სხვა მასწავლებელს ნუ დაუწყებ ძებნას, რამეთუ შენ გაქვს ბოძებული ღვთის სიტყვა, საღვთო წერილი
სხვა მასწავლებელს ნუ დაუწყებ ძებნას, რამეთუ შენ გაქვს ბოძებული ღვთის სიტყვა, საღვთო წერილი
ეკლესიაში დაცული დოგმატებისა და ქადაგებებისაგან ზოგიერთი მოცემულია წერილობითი მოძღვრების სახით, ხოლო ზოგიერთი მივიღეთ სამოციქულო გადმოცემით, მემკვიდრეობით საიდუმლოში. ერთსაც და მეორესაც თანაბარი ძალა აქვს კეთილმსახურებისათვის და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, თუნდაც ნაკლებად ერკვეოდეს საეკლესიო დადგენილებებში. რადგან თუკი გავბედავთ აუწერელ წეს-ჩვეულებათა უარყოფას, როგორც თითქოსდა ნაკლები მნიშვნელობის მქონეთ, მაშინ შეფარულად ვავნებთ სახარებას სულ უმთავრესში, უარესიც: მოციქულთა ქადაგებიდან ცარიელი სახელიღა შეგვრჩება... განა ვის უსწავლებია ჩვენთვის წერილობით, რომ ჯვარის ნიშს გადავისახავდეთ? ანდა ლოცვისას აღმოსავლეთისაკენ პირის მიქცევა რომელმა წერილმა შეგვაგონა? სულიწმიდის მოწოდების სიტყვები ევქარისტიის პურისა და კურთხევის სასუმელის გარდასაარსებლად რომელმა წმინდანმა დაგვიტოვა წერილობით?.. კვალად, რომელი დაწერილი სიტყვის მიხედვით ვაკურთხებთ ნათლისღების წყალს და ზეთისცხების ზეთს, ანდა თვით მოსანათლს? განა დაფარული საიდუმლო გადმოცემის მიხედვით არ ვიქმთ ამას? ანდა თვით ცხებაც ზეთისა რომელმა დაწერილმა სიტყვამ გვასწავლა? ანდა საიდან არის ადამიანის სამგზისი შთაფლვა წყალში ნათლისღებისას? ანდა რომელი წიგნებიდან არის მოღებული სატანისა და მისი ბოროტი ანგელოზების უარყოფა ნათლისღების საიდუმლოშივე? განა იმ გამოუქვეყნებელი და გამოუთქმელი მოძღვრებიდან არა, რომელიც მამათა ჩვენთა ცნობისწადილისა და გამოკითხვისათვის მიუწვდომელ მდუმარებაში შეინახეს, იყვნენ რა საიდუმლოთა სიწმიდის დუმილით დაცვაში საფუძვლიანად განსწავლულნი? რამეთუ რა ღირსსაფერი იქნებოდა წერილობით გამოქვეყნება სწავლებისა იმის შესახებ, რისთვისაც მოუნათლავებს შეხედვაც კი ეკრძალებათ?!
წმინდა ბასილი დიდი

დოგმატების უბრალოება, სიმარტივე იმას გულისხმობს, რომ ღმერთი შეუძლებელია მოვიცვათ რაიმე სახელით, ცნებით თუ სხვა რამით, რისი წვდომაც გონებითაა შესაძლებელი; აგრეთვე იმას, რომ ღმერთი აღემატება არა მხოლოდ ყოველივე ადამიანურს, არამედ ყოველივე ანგელოზურსაც და ზენასოფლიურსაც; იმასაც გულისხმობს საღვთო დოგმატების უბრალოება, რომ ღმერთი გამოუთქმელია, სიტყვით მოუცველია, აღმატებულია ყოველგვარ სიტყვისმიერ აღნიშვნაზე და აქვს ერთი სახელი, რომელიც მისი საკუთარი ბუნების შეცნობას ემსახურება, - კერძოდ კი ის, რომ იგი ერთადერთია, უაღმატებულესი ყოველგვარ სახელწოდებაზე.
წმინდა გრიგოლ ნოსელი

ვინც ყველაფერში ეთანხმება საღვთო წერილს, იგი - ქრისტიანია, ხოლო ვინც არ ეთანხმება - შორს დამდგარა ჭეშმარიტებისაგან.

* სხვა მასწავლებელს ნუ დაუწყებ ძებნას, რამეთუ შენ გაქვს ბოძებული ღვთის სიტყვა, საღვთო წერილი, რომელზე უმჯობესად ვერავინ ვერაფერს გასწავლის!

* საღვთო წერილის სულ მოკლე გამონათქვამებშიც კი შეგვიძლია უდიდესი ძალაც მოვიძიოთ და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრეც.

* წმინდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმინდა წიგნების მეშვეობით.
წმინდა იოანე ოქროპირი

სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია: შეუღწეველნი, თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში. და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათ წიაღ შეღწევა მოსურვებიათ.

* საღვთო წერილის საიდუმლოთა სიღრმე და დაფარულობა (ისევე, როგორც, საერთოდ, ქრისტიანული სარწმუნოება) სასარგებლოა ადამიანისათვის. ისინი სწორედ იმისთვის არიან დაფარულნი, რომ არავისგან იქნენ დაკნინებულნი, შელახულნი და შეურაცხყოფილნი. ამასთან, საღვთო წერილის საიდუმლონი გამოსაძიებლად და გულისხმის-საყოფელად გვეძლევა, რათა თავს გამოვიწრთობდეთ, ხოლო განგვეცხადებიან და განგვემხილებიან ხოლმე იმისთვის, რათა ამ ჭეშმარიტი საზრდოთი ვსაზრდოობდეთ და ავღორძინდებოდეთ.
ნეტარი ავგუსტინე

საღვთო მცნებათა სჯული გულისხმა-ჰყავი როგორც შენს გულში მოქმედი, უშუალო რწმენა. რამეთუ სწორედ ამგვარი რწმენიდან აღმოცენდება ყოველგვარი მცნება და სწორედ მისით აღესრულება ადამიანის სულიერი განათლება, რაშიც ისეთი ჭეშმარიტი, ქმედითი სარწმუნოების ისეთი ნაყოფები ვლინდება, როგორიცაა: თავშეკავება, სიყვარული როგორც გვირგვინი სრულყოფილებისა, თავმდაბლობა და მორჩილება, ვითარცა განსაკუთრებული საღვთო ნიჭნი და ამის შემდგომი განმტკიცება ყველა ამ სათნოებისა.

* ჩვენ ვევედრებით კაცთმოყვარე ღმერთს, სულიწმიდა გარდამოავლინოს წინადაგებულ მსხვერპლზე (ზიარების პურსა და ღვინოზე), რათა პური თავის ხორცად გარდააარსოს, ღვინო კი - თავის სისხლად, რამეთუ რასაც კი სულიწმინდა მიეახლება, ყოველივე იკურთხევა, განათლდება და უკეთესად მიიქცევა. მართალია, ჩვენს გრძნობებს ეჩვენება, რომ ზიარების წმინდა ნაწილნი - ჩვეულებრივი პური და ღვინოა, მაგრამ თვით უფლის საღვთო მოწმობით, ეს მისი ჭეშმარიტი ხორცი და სისხლია.

* ჩვენთვის, ქრისტიანებისათვის, ლოცვა ღვთის სათნო საქმეთაგან უპირველესი და ყველაზე აუცილებელია. მას ყველა წმინდა სათნოებაში შევყავართ, ის ნერგავს ჩვენში სათნოებებს, ის სრულყოფს მათ, ის აქცევს მათ უკვდავად და მარადიულად. ამიტომ მოგვეცა სახარებისეული მცნება: "მოუკლებლად ილოცევდით" (1 თეს. 5,17).
წმინდა იოანე პოპოვიჩი
ბეჭდვა
1კ1