ყველაზე მეტად ღმერთისა და საუკუნო სატანჯველის გეშინოდეს, და ნუ შეგეშინდება ადამიანებისა და მათი ხანმოკლე გაბოროტებისა!
ყველაზე მეტად ღმერთისა და საუკუნო სატანჯველის გეშინოდეს, და ნუ შეგეშინდება ადამიანებისა და მათი ხანმოკლე გაბოროტებისა!
თუკი ადამიანს ყველა სხვა მოსახვეჭელზე მეტად ღვთის სიყვარულის მოხვეჭა სურს, იგი, პირველ ყოვლისა, შიშით უნდა აღივსოს ღვთის წინაშე. ღვთის შიში სატირლად აღძრავს მას და საკუთარი ცოდვების მოსანანიებლად განაწყობს, ხოლო ცრემლთა ღვრა და სინანული სიმხნევეს დაბადებენ მასში. ხოლო როცა ეს კეთილისმყოფელი ძვრა მოხდება ღმერთის მაძიებელი ადამიანის არსებაში და მისი სულიც მომწიფდება ღმერთის სიყვარულისათვის, მაშინ იგი ყოველივეში კეთილი ნაყოფის გამოღებას დაიწყებს. შემოქმედი ღმერთიც, იხილავს რა ადამიანის სულში ამ კეთილმშვენიერ ნაყოფთ, თავისკენ მიიზიდავს ასეთ სულს, როგორც ნარჩევი გუნდრუკის სურნელს, უხარის მას თავის ანგელოზებთან ერთად ამგვარი ადამიანის წარმატება, მარადის აღავსებს მასაც ამ სიხარულით და ყველა გზაზეც იცავს, რათა მან მშვიდობით და უხიფათოდ მიაღწიოს საუკუნო განსასვენებელს. მაშინ, ხედავს რა ადამიანს, ასე გარშემოზღუდულს უზენაესი მცველის მიერ, ეშმაკი ვეღარ დაესხმის თავს. მას მიახლოებისაც კი ეშინის ასეთი ადამიანის სულთან, რადგან ძრწის ღმერთის დიდი ძალის წინაშე. მაშ, ეცადეთ, ძმანო, მოიპოვოთ ღმერთის ეს ძალა და მფარველობა, რათა ყველა დემონს ეშინოდეს თქვენთან მოახლოებისაც კი!

***
სიკვდილი - უკვდავებაა იმ ადამიანთათვის, რომელთაც იციან შემოქმედი ღმერთი, უცნობელთა და ურწმუნოთათვის კი სიკვდილი ნამდვილად მოკვდომაა და დაღუპვა. ამიტომ ჩვენ ყველაზე მეტად სწორედ სულიერი დაღუპვისა უნდა გვეშინოდეს, რაც არის კიდეც ღმერთის უცნობელობა და ურწმუნოება. ეს უნდა იყოს ყველაზე შესაზარი და საშინელი ადამიანის სულისათვის.
წმინდა ანტონი დიდი

ისევე გეშინოდეს უქმად მეტყველებისა, როგორც მტაცებელ მძვინვარე მხეცთა და ფრინველთა გეშინის, რამეთუ იგიც მათ მსგავსად შთანთქავს წმინდა ღვაწლის ნაყოფს.

***
გეშინოდეს იმავე ცოდვებით დაცემისა, რომლებიც უკვე მიუტევებია შენთვის ღმერთის მოწყალებას სინანულის საიდუმლოში, მაგრამ თუკი შენი უძლურების გამო კვლავაც დაეცემი უწინდელი შეცოდებით, მაინც ნუ წარიკვეთ სასოს! ღმერთის მოწყალება უსაზღვროა, წრფელი სინანულის ძალა კი ადამიანში - განუზომელი.
წმინდა ეფრემ ასური

რომ არ შესცოდოს, ადამიანს შიში უნდა ჰქონდეს ღმერთის სამსჯავროს წინაშე, ხოლო თუ შესცოდა, სასო არ უნდა წარიკვეთოს, ყოველთვის უნდა ჰქონდეს ღმერთის უსაზღვრო მოწყალების იმედი.

***
ნურასდროს დავიჩივლებთ ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს გამო, რადგან ჩვენ უცნობელნი ვართ იმისათვის, რომ საკუთარი აზრი გამოვთქვათ ღმერთის მიუწვდომელი და გამოუთქმელი მსჯავრის გამო.
წმინდა ბასილი დიდი

მაგრამ ვუწყი მე ცეცხლი არა განმწმენდი, არამედ - დამსჯელი, მტანჯველი. ამ საშინელ ცეცხლს ყველა ცოდვილზე აწვიმებს უფალი. ეს ცეცხლია განმზადებული ეშმაკისა და მისი ბოროტი ანგელოზებისთვის. ამრიგად, ვუწყი მე ის ცეცხლი, რომელიც გამოვალს პირისაგან უფლისა და ყოველგნით დაწვავს მის მტრებს.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

სრულყოფისაკენ ამ სწრაფვაში შეჩერება საშიშროებით არის აღსავსე ადამიანისთვის, რამეთუ ყოველგვარი სიკეთე იმით შემოიზღუდება, რაც მისი საწინააღმდეგოა... და როგორც სიცოცხლის დასასრული არის სიკვდილის დასაწყისი, ასევე სათნოების გზაზე შეჩერებაც დასაბამია მანკიერებისკენ მიქცევისათვის.
წმინდა გრიგოლ ნოსელი

ყოველთვის გახსოვდეს უფალი ღმერთი შენი და მხოლოდ მისი გეშინოდეს, არასოდეს დაივიწყო არც თვით იგი და არც მისი საღმრთო მცნებები! და თუ ამას იქმ, ღმერთიც მოგმადლებს ძალას, მისი ნების აღმსარებელი იყო, რამეთუ იგი მხოლოდ იმას მოითხოვს შენგან, "რათა გეშინოდის შენ უფლისა ღმრთისა შენისა და ხვიდოდი შენ ყოველთა გზათა მისთა და შეიყვარო იგი და ჰმსახურებდე შენ უფალსა ღმერთსა შენსა ყოვლითა გულითა შენითა" (II სჯული 10,12).
წმინდა გრიგოლ პალამა

როდესაც ლიტურგიაზე იმყოფები, დაიცავი შენი გულისთქმები და გრძნობები და მაღალი ღმერთის წინაშე იდექი შიშით, რათა ღირსეულად მიიღო ხორცი და სისხლი ქრისტესი და ამით უმკურნალო შენს ვნებებს.

***
კაცობრიული დიდების სიყვარულისგან იბადება სიცრუე. ვინც მოერიდება სიცრუეს მორჩილებით, მის გულში ამაღლდება უფლის შიში. ნუ შეიყვარებ ამქვეყნიურ დიდებას და არ მოგაკლდება უფლის დიდება.

***
მოვედით, საყვარელნო, და უფლის შიშში დავიცვათ სათნოებანი; ვეცადოთ, არ შეწუხდეს ჩვენი სინდისი, არამედ შევუდგეთ უფლის შიშს, სანამ ისიც გაითავისუფლებს თავს ჩვენთან ერთად ისე, რომ ჩვენსა და მას შორის დამყარდეს ერთიანობა, ის გახდეს საბოლოოდ ჩვენი მცველი, და გვიჩვენოს ყოველი, რაშიც კი შეიძლება დაბრკოლდეს იგი. მაგრამ თუ არ მოვუსმენთ მას, განგვიდგება და მიგვატოვებს, მაშინ ჩაცვივდებით მტრის ხელში, რომელიც უკვე აღარ გაგვიშვებს, როგორც გვასწავლა ჩვენმა მეუფემ შემდეგი სიტყვებით: დაუზავდი საჩქაროდ შენს მომჩივანს, სანამ ერთად ადგახართ გზას და ასე შემდეგ (მათე 5,25). ამბობენ, რომ ეს მოწინააღმდეგე არის სინდისი - ის ეწინააღმდეგება ადამიანს ხორციელი ნების აღსრულებაში. და თუ კაცი არ მოუსმენს მას, სინდისი მისცემს მისსავ მტრებს.

***
როდესაც უფალი დაინახავს, რომ გონება დანებდა მას მთელი ძალით და არ მოელის არსაიდან არანაირ დახმარებას, არამედ მხოლოდ მისგან ერთისგან, მაშინ აძლიერებს მას შემდეგი სიტყვებით: ნუ გეშინია, რადგან მე გიხსნი შენ, შენი სახელით მოგიწოდე, ჩემი ხარ შენ. როცა წყლებს გადახვალ, შენთან ვიქნები და მდინარეები არ წაგიღებენ; როცა ცეცხლში შეხვალ, არ დაიწვები და აღარ მოგეკიდება, რადგან მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, ისრაელის წმინდა, შენი მაცხოვარი (იხ. 43,1-3).
ამბა ისაია განდეგილის დარიგებანი
ბეჭდვა
1კ1