რა ძვირფასი ყოფილა ის დრო, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისას უქმად დაგიკარგავს
რა ძვირფასი ყოფილა ის დრო, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისას უქმად დაგიკარგავს
თუკი ვინმე ქრისტიანთაგან მოწყალებას არ გასცემს, იგი საუფლო საქორწინო პალატთა მიღმა დარჩება და დაიღუპება. ამიტომ ხელნიცა შენნი ოდენ ზეცისკენ კი არა, ღარიბ-გლახაკთა შესაწევნელადაც განიპყარ!

* ჩვენ ყველანი ვსაჭიროებთ მოწყალებას, მაგრამ ყველა როდი ვიმსახურებთ მას, რადგან თუმცა კი ეს მოწყალებაა, მაგრამ მაინც ყოველთვის ღირსეულთ ეძიებს, როგორც ეს თვით უფალმა გვითხრა: "და შევიწყალო, რომელი შევიწყალო, და შევიწყნარო, რომელი შევიწყნარო" (გამოსვლ. 33,19).

* როგორც დათესილი მარცვალი საჭიროებს წვიმას, ასევე ჩვენთვისაც აუცილებელია ცრემლთა ღვრა. როგორც მიწას ესაჭიროება მოხვნა თუ დაბარვა, ასევე ჩვენი სულისთვისაც აუცილებელი ყოფილა განსაცდელი, საცთურნი და მწუხარებანი, რათა მან ღვარძლი არ აღმოაცენოს, არ გაამპარტავნდეს და სასტიკი არ შეიქნას. საგულდაგულო დამუშავების გარეშე ხომ მიწაც არ გამოსცემს კეთილ ნაყოფს!

* რა დიად, წარმტაც მოვლენებს წარმოგვიდგენს თვალთა წინ ქმნილი ბუნება! რა წარმტაცია მზის ჩასვლა შავ ღრუბლებში! რა საამურია სულისა და გულისათვის, როცა კეთილსურნელებით მფეთქავი გაზაფხულის ჟამს სადმე მაღალ მთაზე ვდგავართ და ქვემოთ განახლებადი ბუნების სასწაულს მიმოვიხილავთ! - გიხაროდეს, გიხაროდეს, ჰოი, სულო ჩემო, იმ ჟამზე ფიქრში, როცა შენ ცათა შინა აღხვალ და იქ შეუდარებლად უფრო დიდებულ მოვლენებს იხილავ!..

* ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დატკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დატკბებიან ცათა შინა.

* აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორც სიზმარსა და ცხადს შორის.

* რა ზომითაც მზის სხივია აღმატებული კანდელისაზე, იმ ზომითვე და გაცილებით მეტადაც მომავალი ცხოვრებაა აწინდელზე უმჯობესი.

* ამქვეყნიური ჩვენი დაშვრომა და ტანჯვა დროისმიერაა სამძიმო, მოსვენება კი მათ შემდგომ დაუსრულებელია, დროის გარეშეა სანეტარო. მაშ, დავშვრეთ მცირეოდენ, რათა სამარადისოდ მოვისვენოთ. აქ, ამქვეყნად ნუ ვეძებთ მოსვენებას, რადგან ჭეშმარიტ მოსვენებას ვერ ვიპოვით მასში, არამედ იმქვეყნად, ცათა შინა მოველოდეთ მას, სადაც საუკუნოდ დავიმკვიდრებთ ნეტარ სიმშვიდესა და მოსვენებას.

* საკუთარი თავის მკვლელია ის, ვინც თავის არსებას უღირსად შეიქმს საუკუნო ცხოვრებისთვის ცათა სასუფეველში.

* უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისთვის.

* იტანჯო მანამდე, სანამ ღვთის არსებობა გაგრძელდება, ანუ სამარადისოდ, - განა შეიძლება ამაზე დიდი უბედურება წარმოვიდგინოთ ცოდვილ ადამიანთათვის?

* მომავალ, საუკუნო სიკეთეთა დაკარგვა ისეთ მწუხარებასა და გაუსაძლისობას სწევს ყოველ ცოდვილ და შეუნანებელ ადამიანს, რომ, დაე, თუნდაც არანაირი სხვა სასჯელი და სატანჯველი არ მოელოდეთ, იგი მაინც უკვე თავისთავადვე იქნება გეჰენიის ცეცხლისმიერ სატანჯველზე უფრო მძაფრი, და ისე დაგლეჯს და აღაშფოთებს ასეთ ადამიანთა სულებს ამის შეგნება, რომ უმეტესს ვერანაირი სხვა სატანჯველი ვერ მოიმოქმედებს!..

* წმინდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუკი ღმერთი ჯვარს ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისა და ცხოვნებისთვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვიტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?! ამისთვის ყოველი სატანჯველი მათ სიხარულად უქცია ღმერთმა.
წმინდა იოანე ოქროპირი

ჭეშმარიტი სიხარული ღვთისგან მომდინარეობს და მხოლოდ იმას მოენიჭება, ვინც განუწყვეტლივ აიძულებს თავს, უარყოფდეს საკუთარ ნებას და ყოველივეში მხოლოდ ღვთის ნებას ასრულებდეს.

* თუკი ისეთი ცოდვისთვის გაგკიცხავენ, რომელიც არ ჩაგიდენია, თავმდაბლად და მორჩილად მიიღე გამკიცხველის საყვედური და მაშინ უხრწნელ გვირგვინს დაიუფლებ.

* გინახავთ, რა ტანჯვით იხუთება ნაპირზე გადმოგდებული თევზი?! აი, ასეთივე ტანჯვით შეიხუთება მძიმედ შეჭირვებული ჩვენი სულიც, როცა იგი, მანამდე მხოლოდ ამა ქვეყნისთვის მცხოვრები, პირისპირ დადგება მისი დატოვების აუცილებლობის წინაშე. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ წუთის გამო, რომელიც შეგვეძლო სულის სარგებლობისთვის გამოგვეყენებინა, მაგრამ არ გავაკეთეთ ეს და უქმად დაგვეკარგა ისინი. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ უზაკველი სიხარულის გამო, რომლითაც შეგვეძლო დავმტკბარიყავით, მაგრამ არ დავტკბით, რადგან ამაო, წარმავალი გრძნობისმიერი სიამენი გვიშლიდა ხელს და თავისკენ გვიტაცებდა მაცთუნებელი მომხიბლაობით. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ შეთხვევისთვის, რომელიც ღვთისგან მოგვემადლა სათნოებაში ჩვენს განსამტკიცებლად და ხელიდან გავუშვით. მაშინ ჩვენ სრულად შევიცნობთ, თუ რა კნინ ფასად გაგვიყიდია ამქვეყნად ჩვენი უფლება ცათა სასუფევლის დამკვიდრებაზე და რა ძვირად მოგვისყიდია გეჰენიის ცეცხლი! და მაშინ ცხადად შეიცნობ შენ, ჰოი, ცოდვილო ადამიანო, თუ რა ძვირფასი ყოფილა ის დრო, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისას უქმად დაგიკარგავს, მაგრამ იმ მძიმე ჟამს, როცა იძულებული იქნები დატოვო ეს ქვეყანა, უკვე მეტისმეტად გვიან იქნება, რაიმე გამოასწორო! მაშინ კი ისურვებდი ნებისმიერ ფასად გეყიდა იგი, მაგრამ ვერ კი შეიძლებ!

* ნუ დატკბები ამქვეყნიური შვება-სიამით, რადგან იგი ყველაზე სავალალო სიკვდილით მოგაკვდინებს.

* თუ ადამიანი ვერ შეიძენს სრულყოფილ თავმდაბლობას და მორჩილებას მთელი გულით, მთელი სულით, მთელი გონებით, მთელი სამშვინველითა და მთელი სხეულით, იგი ვეღარ დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს.

* უხრწნელი გვირგვინი, სათნოება და ხსნა ადამიანის სულისთვის არის დათმენა ყოველგვარი უბედურებისა და ამავე დროს, ყოველივესთვის მადლობის მიძღვნა შემოქმედი ღმერთისთვის. აღვირასხმა მრისხანებისა, გემოთმოყვარეობისა და ხორციელ სიამეთა ნდომისა - უდიდესი შეწევნაა სულისათვის.
წმინდა ანტონი დიდი

თუკი ნამდვილად გვსურს სრულყოფილი სიყვარულით აღგვევსოს სული, ანუ ღვთისგან კურთხეული სიკეთეებით შეგვემოსოს იგი და ამგვარად, ქვეყნიურ ანგელოზებად შევიქმნათ, ამისთვის, პირველ ყოვლისა, ურვა და ხორციელი შეჭირვება უნდა შევიყვაროთ, ყველანაირი სიმძიმის ტვირთვა და განსაცდელთა სიხარულით დათმენა გვსურდეს, სიღარიბე და ტკივილი გვერჩიოს, ამასთან, იმ რწმენით ვითმენდეთ ყოველივე ამას, რომ ეს ნამდვილად სასიკეთოა ჩვენთვის და ჩვენს მომავალ ბედნიერ სამარადისო ცხოვრებას ემსახურება.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
ბეჭდვა
1კ1