ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი ინტერნეტში ქცევის წესებზე საუბრობს
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი ინტერნეტში ქცევის წესებზე საუბრობს
ათონის ვათოპედის მონასტრის წინამძღვარი (იღუმენი) არქიმანდრიტი ეფრემი მიიჩნევს, რომ სულიერი გამოცდილება ინტერნეტის საშუალებით უნდა გავავრცელოთ.
"ჩვენს მონასტერში სტუმრობდა ჰოლივუდის მსახიობი ჯონათან ჯეკსონი. მე ვკითხე მას, როგორ გახდა მართლმადიდებელი. მან მიპასუხა, რომ ამაში ძალიან დაეხმარა ინტერნეტი.. მეორეს მხრივ, არიან ქრისტიანები, რომლებიც უფალს დაშორდნენ და ინტერნეტის დახმარებით დაბრუნდნენ ღმერთთან, იპოვეს თავი და საკუთარი ადგილი ამ სამყაროში. არიან ადამიანები, რომლებიც სრული იმედგაცრუების ზღვარზე იდგნენ და ინტერნეტში რომელიღაც ქადაგებების მოსმენის შემდეგ იპოვეს სულიერი ძალა, იმედი და ახლა სულიერად ვითარდებიან" - აღნიშნა მამა ეფრემმა.
მისი აზრით უფლის სიტყვა ძლიერად და მძლავრად უნდა არსებობდეს ინტერნეტ-ქსელში.

"ადამიანთა უმრავლესობა დღეს დეზორიენტირებულია, გამუდმებით ჩიხში ხვდება. ამ ეპოქაში მხოლოდ უფლის სიტყვას ძალუძს დაამშვიდოს ადამიანი, დაარწმუნოს იგი მარადიული ცხოვრების შესაძლებლობაში. ღვთის სიტყვას, რომელიც ინტერნეტით ვრცელდება, შეიძლება ადამიანის მაკურნებელი ფუნქცია ჰქონდეს", - აღნიშნავს ათონის მონასტრის იღუმენი.

"წმინდა მამათა მემკვიდრეობა და სიბრძნე, მათი შესანიშნავი ტექსტები რაც შეიძლება მეტად უნდა გამოვიყენოთ ყველაზე თანამედროვე და ოპტიმალური მეთოდებით. წმინდა მამათა ნაწერების კატეგორიზაცია და გაციფრულება ინტერნეტის მომხმარებელს გაუადვილებს ტექსტების პოვნას იმ თემების მიხედვით, რაც მას აინტერესებს. უფრო მეტიც, უფლის სიტყვის და განსაკუთრებით წმინდა მამათა, აგრეთვე XX საუკუნის მოსაგრე მამათა სწავლებების გაციფრულება და ვებ-გვერდებზე მათი წინ წამოწევა დიდ სულიერ სარგებლობას მოუტანს ჩვენს თანამედროვეთ", - ამბობს მამა ეფრემი.

"ბერდიდი ეფრემ კატუნაკელი ამბობდა: "რა სამწუხაროა, რომ არ გვქონდა ბერი იოსების გამონათქვამების ჩაწერის შესაძლებლობა". ჩვენ გვესმის, რომ მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია უხილავ სულიერ ბრძოლაში პირადი გამოცდილების მქონე ადამიანის მიერ წარმოთქმული ქადაგების მოსმენა. წმინდა პაისი ამბობს: "ჩაიწერეთ ყველაფერი სულიერი, რაც გესმით და ყველა სულიერი გამოცდილება, რაც სხვებისგან გაიგონეთ, რადგან მოვა დრო, როცა ეს გამოცდილება აღარ იქნება და თქვენ სულიერი დეფიციტი გექნებათ", - აღნიშნავს მამა ეფრემი.

ბეჭდვა
1კ1