ვშიშობთ, რაიმე საქმეში მარცხი არ ვიწვნიოთ
ვშიშობთ, რაიმე საქმეში მარცხი არ ვიწვნიოთ
სიამოვნებათა შესახებ
სიამოვნებანი ორი სახისა არსებობს: სულიერი და ხორციელი. სულიერი სიამოვნებანი თვით სულს განეკუთვნებიან. ამგვარია ის სიამენი, რომელთაც სულს ცოდნის შეძენა და შემეცნება ანიჭებს. ხორციელი სიამენია ის, რომლებშიც სულიც მონაწილეობს და სხეულიც, რის გამოც იწოდებიან კიდეც ამგვარად. ასეთია, მაგალითად, საზრდოს მიღებით, ხორციელი შეერთებით განცდილი ნეტარებანი და სხვა. არ არსებობს მხოლოდ სხეულისთვის დამახასიათებელი სიამენი.

მეორე მხრივ, სიამეთაგან ერთნი - ჭეშმარიტი სიამენია, სხვანი კი - მხოლოდ მოჩვენებითი. ის სიამენი, მხოლოდ გონებას რომ განეკუთვნებიან, შემეცნებისა და ჭვრეტისგან მომდინარეობენ, ხოლო ხორციელ სიამეთა წყარო გრძნობაშია. სიამენია ისიც, ურომლისოდაც ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელია - რომელთაც ადამიანი საზრდოს მიღებისა და შესამოსლისგან იღებს. მეორე სახის სიამენიც ბუნებრივია, ოღონდ არა აუცილებელი. მაგალითად, სქესობრივი ურთიერთობანი, ბუნებითნი და სჯულიერნი. სქესობრივი შეერთება, საზოგადოდ, განაპირობებს ადამიანთა მოდგმის გაგრძელებას, მაგრამ უამისოდ ცხოვრება მაინც შესაძლებელია და მაგალითები უქორწინებლად და ქალწულებით ცხოვრებისა უამრავია. მესამე სახის სიამენი არც აუცილებელია ადამიანისთვის და არც ბუნებრივი. ასეთია: სიმთვრალე, გემოთმოყვარეობა და ნაყროვანება. ეს სიამენი არ განაპირობებენ არც სიცოცხლის შენარჩუნებას, არც შთამომავლობის გაგრძელებას, პირიქით, დიდ ზიანს გვაყენებენ. ამიტომაც ყოველმა კაცმა, ვინც საღმრთო ნებასთან შეთანხმებულად ცხოვრობს, მხოლოდ აუცილებელი და ბუნებრივი სიამენი უნდა ეძიოს; ხოლო ის სიამენი, რომლებიც ბუნებრივია, მაგრამ არა აუცილებელი, მეორეხარისხოვნად ჩათვალოს თავისთვის და მხოლოდ შესაფერ დროს, საფერი სახით ჯეროვანი ზომით მიიღოს. სხვა სახის სიამოვნებებს ადამიანი ყოველმხრივ უნდა ერიდებოდეს.

კეთილ სიამეებად უნდა ვაღიაროთ ის სიამენი, რომელთაც მწუხარება და უკმაყოფილება არ მოაქვთ და არ გვაძლევენ მიზეზს შემდგომი სინანულისთვის. ასევე არც სხვა სახის ზიანი მოაქვთ, ზომიერნი არიან, მეტისმეტად არ მოგვაშორებენ მნიშვნელოვან საქმეებს და არაფრით გვიმონებენ.

უსიამოვნების (მწუხარების) შესახებ
უსიამოვნებანი ოთხი სახისა შეიძლება იყოს: მწუხარება, სევდა, შური და თანალმობა. მწუხარება, დარდი იმგვარი უსიამოვნებაა, რომელიც ხმას უკარგავს ადამიანს. სევდით შეპყრობილს გული აქვს შეწუხებული. შური ის უსიამოვნებაა, რომელსაც ადამიანი სხვათა კეთილდღეობის გამო განიცდის; თანალმობა კი იმგვარი უსიამოვნებაა, რომელიც ადამიანს სხვა უბედურების გულთან ახლოს მიტანის გამო ეწვევა.

შიშის შესახებ
შიშიც რამდენიმე სახისაა: გაუბედაობა (ყოყმანი), მოკრძალება, სირცხვილი, თავზარდაცემა, გაოცება და შფოთვა (წუხილი). გაუბედაობა არის შიში მომავალი მოქმედების გამო, სირცხვილი - მოსალოდნელი გაკიცხვის წინაშე ჯერ არჩადენილი მოქმედებისთვის. ეს ყველაზე მშვენიერი გრძნობაა. მოკრძალება არის შიში უკვე ჩადენილი სამარცხვინო საქმის გამო. ეს გრძნობაც მნიშვნელოვანია ადამიანის ხსნისთვის. თავზარდაცემა არის შიში რაიმე დიდი მოვლენის წინაშე, ხოლო გაოცება - უცნაური, საკვირველი მოვლენის გამო. შფოთვა-წუხილი არის შიში წარუმატებლობის ანუ იმედების გაცრუების წინაშე, რადგან, როცა ვშიშობთ, რაიმე საქმეში მარცხი არ ვიწვნიოთ, მაშინ ვშფოთავთ და მოსვენებას ვკარგავთ.

მრისხანების შესახებ
მრისხანება არის სისხლის დუღილი გულში და მის სიახლოვეს, რაც ხდება ნაღვლის აორთქლებისა თუ ამღვრევის გამო. ზოგჯერ მრისხანებას თან ახლავს შურისძიების გრძნობაც: როცა შეურაცხგვყოფენ, ანდა გვგონია, რომ შეურაცხგვყვეს, მრისხანება შეგვიპყრობს ხოლმე ანუ იმ გრძნობით ვართ აღვსილი, რომელშიც აღრეულია რისხვა მრისხანებისა: გაღიზიანება (გაფიცხება) და კიდევ - გაბოროტება და შურისძიება. გაბოროტება არის ხანგრძლივი მრისხანება ანუ დახსომება ბოროტისა, გულღრძოობა. შურისძიების გრძნობა იმგვარი მრისხანებაა, რომელიც ხელსაყრელ შემთხვევას ეძიებს ბოროტისთვის სამაგიეროს გადასახდელად.

მრისხანება გონებისმიერი გრძნობაა და ნება-სურვილთა დამცველია. მაგალითად, როცა რაიმე საქმის გაკეთება გვსურს და ვინმე ამაში ხელს გვიშლის, რისხვით აღვივსებით ხოლმე მის მიმართ, რადგან გვგონია, უსამართლოდ გვექცევიან.

შინაგანი და გარეგანი (გახმიანებული) სიტყვის შესახებ
(ადამიანის) სულის გონიერი ნაწილი განიყოფება შინაგან (წარმოთქმულ) სიტყვად და გარეგან (წარმოუთქმელ) სიტყვად. შინაგანი სიტყვა წარმოადგენს გონებაში მიმდინარე მოძრაობას, რომელიც არანაირად არ გამოიხატება მეტყველებით. ამიტომ ხშირად შეგვიძლია მდუმარედ, გონებაში წარმოვთქვათ სიტყვები, უხმოდ ვილაპარაკოთ, ანდა სიზმარში, ძილში ვიბუტბუტოთ. მეტყველების ამ სახეობის გამო შინაგანი სიტყვის ძალით ვართ გონიერსიტყვიერი არსებანი, რამეთუ დაბადებით უტყვნი ანდა სნეულების შედეგად მეტყველების უნარს მოკლებულნი გონიერი (სიტყვიერი) არსებანი არიან, მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების ხმამაღლა წარმოთქმა არ ძალუძთ.
გარეგანი სიტყვა გახმიანებულ მეტყველებაში და სხვადასხვა ენაში არსებობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, გარეგანი სიტყვა ბაგეებითა და ენით წარმოთქმული, ჰაეროვან სივრცეში გახმიანებული სიტყვაა, ამიტომ ეწოდება წარმოთქმული ანუ გარეგანი სიტყვა. იგი არის მაცნე აზრისა. სწორედ ამ გარეგანი სიტყვის გამო ვართ მეტყველების უნარის მქონე არსებები.

იოანე დამასკელის "ზუსტი გადმოცემა
მართლმადიდებელი სარწმუნოებისა" მიხედვით
ბეჭდვა
1კ1