ნამდვილი ადამიანი არის არა ის, ვინც სწორად ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც ცხოვრობს სწორად, სახარების მიხედვით
ნამდვილი ადამიანი არის არა ის, ვინც სწორად ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც ცხოვრობს სწორად, სახარების მიხედვით
ღმერთი სახიერია, უვნებო და უცვალებელი. ზოგიერთი აღიარებს ღმერთის ჭეშმარიტ უცვალებლობას და ამასთან, საგონებელში ვარდება - როგორ ხდება, რომ უფალს უხარია სიკეთე ან პირს იბრუნებს ბოროტებისგან; ურისხდება ცოდვილთ, შეინანებენ ისინი და მათდამი მოწყალებას იჩენს; ამის თაობაზე უნდა ითქვას, რომ ღმერთს არც უხარია და არც მრისხანებს, რამეთუ სიხარულიცა და მრისხანებაც ვნებებს განეკუთვნება. უაზრობაა იფიქრო, რომ კაცთა საქმეების გამო ღვთაება იყოს კარგად ან ცუდად. ღმერთი სახიერია და მხოლოდ სიკეთეს იქმს, ვნებით კი არავის ავნებს, იგი მარადის უცვალებელია. ჩვენ კი, როცა კეთილნი ვართ, მას ვემსგავსებით და ღმერთთან ერთობაში შევდივართ. როცა გავბოროტდებით, განვეშორებით მას, რადგანაც უკვე აღარ ვგავართ. სათნოდ ვცხოვრობთ და ღვთისანი ვართ, გავბოროტდებით და მისგან განდგომილნი ვხდებით. ეს სულაც არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი ბრაზდებოდეს ჩვენზე. ეს ჩვენი ცოდვები არ აძლევენ ღმერთს საშუალებას, გაბრწყინდეს ჩვენში. ჩვენ მტანჯველ დემონებთან ცოდვები გვაერთებენ. თუკი შემდგომი ლოცვებითა და ქველმოქმედებებით ცოდვათაგან გამოხსნას მივაღწევთ, ეს არ ნიშნავს, თითქოს ღმერთი მოვალბეთ და შევცვალეთ. ამგვარი ქმედებებითა და ღვთისადმი დამოკიდებულებით ჩვენ ვუმკურნალეთ ჩვენში არსებულ ბოროტებას და ამიტომაც ისევ შემძლებელნი ვხდებით, ვიგემოთ საღვთო სიკეთე. ასე რომ, ნათქვამი "ღმერთი პირს იბრუნებს ბოროტისაგან" იგივეა, რომ ვთქვათ: "მზე ემალება უსინათლოებს".
წმინდა ანტონი დიდი

წრის რადიუსები უკავშირდება ცენტრს და რაც უფრო ახლოს არიან ცენტრთან, მით უფრო უახლოვდებიან ერთმანეთს. ხოლო ცენტრს თუ მოსცილდებიან, დაშორდებიან ერთმანეთსაც. ასევე არიან ადამიანებიც. რაც უფრო შორს არიან ღმერთისაგან, მით უფრო შორდებიან ერთმანეთს.

შეიყვარე ერთი ღმერთი და შეიყვარებ მის ყველა შვილს.

ღმერთი მუდამ ზრუნავს შენზე, შენც ნუ შეწყვეტ მოყვასზე ზრუნვას. თუ შენი მოყვასი, შენი აზრით, არ არის სიყვარულის ღირსი, სიყვარულის ღირსია ღმერთი, რომლის მონა და ხატია იგი: სიყვარულის ღირსია ქრისტე, რომელმაც თავისი სისხლი დაღვარა მისთვის.

არაფერში ისე არ გვჭირდება ღმერთის დახმარება, როგორც ჩვენი ხსნის საქმეში; იმიტომ რომ არაფერში არა ვართ ისეთი სუსტები, როგორიც სიკეთის კეთებაში.
წმინდა ტიხონ ზადონელი

ვინც თავის ნებას მისდევს, ის ღვთის ნებას განაგდებს და ღვთაებრივი მადლის მოქმედებას ეწინააღმდეგება.

* კარგია, იკითხო სულიერი წიგნები, მაგრამ კიდევ უკეთესია, წაკითხული პრაქტიკულად გამოიყენო – იცხოვრო სულიერად.

* ნამდვილი ადამიანი არის არა ის, ვინც სწორად ლაპარაკობს, არამედ ის, ვინც ცხოვრობს სწორად, სახარების მიხედვით.

* ის, ვინც თავად ესწრაფვის წოდებებს, მარტო იბრძოლებს მთელი ცხოვრების მანძილზე. მას, ვისაც აწინაურებენ ადამიანები, შემწეებად ადამიანები ეყოლებიან. ხოლო ვისაც ღმერთი მოუწოდებს, მისი შემწე მხოლოდ ღმერთი იქნება.

* ყველა ადამიანი ღებულობს ღვთისაგან უხვ კურთხევას, მაგრამ ცოტანი ემადლიერებიან მას, ცოტანი გრძნობენ კმაყოფილებას და სიხარულს ქრისტეს გვერდით.

* არიან ადამიანები, რომლებსაც არაფერი აკლიათ, მაგრამ ამასთან ერთად არ აკლიათ სევდაც, რადგან მათ აკლიათ ქრისტე.

ჩვენი სახიერი მამა მთლად დიდსულოვნებაა, ხარობს უმნიშვნელო შესაწირავითაც კი! თუმცა ჩვენ, ადამიანები, თაფლს მივირთმევთ, მასთან კი ცვილი მიგვაქვს, მას ეს შესაწირიც ახარებს.
ბერი პაისი ათონელი

საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, იღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა.

ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათლით არის გასხივოსნებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც "ძელმა ჭეშმარიტებისამ", წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზე სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია ყოველს მცნებაზედ: "გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი".

ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანებოდა ჩვენი ქვეყანა, იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თვითონ ქართველიცა. ამ კაცთმოყვარე ღმერთისათვის იწამა ჩვენი ქვეყანა, მას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზედ, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა და თავ-პირდასისხლიანებულმა ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა.

ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენც ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს - სამართლიანის თავმომწონებით ვეძახით.

"ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული" - აი, თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, ამ სისრულის გზაზე, ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, - აი საწყაო როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.

ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მინამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათლებს, გული - გაგითბობს, ღმერთი ძლიერია ყველას გულში, ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენა, ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუ რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენ გამჩენსა, ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაცა ხანდახან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს...… რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის,…ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ისა ვქნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.
წმინდა ილია მართალი

უფალს სურს, რომ ადამიანი გამუდმებით უხმობდეს მას თავმდაბლად: "ვინ ვარ მე, უფალო ღმერთო ჩემო, რომ შენ ინებე მიწაზე მოსვლა, ხორცშესხმა და ჯვარცმა ჩემთვის, რათა აღმადგინო მე ხრწნილებისა და სიკვდილისაგან და გამხადო შენი დიდებისა და ღვთაებრიობის თანამოზიარე და მემკვიდრე?" როცა ამგვარი თავმდაბლობით განიმსჭვალები და იაზროვნებ, უფალი მყისვე მოვა შენთან, სული სიმართლისა დამკვიდრდება შენს გულში. რა არის ღვთისათვის იმგვარად სათნო და სასურველი, როგორც შემუსვრილი და მორჩილი გული და თვითდამდაბლებული ფიქრი?! ასეთ თვითშემმუსვრელ სულში დაივანებს და მკვიდრობს უფალი.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
ბეჭდვა
1კ1