ვერც ერთი მატყუარა ვერ მიეახლება ღმერთს
ვერც ერთი მატყუარა ვერ მიეახლება ღმერთს
"მხოლოდ და მხოლოდ სიცრუე განგვაშორებს უფალს; ცრუ ფიქრები, ცრუ სიტყვები, ცრუ სურვილები - აი, სიცრუის ერთობლიობა, რომელსაც არარსებობის, ილუზიისა და ღვთისაგან განდგომისაკენ მივყავართ. ამ გზიდან მძიმე ცხოვრებისეული ძვრის გარეშე უკან დასაბრუნებელი არ არსებობს - ვიდრე ადამიანი, სავლესავით დაბრმავებული, მიწაზე არ დაეცემა, ვიდრე ღმერთი მას მტვრიდან და უმწეობიდან არ წამოაყენებს და მხედველობას არ დაუბრუნებს".

***
"ზოგჯერ ადამიანები ამახინჯებენ თავიანთ დამოკიდებულებას ღმერთთან, რადგან ვერ ხედავენ მასში ერთადერთ რეალობასა და ფასეულობას; ამიტომაც ცრუობენ ყოველგვარ ადამიანურ ურთიერთობაში, ამიტომაც ითვლება ფასეულობად (მათთვის) წარმოსახვა და გამონაგონი, ცხოვრება კი ემსგავსება აჩრდილთ ბორიალს, როდესაც მზე ღრუბლებს მიეფარება".

***
"ცრუ თეორიები ღმერთზე დაუყოვნებლივ გაიყოლიებენ თან ცრუ სამეცნიერო, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ თეორიებს. ერთი სიცრუე მეორეს ბადებს, პირველი ერწყმის მეორეს, მეორე კი საშველად მესამეს უხმობს. მაშინ მოხერხებულობა სათნოებაზე მეტად ფასდება, რაოდენობა ხარისხს აღემატება".

***
"ჩვენი საუბარი ადამიანებთან ის ხურდა ფულია, რომლითაც თავს გამოვისყიდით, მსხვილი კი ჩვენთან რჩება. ანდა ასე: ადამიანებს შორის ყოფნისას ჩვენ ნიღაბს ვიცვლით, ჭეშმარიტი სულიერი პორტრეტი კი დაფარული რჩება".
წმინდა ნიკოლოზ სერბი
(ველიმიროვიჩი)

"ხოლო ვის უყვარს სიცრუე, მას სძულს სული თვისი" (ფს. 10).

"ყოველი კაცი ცრუ არს" (ფს. 116).

"ხოლო ამაო არიან ძენი კაცთანი, ცრუ არიან ძენი კაცთანი, სასწორთა მათ ზედა სიცრუისათა, და იგინივე ამაოებით არიან ურთიერთას" (ფს. 61).

"ნუ ესავთ სიცრუესა და ტაცებად ნუ გსურის" (ფს. 61).

"ძმანო, გვმართებს ბრძოლა, რომ არ წარგვიტაცოს ტყუილმა, რადგან ვერც ერთი მატყუარა ვერ მიეახლება ღმერთს. ტყუილი ეშმაკისგან არის და მისი მამაც მატყუარაა" (იოანე 8,44). წმინდა წერილი ტყუილის მამად ეშმაკს ასახელებს, ხოლო ჭეშმარიტება კი ღმერთია; უფალი ამბობს: "მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და ცხოვრება" (იოანე 14,6). ტყუილით განვეშორებით ღმერთს და მივეახლებით ეშმაკს".

***
"სამგვარი ტყუილი არსებობს: ტყუილი გონებით, ტყუილი სიტყვით და ტყუილი საქმით.

გონებით ტყუის კაცი იმ შემთხვევაში, როდესაც დაიჯერებს რაიმე უსაფუძვლო აზრს, მაგალითად, თუკი ორ მოსაუბრე ადამიანს დაინახავს და იფიქრებს: ჩემზე ლაპარაკობენო. ხოლო თუკი ამ დროს ისინი გაჩუმდებიან, იფიქრებს: ჩემს გამო შეწყვიტეს საუბარიო. ეს არის გონებით ტყუილი, რომელსაც ჭეშმარიტებასთან არაფერი საერთო არა აქვს. ამისგან კი წარმოიშობა: მოყვასის განკითხვა, ყურისგდება, შფოთი, ძვირისზრახვა. ნუ ვიქნებით ეჭვიანნი, ნუ დავიჯერებთ საეჭვო, უსაფუძვლო აზრებს, რადგან მრუდე ჩვეულება მართალსაც განამრუდებს, მატყუარა და მავნებელი არიან ზოგჯერ ჩვენი აზრები და ჩვენი ეჭვები. ეჭვი ბოროტია და ფრიად ვნებს სულს. ეს არის გონებით ტყუილი".

***
"სიტყვით ტყუის კაცი იმ შემთხვევაში, როდესაც ეზარება ლოცვის თქმა და იმას კი არ ამბობს: შემინდე, ღმერთო, რადგან ეს სიზარმაცით მომდისო, - არამედ, რომ არ დამდაბლდეს, მუხლი არ მოიდრიკოს, ათას ტყუილს იგონებს. თუკი ვინმე ბრალდებას წაუყენებს, მაშინვე თავის მართლებას მოჰყვება ან იწყებს თავისი სიზარმაცის სიტყვით შელამაზებას".

***
"საქმით ტყუის კაცი, როდესაც სინამდვილეში მეძავია და გარეგნულად მარხვას იჩემებს; ან ანგარია და მოწყალებას ასწავლის, ამ სათნოებას ქადაგებს თავისი ცოდვისა და სირცხვილის დასაფარავად. მატყუარა ან სირცხვილის შიშით აქებს სათნოებას, ან ვინმეს ცდუნების მიზნით. მატყუარა მარტივი კაცი არ არის, არამედ იგი ორკეცია; სხვა არის გარეგნულად და სხვა - შინაგანად. ორკეცია მისი ცხოვრება და ცდუნებით აღსავსე".

***
"ყოველი ცოდვა სამი მიზეზით ხდება: გემოთმოყვარეობისგან, ვერცხლისმოყვარეობისგან ან დიდებისმოყვარეობისგან. ასევე, კაცი სამი მიზეზით ტყუის: 1) არ უნდა თავის დამდაბლება და თავს იმართლებს; 2) იმიტომ, რომ თავისი ნება აღასრულოს და ტყუილისგან "სარგებელი" ნახოს, რამეს გამორჩეს; 3) ტყუილი არაფრად სჭირდება, მაგრამ ისე შეისისხლხორცა, რომ ჩვევად ექცა".
ამბა დოროთე

"სიცრუე ადამიანში ბოროტი ლაქაა" (ზირაქი 20,24).

"ცრუ კაცს თავისი საქციელი არცხვენს, სირცხვილი მისი მასთანაა საუკუნოდ" (ზირ. 20,26).

"ნუ იქნები პირმოთნე, ნურც რაიმედ მოაჩვენებ თავს ვინმეს, და მით უმეტეს, ნურც იცრუებ".

***
"არა მხოლოდ სხვათა წინაშე იყავი ყოველთვის მართალი, არამედ საკუთარი თავის მიმართაც გამოავლინე სიბრძნე, სიმდაბლე, დიდსულოვნება, მოთმინება, მოშურნეობა და კაცთმოყვარება".
წმინდა ანტონი დიდი
ბეჭდვა
1კ1