უმწიფარ მოზარდს ხშირად რცხვენია იმისა, რომ არ ჰგავს თავის თანატოლებს
უმწიფარ მოზარდს ხშირად რცხვენია იმისა, რომ არ ჰგავს თავის თანატოლებს
ნეტარი ავგუსტინე წამხედურობაზე
ხშირად მოზარდი, სიანცითა და დაუდგრომლობით, ბაძავს უჯერო საქციელის ჩამდენ "გმირებს" და ეს ჩვეულებრივ ამბად მიაჩნია. ასეთ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს უმეტესწილად წამხედურობა, თანატოლთა გარემოში დამკვიდრებული სტერეოტიპები თამაშობს. თუკი მოზარდი უკეთური ზნეობრივი ღირებულებების მქონე თანატოლთა გარემოში მოხვდა, ასეთი ურთიერთობები არასასურველ ნაყოფს გამოიღებს. ისო ზირაქის ძე ამბობს: "რომელი შეეხოს ფისსა, გაშავდეს და რომელი ეზიაროს ამპარტავანს, მიემსგავსოს მას" (13,1).

ცნობილია, რომ ცუდი ჩვევებისა და აღზრდის მქონე ბავშვები ყოველმხრივ ცდილობენ, თავიანთი ბოროტი ზნე ამხანაგებსაც გადასდონ. ამას სირცხვილის თავიდან ასაცილებლად აკეთებენ, რადგან როცა ირგვლივ ყველა მანკიერია, სასირცხვილოც თითქოს არაფერი აქვთ. ეს გზასაცდენილი მოზარდები სასაცილოდ იგდებენ ყოველივე ამაღლებულსა და წმინდას, ხოლო საკუთარ უზნეობას ამკობენ და საამაყოდ წარმოაჩენენ, თავიანთ სამარცხვინო საქციელს თანატოლებს თავმოსაწონ და მისაბაძ საქმედ უსახავენ. ასე იღვრება დამღუპველი შხამი ბავშვების ჯერ კიდევ განუმტკიცებელ გულებში. ამასთან დაკავშირებით ნეტარი ავგუსტინე წერს: "მე სწრაფად მივექანებოდი თავქვე, სულიერად ვეცემოდი იმდენად თვალდავსილი და დაბრმავებული, რომ მრცხვენოდა ჩემი ტოლებისა, რომლებთან შედარებისას მამა აბრამის ბატკანი მეგონა თავი. რაც უფრო ურცხვნი და აღვირახსნილნი იყვნენ ისინი, მით მეტად მოჰქონდათ თავი თავიანთი გარყვნილებით. მეც მინდოდა, მათსავით გარყვნილი ვყოფილიყავი, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ გარყვნილება მომწონდა, არამედ პატივმოყვარეობის გამო. განა ბიწიერება გმობისა და გაკიცვის ღირსი არ არის? მე კი, სწორედ გაკიცხვის შიშით, სულ უფრო და უფრო ღრმად ვეფლობოდი ბიწიერების მწვირეში და თუ სინამდვილეში სათაკილო არა ჩამედინა რა, თვითონვე ვიგონებდი საძრახის საქციელს, ოღონდაც ჩემი უბიწოების გამო არ შევზიზღებოდი მათ და მასხრად არ აეგდოთ ჩემი უმანკოება". რა იყო ასეთი დაცემის მიზეზი? - ამაზე თვითონ ნეტარი ავგუსტინე მოგვიგებს: "ო, მტრულო მეგობრობავ, სულის გონებამიუწვდომელო ცდუნებავ, წყეულო სურვილო, რომელიც ცდილობს, რაიმე ავნოს სხვას, მხოლოდ და მხოლოდ თავშესაქცევად და სალაზღანდაროდ".

ნეტარი ავგუსტინე ცდილობს, "უკუღმართობის მზაკვრულად ჩაწნულ-ჩახვეული და ჩაგრეხილი ხლართის" გახსნას. მისი აზრით, ბავშვები ქურდობას რამდენიმე მოტივით სჩადიან: წამხედურობით, აკრძალული ხილისთვის გემოს გასინჯვის სურვილით და ცოდვის ხიბლით. "აღსარებანში" იგი იხსენებს, რომ ბავშვობაში იქურდა (მსხალი მოიპარა): "ჩვენი ვენახის მახლობლად ნაყოფით დახუნძლული მსხლის ხე იდგა. ვერ ვიტყვი, თითქოს ნაყოფს თვალს ვერ მოსწყვეტდი, ან ისეთი გემრიელი ყოფილიყოს, ჭამით ვერ გამძღარიყავი. და მაინც, ონავარი ქურდები შუაღამისას მივეპარეთ მსხალს, რომ დაგვერხია და ნადავლი დაგვესაკუთრებინა. ქუჩის ბიჭების უკეთური ჩვეულებისამებრ, ჩვენი თავშექცევა და დროსტარება შუაღამემდე გაგრძელდა. დაზურგულები წამოვედით, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ პირი ჩაგვეტკბარუნებინა; მზად ვიყავით, თუნდაც ღორები დაგვეძღო მსხლით. მართალია, თითო-ოროლა კი ჩავკბიჩეთ, მაგრამ ჩვენი ერთადერთი სიამოვნება სულ სხვა რამ გახლდათ: ჩაგვედინა ის, რაც აკრძალული იყო... ჩემი თავაშვებულობის ერთადერთი მიზეზი ჩემივე თავაშვებულობა იყო. ბილწი იყო ეს თავაშვებულობა, და მეც მხოლოდ სიბილწის გამო მიყვარდა იგი; მიყვარდა ჩემი წარწყმედა, ჩემი დაცემა; არა, ის კი არა, რაც მაიძულებდა დავცემულიყავი, არამედ საკუთრივ დაცემა! და ჩემი უკეთური სული, რომელსაც მოშლოდა და გამოსცლოდა საყრდენი, ბიწიერების გზით კი არ მიელტვოდა სიბილწეს, არამედ თვით ბიწიერებას!"

ნეტარი ავგუსტინე წერს, რომ ნაქურდალით კი არ აპირებდა ტკბობას, არამედ თვით ქურდობა და ცოდვა მოსწონდა. სურდა, "უკუღმართობის სიტკბოებით ეჯერა გული". "ასე ირყვნება შენგან განდგომილი სული, - მიმართავს იგი უფალს, - და უშენოდ მაძიებელი იმისა, რასაც მხოლოდ მას შემდეგ თუ იპოვი წმინდა და შეუბღალავი სახით, რაც უკანვე დაგიბრუნდება. ყველა, ვინც განგშორებია ან შენს წინააღმდეგ აღძრულა, თითქოს უკუღმა გემსგავსება და უკუღმართად გბაძავს. მაგრამ თვით ამნაირი მსგავსებაც კი იმას მოწმობს, რომ შენ ხარ მთელი სამყაროს შემოქმედი, და ამიტომაც ვერავინ ვერსად წაგივა". სწორედ "უკუღმართად ბაძვის" შედეგი იყო უსამართლობის ჩადენა და აკრძალული ხილის გემოთი სიამოვნების მიღება. "მაგრამ რა გემო უნდა ჰქონოდა უსამართლობას და უკუღმართობას?" - კითხულობს იგი. და თავადვე პასუხობს: "თავისთავად ეს ქურდობაც აღარ იყო. და ეს არარაობა კიდევ უფრო მამდაბლებს და მაუბადრუკებს. მაგრამ რამდენადაც ჩემი მაშინდელი სულიერი მდგომარეობა მახსოვს, მარტო მე არასდიდებით არ ჩავიდენდი მას. მაშასადამე, მათი თანამზრახველობაც მიყვარდა, ვისთან ერთადაც ვიქურდე. დიახ, გარდა საკუთრივ ქურდობისა, ეტყობა სხვა რაღაცაც მიყვარდა, მაგრამ ეს სხვა რაღაცაც, თავის მხრივ, არარა იყო". ეს "არარა" - სწორედ წამხედურობაა: "მარტოოდენ ნაქურდალი რომ მნდომებოდა, ან იმის სურვილი მქონოდა, მსხლით ჩამეტკბარუნებინა პირი, ანდა ისიც საკმარისი ყოფილიყო, რომ შემეძლო, დაუსჯელად, მხოლოდ და მხოლოდ ჩემი სიამოვნებისთვის მექურდა, მარტოდმარტოც ხომ შევძლებდი ამას? რაღა საჭირო იქნებოდა, ამფსონებს დავკავშირებოდი, რომ უფრო გამემძაფრებინა ჩემი უკეთური სურვილი? მაგრამ რაკი ნაქურდალ ხილს არავითარი სიამოვნება არ მოუნიჭებია, მაშასადამე, ჩემთვის ეს სიამოვნება საკუთრივ ქურდობა იყო, თანამზრახველებთან ერთად ჩადენილი".

მართლაც, ვინ რას გაუგებს დანაშაულს. ეს იყო წამხედურობით გამოწვეული ბავშვური სიცელქე, დანაშაული, რომელსაც თან სდევდა გულიანი სიცილი: "ვიცინოდით, რადგანაც ვტყუოდით და, იმავდროულად, კიდევაც ვაბაიბრუებდით იმ ხალხს, ვისაც ალბათ აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ ჩვენ შეგვეძლო ქურდობა". მარტო რომ ვყოფილიყავი, - ამბობს ნეტარი ავგუსტინე, - ქურდობაში ვერაფერს ვნახავდი მოსაწონს და არც ვიქურდებდიო. ე.ი. ქურდობის მოტივი ამ შემთხვევაში ისევ და ისევ წამხედურობაა. ცოდვის სიტკბოების შეგრძნების დაუოკებელი სურვილით გაერთიანებულ თანატოლთა გარემოს ნეტარი ავგუსტინე "მტრულ მეგობრობას" უწოდებს: "ო, მტრულო მეგობრობავ, სულის გონებამიუწვდომელო ცდუნებავ, წყეულო სურვილო, რომელიც იმას მიელტვი, რომ რაიმე ავნო სხვას, მხოლოდ და მხოლოდ თავშესაქცევად და სალაზღანდაროდ; დიახ, რაიმე ავნო სხვას, ყოველგვარი პირადი გამორჩენისა და შურისძიების გრძნობის გარეშე! მაგრამ საკმარისია ვინმემ წამოაყრანტალოს - წამო, გავაიმასქნათო, რომ უკვე გრცხვენია, თუ სხვასავით ურცხვი არ ხარ".

უმწიფარ მოზარდს ხშირად რცხვენია იმისა, რომ არ ჰგავს თავის თანატოლებს, რადგანაც იგი ცდილობს მათ გარემოში დამკვიდრებას. ჩვენ კი უნდა ვბაძავდეთ იმას, ვინც მართლა მიბაძვის ღირსია. სულხან-საბა წერს: "კეთილ არს ბაძვა კეთილისათვის მარადის". ვთხოვოთ უფალს, რომ გაგვინათოს გონება და დაგვანახოს, თუ როგორ განვასხვაოთ კეთილი ბოროტისაგან.
ბეჭდვა
1კ1