მადლის გარეშე ქრისტიანი სულით მკვდარია
მადლის გარეშე ქრისტიანი სულით მკვდარია
მადლს, თუკი სურს, შეუძლია მოძღვარი - წინასწარმეტყველად, მეთევზე კი მოციქულად აღამაღლოს.

***
უფალი უხვად გვანიჭებს მადლს, მაგრამ ამაოდ არ ფანტავს.

***
მადლი არის უფლის ნიჭი, რომელიც ერთგულ და გულმოდგინე მონას ამდიდრებს, ორგულ და ზარმაცს კი სჯის და განეშორება.

***
"სულს ნუ დაივიწყებთ", - ამბობს მოციქული და ამით გვასწავლის: ჩვეულებრივი ცეცხლი ქრება, თუ მას საწვავს არ დავამატებთ და მით უფრო ჩქარა ჩაქრება, თუ წყალს დავასხამთ, ასევე, ჩვენს სულშიც მადლის ცეცხლი აუცილებლად შემცირდება წმინდა აზრების, წმინდა შეგრძნებების, ღვთივსათნო განზრახვათა და საქმეების შემცირებისას, და კიდევ უფრო მალე ჩაქრება, როცა სულს იმით ამოვივსებთ, რაც სიწმინდისთვის მიუღებელია.

***
ვისაც თავის თავში ღვთის მადლის შენარჩუნება სურს, დაე, იყოს მადლიერი - როცა იგი ეძლევა, ხოლო მომთმენი - როცა ერთმევა. დაე, ილოცოს, რათა დაუბრუნდეს მადლი და დამდაბლდეს, რათა არ დაკარგოს იგი.

***
მადლის დაკარგვა ყველა დანაკარგზე საშინელია: არაფერია მადლდაკარგული კაცის მდგომარეობაზე დიდი უბედურება. ცოტას თუ დაუბრუნებია იგი უდიდესი ღვაწლით. განუწყვეტლივ უნდა ვზრუნავდეთ და ვუფრთხილდებოდეთ მას. მადლი გვეძლევა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის გულმოწყალებით, მაგრამ მის დასაცავად საჭიროა პირადი ძალისხმევა.

***
უფალი ყოველგვარ ვითარებაში ადამიანებთანაა და ხედავს თავისი ერთგული მონების უბედურებას, მაგრამ ზოგჯერ განეშორება კიდეც მათ, რათა უფრო მეტი სიუხვით დააჯილდოოს გამოცდაგავლილი ღვთისმოსაობა. მშობლებიც ხშირად ასევე, გონების განვითარებისა და გამოცდილების მისაღებად, შვილებს უცხო ქვეყნებში გზავნიან. წმინდა ანტონი დიდი, რომელსაც ბოროტი სულები ცდიდნენ და აწვალებდნენ, ტანჯვა-წამებისას იესო ქრისტეს ვერ ხედავდა. შემდეგ, როდესაც იხილა იგი, წყენით შესძახა: "სად იყავი, უფალო ჩემო, სად იყავი?" - "მე აქ ვიყავი და შენს მამაცობასა და მოთმინებას ვუყურებდი", - იყო მაცხოვრის პასუხი.

***
მადლის ნუგეში ზოგჯერ იმათაც მოაკლდება, ვინც სათნოებით აღსავსე, თუნდაც მოსაგრე ცხოვრებას ეწევა. მაგრამ ეს არ არის მადლის დაკარგვა და ამან არ უნდა შეგვაწუხოს, ის იფარება და ადგილს მისდამი რწმენისა და მოთმინების უმაღლეს ღვაწლს უთმობს.

***
რა ზომის სარწმუნოებითაც აღვასრულებთ ღვთის მცნებებს, სულიწმინდა თავის ნაყოფს იმდენად აღმოაცენებს ჩვენში.
წმინდა მარკოზ მოსაგრე

***
ღვთაებრივი მადლი და ადამიანის ძალისხმევა ერთად უნდა მოქმედებდეს. მიწა მხოლოდ მაშინ იძლევა ნაყოფს, როცა უფალი აკურთხებს, ჩვენ კი ვშრომობთ.

***
ქრისტიანობაში ყველაფერი მადლითაა და არაფერია მადლის გარეშე. დაე, ყოველი ჩვენგანი ზრუნავდეს მადლის მოსახვეჭად.

***
მადლი ადამიანის სულიერ ცხოვრებაში იგივეა, რაც ფიზიკურ ცხოვრებაში - სუნთქვა. ადამიანი სუნთქვის გარეშე სხეულით მკვდარია, ქრისტიანიც, მადლის გარეშე, ქრისტიანი არაა (რომ. 8,9), სულით მკვდარია (ეფ. 2,1).

***
მადლი ჩვენთვის იგივეა, რაც მზე - მიწისთვის, ის გვანათლებს, გვათბობს და გვაცოცხლებს.

***
უფალი ძალას არ ატანს მას, ვისაც არ სურს, იგი მხოლოდ მსურველებს იზიდავს.

***
უფალი ღმერთი ხელს გიწვდის: გაუწოდე შენც.
წმინდა იოანე ოქროპირი

***
მადლი არ განაქარვებს სიძნელეებს, არამედ გვეხმარება მათ დაძლევაში.

***
ღვთის მადლი მხოლოდ მათ აცხოვნებს, ვისაც სურს და არა მათ, ვისაც ეს არ უნდა.
წმინდა ტიხონ ზადონელი

***
მადლი, როგორც კი ნახავს, რომ ადამიანის გონებაში ეჭვი ჩნდება და იგი თავს აღიმაღლებს, მაშინვე უშვებს, რომ მის წინააღმდეგ გაძლიერდეს და განმტკიცდეს განსაცდელები, ვიდრე არ შეიცნობს თავის უძლურებას და სიმდაბლით არ მიექცევა უფალს.
წმინდა ისააკ ასური

***
მარტო ის კი არ არის დამღუპველი, რომ ღვთის საქმე არ აკეთო, არამედ მისი დაუდევრად კეთებაც (იერ. 48,10).

***
როგორც ყველაზე ჯანმრთელ თვალს არ ძალუძს, ხედავდეს მას, რაც სხივით არ არის განათებული, ასევე ადამიანი, რაც არ უნდა გარეგნულად პატიოსანი იყოს, ვერ შეძლებს, ღვთის მადლის გარეშე ცხოვრება სათანადოდ განვლოს.
ნეტარი ავგუსტინე
ბეჭდვა
1კ1