"არაფერი ქვეყანაზედ არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია"
"არაფერი ქვეყანაზედ არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია"
ქრისტიანობაში დროის სულისკვეთების მიხედვით არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არამედ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც დასაწყისიდანვე მოგვეცა და არ უნდა ვეძიოთ შეღავათები.
წმინდა ეპისკოპოსი თეოფანე დაყუდებული

ისტორია იგი დიდებული ტაძარია, საცა უწირავს ერთიან სულსა ერისას და საცა აღუმართავს ერს თავის დიდებულ და დიდ-ბუნებოვან კაცთა უწმინდესნი ხატნი და ზე წარუწერია დიდთა საქმეთა მოთხრობა, ვითა საშვილიშვილო ანდერძი. ერი, რომელსაც ახსოვს ეგ თავისი ერთიანის სულის წირვა, ეგ თავისი დიდბუნებოვანნი კაცნი და დიდთა საქმეთა ამბავი, კეთდება, მხნევდება, ჰგულოანდება და თავმოწონებულია ყველგან, ჭირსა თუ ლხინში. ამ ღირსებათა პატრონი ერი არ დაუვარდება, არ დაუძაბუნდება არავითარს ზედმოსულს უბედურებასა და განსაცდელსა. იგი გულგაუტეხლად იბრძვის, იღვწის გამხნევებული თავის მამა-პაპის მაგალითითა და ანდერძითა, და მარტო გულგაუტეხელი მებრძოლი დაინარჩუნებს ხოლმე ბურთსა და მოედანს ამ წუთისოფელში.

* ჩვენი წინაპარნი ქართველნი იყვნენ ისეთნი, როგორიც უნდოდა იმ დროს: მტრისა და მოყვარის დამხვედრნი. გარშემო ეხვიათ მტრები და ნოეს მტრედსავით ეს მშვენიერი ხალხი თავის მშვენიერი მიწა-წყლითა იყო ქრისტიანობის მხრობელად მაჰმადიანობით მოდებულ მტრებთა შორის. მაშინდელი ქართველისათვის ორი გზა იყო: "ან ქრისტიანობა, ან არადა ვაჟკაცური სიკვდილი იმავე ქრისტიანობისთვის; ან ქართველობა, ან არა ხმლის პირზედ გულის შეთლა. რომ იმათ ქრისტიანობაც და ქართველობაც ჩვენ შეურყვნელად გადმოგვცეს, ამას დღევანდელი დღე გვიმტკიცებს.

* არაფერი ქვეყანაზედ არც იმით დაიწუნება, რომ ძველია, არც იმით მოიწონება, რომ ახალია. ამ სადა ჭეშმარიტებას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა, არც მეტისმეტი გონების გახსნილობა, რომ კაცმა ახალი ტალახი ძველს ვარდს არ ამჯობინოს მარტო იმის გამო, რომ ტალახი ახალია და ვარდი კი ძველი.

* საქმისა თუ აზრის ავკარგიანობის გარჩევა მარტო ძველ-ახლობითა, ღირსების აწონ-დაწონვა მარტო იმით, რომ ეს გუშინდელია და ეს - დღევანდელი, ჭეშმარიტების უარყოფა მარტო იმით, რომ ძველია და ტყუილის ჭეშმარიტებად გაყვანა მარტო იმით, რომ ახალია, რაც გნებავთ ბრძანეთ და სასაცილოზედ მეტია. აგეთი სასწორი, აგეთი არჩევა კარგისა და ავისა, მართლისა და ტყუილისა მარტო იმის მომავლინებელია, რომ კაცს არც კარგი ესმის, არც ავი, არც მართალი უცვნია, არც ტყუილი და ამაოდა ჰფქვავს მინდმოკლებულ წისქვილსავით.

* უკეთესნი და უდიდესნი მომქმედნი ერისა ხომ სხვა არა არიან-რა, თუ არ ერის გულის-ნადების და წყურვილის გამომეტყველნი და განმახორციელებელნი, რომელნიც ამის გამო თითქო შემოქმედობენ, თითქო ჰქმნიან ისტორიასა. ამიტომაც ეს ამისთანა მომქმედნი, ვამბობთ ჩვენ, დაუვიწყარნი უნდა იყვნენ, თუ ერს კიდევ ერობა ჰსურს და დედამიწის ზურგიდამ მტვერსავით ასაგველად არ გადაუდვია თავი. დავიწყება ამისი - საკუთარის ვინაობის დავიწყებაა და თუ კაცს თავისი ვინაობა არ ახსოვს, რიღას მაქნისია? იგი ნადირია, რომელსაც, რაკი დედის ძუძუს მოჰშორდება, აღარ ახსოვს თავისი მშობელი და სიცოცხლის მიმნიჭებელი. გარდა იმისა, რომ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა სამსახურიც მიუძღვით ჩვენ-წინ. ისინი ცხოველი მაგალითებია მისი, თუ რა სიმაღლემდე შეუძლიან ერს ამა თუ იმ გარემოებაში მიაღწიოს. რამდენადაც დიდბუნებოვანია ამისთანა მომქმედი, რამოდენადაც ეს დიდბუნებოვანება ხშირია რომლისამე ერის ისტორიაში, იმისთანად უფრო უტყუარი საწყაო გვაქვს ხელთ ერის სიკეთის, ძალ-ღონის და შემძლებლობის აწყვისათვის. თუ გუშინ იყვნენ ჩემის სისხლისა და ხორცის დიდებულნი და სახელოვანნი კაცნი, რა მიზეზია, რომ ხვალაც არ გამოჩნდნენ, თუ გარემოების იგივეობას ვიგულისხმებთ.

გარდა იმის, რომ ამ უკეთესთა და უდიდესთა მომქმედთა მეოხებით და ღვაწლით ვცხოვრობთ დღესა და ვსულდგმულობთ, ამათ სხვა მნიშვნელობაცა აქვთ ერისათვის. ერი თავის გმირებში ჰპოულობს თავის სულსა და გულსა, თავის მწვრთნელსა, თავის ღონესა და შემძლებლობას, თავის ხატსა და მაგალითს. ამიტომაც იგი ზოგს იმათგანს წმინდანების გვირგვინითა ჰმოსავს და ჰლოცულობს, ზოგს დიდბუნებოვანების შარავანდედითა და თაყვანს სცემს სასოებით და მადლობითა. ამიტომაც საჭიროა იმათი ხსოვნა, იმათი დაუვიწყარობა.

* რამ შეგვაძლებინა? რამ გვიხსნა? ჯვარცმულნი ქრისტესთვის როგორ გადავრჩით? წამებულნი და სისხლის-მთხეველნი მამულისათვის რამღა გვაცოცხლა, რამ გვასულიერა? მან, რომ ვიცოდით - იმ დროს რა უნდოდა, რა იყო მისი ციხე-სიმაგრე, მისი ფარ-ხმალი. ვაჟკაცობა უნდოდა, ვაჟკაცნი ვიყვით, ხმალი უნდოდა, ხმლის ჭედვა ვიცოდით, ომის საქმეთა ცოდნა უნდოდა, ომის საქმენი ვიცოდით. აი, რამ შეგვაძლებინა, რამ გვიხსნა, რამ შეგვინახა! იმ დროთა ჩარხზე გაჩარხულნი ვიყავით, იმ დროთა ქარ-ცეცხლში გამოფოლადებულნი, იმ დროთა სამჭედურში ნაჭედნი. "სილბო გვქონდა ნაქსოვისა" - ვით ქრისტიანებს "და სიმტკიცე ნაჭედისა" - ვით მეომრებსა და მამულიშვილებს. ამით გავიტანეთ თავი, დროთა შესაფერი ღონე ვიცოდით, დროთა შესაფერი ხერხი, დროთა შესაფერი ცოდნა გვქონდა, დროთა შესაფერი მხნეობა და გამრჯელობა. წავიდა ის დრო: დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა. ეხლა ხმალი თაროზე უნდა შევდვათ, აღარაფრის მაქნისია; ეხლა ან ადლი უნდა გვეჭიროს ხელში, ან გუთანი, ან ჩარხი მანქანისა, ან მართულები მანქანისა. ეხლა ვაჟკაცობა ომისა კი არ უნდა, რომ სისხლს ჰღვრიდეს, ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს. კიდევ ვიტყვით, ქვეყანა ეხლა იმისია, ვინც ირჯება და ვინც იცის წესი და ხერხი გარჯისა, ვინც უფრო უფრთხილდება ნაშრომს, ვინც იზოგავს ნაღვაწს. დღეს მძლეთა-მძლეა მარტო ის, ვინც მცველია და ბეჯითი სულითა და ხორცითა, ცოდნითა და მარჯვენითა.
წმინდა ილია მართალი

ბეჭდვა
1კ1