დიდია ის კაცი, რომელიც გინებას სიხარულით აიტანს, ხოლო წმინდა და პატიოსანია, ვინც ქებას უვნებელი გადაურჩება
დიდია ის კაცი, რომელიც გინებას სიხარულით აიტანს, ხოლო წმინდა და პატიოსანია, ვინც ქებას უვნებელი გადაურჩება
თქვა ნეტარმა კომასემ: განუშორებელია დიდება მდაბალთაგან. თუმცა ისინი სიმდაბლის გამო მას გაურბიან, მაგრამ როგორც სულიწმინდა ამბობს "იგავებში", თან დაჰყვება დიდება მდაბალთ.
პატერიკი

თუკი ღმრთის გზაზე სიარული გსურს, ნუ ეძებ პატივს. გზა ღმრთისა მხოლოდ ისაა, რომ კაცმა ყველაფერში უარყოს საკუთარი ნება და თავი უკანასკნელად, ყველაზე უმცირესად მიიჩნიოს.
წმინდა ბარსანოფი დიდი

დიდია ის კაცი, რომელიც გინებას სიხარულით აიტანს, ხოლო წმინდა და პატიოსანია, ვინც ქებას უვნებელი გადაურჩება.

* სხვაა გონება საყდარზე ამაღლებულისა და სხვა - სკორეზე მჯდომარისა. და იქნებ ამიტომაც იჯდა ქალაქგარეთ სასკორეზე დიდი და მართალი იობი, რამეთუ სრული სიმდაბლე მოიპოვა და თქვა სულიერი შემეცნებით: "დავიკნინე თავი ჩემი და დავლსბი, და შევრაცხე თავი ჩემი მიწა და ნაცარ". (იობ. 42,6).
წმინდა იოანე სინელი

როგორც პორფირით შემოსილი კაცი გაიქცევა, თუკი უწმინდურ ძონძს მიუგდებენ, რომ ძვირფასი სამოსი არ შეიბილწოს, ასევე გაურბიან კაცთაგან დიდებას სათნოებით შემკული წმინდანები, რომ არ შეიბილწონ მისგან, ხოლო კაცობრივი დიდების მაძიებელნი იმ შიშველ კაცს ჰგვანან, რომელიც მცირე ძონძს დაეძებს სიშიშვლის დასაფარავად. ასე ეძებენ სათნოებებისგან შიშველნი დიდებას კაცთაგან. სიმდაბლის გამო წმინდანები უარს ამბობდნენ, როცა ღმერთი კაცთა დასახმარებლად გზავნიდა ხოლმე მათ. მოსე ამბობდა: "გევედრები შენ, მიავლინე სხვა უძლიერესი ჩემსა, რამეთუ მე ხმაწულილ ვარ და ენამძიმე", ხოლო იერემია ამბობდა: "ჭაბუკ ვარ მე" (იერ. 1,6). ერთი სიტყვით, ყველა წმინდანმა სიმდაბლე მცნებათა აღსრულებით მოიპოვა. მაგრამ რა არის ეს სიმდაბლე და როგორ იშვება სულში, ამის სიტყვით გამოთქმა არავის ძალუძს. თუკი კაცი გამოცდილებით არ შეიცნობს სიმდაბლეს, მხოლოდ სიტყვებით ვერ მიხვდება ამას.
წმინდა ამბა დოროთე

როცა ამა ქვეყნის ძლიერთა წინაშე აღმოჩნდები, გაიხსენე, რომ ყოვლადძლიერი ღმერთი ყოველივეს ხედავს და ეცადე, სწორედ მას სათნო-ეყო და არა - ძლიერთა ამა ქვეყნისა.
წმინდა ანტონი დიდი

ნეტარია ის, ვისაც მარადის თვალთა წინაშე აქვს ამ ქვეყნიდან თავისი განსვლის მომავალი დღე და ვისაც მანამდე მოუძაგებია ამპარტავნება, სანამ ჩვენი ბუნებითი სიკნინე საფლავში განხრწნით გაცხადდებოდეს.
წმინდა ეფრემ ასური

თუკი მეტისმეტად მდაბალი და კნინი მოგეჩვენება საკუთარი თავი, შეგახსენებ, რომ შენ ქრისტეს ქმნილება ხარ, ქრისტეს სუნთქვა, ქრისტეს პატიოსანი ნაწილი და ამიტომ - იმავდროულად ზეციურიც და ქვეყნიერიც; ქმნილება, რომელსაც მარად მოიხსენიებენ ზეცაში; შექმნილი ღმერთი, რომელიც ქრისტეს ვნებათა გზით მიემართება უხრწნელი და წარუვალი საუკუნო დიდებისკენ.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

როცა ადამიანი გონებით ამაღლდება და ასე იტყვის ხოლმე საკუთარი თავისთვის - უკვე შემიძენია სათნოებანი და კეთილად წარმემართება ცხოვრების გზაო, მაშინ უწყოდეთ, რომ დიდად შეუცოდავს ასეთ ადამიანს და თვითვე განუსჯია საკუთარი თავი, რამეთუ იგი არ დაელოდა ჭეშმარიტი მსაჯულის - ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდებით მეორედ მოსვლას ამქვეყნად განსჯად ცოცხალთა და მკვდართა.

* თუკი თავმდაბლობა, სიყვარული, გულწრფელობა და სიკეთე არ შეამკობს ჩვენს ლოცვა-ვედრებას ღმერთის წინაშე, მაშინ ვერანაირ სარგებლობას ვერ მივიღებთ. და ეს ეხება არა მხოლოდ ლოცვას, არამედ ყველა ჩვენს საქმესა და ღვაწლს - უქორწინებლობა იქნება ეს თუ მარხვა, მღვიძარება თუ ღვთის დიდებისმეტყველება, ანდა სხვა რამ საქმე, რომელთაც ღმერთის სათნოსაყოფად მოვიმოქმედებთ.

* დიდება უფლის სახიერებას, წყალობასა და სიყვარულს, რამეთუ ესოდენი პატივისა და დიდების ღირსნი გაგვხადა, რომ ვიწოდებოდეთ ძეებად მამისა ჩვენისა ზეცათაისა და ძმებად ქრისტესი. ამინ.
წმინდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი

ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დატკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დატკბებიან ცათა შინა.

* აწინდელ, ქვეყნიურ დიდებას და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.

* რა ზომითაც მზის სხივია აღმატებული კანდელისაზე, იმ ზომითვე და გაცილებით უფრო მეტადაც მომავალი ცხოვრებაა აწინდელზე უმჯობესი.
წმინდა იოანე ოქროპირი

ის მანკი, რომლითაც პირველად იქნა ძლეული ადამიანი, სულ უკანასკნელად დაიძლევა ჩვენს მიერ, რადგან როცა ყველა ცოდვას ვძლევთ, ის საშიშროება დაგვემუქრება, რომ საკუთარი კეთილდღეობისა და წარმატებულობის შეგრძნებისას, შესაძლოა, ოდენ საკუთარი თავით და ჩვენი ძალებით ვიქადოდეთ, და არა - უფლის ძლიერებით, რომელმაც მოგვმადლა წარმატება.
ნეტარი ავგუსტინე
ბეჭდვა
1კ1