ღვთისგან ბოძებული ტალანტის დაუნახაობა, დაუფასებლობა, უმადურობა და ბოროტის სამსახურში ჩაყენება დიდი ცოდვა და დანაშაულია
ღვთისგან ბოძებული ტალანტის დაუნახაობა, დაუფასებლობა, უმადურობა და ბოროტის სამსახურში ჩაყენება დიდი ცოდვა და დანაშაულია
ყოველი კაცი ინდივიდუალურია. სხვადასხვა ნიჭითა და უნარითაა დაჯილდოებული. ეს სახარებიდანვეა ცნობილი. ზოგს ერთი ტალანტი ეძლევა, ზოგს ხუთი, ზოგსაც ათი. ყოველ ადამიანს უფალი მიმადლებს იმ ტალანტს, რომლითაც უნდა ცხონდეს.

შესაშური არაფერია - ვისაც მეტი ეძლევა, მეტიც მოეკითხება. მთავარია ყველა ჩვენი ტალანტით მოვიპოვოთ სულის ცხონება.

ამქვეყნად არიან მადლიერი და უმადური ადამიანები. მადლიერნი ღვთისგან ბოძებულ ტალანტს ღვთისავე სამსახურში აყენებენ, უმადურნი კი ბოროტისა.

ფიზიკური ძალაც და გარეგნული სილამაზეც ერთგვარი ტალანტია. ზოგი ამ ძალით სუსტების მჩაგვრელია, ზოგი კი გაჭირვებულთა ქომაგი. გარეგნული სილამაზით და წესიერი ცხოვრებითაც როცა ადამიანი სამაგალითოა - ღვთის მადიდებელია. როცა გარეგნული სილამაზით მრავალთა მაცდუნებელი და ცოდვებში ჩამთრევია, მაშინ ის სილამაზის ტალანტით ეშმაკის სამსახურშია.

საერთოდ, ყოველი მწერალი, პოეტი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, მომღერალი, ხელოვნების სხვადასხვა დარგის მფლობელი და ნებისმიერი ადამიანი ღვთისგან მოცემულ გამორჩეულ რაიმე ტალანტს ნაწილი ღვთის სამსახურშივე აყენებს, ნაწილი კი ბოროტის სამსახურში.

უნდა ვიცოდეთ, რომ ღვთისგან ბოძებული ტალანტის დაუნახაობა, დაუფასებლობა, უმადურობა და ბოროტის სამსახურში ჩაყენება დიდი ცოდვა და დანაშაულია, რაც, შეუნანებლობის შემთხვევაში, მძიმედ მოეკითხება ყოველს.
მამა გაბრიელი (ურგებაძე)

ვინც რაიმე სულიერ ნიჭს ფლობს და თანაუგრძნობს მათ, ვისაც ის არ აქვს, თანაგრძნობით ამ ნიჭს ინარჩუნებს; გაყოყოჩებული კი, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენით დამარცხებული, კარგავს მას.

* ადამიანს, რომელსაც ღმერთმა არსებობა მიანიჭა იმისთვის, რომ საღმრთო სიკეთეებით დამტკბარიყო, თავის ბუნებაში უსათუოდ უნდა ჰქონოდა სწორედ იმის მონათესავე რამ, რისიც თანაზიარია. ამიტომაც არის იგი შემკული სიცოცხლითაც, სიტყვითაც, სიბრძნითაც და ყველა სხვა ღმრთივმშვენიერი სიკეთითაც, რათა თითოეული ამ საღმრთო ნიჭის მიზეზით მუდმივი მისწრაფება ჰქონოდა ამ მონათესავისადმი, ანუ ღმრთისადმი... ეს არის ის, რაც მრავლისმომცველმა შექმნათა წიგნმა გამოხატა ერთი გამოთქმით, კერძოდ კი იმით, რომ ადამიანი ღმერთის ხატად და მსგავსად შეიქმნა.
წმინდა გრიგოლ ნოსელი

ჩვენთვის ღმერთს არა დაუშავებია რა, არა დაუზოგია რა, არა დაუკლია რა; თუ ქვეყანაზე ერთი-ორი კუთხეა იმისთანა, რომ კაცს ეთქმოდეს - ქრისტე-ღმერთმა თავისი კალთა უხვებისა აქ დაიბერტყაო, იმათში უკანასკნელი არ არის. რაც ღვთის შემძლეობით არის და არა კაცისათი, ის ყველაფერი უკვე მოგვმადლა ღმერთმა. ხელთ გვიჭირავს ეს მშვენიერი ქვეყანა, რომლის მნახავთ შეუძლიათ სამართლიანად სთქვან: "სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა".

* ღმერთს შენთვის გონება, გული მოუცია, ავარჯიშე, მანამ სიცოცხლე შეგწევს. გონება გზას გაგინათებს, გული - გაგითბობს. ღმერთი ძლიერია... ყველას გულში, - ბატონია თუ ყმა, მე ვარ თუ შენ, - ღვთისგან ანთებული ცეცხლი ანთია; ის ცეცხლი არ უნდა გავაქროთ, თუკი რომ გვინდა პირნათლად შევეყაროთ ჩვენს გამჩენს. ის ცეცხლი მეც, შენც და სხვასაც ხანდისხან იმისთანა საქმეს გვაქმნევინებს, რომ ქვეყანას აკვირვებს... რა ვუყოთ, რომ მე და შენ დღეს პატარები ვართ? ვინ იცის... ხვალ ბედი რომ გადატრიალდება, ვინ წინ მოექცევა და ვინ - უკან?.. რაც შეგვეძლოს, ჩვენ ის ვქმნათ, ღმერთიც ჩვენგან იმასა თხოულობს და კაციცა.

* ყველაფერი საღმრთოა, რაც კაცის გულს გაუთბია, თითონ დამწვარა, ზღაპრისა არ იყოს, სანთელსავით და სხვისთვის კი გაუნათებია. კაცი ის არის, რომელიც თავის გონების ნამუშევარს, გულის სიკეთეს ხიდად გასდებს, რომ, თუ არა თითონ, სხვამ მაინც მშვიდობით გაიაროს. იმ ხიდს ზედ ამჩნევია ყოველთვის ღვთის მადლი, მაშინ ყველაფერი საღმრთოა.

* ღმერთმა ყველას გონება და გული, სიკეთის შეძლება დაგვირიგა, ზოგს, მართალია, ცოტა, ზოგს ბევრი, მაგრამ ბევრს ბევრი მოეკითხება, ცოტას - ცოტა. იმისათვის კი არ დაგვირიგა, რომ იმ ზარმაც მონასავით კიდობანში ან მიწაში დავმალოთ, - იმისათვის, რომ ბევრი გაჭირვებულია ქვეყანაზედ, უნდა გავცეთ, რომ მოვიგოთ რაიმე, თორემ ხელცარიელები დავრჩებით, როცა ღმერთი მოგვკითხავს. ამიტომაც არიან ეგრე გულმართალნი ეს სიტყვები: "რასაცა გასცემ - შენია, რასც არა - დაკარგულია". ის ღვთის მადლი, რომელიც ყოველ კაცს თავდაპირველვე ჩაგვსახებია, ჩვენთვის დაკარგულია, თუ სიკეთე არ მოვაგებინეთ.

* არიან ქვეყანაზედ იმისთანა რჩეულნი, იმისთანა "ზეგარდმო მადლით ცხებულნი", რომელთაც მინიჭებული აქვთ ერთი სასწაულმოქმედი ძლიერება. იგი სასწაულმოქმედი ძლიერება თითონ სიტყვასაც საქმედ ჰქმნის.

* ერი თუ საზოგადოება მარტო იმას უნდა ეძახოდეს "ჩვენგანს", ვისაც რაიმე ღვაწლი მიუძღვის სიტყვით თუ საქმით და თუ ეს ღვაწლი გაბრწყინვალებულია, შუქშესხმულია მადლითა. აქ სულ ერთია, თქმაა ეს ღვაწლი თუ ქმნაა, იმიტომ რომ ზოგჯერ თქმა ქმნა არის. დიახ, მქმნელია იგი მთქმელიცა, რომელსაც განწმენდილი აქვს "თვალნი ზე ზეცისა და ქვე ქვეყნისა საიდუმლო სამხედველად, ყურნი - ზესკნელისა და ქვესკნელისა უცნაურთა ხმათა მსმენელად, ხელნი - ცისა და ქვეყნის მაჯისცემის შემტყობად და ენა - ყოველ ამის აღმომთქმელად და მთარგმნელად".

რა თქმა უნდა, რომ ერთნაირის უხვებით არ არის ყველა ამ მადლით მიმადლებული. ამაშიც არის დიდ-პატარაობა, მაგრამ დიდი თუ პატარა, რაკი ცოტად თუ ბევრად ამ მადლის მქონია, იგი რჩეულია მრავალთა შორის და ეს რჩეულობა არის სამართლიანი მიზეზი და საბუთი, რომლის ძალითაც ერს შეუძლიან თავმომწონებით სთქვას: ეს კაცი ჩვენგანიაო.

* ყოველს ადგილას, ყოველს საქმეში - რაც უნდა ჩუმი იყოს, რაც უნდა მცირე - ადამიანს შეუძლიან აღმოაჩინოს სიდიადე ღვაწლისა. ტყუილად კი არ არის ნათქვამი ერთის მეცნიერისაგან: "ვინც ორი მარცვალი მოიყვანა იქ, სადაც მანამდე მარტო ერთი მარცვალი მოდიოდა, იგი ერთს უდიდესს სამსახურს უწევს კაცობრიობასაო".

ამ წუთისოფელში ადამიანს ბევრი და მრავალი სახის საქმე აქვს საკეთებელი, როგორც კერძოდ თავის თავისათვის, ისეც ზოგადად ყველასათვის. სათითაოდ ყველას ერთნაირი დანიშნულება არა აქვს, სათითაოდ ყველას რამე დანიშნულება კი უსათუოდ აქვს. მაღალ ზნეობის თვალის წინაშე სიდიდე ადამიანისა დანიშნულების სიდიდეზედ არ არის დამოკიდებული. მრავალგვარია ნიჭიერება, ღონე და მიდრეკილება ადამიანისა. სიდიდე და ღირსება ის არის, ვინ როგორ აურჩია საქმე თავის ნიჭსა, ღონესა, მიდრეკილებასა და ვინ როგორ უძღვება. თითონ საქმის მეტ-ნაკლებობა აქ არაფერ შუაშია, დიდი და პატარა სულ ერთია, ოღონდ კაცმა იმას მიჰმართოს, იმას ჩასჭიდოს ხელი, რაზედაც გული მიუწევს და ნიჭი და უნარი მიუწვდება. უამისოდ ყოველი დიდი საქმე მცირეა და ამისით კი ყოველი პატარაც დიდია.
წმინდა ილია მართალი
ბეჭდვა
1კ1