თუ ქრისტე გვყავს სულში, დაე, ნუ გტანჯავთ კითხვები ბოლო ჟამზე, ანტიქრისტესა და მის ნიშნებზე
თუ ქრისტე გვყავს სულში, დაე, ნუ გტანჯავთ კითხვები ბოლო ჟამზე, ანტიქრისტესა და მის ნიშნებზე
მამა პორფირე კავსოკალიველი
"მე შავ-თეთრი ტელევიზორი მაქვს, მამა პორფირეს კი ფერადიო", - ამბობდა მამა პაისი ათონელი მამა პორფირესა და დაფარულთმცოდნეობის იმ ღვთაებრივ მადლზე, რომლითაც უფალმა ეს ორივე მამა დააჯილდოვა. შემოგთავაზებთ მამა პორფირეს აზრებს, დარიგებებს.

ანტიქრისტე. მე მშვიდად ვარ. ერთხელ მამა პორფირეს ვკითხე, - იგონებს სულიერი შვილი, - "მამაო, ბოლო დროს ბევრს საუბრობენ 666 რიცხვზე, ანტიქრისტეს გამოჩენაზე, რომელიც ახლოვდება, ზოგიერთი ამტკიცებს, ის უკვე მოვიდაო, საუბრობენ ხელსა და შუბლზე გაკეთებულ ელექტრონულ ბეჭედზე, ქრისტესა და ანტიქრისტეს შეტაკებასა და ამ უკანასკნელის დამარცხებაზე, უფლის მეორედ მოსვლაზე. ამაზე რას იტყვით?" მოძღვარმა მიპასუხა: "აბა, რა გითხრათ? მე არ ვამბობ, რომ ღვთისმშობელი ვიხილე, რომ ომი იქნება და სხვა. ვიცი, რომ მოვა ანტიქრისტე, იქნება ქრისტეს მეორედ მოსვლა, მაგრამ როდის, არ ვიცი. თუმცა ეს არ მაშფოთებს, ვინაიდან ვიცი, რომ თითოეული ჩვენგანის სიკვდილის მერე უფლის მეორედ მოსვლა დადგება. და ეს ჟამი ძალზე ახლოსაა.

იარეთ აღსარებაზე. ერთხელ მამა პორფირეს ვკითხე: - მამაო, ჩვენს დროში რომ გამოჩნდეს ანტიქრისტე, ღმერთი მოგვცემს ძალას, განსაცდელს გავუძლოთ-მეთქი? მომიგო: "თუ ჩვენ აღსარებისას ვნანობთ ცოდვებს, უფალი მოგვცემს ძალას". ასე ძლიერ სწამდა მას სინანულის საღმრთო საიდუმლოებისა.

თუ ქრისტე გვყავს სულში. "დაე, ნუ გტანჯავთ კითხვები ბოლო ჟამზე, ანტიქრისტესა და მის ნიშნებზე, - გვითხრა მოძღვარმა, - იცოდეთ, თუ სულში ქრისტე გყავთ, ანტიქრისტე ცუდს ვერაფერს გავნებთ!

რიცხვი 666 და ანტიქრისტე. მამა პორფირემ ჩემი ხელი გულზე მიიკრა და მითხრა: "მამა ათანასე, ახლა მე ბრმა ვარ, ჩემი ხორციელი თვალნი აღარ მემსახურებიან, ვინაიდან ჰიპოფიზის კიბო მჭირს. მაგრამ მაქვს სულიერი თვალნი, რომლებიც ხედავენ. სანამ წახვალ, მინდა მომიყვე, მამა ემილიანემ (დაიბადა 1935 წელს, ცნობილი ათონელი მამა, 2000 წლამდე სიმონ-პეტრას მონასტრის იღუმენი) რა თქვა 666 რიცხვსა და ანტიქრისტეზე". ჩვენი საუბარი შედგა ჩერნობილის კატასტროფიდან რამდენიმე დღის მერე. მთელი სამყარო აღელვებული იყო და ხალხი ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდა მამებთან, განსაკუთრებით მამა პორფირესთან (იგი სიცოცხლის ბოლოს ათენში, პოლიკლინიკის ეკლესიაში მსახურობდა) და აღელვებული ეკითხებოდა: "ახლა რა მოხდება? ანტიქრისტე მოვა და ბეჭედს დაგვასვამს 666 რიცხვით?"

ვუპასუხე: "მამაო, ერთ-ერთი ბოლო საუბრისას მითხრა, კი არ უნდა ვღელავდეთ, არამედ იმაზე ვზრუნავდეთ, რომ ცოცხალი ურთიერთობა გვქონდეს ქრისტესთან. არ არის საჭირო, რომ ანტიქრისტეს მომეტებული ყურადღება მივაქციოთ, თორემ იგი და არა ქრისტე დაიკავებს ცენტრალურ ადგილს ჩვენს ცხოვრებაშიო". მამა პორფირემ ტაში შემოკრა და წამოიძახა: "ამას რას ამბობ, შვილო! დიდება შენდა, ღმერთო, რომ ერთი მოძღვარი მაინც ვნახე თანამოაზრე. იცი, აქ, სოფელში, მღვდლებმა ამ 666 რიცხვით ააღელვეს ხალხი, უამრავი პრობლემა დააგროვეს - ოჯახებსა და ადამიანთა შეგნებაში. ადამიანებმა ძილი დაკარგეს. დასაძინებლად ისინი ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ძილის წამლებს იღებენ. ქრისტეს არ უნდა, რომ ყველაფერი ასე იყოს. ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, თუ ქრისტესთან ერთად ვცხოვრობთ, ანტიქრისტე არ არსებობს. აბა, მითხარი, შეძლებდი აქ, ამ საწოლზე დაჯდომას, სადაც მე ვზივარ?" "ვერა, მამაო". "რატომ?" "იმიტომ, რომ მაშინ მე თქვენზე დაჯდომა და გათელვა მომიწევდა", - ვუპასუხე. მამა პორფირემ მკითხა: "აბა როდის შეძლებ აქ დაჯდომას?" "როცა თქვენ ადგებით". "სულსაც, ჩემო შვილო, ამგვარი რამ ემართება, - განაგრძო მოძღვარმა, - როცა სულში ქრისტე გყავს, განა შეძლებს ანტიქრისტე შემოსვლას? განა შეძლებს ჩვენს სულში შემოსვლას საპირისპირო არსება? ახლა სულში ქრისტე არა გვყავს და ამიტომაც ვშფოთავთ ანტიქრისტეზე. როცა ჩვენს შიგნით ქრისტეს დავავანებთ, მაშინ ყველაფერი სამოთხედ იქცევა. ქრისტე ყველაფერია, ყოველთვის ასე უთხარი ხალხს. ჩვენ კი არ გვეშინია მისი მტრის. ახლა რომ ჩემთან მოვიდეს თვითონ ანტიქრისტე და ლაზერის ხელსაწყოთი, ძალადობით, 666-რიცხვიანი ბეჭედი დამასვას, მაინც არ ავღელდები. მკითხავ: "მამაო, ეს ხომ ანტიქრისტეს ნიშანია?" დიახ, მაგრამ პირველ მოწამეებს მხეცებს მიუგდებდნენ, ისინი ჯვარს გამოსახავდნენ და მხეცნი ცხვრებივით ხდებოდნენ, მათ ზღვაში ისროდნენ, მაგრამ ჯვარს გამოისახავდნენ და ზღვა მყარი ხდებოდა და ისინი მასზე, როგორც ხმელეთზე, ისე დადიოდნენ; მათ ცეცხლში ყრიდნენ, მაგრამ ჯვარს გამოისახავდნენ და ცეცხლი გრილდებოდა. ჩემო კურთხეულო შვილო, აბა ახლა რა გვჭირს? გვწამს თუ არა ქრისტესი? სად არის ჩვენი ჯვრის ნიშანი? რისთვის მოვიდა ქრისტე? არა იმისთვის, რომ განაძლიეროს ჩვენი უძლურება? ასე უთხარი მოძღვარსაც, ადამიანებსაც, რომ არ ეშინოდეთ ანტიქრისტესი. ჩვენ ქრისტეს შვილები ვართ, ჩვენ ეკლესიის შვილები ვართ". ამ სიტყვებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მერე კი მოძღვარმა განაგრძო:

- იცი, როგორი დოკუმენტებით ჩამოვიდა პატრიარქი დიმიტრიოსი ათენში?

- პასპორტით, მამაო.

- თურქულით თუ ბერძნულით?

- არ ვიცი.

- თურქული პასპორტით ჩამოვიდა. თურქეთის ეროვნული სიმბოლო კი ნახევარმთვარეა. ნახევარმთვარე ანტიქრისტეს სიმბოლოდ ითვლება და ჩვენი პატრიარქის პასპორტს ანტიქრისტეს სიმბოლო ახატია (იგივე სიმბოლოა შტამპებზე, რამდენ ბეჭედსაც არტყამენ თურქეთში გასვლა-გამოსვლისას!), ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პატრიარქი ანტიქრისტეა? ასე ძალზე ნუ შევზღუდავთ სახარების სიტყვას! ქრისტე ისე ვიწროდ არ აზროვნებდა, როგორც ჩვენ, ადამიანები, რომელთაც ჩვენი სიმართლის დაცვა გვინდა. ასე უთხარი შენს მოძღვარსაც, ასე უთხარი ადამიანებსაც: ჩვენ არც ანტიქრისტესი გვეშინია და არც 666 რიცხვისა.

ყველაფერმა ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სრულიად დავმშვიდდი.

მასონობის საფრთხე. ერთხელ მამა პორფირესთან ერესებზე ვსაუბრობდი. იგი მომიყვა: "ერთხელ ჩვენთან კარგი, განათლებული გოგონა მოვიდა, უბრალო ოჯახის შვილი იყო, მოშურნე ქრისტიანი, რომელიღაც ქრისტიანული საძმოს წევრი. მითხრა, გათხოვებას მიპირებენ ერთ კარგ, სერიოზულ, განათლებულ და შეძლებულ კაცზე, ოღონდ მასონზე. როგორ მოვიქცეო. რადგან ის მასონია, უმჯობესია, არ გაჰყვე ცოლად-მეთქი. ის ყმაწვილი ძალიან კარგი ხასიათისაა და შემიძლია, კარგ ქრისტიანად მოვაქციოო. ვერაფერს გააწყობ-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა.

გაიარა რამდენიმე წელმა. ერთხელ ქმარ-შვილთან ერთად მოვიდა. ვკითხე: - ხშირად თუ ამბობ აღსარებას და ეზიარები-მეთქი. წელიწადში ერთხელ და ტაძარშიც იშვიათად დავდივარო. კიდევ რამდენიმე კითხვა დავუსვი და სანუგეშო პასუხები ვერ მივიღე. ვუთხარი: "დაუძახე შენს ქმარს". კაცი ბავშვთან ერთად შემოვიდა. მე მას ვუთხარი: - შენმა ცოლმა, როცა შენზე გათხოვებას აპირებდა, დამარწმუნა, რომ კარგ ქრისტიანად გაქცევდა, მაგრამ პირიქით მომხდარა-მეთქი.

- მამაო, - ვკითხე მამა პორფირეს, - ეს ქალი ასე რატომ იყო დარწმუნებული, რომ მასონს კარგ ქრისტიანად აქცევდა, მასონობა ხომ აშკარად ებრძვის ქრისტიანობას?

- არა, - მიპასუხა მამა პორფირემ, - აშკარად სხვები ებრძვიან. მასონები უხილავ ბრძოლას ეწევიან და ამიტომაც სახიფათონი არიან. ისინი არ გეუბნებიან: ჯვარი არ გამოისახო, ეკლესიაში არ იარო, აღსარებაზე არ იაროო, პირიქით, იარე, მაგრამ ჩვენთანაც შემოდიო. მათი დამღუპველი გავლენა ნელა და შეუმჩნევლად მოქმედებს, ისე, რომ შენც კი ვერ გაიგებ".

ნუ გეშინია რომის პაპისა. მამა პორფირეს მილესში შევხვდი. დიდი სიყვარულით მიმიღო და ინტერესით ისმენდა ჩემს მონაყოლს. მერე კი წინასწარმეტყველურად მითხრა: "ნუ გეშინია რომის პაპის, მას დიდი ხანია უნდა მართლმადიდებელი ეკლესიის დამორჩილება, მაგრამ დადგება დღე, როცა კათოლიკეებთან დიალოგი ჩიხში შევა. მათ არაფერი გამოუვათ. უნიატობა ხომ ტროას ცხენია და ცხადზე ცხადად გვიჩვენებს, რომ კათოლიკეებს მხოლოდ ერთი რამ აწუხებთ - მართლმადიდებლებმა აღიარონ რომის პაპის უპირატესობა". მამა პორფირეს ლოცვა ვთხოვე, მან კი აქეთ მთხოვა ლოცვა.

ქილიაზმს ასე ვერ მოერევი. მეგობართან ერთად მონასტერში სამუშაოდ წავედი, თან მამა პორფირე წამოგვყვა.

გზად ჩავუარეთ იეღოველთა რამდენიმე შენობას. მწუხარებამ შემიპყრო, როცა ვფიქრობდი იმ სულის განმხრწნელ მუშაობაზე, რომელსაც ეს ერეტიკოსები ეწევიან. საკუთარი ცოდვების შენანების მაგიერ ცდილობენ, ქრისტეს რწმენა შეურყიონ ხალხს, "რომელთათვის ქრისტე მოკვდა" და აღსდგა. მამა პორფირე დუმდა. გავიფიქრე: - ნეტავ რას ფიქრობს მამა პორფირე, რატომ დუმს, როცა ამ ადამიანებსა და მათ დამღუპველ საქმიანობას უცქერის-მეთქი. მამა პორფირემ უმალ უპასუხა ჩემს ფიქრს: "ეს საცოდავი იეღოვას ცრუმოწმეები - დაე, შეიწყალოს ისინი ღმერთმა! ზოგი ქრისტიანი მათ ურისხდება, ეჩხუბებიან და ლანძღავენ, სასამართლოში მიათრევენ, მაგრამ მათ ასე არ უნდა ებრძოლო. მათ მაშინ მოვერევით, როცა თვითონ გავხდებით წმინდანები.

ვინ ავირჩიოთ, მამაო? ერთმა კაცმა ჰკითხა, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებში ხმა ვის მივცეთო. მან იგავით უპასუხა: "მართმადიდებელი ეკლესია კრუხს ჰგავს, იგი თავისი ფრთებით იფარავს წიწილებს, შავსაც და თეთრსაც".

მართლმადიდებელი ეკლესია პოლიტიკაში არ ერევა, მით უმეტეს, პარტიებად არ იყოფა. თავისი სიყვარულით მოიცავს ყველას, პოლიტიკურ ჯგუფებად დაყოფილებს.

ერთხელ მამა პორფირემ მკითხა, როგორი პოლიტიკური სიტუაციაა ქვეყანაშიო. მთლიანობაში საქმე კარგად არ მიდის-მეთქი. მითხრა: "რას ელოდები ამ პოლიტიკოსებისგან? ისინი მთლიანად ჩაეფლნენ თავიანთ სულიერ ვნებებში. თუ კაცს საკუთარი თავის დახმარება არ შეუძლია, სხვას როგორ შეეწევა? ასეთი მდგომარეობის გამო ჩვენც დამნაშავენი ვართ. ნამდვილი ქრისტიანები რომ ვიყოთ, მაშინ შევძლებდით, თუ ქრისტიანული პარტია არა, მორწმუნე პოლიტიკოსები მაინც აგვერჩია და მაშინ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა".
ბეჭდვა
1კ1