეს ნაბაყოფლობითი მსახურება ღვთისათვის კი არ არის აუცილებელი და სასარგებლო, არამედ თვით ანგელოზთათვის, რამეთუ ყოველთა დამბადებელი და ყოვლისმპყრობელი ღმერთი არ საჭიროებს სხვათაგან მიღებულ სიკეთეს: იგი თავის თავში, თავისთავად არსებობს და თვით არის უზენაესი სიკეთე.
ნეტარი ავგუსტინე

არავინ უნდა იფიქროს, თითქოს ცანი და მნათობნი სულიერი და გონიერი არსებანი არიან, რადგან მათ არა აქვთ სული და გრძნობის უნარი. ამიტომ, როცა საღმრთო წერილი გვეუბნება, - "იხარებდინ ცანი და გალობდინ ქვეყანაო" (ფსალმ. 95,11), ამით მართლა ცასა და მიწას კი არ მოუწოდებს სიხარულისა და გალობისათვის, არამედ ანგელოზებს ცათა შინა და ადამიანებს - ქვეყანასა ზედა.
წმინდა იოანე დამასკელი

მომავალ საუკუნეში, როგორც წმინდა მამები ამბობენ, ანგელოზები და წმინდა ადამიანები არასდროს არ შეწყვეტენ ნიჭთა წარმატებულ განმრავლებას და სულ უფრო და უფრო მეტი სიკეთისაკენ მსწრაფველნი იქნებიან. სიკეთეთა შემცირებასა თუ სათნოებათა მიდრეკას ცოდვისაკენ მომავალი მარადიული საუკუნე არ დაუშვებს.
წმინდა გრიგოლ სინაელი
ბეჭდვა
1კ1