იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე აღასრულო
იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება მეტი სიკეთე აღასრულო
დიდ-ბუნებოვანება ცალკე ადამიანისა თუ მთელის ერისა მის მიერ გატანილ მადლის მეტ-ნაკლებობაშია. იგ მეტ-ნაკლებობა მადლისა არის უტყუარი საწყაო ცალკე ადამიანისა თუ მთელის ერის კაცურ-კაცობისა, მისის შინაგან სიმაგრისა, ქვაკუთხედი მისის აღმატებულობისა. მადლი არის კრებული იმა კეთილთა, რომელიც შეადგენს ზნეობურს განძს როგორც თვითეულ ადამიანისას, ისეც მთელის ერისას, და ეს განძია იგი კლდე, რომელზედაც შენდება ციხე-სიმაგრე ერის ცხოვრებისა, ერის აწმყოსი, ერის მერმისისა.

* ყველაფერი საღმრთოა... რაც კაცის გულს გაუთბია, თითონ დამწვარა, ზღაპრისა არ იყოს, სანთელსავით და სხვისთვის კი გაუნათებია. კაცი ის არის... რომელიც თავის გონების ნამუშაკარს, გულის სიკეთეს ხიდად გასდებს, რომ, თუ არ თითონ, სხვამ მაინც მშვიდობით გაიაროს. იმ ხიდს ზედ ამჩნევია ყოველთვის ღვთის მადლი, მაშინ ყველაფერი საღმრთოა.

* სულმოკლეობა ღვთის საწყენია. ღმერთია მოწყალე, იმის ნუგეში დიდი არის, ღმერთი არის ყველას მფარველი, მოჭირნახულე ადამიანი იმას უყვარს; რაც უნდა მოხდეს, უნუგეშოდ არ გაგიშვებს... ღმერთს მიენდე და კაცის სიკეთესა.

* საკვირველია კეთილი კაცი! სარკეში ჩახედვა ეჯავრება, თავისთავის დანახვა ეთაკილება, ეზარება. რაც უნდა უყავ, თავის სიკეთეს კი ნუ დაანახვებ. მაგრამ რა? ღმერთი ხომ ჰხედავს და ხელის გულზედ სწერს... დედამიწის სარკე ზეცა არის, ის გადიცემს ხოლმე წუთისოფლის საქმესა.

* ხომ უნდა მოვკვდე დღესა თუ ხვალე, ის არა სჯობია ღვთისა და... გეტყვი ახლა კი, კაცის სამსახურში... ამომივიდეს სული!.. აქ სახელი მაინც დაგრჩება და იქ წაგიძღვება. "სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა"... სახელის მოხვეჭა კიდევ, სხვამ რაც უნდა სთქვას, ცხონებაა სულისა. სამოთხესაც აქედამვე ეგ ანათებს და ჯოჯოხეთსაც აქედამვე ეგ აქრობს...

* იქნება გეგონოს, ვინც კაი საქმეს ჰშვრება, სახელისთვის ჰშვრება? არა, სახელი თავისთავად მოდის ხოლმე და კეთილ საქმეს ზედ გამოებმება. მართალია, არიან იმისთანა კაცები, რომელნიც სიკეთეს იქმოდნენ მარტო იმისთვის, რომ სახელი დაგვრჩებაო. მაშინ ისინი იმ კაი საქმეს სახელზედ ჰყიდიან. ეს ცუდია, მაგრამ მე და შენ რა დავა გვაქვს? დაე, თუნდ გაჰყიდონ, ოღონდ ნივთი კარგი რამ იყოს, დაე, საქმე საქებური იყოს და გულის წადილის გაჩხრეკა ღვთის ნებაზედ მივაგდოთ.

* როცა... ადამიანს პირს არიდებ, მითამ ქრისტე-ღმერთისათვის მოგირიდებია პირი. იესომ ბრძანა: განკითხვის დღეს გეტყვითო: მწყურვალი ვიყავ და არ მასვითო; მშიერი ვიყავ, არ მაჭამეთო; შიშველი ვიყავ, არ ჩამაცვითო; სნეული ვიყავ, არ მომიარეთო. როცა მეტყვიანო, უფალო! სადა გნახეთ, რომ არ გიშველეთო, მე ვეტყვიო: ყოველი გაჭირვებული კაცი, თქვენგან არ გაკითხული, მე ვიყავიო... სხვა შენთვის და შენ სხვისთვის - აი გზა ცხოვრებისა, აი ხიდი ცხონებისა, აი გასაღები სამოთხისა!..

* მართალია, კაი საქმისათვის, მართალისათვის თავდადება, უშიშარობა, დეე მლანძღონ, ჭუჭყი, ჩირქი მაცხონ, ჯვართ მაცვანო, ოღონდ რაც მართალი მგონია, იმას ფეხი მოვაკიდებინო საზოგადოებაშიო, დიდი სასახელო რამ არის, მაგრამ დიდს ვაჟკაცობას, დიდს სულის ღონესაც ჰთხოულობს და ყველა ეს დიდბუნებოვანის კაცის საქმეა.
წმინდა ილია მართალი

ღმერთი დაუსაბამო სიკეთე, დაუსაბამო სიმართლე და სიყვარულია. ვისაც სიკეთე და სიმართლე უყვარს, მას ღმერთი უყვარს და ღმერთიც, ვით საკუთარ შვილს, ისე შეიყვარებს.

* როდესაც კეთილ საქმეს აკეთებ, ერთი საფეხურით ადიხარ, როდესაც სცოდავ, ჩამოდიხარ. ასეთი სვლაა მთელი ცხოვრება. შენს გაკეთებულ ჯვარსა და ხატზე რომ სხვა ილოცებს, ნახევარი მადლი შენზე გადმოდის. რასაც კეთილი საქმისათვის გასცემ, ღმერთი ასწილ მოგიზღავს!

* ჯერ ღმერთია მკურნალი, მერე ექიმი. მუშაკი ღირსია სასყიდლისა. რომელი არა მადლობენ ექიმსა, არა მადლობენ უფალსა. ექიმის ხელი და გონება ღვთისათვის სათნო საქმეს აკეთებს.

* იმისთვის ხარ ამ ქვეყანაზე, რომ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე აღასრულო.
ბერი გაბრიელის ქადაგებიდან

თავიდან ცოტათი მაინც რომ დავატანოთ ძალა თავს, შემდეგ ყველაფრის იოლად და სიხარულით კეთებას შევძლებდით. სათნოების ღვაწლი დიდია, ჯილდო კი უფრო დიდი და უფრო მაღალი, ვიდრე ეს ღვაწლი. გინდა უშრომელად აკეთო სიკეთე? თქვი, რომ შრომა დროებითია, ხოლო ჯილდო - მარადიული.
წმინდა ნილოს სინელი

ადამიანის სული ამქვეყნად დინების საწინააღმდეგოდ მიმავალ გემს ჰგავს: ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და თუ ძალას არ იხმარს გზის გასაგრძელებლად, ისევ უკან წაიღებს დინება.

თუკი ჩვენს ძალებს კეთილი საქმეების გასაკეთებლად არ მოვიხმართ, აუცილებლად რაიმე ცუდისკენ მივიდრიკებით: მსგავსად იმისა, თუ მდინარეში ვცურავთ, ან დინების საწინააღმდეგოდ მივიწევთ წინ, ან დინებას უკან მივყავართ.

მტკიცედ მოზღუდე გრძნობათა ორგანოები: მხედველობა, სმენა, ყნოსვა, გემოვნება და შეხება და ქრისტეს მადლს მოიხვეჭ.
წმინდა ბარსანოფი დიდი და იოანე წინასწარმეტყველი

როგორადაც ძალგიძს, ისე შეეწიე მოყვასს. თუკი სასწაულთმოქმედი სიტყვით არ შეგიძლია ადამიანთა უძლურება განკურნო, კეთილი სიტყვით გაამხნევე და ანუგეშე შეჭირვებული! და თუკი მოყვასს დაეხმარები, მაშინ, ჰოი, საკვირველებავ, თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე დაგიდგება მსახურად... ოდეს მოყვასს შეეწევი და მეოხ-ექმნები, თადავ დაეუფლები საღმრთო საგანძურს, ქრისტეს სამეუფოს; მოყვასის შემმოსველი და დამპურებელი თავად იგემებ უკვდავებას და სამეფო ძოწეულით შეიმოსები...
წმინდა გრიგოლ პალამა
ბეჭდვა
1კ1