მხოლოდ ღვთის სიტყვას დაემყარე
მხოლოდ ღვთის სიტყვას დაემყარე
მოგვევლინა წმიდა ნინო, გვამცნო და გვასწავლა ქრისტეს რჯული და ახალმა მშვენიერმა აღთქმამ განაახლა ჩვენი ქვეყანა ახალის ცხოვრებისთვის. ქართველმა ამ რჯულს, ამ ახალს აღთქმას, შეუერთა ძველისაგან ყოველივე ის, რაც კი რამ ძვირფასია ადამიანისთვის და რაც თავის-დღეში არ დაძველდება, მინამ ადამიანმა ადამიანობას შეუერთა მამული და ეროვნება. ეს სამი ერთმანეთის ღირსი საგანი ისე ჩაიწნენ, ისე ჩაქსოვდნენ ერთმანეთში, რომ სჯულის დაცვა საქართველოს მიწა-წყლის დაცვად გარდაიქმნა და მიწა-წყლის დაცვა - რჯულის დაცვად. რჯული ჩვენის მამულის, ჩვენის ეროვნების ხმლად იქცა ზედმისევისთვის და ფარად ზედმოსეულთათვის.

* წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე-ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი, შეიკედლა, თავისი ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა. და აი, ათას ხუთასი წელიწადია, ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შეგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნება.
წმიდა ილია მართალი

კაცთმოყვარე ღმერთმა ისე განაგო, რომ საღმრთო მადლს მოკლებული ცოდვილი ადამიანი მრავალ შიშს, სხვადასხვა უსიამოვნებასა და გაჭირვებას განიცდიდეს... ვერ პოულობდეს მშვენებას აწინდელ ცხოვრებაში, ქვეყნიურ შვება-სიამეთა და საგანთა შორის, და ამის გამო იძულებული შეიქნას, კვლავ თავის შემოქმედ ღმერთთან დაბრუნებისთვის გაისარჯოს, ყოვლადსრულთან და სახიერთან, ხოლო თუკი შეძლებს დაბრუნებას, შემდეგ უკვე მარადის მის წიაღთა შორის იმყოფებოდეს და ნამდვილ მოსვენებასაც მხოლოდ მასში ჰპოვებდეს...
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

სრულყოფილი ღმერთი სრულყოფილ ადამიანად შეიქმნა, რაშიც მისი უსაზღვრო ძლიერება გაცხადდა. რა უნდა იყოს ამაზე აღმატებული, რამეთუ ღმერთი განკაცდა! სიტყუა ღმრთისა ხორიელ-იქმნა დაურღვევლად - სულიწმინდისგან და ქალწული მარიამისაგან, წმინდა, მარადის ქალწულისა და ღვთისმშობლისაგან... და მოგვევლინა შუამავლად ღმერთსა და ადამიანებს შორის, განკურნა ჩვენი ურჩება ადამიანური ბუნების მიღებით და მისაბაძ მაგალითად შეიქნა ჩვენთვის თავმდაბლობისა და მორჩილებისა, ურომლისოდაც შეუძლებელია ჩვენი ცხოვრება.
წმინდა იოანე დამასკელი

ღმერთს არასდროს არაფერში ძალადობა არ გამოუყენებია თავისი ქმნილების მიმართ და ყოველთვის შეგონება-დამოძღვრით, დარწმუნებით მოქმედებდა და მოქმედებს. ძველი მონობის აღმოფხვრის შედეგად (როცა უფალმა იესო ქრისტემ გაგვათავისუფლა ეშმაკის, ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისაგან), აწ თავისუფლების ჟამი დაგვიდგა, და ადამიანისთვის დროულიც და მაცხოვნებელიც იყო იმის უწყება, რომ იგი თავისუფალი ნების მქონე გონიერ არსებად არის ღმერთის მიერ შექმნილი.

* რა დიდხანს გითმენდა ღმერთი და კვლავაც გითმენს და გიტანს, შენ კი მაინც არ ადგები გამოსწორების გზას.

* თუ ღმერთი ჰყოვნის და გადადებს თავის საღმრთო სასჯელს შენს მიმართ, რასაც სავსებით იმსახურებ, შენ ნუ გადადებ და დაუყოვნებლივ ეცადე მისკენ მოიქცე!

* ყოველივე იმას, რისი დანახვაც შეგიძლია, საკუთარი თვალებით უყურე, მაგრამ უხილავზე და მარადიულზე მსჯელობისას მხოლოდ ღვთის სიტყვას დაემყარე.
ნეტარი ავგუსტინე

სხვა მასწავლებელს ნუ დაუწყებ ძებნას, რამეთუ შენ გაქვს ბოძებული ღვთის სიტყვა, საღმრთო წერილი, რომელზე უმჯობესად ვერავინ ვერაფერს გასწავლის!

* საღმრთო წერილის სულ მოკლე გამონათქვამებშიც კი შეგვიძლია უდიდესი ძალაც მოვიძიოთ და აზრთა გამოუთქმელი სიმდიდრეც.

* წმინდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული, თითქოს უხილავ განსაწმედელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმინდა წიგნების მეშვეობით.
წმინდა იოანე ოქროპირი

სარწმუნოა უფალი ყოველი თავისი სიტყვით (ფსალმ. 144,3) და არ ტყუის იგი, როცა გვეუბნება: "უკუეთუ იყვნეს ცოდვანი თქვენნი, ვითარცა მეწამულნი... ყოველი განვასპეტაკნე" (ესაია 1,8). ასე რომ, ყოველთვის მზად არის სულთა დიდი მკურნალი შენი წყლულების განსაკურნავადაც, ჰოი, ცოდვილო კაცო, რამეთუ მისმა ტკბილმა და ცხოველმყოფელმა ბაგემ თქვა: "არა უხმს ცოცხალთა მკურნალი, არამედ უძლურთა" (მათე 9,2). უფალს ნებავს გაგწმინდოს შენი წყლულებისგან, გამოგიყვანოს ბნელისაგან და შეგიყვანოს ნათელში. სწორედ შენ გეძიებს მწყემსი კეთილი... და თუკი მის ხელთ მიეცემი, არ უგულებელგყოფს, არამედ მხარზე შეგისვამს და დიდად განიხარებს, რადგან პოვა ცხოვარი თვისი წარწყმედული (ლუკა 15,6). აი, დგას ნათლის მამა და მოელის შენს მოქცევას ბოროტისაგან, ხოლო როცა მოიქცევი და მისკენ იბრუნებ პირს, ის შორითვე გამოგეგებება, ქედს მოგეხვევა და სიყვარულით შეგიწყნარებს...
წმინდა ბასილი დიდი
ბეჭდვა
1კ1