ნურავის ატკენთ გულს
ნურავის ატკენთ გულს
ერთმა მამამ თქვა: "თუკი არავის განიკითხავ, მრავალი ცოდვაც რომ გამძიმებდეს, მაინც შეგიძლია შეწყალებას ელოდე, ხოლო თუ განიკითხავ, თავშეკავებულ, ღირსეულ და წესიერ ცხოვრებაშიც მრავალი მოგეძებნება ისეთი ცოდვა, რომლის გამოც უმკაცრესად მოგეთხოვება. ამიტომ ეშინიათ მამებს ამ ცოდვისა ასე ძლიერ, ამიტომ ეკიდებოდნენ ასეთი სიფრთხილით ყოველ სიტყვას, აზრს, გრძნობას, ამიტომ ცდილობდნენ, მსუბუქი სიყვარულითაც კი არ განეკითხათ ვინმე".

* ერთი მამა იხსენებს: "სასულიერო პირს განვიკითხავდი ღვინის ზედმეტი სმის გამო, უღირს მღვდლად, უღირს ადამიანად მიმაჩნდა. ერთხელ ერთ ჭერქვეშ მოგვიწია ღამის გათევა. ღამე გამეღვიძა და შევესწარი, როგორ მოთქვამდა ის მღვდელი თავის ცოდვებზე, როგორ ახლიდა თავს კედელს. იმდენად დიდი იყო მისი სინანული, რომ სულ სხვანაირად წარმომიდგა იგი თვალთა წინაშე. მივხვდი, ვცდებოდი და ჩემი განკითხვისა შემრცხვა".

* არსებობენ ისეთი ქრისტიანებიც, რომლებიც არც თვითონ მუშაობენ და იმათაც განიკითხავენ, ვინც საკუთარი არსებობისთვის შრომობს. განიკითხავენ და იმავდროულად სინდისის ქენჯნის გარეშე იკვებებიან მოწყალებით, რომელსაც გამრჯე ადამიანისგან იღებენ.
არქიმანდრიტი იოანე (კრესტიანკინი)

თუკი გაიგებ, რომ ძმათაგან რომელიმემ შესცოდა, ნუ მოიძაგებ მას, ნურც ზურგს შეაქცევ და ნურც განიკითხავ, რადგანაც თუკი ასე არ იქმ, შენი უბოროტესი მტრების ხელთ შთავარდები.

* ნურავის განსჯი და განიკითხავ, რადგან სხვათა განკითხვაში ცნაურდება შენი დაცემა.

* ნურავის დაგმობ და განიკითხავ ადამიანთაგან, რათა ღმერთმა არ უგულებელყოს შენი ლოცვა-ვედრება.

* ბრძენი იყავ და მდუმარებით დაუყავ პირი იმათ, ვინც ბოროტს იტყვის შენზე! არ განურისხდე მათ და არც აგინო.

* თავი შეიკრძალე, ჰოი, კაცო, და ხელმწიფებით იპყარ ენა შენი, რათა არამრავლად ისიტყვო და ამით ცოდვებიც არ განიმრავლო!
წმინდა ანტონი დიდი

ნუ განიკითხავ, უფრო მეტად შენი ცოდვისთვის იტირე, როგორც გამცნო ირემიამ: "ჰყავ თავისა შენისა გოდება მწარე". თუ არ შეისმენ და სხვას განიკითხავ, ჯეროვანია, მოციქულის სიტყვა შენზე ითქვას: "შენ ვინ ხარ, ესრედ ცთომილი და უგუნური, რომელიც, თვით ცოდვასა შინა მყოფი, სხვის ცოდვას გამოიძიებ და განიკითხავ?!"

* განმკითხველობა ქრისტესია და განმკითხველობით მისი მსგავსება რომ გინდა, სხვითა რითა ხარ მსგავსი, მიჩვენე. რომელი სიმდაბლე მიიღე ცოდვილთ ცხოვრებისათვის? რომელი წყლულება და სიკვდილი თავს იდევ ცოდვილთათვის? ეს ყველაფერი ცოდვილთათვის ქრისტემ მიითვალა, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს: "იგი იწყლა ცოდვათა ჩუენთათვის და იგვემა უსჯულოებათა ჩვენთათვის". შენ არც ერთი ამათგანის გემო არ გიგემია და მხოლოდ სხვისი განკითხვა გინდა".
წმინდა ანტონ ჭყონდიდელი

თავი დავანებოთ მოყვასის განკითხვას და აღარ შეგვეშინდება გმობის გულისსიტყვებისა (გონებაში ადამიანის უნებურად გაელვებული სხვადასხვა საძაგელი აზრები - ღმერთის, სიწმინდის შეურაცხმყოფელი), რამეთუ ამ მეორის მიზეზი და ფესვი ის პირველია.
წმინდა იოანე სინელი

როცა გულის-თქმა ძვირის ხსენებისაკენ გვიწვევს და ამგვარ ვერაგობით მოაკვდინებს გონებასა ჩვენსა, მოვიგონოთ სიტყვა იგავთაგან: "გზათა ზედა სიმართლისათა სლვა ცხოვრება არს, ხოლო გზანი ძვირის-მოხსენეთანი სასიკვდინე" (12,28).

* რომელსაც ძვირის ზრახვა ნებავს ძმათა და მათის ძვირის-მეტყველებით ჰფარავს თავისს ბრალსა, უნდა მიუგო სიტყვა იგავთაგან: "ნუ მიყვარნ ძვირის-ზრახვაი, რათა არა აღიფხვრე. აღიხილენ თვალნი შენნი და განსძეღი პურითა".
ღირსი მაქსიმე აღმსარებელი

ნუ განსჯით სხვის მონას, დგას თუ ეცემა: მას ჰყავს ღმერთი, რომელსაც ძალუძს შეაჩეროს მისი დაცემა და აღადგინოს იგი დაცემის შემდეგ.

* ნურავის ატკენთ გულს და ნუ მიაგებთ გინებას გინებისა წილ, მწუხარებას მწუხარებისა წილ და ცხოვრების წიგნში ღირს მამათა გვერდით ჩაიწერება თქვენი სახელი.
სერგი ნილუსის წიგნიდან
"სიწმინდე ცხრაკლიტულში"

კაცთაგან ლანძღვა გულს მწუხარებით ავსებს, მაგრამ მომთმენთათვის ის სიწმინდის მიზეზია.

* სხვაა ბოღმითა და შურისძიების წყურვილით მხილება, სხვაა - ღვთის შიშითა და ჭეშმარიტებით.

* ნუღარ ამხელ მას, ვინც თავი დაანება ცოდვას და შეინანა. თუ ამბობ, რომ ღმერთის სახელით ამხილებ, მაშინ თავდაპირველად საკუთარი ცოდვები აღიარე.

* ვინც რაიმეს გამო ერთდროულად აქებს და აძაგებს მოყვასს, ის პატივმოყვარეობითა და შურით არის შეპყრობილი: ქებით შურის დამალვას ცდილობს, ძაგებით კი თავს მასზე უკეთესად წარმოაჩენს.

* უმჯობესია, მოყვასისთვის ღვთისმოშიშებით ვილოცოთ, ვიდრე რაიმე ცოდვაში ვამხილოთ ის.

* ნუ ამხელ ძლიერს პატივმოყვარეობაში, არამედ მიუთითე, თუ რა სირცხვილი ელოდება ხოლმე პატივმოყვარეობის გამო, რამეთუ გონიერი ამგვარად უფრო მარჯვედ არის მხილებული.

* მოისმენ რა უჯერო საუბარს, საკუთარ თავს დააბრალე და არა მის მთქმელს, რამეზე ცუდ მსმენელს ცუდი მოსაუბრე გყავდა.

* თუ დაინახავ, რომ ვინმე პირმოთნეობით გაქებს, თავის დროზე მისგან გაკიცხვასაც ელოდე.
წმინდა მარკოზ განშორებული

თუ ვინმე შენი თანდასწრებით დაიწყებს თავისი ძმის გამართლებას, თუნდაც ისეთისას, ვინც შენც განგიკითხავს, უთხარი მას მორჩილად: მაპატიე, ძმაო ჩემო, ცოდვილი ვარ და უძლური, მე თვითონ დამნაშავე ვარ იმაში, რაზეც შენ ლაპარაკობ, ამიტომ არ შემიძლია ამის მოსმენა.

* თუ გსურს ეზიარო უფლის სისხლსა და ხორცს, გაფრთხილდი, რომ არ დარჩეს შენს გულში ვინმეს მიმართ რისხვა ან სიძულვილი. თუ იცი, რომ ვიღაცას ძვირი აქვს შენს მიმართ, თავდაპირველად გამოითხოვე მისგან შენდობა, როგორც გვასწავლის უფალი ჩვენი.

* თუ მოვიდა შენთან გულისთქმა ახლობის განკითხვისა რომელიმე ცოდვის გამო, იფიქრე, რომ შენ მასზე ნაკლები არ შეგიცოდავს; სიკეთე კი, შენ რომ გგონია სჩადი, ნუ დაიჯერებ, რომ ღვთისთვის მოსაწონია და არ განიკითხავ შენს ახლობელს. თავის დამდაბლება არის ადგილი შინაგანი სიმშვიდისა.

* აბბა ისაიამ, ნახა რა ერთხელ უეცრად მცოდველი ძმა, არ განიკითხა იგი, არამედ თქვა: "თუ მისი შემოქმედი ღმერთი, ამის შემყურე, არ წვავს მას, ვინ ვარ მე, რომ ვამხილო იგი?
აბბა ისაია განდეგილის დარიგებანი

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცდურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.

* სანამ კაცი ცოცხალია, ნურც ნეტარყოფ და ნურც განიკითხავ მას! ნურავის გამო წარიკვეთ სასოს, სანამ არ გარდაცვლილა.
წმინდა ეფრემ ასური

ზოგიერთი უძლურებისა და ავადმყოფობის გამო ვერ უძლებს მთელი წირვის მანძილზე ფეხზე დგომას და სადმე ჩამოჯდება. უფალი ხედავს კაცის გულს და იცის მისი ხორციელი უძლურების შესახებ. თქვენ კი, ჯან-ღონით აღსავსენი, ნუ განიკითხავთ მას, ახალგაზრდაა იგი თუ ხნიერი, ნუ მისცემთ შენიშვნას. ეს თვით იმ ადამიანის სინდისის საქმეა.
წმინდა გაბრიელ ქიქოძე
ბეჭდვა
1კ1