მივბაძოთ ზეცით მოსულ უფალს, რათა ჩვენც სიმდაბლით აღვმაღლდეთ
მივბაძოთ ზეცით მოსულ უფალს, რათა ჩვენც სიმდაბლით აღვმაღლდეთ
წმინდა ბასილი დიდის გამონათქვამები

მივბაძოთ ზეცით მოსულ უფალს, რათა ჩვენც სიმდაბლით აღვმაღლდეთ. იგი გამოქვაბულში იშვა, პირუტყვთა ბაგაზე იწვა, ხურო იოსების სახლში იზრდებოდ, ნათლისღება მონისაგან მიიღო, შეურაცხმყოფელებს უპასუხოდ ტოვებდა, მღვდელმთავართა წინაშე წარდგა და მსაჯულისაგან სასჯელი მიიღო. ცილისწამებას დუმილით შეხვდა, სახეში აფურთხებდნენ მას, ვის წინაშეც ქერუბიმნი ძრწიან და ითმენდა, და ბოლოს ისეთი სიკვდილით მოკვდა, რომელიც კაცთა შორის ყველაზე უარესად ითვლება. ასე სიმდაბლით განვლო გზა შობიდან ვიდრე აღსასრულამდე. იგი განადიდებს მათ, რომელნიც მასთან ერთად დამდაბლდნენ, პირველ რიგში - მოციქულებს.

შენი ამქვეყნიური ყოფა, იქნება ეს სამოსელი, სვლა, ჯდომა, ჭამადი, სარეცელი თუ სხვა, შენი სიმდაბლის მაჩვენებელი უნდა იყოს. იყავი ტკბილი მოყვასის მიმართ, ძვირუხსენებელი ბოროტისმოქმედთა მიმართ, კაცთმოყვარე, გაჭირვებულთა ნუგეშინისმცემელი, მშვიდი და საყვარელი ყველასთვის. ნუ იქნები ნურც თავის მაქებელი და ნურც მოყვარული სხვისაგან ქებისა, ნუ დაელოდები მხილებას სხვათაგან, არამედ საკუთარი თავი თვითონვე ამხილე, გახსოვდეს, მართალი შემასმენელ არს თავისა თვისისა (იგავ. 18,17).

***
ასე განუგია სულიწმინდას: ჭეშმარიტების სიტყვა მოკლე და ადვილად სათქმელი უნდა იყოს, მაგრამ დიდი ძალის მქონე. სიტყვის სათნოება კი ისაა, რომ მისი ძალა არც სიბნელემ და გაუგებრობამ დაფაროს და არც ამაო საქმეებს ეხებოდეს, როგორც ამას მოსე წინასწარმეტყველი გვასწავლის: "ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე იქმნას სიტყვაი ფარული გულსა შენსა უშჯულოებისაი". ჩვენ ხშირად გონებით უფრო ვცოდავთ, ვიდრე საქმით. დამბადებელმა იცოდა, რომ უმეტესნი ცოდვანი გონებით აღესრულებიან, ამიტომ პირველად გონების განწმენდისაკენ მოგვიწოდა. გონების საქმეთა აღსრულებას ხომ დრო და ჯაფა არ სჭირდება. ხშირად ვინმე ამპარტავანი, გარეგნულად მშვიდი და სათნო, ზის სიწმინდის მნატვრელთა შორის, ის კი გონებით მეყსეულად წავა ცოდვის ადგილას და სხვებისთვის შეუცნობლად, მოწმის გარეშე რაიმე უშვერ სიტყვას იტყვის ან საქმეს ჩაიდენს და ასე იქნება მანამ, სანამ დაფარულთა მეცნიერი და გულის ზრახვათა გამომაჩენელი არ გაამჟღავნებს. ცოდვის საქმეების პრაქტიკულად აღსრულებას წინ შეიძლება მრავალი რამ გადაეღობოს მაშინ, როცა ფიქრით ცოდვის აღსრულება უსწრაფესად ხდება. არადა, გულის მავნებელი ზრახვაც ხომ ცოდვაა: რომელმან დედაკაცს გულისთქმით შეხედა, უკვე იმრუშა.

***
ეკრძალე თავსა შენსა - თავს მოუფრთხილდი და არა გარეგნულ საქმეებს, რადგან ჩვენ ხატად ღვთისად დავიბადეთ. წინასწარმეტყველი ხორციელი ბუნების გაფრთხილებაზე რომ გველაპარაკება, სულსა და მასზე ზრუნვას გულისხმობს. ჩვენ მოვალენი ვართ, მის შესამკობად ვიღვწოდეთ, რათა ბიწი განვიბანოთ და სული ყოველი სათნოებით განვიბრწყინვოთ.

***
ეკრძალე თავსა შენსა - ეს სიტყვები ყოველთვის უნდა გახსოვდეს. რაჟამს რისხვა და გულისწყრომა დაგეუფლება, უკეთუ ამ სიტყვებს გაიხსენებ და თავს მოუფრთხლდები, გულისწყრომას დაიცხრობ და ვითარცა ფიცხელსა და გაუხედნავ კვიცს დაიოკებ, უკეთუ სული შენი ბოროტ გულისთქმათ ბილწი საქმეებისკენ მიჰყავს, თუ თავს მოუფრთხილდები და გაიაზრებ, რომ ამგვარი გულისთქმანი გეჰენიის მარადიულ ცეცხლს შობს, მღელვარე გულისთქმანი სულიერი სიმშვიდით ისე შეგეცვლება, როგორც უწესო და არაწმინდა მხევალთა ამბოხებას დააწყნარებს ხოლმე პატიოსანი და წმინდა დედოფლის მობრძანება.

ღმერთი შენი უხორცო სულის მეშვეობით გულისხმაყავ, ბუნებით ხომ ერთ ადგილას დგომა არც შენს გონებას ახასიათებს, არამედ ერთ ადგილას იგი მხოლოდ ხორცთან შეერთების გამო იმყოფება.

ვითარცა ღმერთი, ხორციელი თვალებისთვის შენი სულიც უხილავია, რადგან არც ფერი აქვს, არც სახე, არამედ ძალითა და საქმეთაგან შეიცნობა. ამიტომ თვალით ნურც ღმერთის ხილვას შეეცდები, იგი შინაგანად ირწმუნე და გონებით იხილე. გიკვირდეს ხელოვნება დამდაბლებისა, რომელიც ძალა სულისა ხორცთან შეაერთა.

***
უკუეთუ რამე კეთილი საქმე გაგიკეთებია, ამით მოყვასზე კი ნუ ქედმაღლობ, არამედ ღმერთს მადლობა შესწირე, რადგან მოყვასს რა არგე იმით, რომ სარწმუნოება აღიარე, ან უფლის სახელისთვის იდევნები, ან მისთვის მარხვასა და შრომას ითმენ? ყოველივე ამით სარგებელი სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის მოგაქვს.

***
უპირველესად საჭიროა, რომ კაცობრივ საქმეთაგან დიდად არც ერთი არ მივიჩნიოთ: არც სიმდიდრე, არც დიდება - იგი წარმავალია, არც სხეულის სილამაზე, რადგან კეთილს საზღვარი ამ წარმავალ საქმეებში როდი ედება; უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ საუკუნო სიკეთისთვის ვართ მოწოდებულნი. არ უნდა გვშურდეს არცა მდიდრისა სიმდიდრისათვის, არცა დიდებულისა - პატივისათვის, არცა ძლიერისა - ხორციელი ძალისათვის, რადგან ყოველი მათგანი მხოლოდ ჭურჭელია სათნოებისა, რომელსაც კეთილად იხმარს. უკუეთუ ვინმე ღვთისაგან ბოძებულ წყალობას ბოროტად იყენებს, იგი საწყალობელია მსგავსად იმისა, ვინც მახვილი მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მიიღო და თავი კი მოიკლა, ხოლო ის, ვინც ამ წყალობის შედეგად ღვთის საქმეებს იუნჯებს, საქებარია და საყვარელი.

***
ვიყოთ მართალნი, რადგან, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს, მართალს არასოდეს გაუჭირდება: "არა ვიხილე მართალი დაგდებული, არცა თესლი მისი მთხოვნელ პურისა" (ფსალ. 36,25). რა თქმა უნდა, იგი ხილულ პურს არ გულისხმობს, რადგან კარგად იცის, რომ მართალი იაკობის ძენი ეგვიპტეში წავიდნენ სათხოვნელად პურისა. არამედ მხედველობაში აქვს სულიერი საზრდო, რომლის წყალობითაც ჩვენი შინაგანი სამყარო სრულყოფის კიბეზე თანდათან მაღლდება.

დაე, ჩვენი ცხოვრების წესით თავიდან ავიცილოთ ის შიმშილი, რომელიც წყლისა და პურის მოკლებაზე უარესია, შიმშილი - უფლის სიტყვის მოსმენისა (გამოს. 8,11).
ბეჭდვა