თუ ამ სოფელში ერთმანეთის აზრებს ვერ ვიგებთ, მომავალში ერთმანეთის გულებს დავინახავთ
თუ ამ სოფელში ერთმანეთის აზრებს ვერ ვიგებთ, მომავალში ერთმანეთის გულებს დავინახავთ
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი XXXVII
(გაგრძელება)

პეტრე: - მივხვდი, რას ნიშნავს ზეცაში ოქროს აგურებით სახლის შენება, მაგრამ მყრალი ორთქლი აღწევდა ზოგიერთ საცხოვრებლამდე, სხვებს კი ვერ ეხებოდაო, ან ის ხიდი და მდინარე, მომაკვდავმა რომ ნახა, რაღას გვეუბნება?

გრიგოლი: - მან იხილა, რომ მართალნი მშვენიერ ადგილას ხიდით გადადიოდნენ, ვინაიდან "იწრო არს ბჭე და საჭირველ გზაი, რომელი მიიყვანებს ცხოვრებასა" (მათე 7,14). მყრალი მდინარე იმას ნიშნავს, რომ ყოველდღიურად ამა სოფლიდან ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩაედინება ხორციელ მანკიერებათა არაწმიდება. მყრალი ორთქლი ზოგიერთ სახლს ეხებოდა, ზოგიერთამდე ვერ აღწევდა: ეს კი იმას ნიშნავს, რომ არაერთი კეთილ საქმეს აკეთებს, თუმცა ხორციელი სიბილწის წარმოსახვით ტკბება და მყრალი ოხშივარი სამართლიანად აღწევს მათ სახლებამდე. ხოლო ვინც სრულად დაიმარხავს გულს ყოველგვარი ხორციელი სიტკბოსაგან, მათ ბინას უეჭველად ვერ ეკარება სიმყრალე. მყრალი ორთქლი გულისხმისსაყოფია. ხორციელ სიტკბოებას მიძალებულ ადამიანს ისე დაუბინდავს გონებას, რომ იგი ვეღარ ზიდავს ჭეშმარიტი ნათელის ბრწყინვალებას, რაც უფრო ქვენაა მისი სიტკბოება, მით მეტი სიბნელით დაიბურება მისთვის უზენაესი საგნები.

თავი XXXVIII
ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგჯერ ხორცში მყოფი სულები იმ სასჯელის ნაწილს ხედავენ, რომელიც ცოდვილთათვის არის განკუთვნილი. ეს ხდება ზოგიერთი მათგანის თავს მათსავე დასამოძღვრად, ზოგჯერ კი მსმენელთა ჭკუის სასწავლებლად. ჩემს მონასტერში, თავისი (ხორციელი) ძმის მერე, უფრო აუცილებლობით და არა საკუთარი ნებით, ერთი ძალზე შფოთიანი ყრმა დასახლდა, სახელად თეოდორე, რომელზეც, როგორც მახსოვს, წმინდა სახარებაზე საუბრისას ვუყვებოდი ხალხს. მას ძალზე უმძიმდა, როცა ვინმე სულის ცხონებაზე რამეს ეტყოდა, ვინაიდან არა მარტო კეთილის კეთება არ შეეძლო, არამედ გაგონებაც არ უნდოდა ამისი. თეოდორე ფიცით, რისხვითა და დაცინვით მოწმობდა, რომ არასოდეს მოსურვებია მონაზვნური წმინდა ცხოვრების დაწყება. ჟამიანობისას, როცა ჭირმა ხალხმრავალი ქალაქის მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მოსწყვიტა, იგი ავად გახდა და სიკვდილის პირას მივიდა. ბოლო ამოსუნთქვისას თეოდორესთან ძმები მივიდნენ, რომ ლოცვით გაეცილებინათ იმ ქვეყანაზე. სხეული უკვე გაუცივდა. მხოლოდ მკერდმა შეინარჩუნა სიცოცხლისეული სითბო. უეცრად თეოდორემ ხმამაღლა დაუყვირა ძმებს: "განმეშორეთ, განმეშორეთ, მე დრაკონს მიმცეს შესაჭმელად, მაგრამ თქვენი აქ ყოფნის გამო ჩემი შეჭმა არ შეუძლია. თავი უკვე ჩაყლაპა, საშუალება მიეცით, რომ მეტად აღარ მტანჯოს და რაც სურს, ის მიქნას. თუ მე მას შესაჭმელად მიმცეს, თქვენს გამო რატომ უნდა ვიტანჯებოდე?" "რას ამბობ, ძმაო? - უთხრეს მონაზვნებმა, - პატიოსანი ჯვარი გამოისახე". მან კი ყვირილით უპასუხა: "მინდა, მაგრამ დრაკონის ქერცლი წინ აღმიდგებაო". ძმები პირქვე დაემხნენ და აცრემლებულებმა მეტი გულმოდგინებით დაიწყეს ლოცვა მის დასახსნელად. უეცრად ავადმყოფმა შვება იგრძნო და ხმამაღლა წამოიძახა: "მადლობა ღმერთს, დრაკონი თქვენმა წმინდა ლოცვებმა რომ გააქცია. ოღონდ ჩემი ცოდვებისთვისაც ილოცეთ, რომ მზად ვიყო სინანულისთვის და საბოლოოდ დავუტევო ერისკაცული ცხოვრება". ამგვარად, კაცი, რომელსაც გაციებული ჰქონდა სხეული, სიცოცხლეს დაუბრუნდა და მთელი გულით მოიქცა ღვთისკენ. ამის მერე დიდხანს იღვწოდა შემუსვრილი გულით და მხოლოდ ამის შემდეგ განეყარა მისი სული სხეულს.

საპირისპიროდ ამისა მოიქცა ქრისაორი. იგი იყო ძალზე მდიდარი ქონებითაც და მანკიერებებითაც, ქედმაღალი, ამაყი, ანგარებიანი და ხარბი. მაგრამ უფალმა გადაწყვიტა, ზღვარი დაედო ამგვარი მანკიერებისთვის და დასცა იგი ხორციელი ავადმყოფობით. მომაკვდავმა ქრისაორმა დაინახა შავი და საშინელი სულები, რომლებიც მისი სულის ჯოჯოხეთში წასაყვანად იყვნენ მზად. იგი გაფითრდა, აკანკალდა, ხმამაღლა ითხოვდა სასჯელის გადავადებას და შემცბარი ეძახდა თავის ვაჟს, მაქსიმეს, - გამოიქეცი, მე შენთვის ცუდი არასოდეს გამიკეთებია, დამეხმარე შენი რწმენითო. აღელვებულმა მაქსიმემ მაშინვე მიირბინა, შეიკრიბა მთელი ოჯახი, ტირილითა და თრთოლით. ბოროტ სულებს, რომელთაგანაც ის ასე საშინლად იტანჯებოდა, ახლობლები ვერ ხედავდნენ, მაგრამ მათი იქ ყოფნა შეიტყვეს ავადმყოფის შფოთით. ბოროტ სულთაგან შევიწროებულმა ხმამაღლა ყვირილი მორთო: - დილამდე მაინც გადამივადეთო. და ამ დროს ყვირილისას სული მისი ამოიყვანეს სხეულიდან. ცხადია, რომ ეს მან თავისთვის კი არა, ჩვენთვის იხილა, რათა მისმა ხილვამ სიკეთე მოგვიტანოს.

ერთმა ისავრიელმა დეკანოზმა, ათანასემ გვიამბო საშინელი შემთხვევა, რომელიც მისი იკონიაში ცხოვრებისას მოხდა. იქ, გალატების მონასტერში, ერთი ბერი სხვების წინაშე დიდი პატივით სარგებლობდა. გარეგნულად კეთილი ქცევისა ჩანდა და ღვთისმოშიში გეგონებოდა. სინამდვილეში ასე არ ყოფილა. ეს დაგვანახა მისი ცხოვრების აღსასრულმა. ძმებს ის მმარხველად ეჩვენებოდა, მაგრამ ჩვევად ჰქონდა მალულად ეჭამა. ბერმა სიკვდილის წინ მონასტრის ძმობა მოიხმო. ძმები ფიქრობდნენ, რაიმე დიდსა და სანუგეშოს გვეტყვის ეს დიდებული ადამიანიო, მაგრამ შემცბარმა ბერმა აღიარა: "თქვენ ფიქრობდით, რომ მეც ვმარხულობდი, არადა, მალულად ვჭამდი. აი, ახლა შესაჭმელად დრაკონმა კუდი მუხლებზე შემომხვია, თავი პირში ჩამიდო და იქიდან სულს მწოვსო". თქვა და მოკვდა. დრაკონს, რომელიც შემოხვეოდა, არ დაუცდია, სინანულით როდის გამოიხსნიდა თავს. აშკარაა, რომ მან ეს ხილვა მსმენელთა გულისხმისყოფისთვის ნახა.

თავი XXXIX ამბავი დიაკონ პასხაზის სულისა
ყმაწვილობაში გამიგონია, რომ დიაკვანი პასხაზი იყო ავსებული სინათლით და ჭეშმარიტებით, წმინდა, მოწყალე, გლახაკთა პატრონი, საკუთარი თავის უარმყოფელი. სიმაზისა და ლავრენტის მომხრეთა კამათში მას ლავრენტის მხარე ეჭირა. მოწინააღმდეგეთა შემოტევით იძლია, მაგრამ მას უყვარდა და პატივს სცემდა ლავრენტის, რომელსაც ეპისკოპოსთა სამსჯავრომ ნება არ მისცა, ეკლესიის (რომის) მმართველი ყოფილიყო. იგი მაშინ გარდაიცვალა, როცა სამოციქულო საყდარს მართავდა სიმაზი. როცა პასხაზის ცხედარს მიასვენებდნენ, ერთი ეშმაკეული კუბოზე გადაფარებულ ქსოვილს შეეხო და მაშინვე განიკურნა. მრავალი ხნის შემდეგ ეპისკოპოს გერმანეს ექიმებმა ურჩიეს, სნეულებისგან განკურნებისთვის ანგულიანის საბანელში აბაზანები მიეღო. საბანელში მან დაინახა დიაკვანი პასხაზი, იდგა და ხალხს ემსახურებოდა. გაოცებულმა გერმანემ ჰკითხა, - ასეთი დიდი კაცი აქ რას აკეთებო. პასხაზიმ უპასუხა: "მე მხოლოდ იმისთვის მომესაჯა აქ ყოფნა, რომ სიმაზის მოწინააღმდეგე ლავრენტის მომხრე ვიყავი. მაგრამ გთხოვ, ევედრე ჩემთვის უფალს და თუ შეიწირება შენი ლოცვა, იმით მიხვდები, რომ აქ კვლავ მოსულს ვეღარ მნახავ". წმინდა კაცმა გერმანემ შემუსვრილი გულით ილოცა მისთვის და რამდენიმე დღის შემდეგ, როცა კვლავ საბანელთან მოვიდა, ვეღარ ნახა დიაკვანი. მან შეძლო ცოდვისგან სიკვდილის შემდგომ განწმენდილიყო, ვინაიდან შესცოდა არა ბოროტებით, არამედ შეცდა. თუმცა უნდა გვწამდეს, რომ გლახაკთადმი თავისი გულმოწყალებით დაიმსახურა იმის შესაძლებლობა, რომ მიტევება მიეღო მაშინ, როცა თვითონ არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო.

პეტრე: - ამ ბოლო დროს ძალზე ბევრი რამ განგვეცხადება სულებზე, რაც ადრე არ იყო ცნობილი. ასე რომ ამ გამოცხადებებით და მინიშნებებით, ეტყობა, ჩვენს წინ მომავალი სამყარო განგვეცხადება.

თავი XL. პასუხი კითხვაზე
გრიგოლი: - რაც უახლოვდება დასასრულს წუთისოფელი, მით უფრო გვიახლოვდება მომავალი საუკუნე და აშკარა მინიშნებით განგვეცხადება. თუ ამ სოფელში ერთმანეთის აზრებს ვერ ვიგებთ, მომავალში ერთმანეთის გულებს დავინახავთ. მაშ რა ვუწოდოთ ამ წუთისოფელს, თუ არა ღამე და მომავალ საუკუნეს - თუ არა დღე? მაგრამ როგორც ღამის დასასრულს და დღის დადგომისას, მზის ამოსვლის წინ, ბნელი ერთგვარად შერეულია ნათელთან, ვიდრე გარდასული ღამის ნაშთებს სრულიად არ შთანთქავს დღის ნათელი, როდესაც დასავლეთი ამა სოფლისა შეერევა მომავალი საუკუნის აღმოსავლეთს, თვითონ ამსოფლიური ბნელის ნარჩენები გაქრებიან სულიერი სამყაროს ნათელთან. ამიტომ თუმცა ბევრ რამეს ვიგებთ, რაც იმქვეყნიურია, მაგრამ ყველაფერს ნათლად ვერ ვხვდებით, თითქოს მზის ამოსვლის წინ განთიადის ბინდ-ბუნდში ვიჭვრიტებით.

პეტრე: - მომწონს, რასაც ამბობ. მაგრამ პასხაზისთან, ასეთ წმინდა კაცთან დაკავშირებით უნებურად მიჩნდება კითხვა, - სიკვდილის შემდგომ როგორ წაიყვანეს ასეთი კაცი დასასჯელ ადგილას, მაშინ როცა მისი კუბოს გადასაფარებელს ძალა ჰქონდა ეშმაკეულისგან ბოროტ სულთა განსხმისა?

გრიგოლი: - ამ საქმეში შეგვიძლია შევიცნოთ ყოვლისშემძლე ღმერთის მრავალნაირი განგებულება. მან თავისი მსჯავრით განაჩინა, რომ: პასხაზის, ასეთ წმინდა კაცს, გარკვეული ხნით დაეთმინა სასჯელი იმისთვის, რაც შესცოდა. ამავე დროს, თავისი სხეულით სიკვდილის მერე სასწაულებს იქმოდა მათ თვალწინ, რომელთაც მისი ღვთისმოსავური საქმენი იცოდნენ და თვითონაც არ დარჩა დაუსჯელი იმ დანაშაულის გამო, რომელსაც არ თვლიდა დანაშაულად და მერე ცრემლებით განიწმინდა.

პეტრე: - ავწონი შენს სიტყვას და შენი დასკვნები მაიძულებენ, შემეშინდეს არა მარტო იმ ცოდვების გამო, რომლებიც ვიცი, არამედ მათთვისაც, რომლებსაც ვერ ვხვდები. მაგრამ რადგანაც ზემოთ ვსაუბრობდით ჯოჯოხეთის სატანჯველებზე, სად შეიძლება გვეგონოს ჯოჯოხეთის ადგილსამყოფელი, ამ მიწაზე თუ მიწის ქვემოთ?
ბეჭდვა
1კ1