წმ. პაისი მთაწმინდელი: ნუ დადუმდებით! ნუ გეშინიათ სიმართლის თქმა!
წმ. პაისი მთაწმინდელი: ნუ დადუმდებით! ნუ გეშინიათ სიმართლის თქმა!
დღეს დიდი მცდელობაა, სარწმუნოება გაანადგურონ იმისთვის, რომ რწმენის შენობა ჩამოიქცეს, კედლებიდან პატარ-პატარა ქვებს აცლიან. თუმცაღა ნგრევისთვის ყველა პასუხისმგებელია - ისინიც, ვინც ანგრევს და ისინიც, რომლებიც მშვიდად თვალს ადევნებენ ყველაფერ ამას და არაფერს აკეთებენ. შემდგომში ეს გამხრწნელები შეგნებულად შეგვიქმნიან უფრო დიდ სიძნელეებს: გაბოროტდებიან ეკლესიაზე, მონაზვნებზე. დღევანდელ მდგომარეობას მხოლოდ სულიერად შეიძლება დავუპირისპირდეთ და არა ერულად.

შტურმი ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდება და ნაპირზე გამორიყავს მთელ ნაგავს, ყველაფერ უსარგებლოს, შემდეგ კი ყველაფერს ნათელი მოეფინება, ზოგი "კეთილ სასყიდელს" მიიღებს, ხოლო ზოგი კი ვალებს გადაიხდის. დღეს ბევრია ისეთი, ყველაფრის გახრწნა რომ სურს: ოჯახის, ახალგაზრდობის, ეკლესიის. ჩვენს დროში ერის ჭირისუფლად ყოფნა აღმსარებლობის ტოლფასია, რაგდან სახელმწიფო ღვთაებრივ კანონებს ებრძვის. მათი მიღებული კანონები საღვთო სჯულის საწინააღმდეგოა. ჩვენ პასუხისმგებლობა გვეკისრება, არ მივცეთ ეკლესიის მტრებს ყველაფრის გახრწნის საშუალება, თუმცაღა მღვდლებისგანაც მომისმენია - "ამას ნუ აკეთებთ, ეს თქვენი საქმე არააო..." ეს გასაგები იქნებოდა, ლოცვით ისეთ მდგომარეობას აღწევდნენ, რომ გარეგნულზე არაფერზე ზრუნავდნენ. ასე რომ იყოს, ფეხებს დავუკოცნიდი მათ. მაგრამ არა! ისინი ყველაფრის მიმართ უინტერესობას იჩენენ, რადგან სურთ ყველას თვალში კარგები გამოჩნდნენ და ცხოვრებაში თბილად მოეწყონ.

ყველაფრისადმი უინტერესობა - ერისკაცთათვისაც საძრახისია, მით უმეტეს, სასულიერო პირისთვის. პატიოსანი, სულიერი კაცი არაფერს არ უნდა აკეთებდეს გულგრილად. (იერ.48.10)

ახლა ომია გაჩაღებული, სულიერი ომი, მე წინა ხაზზე უნდა ვიყო. რამდენი მარქსისტი, მასონი და სტალინისტია ჩვენ გარშემო; რამდენი ეშმაკისეული, ანარქისტი თუ მოხიბლული. მე ვგრძნობ რა გველოდება, ამიტომაც განვიცდი და ადამიანთა უბედურების გამო ტკივილს ვეღარ ვიტევ. ყველგან ნელთბილობის სული გაბატონებულა. ვაჟკაცობა კი იშვიათი მოვლენაა. ჩვენ საბოლოოდ გადავგვარდით! რატომ გვითმენს ამდენს უფალი?.. დღევანდელი თაობა ბრძოლისთვის გულგრილი და გამოუსადეგარია მხოლოდ საჩვენებლად - ალღუმებისთვის თუ გამოდგებიან.

ღვთისმგმობელებს ტელევიზიით გამოსვლის საშუალებას აძლევენ. ეკლესია კი დუმს. არ განკვეთს ამ უღმერთოებს. არადა საჭიროა. რა, განკვეთა ენანებათ? ნუ დაველოდებით ვინმე სხვას, როგორ ამოიყვანს გველს ხვრელიდან. ჩვენ კი მშვიდად ვიქნებით, უზრუნველად. ცუდია, როცა ისინიც კი, ვისაც რაღაც შინაგანი შერჩენია გაცივდნენ და ამბობენ "ნუთუ მე შევძლებ რაიმე შევცვალო?" ჩვენ მხნედ უნდა აღვიაროთ ჩვენი სარწმუნოება, რადგან, თუკი გავჩუმდებით, მაშინ პასუხისმგებლობა დაგვეკისრება. ამ რთულ დროში, ვისაც რა შეუძლია, ის უნდა გააკეთოს, ხოლო შეუძლებელი ღვთის ნებას მივანდოთ. თუ ასე მოვიქცევით, ჩვენი სინდისი დამშვიდდება, ხოლო, თუ წინააღმდეგობას შევწყვეტთ, საფლავებიდან ჩვენი წინაპრები აღდგებიან, რომლებმაც სამშობლოსთვის ბევრი იტანჯეს, ჩვენ კი რას ვაკეთებთ. თუ ქრისტიანები აღმსარებლები არ გახდებიან და ბოროტებას წინ არ აღუდგებიან, დამანგრევლები მეტად გათავხედდებიან. სამწუხაროდ დღევანდელმა ქრისტიანებმა ბრძოლის უნარი დაკარგეს.

თუკი ეკლესია დუმს და ერიდება სახელმწიფოსთან კონფლიქტს. თუკი მიტროპოლიტებიც დუმან, მონაზვნები არაფერს ამბობენ, მაშინ ვინღა ილაპარაკოს?

უღიმღამო სასულიერო დასი ძილში ამყოფებს მრევლს, როგორიც არის, ისეთს ტოვებს. ჩვენ გვეუბნებიან - "არ თქვა, რომ ომი იქნება, ან მეორედ მოსვლა მოგვიახლოვდა, სიკვდილის ხსოვნა გვქონდესო." სხვები, ცუდად რომ გაუგიათ სიყვარულის არსი, გვარიგებენ - "ერეტიკოსებს ნუ განიკითხავთ, ნუ ამბობთ, რომ ხიბლში არიანო." თუკი მხილებას განვერიდები, რათა გარეგნული კაცი მშვიდად იყოს, მაშინ სიწმინდისადმი გულგრილი ვიქნები. სულ სხვაა სულიერი სიმდაბლე და სხვაა გულგრილობის შედეგად გამოვლენილი სირბილე. ზოგი ამბობს, რადგან ქრისტიანი ვარ, ამიტომ "მშვიდი უნდა ვიყო და მხიარულიო." განა ესაა ქრისტიანობა? ეს გულგრილობა და ერული სიხარულია. ვისაც ეს აქვს, მასში სულიერი კაცი არ გაჩენილა. სულიერი კაცი ერთი მთლიანი ტკივილია. მას ტკივა იმის გამო, რაც გარშემო ხდება. მას ტკივა ადამიანთა გამო, რომლებიც იღუპებიან. ამიტომაც ამ ტკივილის საზღაურად ღვთაებრივი ნუგეში მიეცემა.

წყარო: http://www.agmsarebeli.ge
ბეჭდვა
1კ1