მმარხველი არ წუხს საზრდელის სიმწირის გამო
მმარხველი არ წუხს საზრდელის სიმწირის გამო
გულის შემუსვრილების გარეშე შეუძლებელია ბიწიერებისაგან გათავისუფლება. ხოლო გული სამგვარი თავშეკავებით შეიმუსრება - ძილისაგან, საკვებისა და ხორციელი განსვენებისაგან.

* ხმელი და მწირი საკვების წყალობით აზრები ნათელი ხდება, ხოლო ფუფუნებით ცხოვრება გონებას წყვდიადში ჩაძირავს.

* დიდხანს დაუმუშავებელი მიწა ეკალ-ბარდებს აღმოაცენებს, ნაყროვანებით ძლეულის გონება კი ბილწ აზრებს წარმოშობს.

* ზღვა მდინარეთა მიერთებით არ ივსება, ვერც ვერცხლისმოყვარე იკმაყოფილებს სურვილს მოგროვილი ფულით; აი, გააორმაგა მან ქონება, მაგრამ ისევ ორჯერ მეტი უნდა. და არასოდეს დაანებებს თავს შეძენილის გაორმაგებას, სანამ სიკვდილი არ შეწყვეტს ამ უსარგებლო ზრუნვას.

* დაწყევლილია კაცი, რომელიც კერპს აკეთებს და დგამს "დაფარულსა შინა" (2 სჯულ. 27,15); ისიც დაწყევლილია, ვინც ვერცხლისმოყვარეობის ვნებითაა შეპყრობილი. პირველი უსარგებლო გამონადნობს ეთაყვანება, ეს კი სიმდიდრეზე ოცნებას ატარებს კერპის სანაცვლოდ.

* დატყვევებულ მეომარს ბარბაროსები რკინის ბორკილებს ადებენ, ვნებების ტყვეს კი მწუხარება შეკრავს. მწუხარება არ ძლიერდება, როცა სხვა ვნებებს არ ვემონებით, ისევე, როგორც ბორკილები თავისით არ შეგვკრავენ, თუკი არავინაა შემკვრელი. ვინც მწუხარებით არის შეკრული, იგი ვნებებს დაუმარცხებია და თავისი დამარცხების ნიშნად მწუხარების ბორკილებს ატარებს, რამეთუ მწუხარება ხორციელ სურვილთა დაუკმაყოფილებლობას მოსდევს, ხოლო ეს სურვილები ვნებებთანაა შეუღლებული. ვისაც სურვილები დაუძლევია, მას ვნებებიც დაუმარცხებია, ხოლო ვნებების მძლეველს ვერასოდეს დაეუფლება მწუხარება. მმარხველი არ წუხს საზრდელის სიმწირის გამო, არც უბიწო წუხს გარყვნილებაში წარუმატებლობის გამო, არც ურისხველი - სამაგიეროს გადაუხდელობის გამო, არც თავმდაბალი - კაცობრივი დიდების უქონლობის გამო, არც უპოვარი - დანაკარგის გამო.

* მოწყინება სულიერ ძალებს აუძლურებს, მზვაობრობა კი ღმრთისაგან განშორებულ გონებას ძაბავს, სნეულს აჯანსაღებს, მოხუცს ჭაბუკზე ძლიერს ხდის, თუკი ბევრი მოწმე ჰყავს იმ საქმეს, რასაც მზვაობრობით შეპყრობილი აღასრულებს. მაშინ გაიოლდება მარხვაც, მღვიძარებაც და ლოცვაც, რადგან მრავალთაგან მიღებული შექება გულმოდგინებას აღაგზნებს. მაგრამ შენ ნუ გაყიდი შრომას კაცობრივ დიდებაზე და მომავალ დიდებას ნუ გაცვლი არაფრად ღირებულ შექებაში. კაცობრივი დიდება მტვრად იქცევა და მისმიერი ქებაც მიწაში გაქრება, ხოლო სათნოების დიდება საუკუნო იქნება.

* შენ მწერ, რომ დიდად მოყვარული ხარ თავმდაბლობისა და იმის შეტყობაც გსურს, თუ როგორ მოიპოვო ეს ღვთის მიერ პატივდებული სათნოება. თუ მართლა გსურს ამაო და ღმრთისათვის საძულველი ამპარტავნების თავიდან აცილება და ნეტარი საბოძვარის მფლობელი გინდა გახდე, ნურაფერს უგულებელყოფ, რაც ამ საქმეში შეგეწევა, ხალისით გაწვრთენ თავი ყველაფერში, რაც კი სიმდაბლეში სრულყოფას ემსახურება. სული, ჩვეულებრივ, იმას ემსგავსება, რითაც არის დაკავებული, რასაც საქმიანობს; და რასაც გამუდმებით აკეთებს, სწორედ იმას აღიბეჭდავს, იმის სახეს იღებს. ამიტომაც ყოველივე - გარეგნობაც, სამოსიც, სიარულის სახეც, დასაჯდომელიც, საზრდელიც, საწოლიც, - ერთი სიტყვით ყველაფერი, - უაღრესი ზომიერებით იქონიე. დაე, შენი სიტყვაც, სხეულის მოძრაობაც და მოყვასთან საუბარიც თავმდაბლობისკენ იყოს მიქცეული და არა ქედმაღლობისკენ. კეთილი და მშვიდი იყავი ძმის წინაშე; გამზადებული - სნეულთა სანუგეშოდ და მოსასვენებლად; ტანჯულთა, დამაშვრალთა და მწუხარეთა მოსანახულებლად. საერთოდ, ნურავის მოიძაგებ, თავაზიანი იყავი საუბრისას, პასუხიც კეთილგანწყობით გაეცი, ყოველივეში კეთილისმსურველი და ყველასთვის მისაწვდომი იყავი.

* ხომ განუწყვეტლივ შევისუნთქავთ ჰაერს; აი, ასევე განუწყვეტლივ უნდა ვაქებდეთ და ვუგალობდეთ უფალს მაშინაც კი, როდესაც ვსაქმიანობთ. სიბრძნით აღსავსე და ღვთისმოყვარე გონებას ძალუძს განუწყვეტლივ იხსენებდეს ღმერთს. "მოვიხსენე ღმრთისა და ვიხარე" (ფსალმ. 76,4), - ამბობს დავით მეფსალმუნე. ამიტომაც, თუკი უფლის ხსენება სიხარულს აღმოაცენებს ჩვენს სულებში, ნუ დავიზარებთ ვისარგებლოთ ღმერთის ხსენებით.
წმინდა ნილოს სინაელი

თავი დავანებოთ მოყვასის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება გმობის გულისსიტყვებისა (გონებაში ადამიანის უნებურად გაელვებული სხვადასხვა საძაგელი აზრები - ღმერთის, სიწმინდის შეურაცხმყოფელი), რამეთუ ამ მეორის მიზეზი და ფესვი ის პირველია.

* ვერცხლისმოყვარეობის დასაბამი მოწყალების გულისსიტყვაა, ხოლო მისი აღსასრული - გლახაკთა სიძულვილი.

* დაუკვირდი და იპოვი იმ უკეთურს (მზვაობრობას) საფლავამდე განუშორებლად შენთან მყოფს - სამოსელში, სიარულსა და ყოველ საქმეში.

* ვინც ზვაობს ბუნებითი საქმეების - გონებამახვილობის, ხელმარჯვეობის, კარგად კითხვის, მეცნიერული გულისხმისყოფის, ტკბილხმოვანების, გარეგნული მშვენიერებისა და მათ მსგავსთა გამო, იგი ვერასოდეს მიიღებს ბუნების უაღრეს სიკეთეებს, რამეთუ ვინც მცირეზე არ არის საიმედო, იგი დიდზეც არასაიმედო და მზვაობარია.

* ყოველი კაცი, რომელსაც თავის გამოჩენა უყვარს, ცუდადმზვაობარია. მისი მარხვა უსასყიდლოა, ლოცვა - უსარგებლო, რამეთუ ორივეს კაცთამიერი ქებისათვის აღასრულებს.

* არის ერთი მატლი, რომელიც გაიზრდება, ფრთებს შეისხამს და მაღლა აფრინდება. ასევეა ცუდადმზვაობრობა - როდესაც სისრულეს მიაღწევს, შობს ამპარტავნებას, რომელიც ყოველი ბოროტების დასაბამი და სრულმყოფელია.

* ყველა, ვინც მხილებას გაურბის და შფოთავს ამის გამო, თავადვე მოწმობს საკუთარ ვნებას (ამპარტავნებას), ხოლო ვინც მხილებისაკენ ისწრაფვის, გათავისუფლებულია ბორკილთაგან.

* ამპარტავნება უარყოფაა ღმრთისა და მეგობრობაა ეშმაკებთან, შეურაცხმყოფელია კაცთა და დედაა განკითხვისა; ქებათაგანაა შობილი, სულის უნაყოფობის ნიშანია, ღმრთის შეწევნის განმაშორებელია, შეშლილობის წინამორბედია, ეშმაკეულობისა და დაცემების მიზეზია, გულისწყრომის წყაროა, ორგულობის კარია, ეშმაკთა სიმტკიცეა, ცოდვათა მცველია, უწყალოების მშობელია, მოწყალების უმეცრებაა, მწარე მოკამათეა, უწყალო მსაჯულია, ღმრთის მოწინააღმდეგეა და გმობის ძირია.

* უფალი მრავალგზის დაფარავს ჩვენგან, თუკი რაიმე სათნოება გაგვაჩნია, რათა სიმდაბლე მოვიპოვოთ. ხოლო ჩვენი მაქებელი, უფრო კი მაცდური, ქებით თვალს აგვიხელს, და როგორც კი თვალი აგვეხილება, ჩვენი სიმდიდრე წარწყმდება და გაუჩინარდება.

* დიდია ის კაცი, რომელიც გინებას სიხარულით აიტანს, ხოლო წმინდა და პატიოსანია, ვინც ქებას უვნებელი გადაურჩება.

* სიმდაბლეს ის კი არ გამოიჩენს, ვინც თავს თვითონ იმდაბლებს (რამეთუ ვინ არ მოითმენს შეურაცხყოფას საკუთარი თავისაგან), არამედ ის - ვინც გინებას მოითმენს და მაგინებელთა მიმართ სიყვარულს შეინარჩუნებს.

* მდაბალი მონაზონი არ გამოიძიებს დაფარულ და გამოუთქმელ საქმეებს, ხოლო ამპარტავანი ღმრთის საიდუმლო განგებულებებს იკვლევს.

* როგორც თოვლში ცეცხლი არ იპოვება, ასევე არც მწვალებლებთან იპოვება სიმდაბლე. ეს სათნოება წმინდა და ღმრთისმოყვარე მართლმორწმუნეთა კუთვნილებაა.

* მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასუფეველში.

* სხვაა გონება საყდარზე ამაღლებულისა და სხვა - სკორეზე მჯდომარისა. და იქნებ ამიტომაც იჯდა ქალაქგარეთ სასკორეზე დიდი და მართალი იობი, რამეთუ სრული სიმდაბლე მოიპოვა და თქვა სულიერი შემეცნებით: "დავიკნინე თავი ჩემი და დავლსბი, და შევრაცხე თავი ჩემი მიწა და ნაცარ" (იობ. 42,6).

* მდაბალი სულ მუდამ მორჩილია და სხვებისგან ისმენს უმჯობეს სიტყვებს, რამეთუ საკუთარ თავს არასოდეს ენდობა და თავის საზრუნავს უფალს მიანდობს, რომელმაც ბალაამის ვირიც აამეტყველა. და თუნდ ყოველთვის საღმრთოდ ამბობდეს და იქმოდეს, მაინც არ სჯერა თავისი გულისხმისყოფისა, რამეთუ როგორც ამპარტავანს ემძიმება სხვისთვის შეკითხვა, ასევე მდაბალს უმძიმს საკუთარი თავის მინდობა.

* უფალმა ჩვენი დამდაბლებისათვის ისე განაგო, რომ კაცის წყლულებს სხვა უკეთ ხედავს, ვიდრე თვითონ. ამიტომაც საჭიროა ჩვენთვის, რომ საკუთარ თავს კი არ ვმოძღვრავდეთ, არამედ მწყემსის მიერ განვისწავლოთ, და როცა წყლულებათაგან განვიკურნებით, ღმერთსა და მას ვმადლობდეთ.
წმინდა იოანე სინაელი

ბეჭდვა
1კ1