შენში, ადამიანო, უფლის წვდომისა და შემეცნების ის საზომია შთადებული, რომლის დატევნაც შენს ბუნებას და შენს პიროვნულ შესაძლებლობებს ძალუძს
შენში, ადამიანო, უფლის წვდომისა და შემეცნების ის საზომია შთადებული, რომლის დატევნაც შენს ბუნებას და შენს პიროვნულ შესაძლებლობებს ძალუძს
სულიერ ხსნას ვერ მოიპოვებს ის, ვინც სულით და გულით, მთელი არსებით არ შეიძულებს ყოველივე იმას, რაც ნივთიერი და მიწისმიერი სხეულისთვისაა დამახასიათებელი , არ მოიძაგებს ყოველგვარ ხორციელ აღტყინებასა და ლტოლვას და საკუთარ გონებას ყოველთა შემოქმედ მამა ღმერთს არ მიაპყრობს ზეცად.

* იმ დღიდან მოყოლებული, ოდეს უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ, თვისი სახიერებითა და მოწყალებით, განმიღვიძა გონება მომაკვდინებელი ძილისგან, დიდად ვგოდებდი და უნუგეშოდ ვკვნესოდი ადამიანის უძლურების გამო და ახლაც ხშირად ვფიქრობ: განა რისი მიცემა ძალგვიძს უფლისთვის იმის სანაცვლოდ, რასაც მისგან ამჟამადაც ვიღებთ და მომავალშიც უთუოდ მივიღებთ, ანუ ყოველივე იმისთვის, რაც მას მოუმოქმედია ჩვენს დასახსნელად? აკი ანგელოზებსაც უბრძანა, ჩვენთვის ემსახურათ! აკი წინასწარმეტყველთაც განუჩინა, წინასწარ ეუწყებინათ ჩვენთვის მომავალი და წმინდა მოციქულებსაც უბრძანა, წმინდა სახარება ექადაგათ ჩვენთვის! და ყოველივე ამასაც ხომ განუზომლად აღემატება თვით მისი განგებულება, რომლითაც თავისი მხოლოდშობილი ძე მოავლინა ქვეყნად ჩვენი ხსნისთვის და სიკვდილსაც არა ჰრიდა, რათა გამოვესყიდეთ სიკვდილის, ცოდვისა და ეშმაკის ტყვეობისგან! მაშ, განვიღვიძოთ გონება ძილისგან და გულიც აღვიგზნოთ ღვთისმოშიშების ცეცხლით!

* ამქვეყნად არსებულ ქმნილებათაგან მხოლოდ ერთს - ადამიანს აქვს უნარი, თავის არსებაში მიიღოს ყოვლად უსაზღვრო ღმერთი, რადგან მხოლოდ ასეთ გონიერ ქმნილებასთან ლაპარაკობს ღმერთი - ღამით სიზმრისეულ ხილვა-ჩვენებათა მეშვეობით იქმს მას, დღისით კი - გონების გზით. თავის ღირსეულ თაყვანისმცემლებს ღმერთი ბევრ რამეს წინასწარ განუცხადებს და საცნაურად მიანიშნებს კიდეც მომავალ საუკუნო სიკეთეებს.
წმინდა ანტონი დიდი

როგორც წყაროსთვალი, განუწყვეტლივ აღმომაცენებელი კამკამა, უხვი წყლის ნაკადულისა, არასდროს აუკრძალავს მწყურვალს ყოველგვარი საფასურის გარეშე დაეწაფოს მის წყალს, ამგვარადვე საღმრთო მადლიც მისაწვდომია ყველა მსურველისათვის, რათა თითოეული თავის ნებისაებრ დატკბებოდეს მისით.

* ზეთის გარეშე შეუძლებელია კანდელის დანთება, რწმენის გარეშე კი ვერავინ აღეგზნება კეთილი აზრებით.

* სათნო-ეყო ღმერთს - აი, ესაა შენი ნეტარება. ღმერთთან ერთობაში იყო - ესაა შენი დანიშნულება, წესი ყველა შენი საქმისა.

* ქრისტე ჩვენი მსგავსი შეიქმნა, რათა ჩვენც მისი მსგავსნი შევექენით; უკვდავი მოკვდავებთან გარდამოხდა ზეცით, უკვდავებად გვაქცია ჩვენ, სიკვდილს დაქვემდებარებული ადამიანები, და კვლავ ზეცად ამაღლდა მამასთან, რათა ჩვენც ამა ქვეყნიდან იქ აღგვამაღლოს.
წმინდა ეფრემ ასური

აუცილებლობით და იძულებით კი არა, ჩვენი თავისუფალი ნებიდან მომდინარე გადაწყვეტილებით მოვიპოვებთ ღმერთის შვილობას, ღმერთის ძეობას - არა რწმენით აღვსებამდე, არამედ ჩვენი რწმენისა და თავისუფალი ნებელობის შედეგად.

* ღმერთის საქმეა - მოგანიჭოს მადლი, შენი მოვალეობა კი მისი დაცვა და შენარჩუნებაა.
წმინდა კირილე იერუსალიმელი

უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა... ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუკი გრძნობებს დავიხშობთ, უარვყოფთ სხეულსაც და ყოველივე ამქვეყნიურსაც. თუკი უკიდურესი საჭიროება არ გვექნა, არ შევეხოთ არაფერს კაცობრივს, ვესაუბროთ მხოლოდ საკუთარ თავს და შემოქმედ ღმერთს, ვიცხოვროთ ხილულზე აღმატებულად, ყოველთვის ვატარებდეთ საკუთარ თავში ღვთაებრივ სახეებს - წმინდათ, ქვენა და მომატყუებელ შთაბეჭდილებათაგან შეურყვნელთ, ვიყოთ და განუწყვეტლივ შევიქნებოდეთ სარკედ ღმრთისა და ღმრთაებრივისა, ნათელზე ნათელს ვუმატებდეთ, ნაკლებ მანათობელზე - ყველაზე მეტად გაბრწყინებულს, მანამდე, სანამ იმქვეყნიური გაბრწყინების წყაროს არ მივაღწევთ და ნეტარ დასასრულს არ ვეწევით, როცა სინამდვილის სიცხადე ყოვლადუსარგებლოდ არ გადააქცევს სარკეებს.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

გულისხმისმყოფელი და კეთილგონიერი სული, მთელი ქმნილებაც რომ მოვლოს, ვერსად პოვებს მოსვენებას, თუ არა მხოლოდ უფალში. და უფალიც მხოლოდ ადამიანს სათნო-იყოფს, მისკენ მიმართავს თავის კეთილგანწყობას.
წმინდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი

შენში, ადამიანო, ღმერთის წვდომისა და შემეცნების ის საზომია შთადებული, რომლის დატევნაც შენს ბუნებას და შენს პიროვნულ შესაძლებლობებს ძალუძს, რამეთუ შენი არსების შედგენილობაში ღმერთმა ისე აღბეჭდა საკუთარი საღმრთო ბუნების სიკეთეთა მსგავსება, როგორც ცვილზეა ხოლმე აღბეჭდილი რაღაც კეთილი გამოსახულება.

* უფალი ნეტარებად ხმობს არა რაიმეს ცოდნას ღმერთის შესახებ, არამედ თვით ღმერთის შეძენას ადამიანის მიერ საკუთარ არსებაში, ანუ ღმერთით აღვსებასა და შემოსვას, რასაც წმინდანნი აღწევენ.
წმინდა გრიგოლ ნოსელი

ყველაზე ცხადი საბუთი იმისა, რომ ყოველი ცოცხალი არსება საზრდოს საჭიროებს, არის შიმშილის გრძნობა, რაც ამქვეყნად არსებულ ყველა ცოცხალ არსებას აქვს. ამგვარადვე, ყველაზე ძალუმი დასაბუთება ღმერთის არსებობისა ის არის, რომ ყველა კეთილი გული სწორედ თავის დაბადებულს - შემოქმედ ღმერთს მიესწრაფვის.

* როგორც სხეული კვდება, თუკი მას სული გაეყრება, ასევე სულიც მკვდარია ღმერთთან ერთობისა და თანაზიარობის გარეშე.
ნეტარი ავგუსტინე

ჭეშმარიტების შეცნობა სხვა არაფერია, თუ არა საღმრთო მადლის ჯეროვანი მიღება... ქრისტიანისათვის შეუძლებელია ღვთის წყალობის მოპოვება, თუკი არ შეიცნობს ამ მადლს... სხვა რამ სახითა და საშუალებით ვერავინ იხსნის თავს და ვერ ცხოვნდება: ცხოვნებისთვის ყოვლად აუცილებელია საღმრთო მადლის შეძენა, რომელმაც საბოლოოდ უნდა განაღმრთოს ადამიანი, ანუ ღმერთად აქციოს მადლის მიერ.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი
ბეჭდვა
1კ1