სიტყვასაც ნუ იტყვი, როდესაც ვინმეს მიმართ წყალობას გამოიჩენ
სიტყვასაც ნუ იტყვი, როდესაც ვინმეს მიმართ წყალობას გამოიჩენ
ადამიანი, რომელსაც შეუძლია, დაეხმაროს ვინმეს და სიკეთე გააკეთოს, მაგრამ ასე არ იქცევა, საბრალო და უღირსი ქმნილებაა.

***
როგორ უნდა სთხოვო უფალს: "მომეცი, უფალოო", - როცა თვითონ არ აძლევ ღატაკებს, თუმცა შეგიძლია?
წმინდა ტიხონ ზადონელი

მოწყალების გარეშე ცათა სასუფევლის კართან მისვლაც კი შეუძლებელია.

***
მდიდრები ღატაკებს საარსებო წყაროს აძლევენ, ღარიბები კი მათ - ცხონების საშუალებას.

***
როგორ გაიწვდი ხელებს სასოებით შემოქმედისკენ, როდესაც შენსავე მსგავსს, რომელსაც შენკენ აქვს ხელი გამოწვდილი, ზურგს აქცევ?

***
მოწყალების გაღებისას გაღატაკების ნუ გეშინია. ვინც ღმერთსა და ღატაკებს ემსახურება, იგი ღარიბი არასოდეს იქნება. "მოწყალე ხელი არ გაღატაკდება".

***
მოწყალების გარეშე ლოცვაც უნაყოფოა.

***
თუ პურს მწუხარე გულით აძლევ, პურსაც დაკარგავ და ჯილდოსაც.
წმინდა იოანე ოქროპირი

თუ გლახაკს არაფრად ჩააგდებ, უარგყოფს ის, ვინც მისი გულისთვის დაგლახაკდა; თუ არ გაუღებ მას, ვინც გიკაკუნებს, არც შენთვის გაიღება სასუფევლის კარი; არ შეისმინე მწუხარის კვნესა?! - არც უფალი შეისმენს შენი ლოცვის სულთქმას.
"სულიერი მარგალიტი"

მიდით და დაიმკვიდრეთ ცათა სასუფეველი, - ეუბნება უფალი მოწყალეთ, - არა იმიტომ, რომ არ შეგიცოდავთ, არამედ იმის გამო, რომ მოწყალებით განიწმინდეთ ცოდვებისგან.

***
მოწყალების გულუხვი გაცემა კი არ აკოტრებს მდიდრებს, არამედ ის, რომ ღარიბებისთვის მცირედიც ენანებათ, საკუთარი ვნებებისთვის კი - არაფერი.

***
მიწაზე ქველმოქმედნო, ადიდეთ ზეციური ქველმოქმედი, რომელიც მოწყალების მადლს გიბოძებთ.

***
კარგია, თუ ქვის გული არ გაქვს, მაგრამ ცუდია, თუ შენი მშრალი და დაკრუნჩხული ხელი გლახაკისკენ არ არის გაწვდილი.

***
ის კი არ არის ჭეშმარიტად გულმოწყალე, ვინც ჭარბს გასცემს, არამედ ის, ვინც საჭიროსაც მოიკლებს ღატაკებისთვის.
ნეტარი ავგუსტინე

გავიღოთ მოწყალება, რათა ღვთისგან უკან მივიღოთ იგი.
წმინდა ბასილი დიდი

ნეტარია, ვინც იმისთვისაც მარხულობს, რომ ღარიბებს აჭამოს.

***
თუ შენ არ შეგიძლია, ძმას დაეხმარო, უფალს სთხოვე მისი შეწევნა.

***
როცა გაჭირვებულს რაიმეს აძლევ, სახეზე სიხარული უნდა გეწეროს, მისი მწუხარება კი კეთილი სიტყვით ანუგეშე.

***
ღატაკსა და გაჭირვებულს ღმერთი მისცემს, რადგან ის არავის ტოვებს უნუგეშოდ, მაგრამ შენ უპოვარის გაძევებით უარი თქვი ღვთის მიერ ბოძებულ პატივზე, ამით კი ღვთის მადლს განეშორე.
წმინდა ისააკ ასური

თუ ვინმეს მოწყალებას მისცემ ღვთის სახელით, ნუღარ დააყვედრი. ვინც აყვედრის, ის ცალი ხელით აძლევს, მეორით კი თითქოს ართმევს მიცემულს.
ლუკა 6:30

მოწყალების გაღებისას მოიშორე პატივმოყვარეობა და ამპარტავნება. შენ ღატაკებს ეხმარები. ეს, უდავოდ, ბრწყინვალე გამოვლინებაა მოყვასის სიყვარულისა. რა უნდა აქ პატივმოყვარეობას? შენ ღარიბებს ეხმარები, მაგრამ მათ შენსას როდი აძლევ, არამედ - ღვთისას, რამეთუ არა მხოლოდ ის, რაც შენს საკუთრებად მიგაჩნია, არამედ თვით შენც სულითა და ხორცით ღვთის ქმნილება ხარ. რა გაქვს საამპარტავნო?

***
სიტყვასაც ნუ იტყვი, როდესაც ვინმეს მიმართ წყალობას გამოიჩენ, მაგრამ ჩუმად ნუ იქნები, როდესაც სხვები გიკეთებენ სიკეთეს.

***
როდესაც მოწყალების გამღებისათვის ილოცებთ, იმავდროულად საკუთარი სულისთვისაც იღვაწებთ.
ბეჭდვა
1კ1