ნუ გეგონება, რომ შენს მასწავლებელზე უკეთესად განსჯი და შენს მოძღვარზე მეტი ხარ
ნუ გეგონება, რომ შენს მასწავლებელზე უკეთესად განსჯი და შენს მოძღვარზე მეტი ხარ
"მორჩილება, საბოლოო ჯამში, ღვთის ნებისადმი მორჩილებაა; ღვთის ნება გადმოცემულია წმინდა წერილში და ყოველმა, ვისაც მისი შეტყობა სურს, უნდა გამოიკვლიოს იგი. ქრისტე ამბობს: "გამოეძიებდეთ წიგნთა" (იოანე 5:39). ეს ყოველი ქრისტიანის მოვალეობაა, ესაა განათლება, ესაა ღვთისმეტყველება და ყოველი ვალდებულია, ღვთის ნების აღსასრულებლად ისწრაფოდეს".
არქიმანდრიტი ზენონი (თეოდორე)

"მოციქული გვამცნობს: "ნუ გახდებით ადამიანთა მონები" (I კორ. 7:23). ის გვიბრძანებს, რომ უფროსებს სულიერად ვემსახუროთ: არა მაამებლურად, არამედ ქრისტეს მონების შესაფერისად. ადამიანების მიმართ გარეგნულად მსახურების ჟამს ღვთის ნება უნდა აღვასრულოთ. "ახლა, - ამბობს ის, - ადამიანებთან ვეძებ კეთილნებობას თუ ღმერთთან? თუ ვცდილობ ადამიანებს ვაამო, ქრისტეს მონა აღარ ვიქნები (გალ. 1:10). ვისაც თავს მისცემთ მონად მორჩილებისთვის - ხორციელი განსჯის ადამიანს თუ ღმერთს; ვისაც დაემორჩილებით, მისი მონები ხართ: ან ცოდვისა და ხორციელი განსჯისა - სასიკვდილოდ ან ღვთისა - საცხოვნებლად".
წმინდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)

"შენ, რომელიც მორჩილებაში ხარ, ნუ დაუჯერებ იმას, რასაც გული გეტყვის და ნუ მიენდობი საკუთარ გულისხმისყოფას, რათა არ დაბრმავდე. დაუკითხავად ნურაფერს გააკეთებ. ნუ გეგონება, რომ შენს მასწავლებელზე უკეთესად განსჯი და შენს მოძღვარზე მეტი ხარ, რათა გამოცდის ჟამს ცდომილებაში არ აღმოჩნდე. ეშმაკს სურს გაცდუნოს ურჩობით, რათა ვერ ჰპოვო სულის ცხონება, რომელიც მხოლოდ მორჩილებით მოიპოვება".

***
"როდესაც მორჩილებ, უშრომლად ადგახარ წმინდა მამათა გზას. ქრისტეს მადლით ისწავლე შენი ნების დატევება და როდესაც ამას დაეჩვევი, შემდეგ უკვე უშრომლად მოგიწევს ამის გაკეთება და გულნაკლულიც აღარ იქნები, რადგან თვითონაც აღარ მოგინდება შენი ნების აღსრულება. ასე მოიპოვებ მშვიდობას. ისწრაფე, არ გადაუხვიო ღვთის მცნებას. ყველაფერში შენი თავი დაადანაშაულე, არარად შერაცხე".

***
"გწამდეს, რომ ყველაფერი, რაც თავს გარდაგვხდება, ღვთის ნებით ხდება და სიხარულით იტვირთე. გინება მიიჩნიე ამპარტავნებისგან განსაკურნებელ წამლად და ილოცე შენს მაგინებლებზე - შენი სულის მკურნალებზე. ესეც იცოდე: ვისაც სძულს გინება, მას სძულს სიმდაბლე; რომელიც გაურბის თავის მაგინებლებს, იგი გაურბის სიმშვიდეს. თუკი მოყვასის ბოროტებას შეიტყობ, ნუ განიკითხავ მას. ყველაფრის გამო მადლობდე უფალს. მოიპოვე სიკეთე და წმინდა სიყვარული. უპირველესად, ყველა საქმეში დავიცვათ ჩვენი სინდისი. და ყველა სიტყვისა თუ საქმის წინ გულისხმავყოთ ღვთის ნება - ჯერ ვილოცოთ და შემდეგ ვთქვათ ან ვიმოქმედოთ. სრულად მივენდოთ ღმერთს და მისი სახიერება ყველაფერში შეგვეწევა.
ამბა დოროთე

"შენი გონება მხოლოდ უფლის მცნებების აღსრულებაზე უნდა ფიქრობდეს, მთელი ძალისხმევა მოახმარე უფლის მცნებების დამარხვას, თანაც ისე, რომ ერთიც კი არ გამოტოვო მათგან. თუკი ასე არ მოიქცევი, შენი სული ყოველგვარი არაწმინდების სამყოფელი შეიქმნება".

***
"თუკი რაიმე საქმე გელოდება, მაგრამ მის კეთებაში ვერ ხედავ ღვთის ნებას, მაშინ არაფრის გულისათვის არ მოჰკიდო ხელი: მხოლოდ ის უნდა აკეთო, რაც ღმერთს სათნოეყოფა".

***
"გიყვარდეს შრომა, ყველას სიმდაბლით დაემორჩილე, ბაგენი შენნი მდუმარედ დაიმარხე, ვითარცა შეიძლო, და ამით ჭეშმარიტ სიმდაბლეს მიემთხვევი; ჭეშმარიტი სიმდაბლე კი საწინდარია იმისა, რომ ყველა ცოდვა მოგეტევება ღმერთის მიერ.
წმინდა ანტონი დიდი

"ღირსი იოანე სინელი ამბობს: "მორჩილება ყველა სათნოების დედაა". მორჩილება ადამიანში ყოველგვარ სათნოებას წარმოშობს. როდესაც იგი ადამიანს ტოვებს, მასში ყოველგვარი ბოროტება შემოდის. თუკი პირველი მამა, ადამი, ურჩობამ სამოთხიდან განიყვანა, მორჩილება ადამიანებს სასუფევლად აღიყვანს".

***
"ღვთის ნებაზე სრული მინდობა არის ღვთისთვის თავის მსხვერპლად შეწირვა, ვითარცა ყოვლადდასაწველი მსხვერპლისა. ეს მდგომარეობა განცხადდება თვითმოკვდინებით - საკუთარი ზრახვების, სურვილების, გრძნობების უარყოფით, რათა იცხოვრო საღვთო მეცნიერებით, ღვთის ნების მორჩილებით და მისი შეტკბობით. ამის მაგალითი მაცხოვარმა მოგვცა. მან სავსებით შესწირა თავი ღმერთსა და მამას და თავის თავში ჩვენ შეგვიწყნარა".
წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი

"რას ნიშნავს "ბედთან შერიგება"? ერთი მნიშვნელობით, ნებით, უდრტვინველად და დაუცველად მიიტანო თავი მსხვერპლად და მეორე - მონატრებული შვილის მსგავსად, სიხარულით მიიჩქაროდე მამასთან, სიკვდილის, როგორც უკანასკნელი დაბრკოლების, გადალახვით".
წმინდა ნიკოლოზი (ველიმიროვიჩი)
ბეჭდვა
1კ1