სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
სულიერი დარიგებები მართლმორწმუნეთ
(ამონარიდები წმინდა მამათა ნაწერებიდან)
უფალს ისე არაფერი სძაგს, როგორც ამპარტავნება, რადგან მის მიღმა საკუთარი თავის ღმერთთან გატოლების სურვილი იმალება.

***
თავმდაბალი ცოდვილნი კეთილი საქმეების გარეშეც გამართლდებიან, მართალნი კი ამპარტავნებით მრავალი წლის შრომას დაღუპავენ.

***
თუნდაც კაცმა მრავალი კეთილი საქმე აღასრულოს და ყოველგვარი სათნოებითაც იყოს შემკული, თუ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვს, იგი ყველაზე ღატაკი და შეჩვენებულია.

***
დღეს ხშირად გვესმის იგავი: "ცუდია ის მეომარი, რომელსაც მხედართმთავრობა არ სურს". ეს არ არის სოლომონის იგავი, არამედ ხორციელი და ამაო სიბრძნეა. ჭეშმარიტი სიბრძნე კი ბრძანებს: "ვინც მაღლად აღაშენებს თავის სახლს, იგი დაეცემა" (იგ. 17:16); და კიდევ: ყველა გულზვიადი ბილწია უფლის წინაშე (იგ. 16:5). ამასვე ეთანხმება იგავი იმისა, ვინც სოლომონზე აღმატებულია: "რომელმან აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს" (ლუკ. 18:14).

***
დაცემისას ოხრავდე, წარმატების ჟამს კი ნუ გაამაყდები.

***
ამაყი, მაგრამ ამპარტავანი ადამიანები ჰგვანან ცარიელ ჭებს, რომლებიც თავს სხვაზე მეტად აღიმაღლებენ.

***
ვინც თავს აღიმაღლებს ბუნებრივი ნიჭებით, ანუ გონებამახვილობით, მიხვედრილობით, მჭევრმეტყველებით, სწრაფი მოსაზრებულობით და სხვა მონაცემებით, რომლებიც ღვაწლის გარეშე აქვს მიღებული, ის ვერასოდეს მიიღებს ზეგარდმო მადლს, რამეთუ მცირეში უმართებულო მრავალშიც უმართებულო და პატივმოყვარე იქნება.

***
თუ თავი ჭკვიანი გგონია, უკვე უგუნური ხარ.

***
ამპარტავანი თავის პატივისმცემელთ არაფრად მიიჩნევს, მისთვის მიგებულ პატივს კი დიდად აფასებს.

***
ვინც თავს თვითონვე აღიმაღლებს, ამით აბუჩად იგდებს თავს, ხოლო ვინც თავს გულწრფელად დაიმდაბლებს ყველას წინაშე, ის უყვართ.

***
ყველა ადამიანი შენზე აღმატებულად მიიჩნიე.

***
მართალია, გონიერი ხარ, მაგრამ სხვა მაინც გჭირდება.

***
ერთმანეთის წინაშე თავს ნუ აღვიმაღლებთ, რადგან მიწა ყველას გაგვათანასწორებს და თითოეულს თანაბარ წილს მიაგებს.

***
გეშინოდეს და თავი აარიდე არა მხოლოდ სიამაყეს, არამედ ყველაფერს, რასაც მასთან მიჰყავხარ, განსაკუთრებით - პატივმოყვარეობას, როგორც ამპარტავნების წინამორბედ ნაკლს ზნეობრივი დაცემის კიბეზე.

***
თავს როგორ იქებ მაშინ, როდესაც ღმერთს უნდა ადიდებდე?!

***
ვინც პატივმოყვარეობით არ არის შეპყრობილი, იგი არ ჩავარდება ღვთისმებრძოლ, უგუნურ ამპარტავნებაში.

***
ერთმა მეუდაბნოე ბერმა თქვა: "უმჯობესია თავმდაბლობით გაიმარჯვო, ვიდრე ამპარტავნებით".

***
უმჯობესია თავმდაბლად აღიარო ცოდვები, ვიდრე სათნოებებით მოგქონდეს თავი.

***
უფალს უყვარს თავმდაბალი ცოდვილი, რომელიც გულით გლოვობს საკუთარ ცოდვებს და უარყოფს ამპარტავან მართალს, რომელიც საკუთარ თავს ცოდვილად არ მიიჩნევს.

***
ამპარტავნება ჰგავს მაღალ, მოხრილ ხეს, რომელსაც ტოტები მომტვრეული აქვს. თუ ვინმე მასზე ავა, მეყსეულად ჩამოვარდება სიმაღლიდან.

***
უფრო მეტად ცხოვრებით ამაღლდი, ვიდრე აზრით. ცხოვრებამ შეიძლება ღმერთს მიგამსგავსოს, აზრს კი უდიდეს დაცემამდე მიჰყავხარ.

***
უდიდესია თავმდაბლობის სიმაღლე, ღრმაა ამპარტავნების უფსკრული; ამიტომაც გირჩევთ, შეიყვაროთ პირველი და არ ჩაცვივდეთ მეორეში.

***
საკუთარი თავით მეტისმეტი უკმაყოფილება სისუსტეა, მეტისმეტი კმაყოფილება კი - სისულელე.

***
ამპარტავანს არ ძალუძს, დიდხანს იფიქროს, რადგან სურს, ჭკვიანი ჩანდეს და სხვების წინაშე ბრწყინავდეს.

***
ნეტარია, ვისაც თვალწინ აქვს წუთისოფლიდან გასვლის დღე და შეიძულებს ამპარტავნებას ჯერ კიდევ მანამდე, ვიდრე გამომჟღავნდება ჩვენი ბუნებრივი არარაობა კუბოში ხრწნილებით.

***
თავს სხვებზე მაღლა ნუ დააყენებ, რათა ღვთის წინაშე უფრო დაბლა არ დადგე.
ბეჭდვა
1კ1