ჯვრის ნიში გამოისახა და მშვიდად შესვა სასმისი
ჯვრის ნიში გამოისახა და მშვიდად შესვა სასმისი
წმინდა გრიგოლ დიოლოგოსი - "დიალოგები"
თავი IV.
ამბავი დაციუსისა, მედიოლანელი ეპისკოპოსისა
გრიგოლი: - იმ ღამეს, როცა ირგვლივ ყველაფერი დამშვიდდა და მონა ღვთისამ მოისვენა, ეშმაკმა დაუწყო მიბაძვა ლომის ღრიალს , ცხვრის ბღავილს, ვირის ყროყინს, გველის სისინს, ღორის ჭყვიტინს და თაგვის წრუწუნს. დაციუსი წამოდგა, მიუბრუნდა ეშმაკს და განრისხებულმა უყვირა: - საქმეთაებრ შენთა მოგეზღო, წყეულო, რომ შენ, რომელიც ამბობდი: დავდგამ ჩემს ტახტს ჩრდილოეთით და მეუფის მსგავსი ვიქნებიო, ახლა ღირსი გახდი მხეცების მიბაძვისა. ამ სიტყვების მერე არაწმინდა სულს თითქოსდა შერცხვა თავისი უღირსების. მას მერე, რაც სახლში შევიდა ერთი ჭეშმარიტად მორწმუნე კაცი, ცრუ და არაწმინდა სულმა მაშინვე დატოვა იქაურობა. იმ დღიდან იქ ქრისტიანებმა დაიწყეს ცხოვრება.

ახლა კი დავუტევოთ იმაზე თხრობა, რა იყო ძველად და ჩვენი დროის ამბებს მივუბრუნდეთ.

თავი V. ამბავი
საბინისა, კანუზის ეპისკოპოსისა
მთელი აპულიის მხარის ცნობილი ღვთისმოშიში კაცები მოგვითხრობენ, რომ კანუზის ეპისკოპოსმა საბინმა ღრმა სიბერის გამო მხედველობა დაკარგა. გუთების მეფე ტოტილამ გაიგო, საბინს წინასწარმეტყველების ნიჭი აქვსო. არ დაიჯერა და გადაწყვიტა, შეემოწმებინა. ერთხელ, იმ მხარეში ყოფნისას ღვთის მონა საბინმა მეფე ტრაპეზზე მიიწვია. სუფრასთან მეფე, ჩვეულებისამებრ, მხართეძოზე არ წამოწოლილა, დაჯდა პატივცემული საბინის მარჯვნივ. როცა საბინის მსახურმა ჭიქით ღვინო მოართვა, მეფემ ჩუმად გამოართვა ჭიქა და მის მაგივრად თვითონ მიართვა ეპისკოპოსს. ამით სურდა გაეგო, მიხვდებოდა თუ არა ეპისკოპოსი წინასწარმეტყველების მადლით, ვინ მიაწოდა ჭიქა. "გაუმარჯოს ამ მარჯვენას!" - თქვა ღვთის მონამ, გამოართვა ჭიქა, თუმც ვერ ხედავდა, ვინ მიაწოდა იგი. წმინდანის სიტყვებმა შეარცხვინა და იმავდროულად გაახარა მეფე, რამეთუ ნახა თავისი თვალით კაცი ღვთისა.

ღვთისმოშიშმა საბინმა ღრმა სიბერემდე იცოცხლა. მის პატივმოყვარე და გულისთქმით წაქეზებულ ერთ-ერთ არქიდიაკონს მოუნდა საბინის შემდეგ მისი კათედრის დაპყრობა და განიზრახა ეპისკოპოსის მოწამვლა. მოისყიდა მეღვინე და ღვინოში შხამის გარევა დაავალა. სადილობის ჟამს მოსყიდულმა მსახურმა საბინს მოწამლული ღვინო მიართვა. "თვითონ დალიე, რაც ჩემთვის მოამზადე", - უთხრა მას ღვთისმოშიშმა ეპისკოპოსმა. მხილებული მსახური შიშით აკანკალდა, მაგრამ გადაწყვიტა, დაელია საწამლავი, ერჩივნა, მომკვდარიყო, ვიდრე განზრახ მკვლელობისთვის დაესაჯათ. როგორც კი ჭიქა პირთან მიიტანა, ღვთის კაცმა გააჩერა: "ნუ დალევ, მომეცი, მე დავლევ. შენ კი წადი და საწამლავის მომცემს უთხარი, რომ მე გესლიანი ღვინო დავლიე, ის კი ეპისკოპოსი არ იქნება". ჯვრის ნიში გამოისახა და მშვიდად შესვა სასმისი. იმავე საათს მოკვდა არქიდიაკონი, რომელიც ამ დროს სხვაგან იმყოფებოდა, თითქოსდა ეპისკოპოსის ბაგეებით შესმული ღვინო დამნაშავის წიაღში ჩაისხაო. ის საკუთარმა ბოროტებამ განგმირა საუკუნო მსაჯულის თვალთა წინაშე.

პეტრე: - საკვირველია ჩვენს დროში ამგვარი საქმის ჩადენა. შეუძლებელია არ გაოცდე ეპისკოპოსის საქმეთა დიდებულებით.

თავი VI. ამბავი
კასიანესი, ნარნელი ეპისკოპოსისა
გრიგოლი: - გუთების მეფე ტოტილა ქალაქ ნარნში ყოფნისას შეხვდა ამ ქალაქის ეპისკოპოს კასიანეს, ღვთისმოშიშად მცხოვრებ ადამიანს. კასიანე ლოყებღაჟღაჟა იყო, ტოტილას კი ეგონა, ლოთობის ბრალიაო და აგდებულად ექცეოდა. მაშინ ყოვლისშემძლე ღმერთმა ისურვა, გამოემჟღავნებინა, თუ როგორი იყო კასიანე. დაუშვა: ნარნის ველზე, მეფისა და მისი ჯარის თვალწინ, არაწმინდა სულმა შეიპყრო მისი ერთ-ერთი იარაღისმტვირთველი და ტანჯვა დაუწყო. ეს გატანჯული კაცი ღვთისმოშიშ კასიანეს მიუყვანეს. ღვთის კაცმა ლოცვა წარმოთქვა, ჯვრის ნიში გამოსახა ეშმაკეულს და ბოროტი სული გავიდა მისგან ისე, რომ მერე აღარ გაჰკარებია. ამ დროიდან მოყოლებული, მეფე ტოტილა უკვე გულწრფელად სცემდა პატივს ღვთის კაცს.

თავი VII. ამბავი
ანდრეასი, ფუნდელი ეპისკოპოსისა
დიდებულ კაცთა საქმეებზე საუბრისას ყოველთვის მახსენდება საღმრთო გულმოწყალების მოქმედება ფუნდელ ეპისკოპოს ანდრეაზე. ჩემს იმ მკითხველებს, რომლებიც საკუთარ სხეულს თავშეკავებას უძღვნიან, ვურჩევდი, არ გაკადნიერებულიყვნენ და დედათა გვერდით არ ეცხოვრათ, გაფრთხილებულიყვნენ, რათა ცოდვიანი სურვილები არ აღეძრათ მათი სიახლოვით და სულიერად არ დაეცნენ. ღვთისმოშიშ ანდრეას ცხოვრება აღსავსე იყო მრავალი სათნოებით. უბიწოების მკაცრად დამარხვა მისთვის საღმრთო განკრძალვის საგანი იყო. ეპისკოპოსად გახდომის შემდეგ თავის უბიწოებაში მტკიცედ დარწმუნებულმა, მასთან მცხოვრები მონაზონი არ დაითხოვა.

ეშმაკმა მოისურვა ამით ესარგებლა და მისი სული განეღო საცდური მისაღებად. განუწყვეტლივ წარმოუსახავდა ეპისკოპოსს ამ სახეს, არაწმინდა გულისთქმები საწოლშიც არ ანებებდნენ თავს. ერთხელ ერთი კამპანელი იუდეველი აპიის გავლით რომში მიდიოდა. მოსაღამოებულზე ფუნდის მთას მიაღწია. თავის მისაყრდნობი რომ ვერსად ნახა, გადაწყვიტა, მახლობლად მდგარ აპოლონის საკერპოში გაჩერებულიყო. შიგ შესვლისას შეშინებულმა ჯვარი გამოისახა, თუმცა კი მისი ძლიერების არ სწამდა. შუაღამის სიმშვიდეც კი შიშს ჰგვრიდა და არ აძინებდა. უეცრად საკერპოში უამრავი ბოროტი სული შემოვიდა - ამალასავით მოჰყვებოდნენ თავიანთ მეთაურს. ის უფროსი საკერპოს შუაში დაჯდა და მხლებელ სულებს დაუწყო ჩადენილი ბოროტი საქმეების გამოკითხვა. თითოეული ჰყვებოდა, როგორ აცდუნებდა მოსაგრე ადამიანებს. მერე კი გამოვიდა ბოროტი სული, რომელიც ხორციელ ვნებას აღუძრავდა ეპისკოპოს ანდრეას საეპისკოპოსოში მცხოვრები მონაზვნის სახის წარმოდგენით. ბოროტ სულთა მეთაური ხარბად უსმენდა მის მონათხრობს. ეშმაკმა ისიც აღიარა, რომ აქამდე რაიმეს გაკეთება ვერ შეძლო, იმის გარდა, რომ წინა საღამოს ეპისკოპოსს ასწავლა, არაწმინდა ფიქრით შეხებოდა მონაზონს. მაშინ ბოროტმა სულმა მთხრობელს ურჩია, დაემთავრებინა დაწყებული საქმე, რომ ამგვარი სულის დაღუპვით ის ყველა სულთა წინაშე პირველობის პალმის რტოს მიიღებდა. იქვე მყოფი იუდეველი ყველაფერს ცხადად ხედავდა. შიშით თავზარი დაეცა და აკანკალდა. ბოროტ სულთა მეთაურმა უბრძანა ქვეშევრდომთ, - ნახეთ, ჩვენს საკერპოში ძილი ვინ გაბედაო. ბოროტი სულები მიუახლოვდნენ იუდეველს, ყურადღებით დახედეს, ნახეს, ჯვრის ნიშით იყო შემოზღუდული, შეშინებულებმა წამოიძახეს: "ცარიელი, დაბეჭდილი ჭურჭელიაო". ამის თქმა და ბოროტი სულები გაქრნენ.

იუდეველი მაშინვე წამოდგა და ეპისკოპოსისკენ გაეშურა. ცალკე გაიყვანა და ჰკითხა, რაიმე განსაკუთრებული საცდური ხომ არ გებრძვისო. ეპისკოპოსს ცოდვის აღიარებისა რცხვენოდა. მაშინ იუდეველმა უთხრა, რომ მას მონაზვნის მიმართ არაწმინდა სიყვარული ტანჯავდა. "განა საღამოს იქამდე არ მიგიყვანა ამ საცდურმა, რომ თავს ნება მიეცი, ვნებიანად შეხებოდი მონაზონს?" ამის გაგონებაზე მხილებულმა ეპისკოპოსმა ყველაფერი თავმდაბლად აღიარა. იუდეველს სურდა მღვდელმთავრის უბიწოება დაცემისგან გადაერჩინა და მოუყვა, თუ როგორ შეიტყო ყოველივე. მაშინ ეპისკოპოსი სინანულის გრძნობით და ლოცვით დაეცა მიწაზე, მაშინვე დაითხოვა თავისი სახლიდან არა მარტო ის მონაზონი, არამედ მასთან მცხოვრები სხვა მორჩილი ქალებიც. ხოლო როცა აპოლონის საკერპოში წმინდა ანდრეას სახელობის ტაძარი მოაწყო, სრულიად განთავისუფლდა ხორციელი ბრძოლებისგან. იუდეველი, მამხილებელი და გადამრჩენელი მისი, მიიზიდა საუკუნო ცხოვნებისკენ იმით, რომ ნათლისღების საიდუმლო მიაღებინა. ამგვარად, ებრაელმა სხვის გადარჩენაზე ზრუნვით თავისთვისაც მოიპოვა ცხონება და ყოვლისშემძლე ღმერთმა მიიზიდა სათნო ცხოვრებისკენ.

თავი VIII. ამბავი
კონსტანცისა, აკვინელი ეპისკოპოსისა
ქალაქ აკვინში ეპისკოპოსად იყო კონსტანცი, მეტად პატივცემული კაცი. ის ნეტარხსენებულ პაპ იოანეს კათედრაზე ასვლამდე გარდაიცვალა. ამბობენ, მას წინასწარმეტყველების ნიჭი ჰქონდაო. თურმე, კონსტანცის აღსასრულის დღეს მის გარშემო თავმოყრილი ღრმად დამწუხრებული მოქალაქენი, როგორც შვილები, ეთხოვებოდნენ მოსიყვარულე მამას. აცრემლებულებმა ჰკითხეს მოძღვარს: "შენს თავს ვინ შეგვიცვლის, მამაო?" - "ჩემს შემდგომად, - უთხრა მათ წინასწრმეტყველების სულით კონსტანცმა, - ეპისკოპოსად გეყოლებათ მენახირე, მერე კი მემაუდე, ვაი შენ, აკვინა, რომ თავს მოგეწევა ეს ყოველივე!" ამ სიტყვების წარმოთქმის მერე კონსტანცი გარდაიცვალა. მართლაც, მისი სიკვდილის შემდეგ სამწყემსმთავრო ზრუნვა ეკლესიაზე იტვირთა დიაკონმა ანდრეამ, რომელიც ოდესღაც რემის გამრეკავი იყო. ანდრეას სიკვდილის შემდეგ ეპისკოპოსის პატივი გადავიდა იობინზე, რომელიც ოდესღაც ამ ქალაქში მემაუდე იყო. იობინის მმართველობის დროს იმდენი მოსახლე დაიხოცა აკვინში ბარბაროსთა მახვილით და შავი ჭირით, რომ მისი სიკვდილის შემდეგ ეპისკოპოსად ასარჩევი კაცი აღარ დარჩა.

თავი IX. ამბავი
ფრიგდიანესი, ლუკიელი ეპისკოპოსისა
ორი დღის წინ ფრიად პატივცემულმა ლუკიელმა ეპისკოპოსმა, ვენანციმ მიამბო: ლუკიაში, რომელიც მის ოლქს ესაზღვრება, ეპისკოპოსად იჯდა ფრიგდიანე, კაცი საკვირველად კეთილმოღვაწე. ყველა მცხოვრებს ახსოვს მის მიერ აღსრულებული სასწაული. მდინარე ავსერი, რომელიც ქალაქ ლუკიის კედლის სიახლოვეს მოედინება, წყალდიდობისას ხშირად დიდდებოდა, წალეკავდა ნათეს-ნარგავებს და მცხოვრებთ დიდ ზარალს აყენებდა. განიზრახეს მდინარის კალაპოტის შეცვლა. არაფერი გამოუვიდათ. მაგრამ ღვთის კაცმა ფრიგდიანემ მომცრო ფარცხი გააკეთა, მდინარესთან განმარტოებით დადგა, ილოცა, მერე კი მდინარეს გაყოლა უბრძანა. საითაც უნდოდა წყლის გადაგდება, ფარცხიც იქით წაათრია. მდინარე გაჰყვა. წარმოიქმნა ახალი კალაპოტი. მას მერე მდინარეს აღარაფერი უვნია მინდორზე ნათესებისთვის.
ბეჭდვა
1კ1