სულ რამდენიმე საათში დიდი მარხვა დაიწყება - შენდობა პროცესია და არა ერთჯერადი აქტი
სულ რამდენიმე საათში დიდი მარხვა დაიწყება - შენდობა პროცესია და არა ერთჯერადი აქტი
დეკანოზი ანდრია კემულარია:
სულ რამდენიმე საათში დიდი მარხვა დაიწყება. ყოველთვის განსაკუთრებულია მისი მოლოდინი. გსურს ჭუჭყიანი სამოსელივით მოიშორო ძველი კაცი მისი ჩვევებითა და სისუსტეებით. გეგმავ რა წაიკითხო, როგორ ილოცო, როგორ დადუმდე. იმედოვნებ, რომ აღდგომას მიაგებებ უფალს განწმენდილ გულს და აღივსება იგი სიხარულით. იცი, გახსოვს, მერამდენე წელია გეგმავ, ცდილობ და... მაინც ვერ იცხოვრე, როგორც გინდოდა, ვერ შეწირე ბოლომდე შენი ძალები, გამხელს სინდისი. წუთისოფლის ჭაობმა წაიღო დრო, ძალები, უნარები. ეშმაკისა და წუთისოფლის მტრობას საკუთარი სისუსტე, სულმოკლეობა დაემატა და ვერ ხარ ისეთი, როგორიც გინდოდა გენახა შენი თავი მარხვის ბოლოს. თუმცა, კაცთმოყვარე ღმერთი გიწილადებს სიხარულს და მაინც ხარობ. ხარობ და იწყება მოლოდინი შემდგომი მარხვისა, განსაკუთრებით კი დიდი მარხვისა. ელოდები იმ იმედით, რომ ისევ ეცდები, ისევ შეეჭიდები საკუთარ დაცემულ ბუნებას. და, აჰა კვლავ მოვიდა ეს დღე. ისევ იმედები, გეგმები და ლოცვა: "შემეწიე, ღმერთო, შემაძლებინე".

მრავალი ქრისტეანული ტრადიცია სათავეს იღებს მონასტრული ცხოვრებიდან. ძველ მამებს წესად ჰქონიათ – დიდ მარხვას ძალისაებრ თვისისა დაყუდებასა და განმარტოებაში ატარებდნენ. რაკი, წესისაებრ, ყოველდღიურად ვერ შეთხოვდნენ პატიებას ერთმანეთს, დიდი მარხვის დაწყებისას ერთმანეთს შენდობას მისცემდენენ, როგორც საწინდარს კეთილი ღვაწლისა და ასე შეუდგებოდნენ მარხვას. ეს კეთილი ჩვეულება სამრევლოებშიც გადმოვიდა. ყველიერის კვირის დასასრულს, მწუხრზე დღესაც ვიკრიბებით და ერთმანეთს შენდობას ვთხოვთ. თუმცა კაცობრივმა ზედაპირულობამ მნიშვნელოვნად შერყვნა ეს ტრადიცია. ძალიან გულსატკენი სანახავია, როცა მრევლის ნაწილისათვის ეს უბრალოდ გულისამაჩუყებელი რიტუალია, როცა ადამიანი გაღიმებული და თვალზე ცრემლმომდგარი მოდის შენდობის სათხოვნად, თუმცა მისი ემოციური მდგომარეობა კოლექტიური ეიფორიის შედეგია და არა უღირსების გააზრებული განცდისა. განა იმას ვამბობ, რომ წესია ცუდი, – ყოველი, თუნდაც უმნიშვნელო ტრადიცია დასაცავი და მოსაფრთხილებელია, რადგან ჩვენი სულცარიელი საკუნე უმჯობესს ვერაფერს ქმნის. მაგრამ, შენდობის წესი ჩვენ შევრყვენით, გავაუბრალოეთ, ფორმალიზმად გვექცა.

შენდობა პროცესია და არა ერთჯერადი აქტი. შეუძლებელია აპატიო ამსაღამოს, თუ არ განაწყვე შენი თავი სათანადოდ გუშინ, წინა კვირას, წინა თვეს, თუ შენდობის თხოვნა და მოყვასის წინაშე თავის დახრა, მისი არგანკითხვა შენი ღვაწლის ნაწილი, შენი ყოველდღიური სწრაფვის მიმართულება არ არის. არ იცვლება ადამიანი ერთ საათში მხოლოდ იმიტომ რომ მარხვა იწყება.

არაფერს ვამბობ ისეთ ადამიანებზე, ვინც დღემდე ინახავს გულში წყებას მოყვასზე, გაბუტულია, გაბრაზებული, – ასეთი მაცხოვრის სიტყვისაებრ ჯერ მოყვასთან უნდა მივიდეს და მერე ლოცვაზე. მაგრამ არის სხვა, უფრო დიდი ნაწილი მორწმუნეთა. ჩემით დაწყებული, ყველას გვყავს ადამიანები, ვისაც შენდობა უნდა ვთხოვოთ. ამას გააზრება ჭირდება. არ შეიძლეა ასრულებდე რაღაც ქრისტეანულ წესს და არ ცდილობდე გაიაზრო, რას გამოხატავს და რას გვასწავლის ეს წესი. არ შეიძლება ფორმალურად თხოვდე ადამინას შენდობას და აღტაცებით, როცა არ გაქვს შეგნებული, რომ, შესაძლოა, უნდებლიედ მისი დამაბრკოლებელი გამხდარხარ.

ყოველ ადამიანს რაღაც შემოქვს კაცობრიობაში. ვიღაცას რწმენით, სიყვარულით, კეთილი საქმეებითა და თავდადებით – საღმრთო მადლის ნათელი და სულიერი კეთილსურნელება, ვიღაცას კი საკუთარი ცოდვებისა და ვნებების კმევით – სიბნელე, სიმყრალე. ვიღაც ანათებს კელაპტარივით, ვიღაც კი ლეშივით გაუსაძლისად აქცევს სულიერ გარემოს. ყოველი ჩვენი ცოდვა არ არის მხოლოდ პიროვნული, არამედ რაღაც შემოაქვს კაცობრიობაში, შემოაქვს ბოროტი მაგალითი და ცდუნება, შემოყავს დემონური ძალა. ჩვენი ცოდვილობით, თუნდაც არა საქმითი, არამედ გულის სიღრმეში შეწყნარებული ცოდვებით ყველანი დამნაშავე ვხვდებით ერთმანეთის წინაშე. ამიტომაც არის ჯეროვანი, რომ ვითხოვოთ შენდობა ერთმანეთისაგან და მიუძღვნათ მთელი მარხვა ღმრთისაგან შენდობის თხოვნას. ოღონდ, არა ფორმალურად. ნუ ვაქცევთ ეკლესიას სულიერი ცხოვრების პროფანაციის ადგილად!
ბეჭდვა
1კ1