რამ დაიფარა, როგორ გადაურჩა ეს ერთი მუჭა ქართველი ერი ამდენ ჭირს
რამ დაიფარა, როგორ გადაურჩა ეს ერთი მუჭა ქართველი ერი ამდენ ჭირს
"დიდი წამება დიდბუნებოვანობის ნიშანია, როგორც დიდი ძლევაშემოსილობა. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ჰხვდება ხოლმე დიდბუნებოვან კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც ტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი უნათებს.

ამიტომაც ეკლიანი გვირგვინი წამებულისა უფრო უანგაროა, უფრო მიმზიდველია, უფრო საგულმტკივნეულოა და მაშასადამე, უფრო მშვენიერი, სასახელო და სადიდებელი. მარტო ამ წამებულთ ლოცულობს კაცობრიობა, მარტო ამ წამებულთ აღიარებს იგი წმინდანად და თაყვანსა სცემს ლოცვითა და კურთხევითა".

***
"ეკლიანი გვირგვინი, ჩვენს დღემდე მოტანილი ჩვენთა წინაპართაგან, ამ მშვენიერებითა ჰშვენის, ამ სახელითა სახელოვნობს, ამ დიდებით დიდებულობს. თუ ვისმე სამართლიანად ეთქმის, რომ თვით დაიწვენ და სხვას კი გზა გაუნათესო, ეს ჩვენ მამა-პაპას ეთქმის და მადლობელნი შვილნი ლმობიერებით პირქვე უნდა დავემხოთ მათ საფლავთა წინაშე და ვუგალობოთ დიდება დიდებულთა და ქება ქებულთა".
წმინდა ილია მართალი

"რომელი ადამიანიც თავის ერს ემსახურება კეთილგონიერად და ცდილობს თავისი სამშობლო აღამაღლოს გონებრივ, ქონებრივ და ზნეობრივ, ამით ის უმზადებს მთელს კაცობრიობას საუკეთესო წევრებს, საუკეთესო მეგობრებს, ხელს უწყობს მთელი კაცობრიობის განვითარებას, კეთილდღეობას... ყოველი მამულიშვილი თავის სამშობლოს უნდა ემსახუროს მთელის თავის ძალ-ღონით, თანამოძმეთა სარგებლობაზე უნდა ფიქრობდეს და რამდენადაც გონივრული იქნება მისი შრომა, რამდენადაც სასარგებლო გამოდგება მშობელი ქვეყნისათვის მისი ღვაწლი, იმდენადვე სასარგებლო იქნება მთელი კაცობრიობისთვის".
ვაჟა-ფშაველა

"საკვირველია, რამ დაიფარა, როგორ გადაურჩა ეს ერთი მუჭა ქართველი ერი ამდენ ჭირს, მაშინ, როცა მის ირგვლივ უმძლავრესი მეფობანი და ერნი დაეცნენ და გადაშენდნენ... რამ დაიცვა ქართველები, როგორ მოხდა, რომ ჩვენი ერი არ მოისპო? - მიზეზი ამისა ის არის, რომ ჩვენი ერი ყოველთვის საღმრთო სჯულის ერთგული იყო და ღმერთიც იფარავდა მას მეოხებითა და ვედრებითა. ყველას გვახსოვდეს, ძმანო, ეს ჭეშმარიტება და ამით ჩვენს თავს ნუგეშინისვცეთ. გვახსოვდეს, რომ ჩვენი მშვიდობა და წარმატება ჩვენი სჯულის აღსარებასა და კეთილმსახურებაზეა დამოკიდებული... მაგრამ მე ის მაკვირვებს და მაწუხებს, რომ ახლანდელ მწერლებს საკმაო ყურადღება სწორედ იმაზე არა აქვთ მიქცეული, რაც ჩვენს წინაპრებს უმეტესად შესანიშნავი და უმთავრესი თვისება ჰქონდათ, რითაც ისინი გამხნევებულნი და აღტაცებულნი იყვნენ, რაც მათ მართავდა და ძალ-ღონეს აძლევდა. ეს იყო სიყვარული საღმრთო სჯულისა და მართლმადიდებელი ეკლესიისა.

სარწმუნოებამ დაიცვა ისინი, სარწმუნოებამ გააძლებინა და მოიყვანა ვიდრე აქამომდე ჩვენი ერი".
წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი

"სამშობლოსადმი ერთგულება და მისთვის თავგანწირულად ბრძოლის ველზედ სისხლის დაწურვა დიდ-სულობის ნიშანია და თანაც ბეჭედი ერთ-გვარ მამულისშვილობისა".

***
"რას გააწყობ იმ ხალხთან, რომელსაც რჯული და ეროვნება ერთმანეთზე გადაუბამს, შეუხორცებია და სულს ხორცზე მაღლა აყენებს?"
აკაკი წერეთელი

"სიკეთე ჩვენი სამშობლოსი - იშვიათი მოხდენილობა და სიკეკლუცე მისი გარეგნობისა, სისაღე და უებრობა მისი ჰაერისა, საოცნებო სიმდიდრე და უხვი მომცემლობა მისი ნიადაგისა - იზიდავდა ამქვეყნისაკენ ყველა მესაზღვრე ერებს და უღვიძებდა მათ გაუნელებელ სურვილსა, რომ ხელში ჩაეგდოთ, დაჰპატრონებოდნენ და დაესაკუთრებინათ იგი. ამიტომ პატარა საქართველოს ხანგრძლივი წარსულის მეტი ნაწილი წარმოადგენს ყოველ მხრიდან მოსეულ მტრებთან განუწყვეტელ ბრძოლას და თუ უკანასკნელებს დაელიათ ტყვია და თოფის წამალი, თუ მათ მოუდუნდათ და დაუჩლუნგდათ ხმალ-ხანჯალი, თუ მტერმა მარტო კალთები ჩამოაცალეს ჩვენს სამშობლოს და დაპყრობა მისი მაინც ვერ შეძლეს, თუ ამ შეუწყვეტელი ხმლის ტრიალში და გამუდმებულ თოფის სროლაში გართული ქართველი არ გაველურდა გონებითა და გრძნობით, თუ, მიუხედავად სამძიმო პირობებისა, ქართველმა არამც თუ არ დაივიწყა წიგნი და მწერლობა, პირიქით, მოახერხა საკუთარი კულტურის შექმნა და სისრულის უმაღლეს წერტილამდე აიყვანა ენა და მწიგნობრობა, ეს უნდა მივაწეროთ იმ დაუვიწყარი და მადლიანი პიროვნებების ღვაწლს, რომელთა სახელებსაც სიამოვნებით იმეორებს დღეს ყოველი რიგიანი ქართველი".
კათოლიკოს-პატრიარქი ლეონიდე

"როგორც ცალკეულ ადამიანს, ისე ყოველ ერს, ღვთის განგებულებით, გარკვეული მისია აკისრია.

ადამიანმაც და ერმაც უნდა გააცნობიეროს თავისი უმთავრესი დანიშნულება და უნდა ემსახუროს მას.

ქართველი ადამიანი დაჯილდოებულია სიყვარულის განსაკუთრებული ნიჭით; ალბათ, ამიტომაა, რომ ჩვენ წილად გვხვდა მსოფლიოს უდიდესი სიწმინდე, უკერველი კვართი ქრისტესი, რომელიც სიმბოლოა ქრისტეს განუყოფელი ეკლესიისა, რომლის სწავლებასაც ოცი საუკუნეა შეურყვნელად იცავს ჩვენი ხალხი.

ეს არის ჩვენთვის განცხადებული მისია ქართველი ერისა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა მხნეობითა და დიდი თავგანწირვით აღასრულეს. თუ როგორ ვუერთგულებთ ამ გზას, ეს დიდად არის დამოკიდებული ჩვენს მომავალ თაობაზე".

***
"შეიძლება კი წარმოდგენა საქართველოს და ქართველი ხალხისა ჩვენი სარწმუნოებისა და ჩვენი ურთიერთობების, ტრადიციების, ოჯახური ყოფის გარეშე?! როგორი იქნებოდა ჩვენი ქვეყანა, რომ არ ჰყოლოდა მას ისეთი თავდადებული, ერთგული და ძლიერი დამცველნი, როგორებიც იყვნენ: წმინდა მეფე მირიანი და ნანა დედოფალი, ვახტანგ გორგასალი, დავით აღმაშენებელი, მეფე თამარი, არჩილი და ლუარსაბი, დიმიტრი თავდადებული, ქეთევან დედოფალი და ათასობით და ათიათასობით სხვა მოწამე, რომელთაც თავი დადეს მამულისა და რწმენისათვის?"
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
უწმინდესი და უნეტარესი ილია II
ბეჭდვა
1კ1