იმისათვის, რომ დღესასწაული განვიცადოთ, გონება ამ წმინდა დღეებზე ფიქრით უნდა დავტვირთოთ
იმისათვის, რომ დღესასწაული განვიცადოთ, გონება ამ წმინდა დღეებზე ფიქრით უნდა დავტვირთოთ
წმინდა მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს:
თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით, რომლითაც ქრისტეს დღესასწაულებზე დიდ სულიერ სიმაღლეზე ავყავართ და სულს აღმოგვივსებს, იგი ცხოვრებას გვიბრუნებს ჩვენ. საკმარისია მხოლოდ ის, რომ თვით ჩვენ მივიღოთ მონაწილეობა ამ დღესასწაულებში და მათი სულიერი გემო გავიგოთ, რათა ისინი სულიერ დღესასწაულებად იქცნენ. მაშინ ჩვენ სულიერად ვზეიმობთ და სულიერად ვთვრებით წმიდათა მიერ მორთმეული სამოთხის ღვინით.

- წმიდაო მამაო, როგორც შეუძლია ადამიანს დღესასწაულის სულიერად შეგრძნობა?
- იმისათვის, რომ დღესასწაული განვიცადოთ, გონება ამ წმინდა დღეებზე ფიქრით უნდა დავტვირთოთ, უნდა გავაანალიზოთ ამ წმიდა დღეებში აღსრულებული მოვლენები, იქნება ეს ქრისტეშობა, ღვთისგანცხადება, აღდგომა თუ რომელიმე სხვა ნებისმიერი დღესასწაული და ვიკითხოთ იესოს ლოცვა და ღვთის სადიდებლები. ამგვარად ჩვენ ყოველ დღესასწაულს დიდი ღვთისმოსაობით ვიზეიმებთ. ერის ადამიანები ესწრაფიან, რომ ქრისტეშობის არსს ღორის მწვადებით ჩასწვდნენ, აღდგომისას - ბატკნის, ხოლო ყველიერისას - კანფეტების მეშვეობით. მაშინ, როცა ჭეშმარიტი ბერები ყოველდღიურად განიცდიან საღმრთო მოვლენებს და გამუდმებით ხარობენ, ყოველ კვირაში ისე ცხოვრობენ, როგორც - ვნების შვიდეულში. ყოველ ოთხშაბათს, ხუთშაბათსა და პარასკევს ისინი სწორედ დიდ ოთხშაბათს, დიდ ხუთშაბათსა და დიდ პარასკევს განიცდიან, ანუ - ქრისტეს ვნებებს. ყოველ კვირას ისინი აღდგომის დღესასწაულს - ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას ხვდებიან. რა, განა აუცილებელია ვნების შვიდეულს ველოდეთ იმისათვის, რომ ქრისტეს ვნებები გავიხსენოთ?! თუ ერის ადამიანებისათვის აუცილებელია, რომ სააღდგომო ბატკანს ელოდნენ იმისათვის, რომ მიხვდნენ რას ნიშნავს: "ქრისტე აღსდგა?!" რა თქვა ქრისტემ?! "იყვენით განმზადებულ!" და არა - "მოდი ახლა მომზადება დაიწყეთ". იმ წუთიდანვე, როდესაც ქრისტემ ბრძანა: "-იყვენით განმზადებულ", ყოველი ადამიანი და განსაკუთრებით - ბერი გამუდმებით მზად უნდა იყოს. ის გამუდმებით უნდა იკვლევდეს და განიცდიდეს საღმრთო მოვლენებს.

ყოველი დღესასწაულის მოვლენათა გამოძიებისას ადამიანი ბუნებრივად განიცდის მას და ღვთისმოსაობით ლოცულობს. ამასთანავე ჩვენი გონება გამუდმებით ამ სადღესასწაულო მოვლენათა შორის უნდა იმყოფებოდეს და ღვთისმოსაობით მივდევდეთ ტროპარების შინაარსს. როცა ადამიანის გონება საღმრთო აზრებითაა დატვირთული, ადამიანი განიცდის წმიდა მოვლენებს და ამგვარად იცვლება იგი. თუ ასეთ მდგომარეობაში მყოფნი ჩვენ რომელიმე წმიდანზე ვფიქრობთ, ვთქვათ იმაზე, რომელსაც განსაკუთრებულ პატივს ვცემთ, ან იმაზე, ვისი ხსენებაც აღესრულება, ჩვენი გონება ცოტა უფრო შორს მიდის - ის მიდის ცაში.

როდესაც წმიდანებზე ვფიქრობთ, წმიდანებიც ფიქრობენ ჩვენზე და გვეხმარებიან. ამგვარად უმეგობრდება ადამიანი წმიდანებს, ამგვარი მეგობრობა კი ყოველგვარ მეგობრობაზე საიმედოა. ამგვარად, იმ ადამიანს, ვინც მარტო ცხოვრობს იმავდროულად შეუძლია, ცხოვრობდეს ანგელოზებთან, წმიდანებთან და მთელ სამყაროსთან. იყო მარტო და გრძნობადად განიცდიდე ამ მეგობრულ კავშირს!.. წმიდათა ცოცხალ თანამყოფობას. ყველა წმიდანი ღვთის შვილია, ჩვენ კი საბრალო ღვთის შვილები ვართ და ისინი გვეხმარებიან.იმისათვის, რომ შემწეობა მივიღოთ, ყოველთვის ღვთისმოსაობით უნდა ვდღესასწაულობდეთ წმიდათა ხსენებას, რომელთაც ქრისტესთვის მრავალი სისხლი, ოფლი ან ცრემლი დაღვარეს. როდესაც გვესმის სვინაქსარი: "დღესა ამას შინა იხსენება წმიდა..." - ჩვენ ამ დროს ისე უნდა ვიდგეთ, როგორც ჯარისკაცები დგანან ბრძანებაზე - "სმენა"!.. როდესაც მათი გმირულად დაღუპულ მეგობართა სახელების ჩამოთვლას იწყებენ: "ესა და ეს ჯარისკაცი ამა და ამ თვეს გმირულად დაიღუპა ამა და ამ ბრძოლაში".

იმისათვის, რომ გრძნობადად განვიცადოთ სადღესასწაულო მოვლენები, დღესასაწულებზე არ უნდა ვიმუშაოთ. მაგალითად, თუ ადამიანს სურს, რაღაც იგრძნოს და განიცადოს დიდ პარასკევს, ამ დღეს იგი ლოცვის გარდა სხვა არაფრით უნდა იყოს დაკავებული. ერში - საბრალო ერის ადამიანები ვნების შვიდეულში ერული საქმეებით არიან გართულნი, ხოლო დიდ პარასკევს ერთმანეთს აღდგომას ულოცავენ: "იბედნიერე!" "იდღეგრძელე!" ასე არ შეიძლება! მე დიდ პარასკევს ჩემს სენაკში ვიკეტები ხოლმე. ანგელოზებრივი სახის შემოსვის შემდეგ ახლადაღკვეცილი ბერი - დიდსქემოსანი ერთი კვირის განმავლობაში დაყუდებაში უნდა იმყოფებოდეს. ეს დაყუდების დღეები მეტად ეხმარება მას შემდგომში, იმიტომ, რომ ღვთის მადლი ავსებს მის სულს და ბერი ხვდება, თუ რა აღსრულდა მასზედ. ასეთივე დიდი სარგებელი მოაქვს დაყუდებას დღესასწაულებზე. სადღესასწაულო დღეებში ჩვენ გვეძლევა ხელსაყრელი შემთხვევა, რომ ცოტა დავისვენოთ, წავიკითხოთ და ვილოცოთ. ამ დროს აუცილებლად გვეწვევა რაიმე კეთილი აზრი, ჩვენ ჩავუღრმავდებით საკუთარ თავს, გარკვეულ დროს იესოს ლოცვას მივუძღვნით და ყოველივე ამის საშუალებით დღესასწაულის საღმრთო მოვლენებს ჩავწვდებით.


ბეჭდვა
1კ1