თავმდაბალი არასოდეს მრისხანებს
თავმდაბალი არასოდეს მრისხანებს
* "ამპარტავნის სული დიდ სიმაღლეზე ადის და იქიდან თავის თავს წარწყმედის უფსკრულში აგდებს".

* "ვინც ღვთის შეწევნას განეშორება და თავის ძალას მიანდობს სათნოების მოგებას, იმას სჭირს ბოროტი სნება ამპარტავნებისა".

* "კაცი ხარ უძლური, ბუნებით ეგე წესსა ზედა ბუნებისასა. მეცნიერ იყავ ნათესავისა შენისა, რამეთუ ერთისა ბუნებისანი ხართ და ნუ უარყოფ ამპარტავნების გამო თვისებასა ბუნებისასა. თუმცა მოყვასი შენი მდაბალი იყოს და შენ დიდებული, ორივენი ღვთისაგან ხართ დაბადებულნი, ამიტომ უნდოსა და მდაბალს ნუ შეურაცხყოფ, რადგან იგი უფრო მტკიცედა სდგას, ვიდრე შენ და არც ადრე დაეცემა, ხოლო თუ მაღალი დაეცა, მსწრაფლ შეიმუსრება".

* "მდაბალი სიტყვა წამალია სულისა, ხოლო ამპარტავნის ზრახვა სავსეა სილაღითა. მდაბლის ლოცვას შეისმენს უფალი, ხოლო ამპარტავნის ლოცვა კი ვერ მიაღწევს უფლის წინაშე".
წმინდა მაქსიმე აღმსარებელი

* "ანგელოზის მსგავსი რომ იყო, თუ ამპარტავნება გაქვს, მაშინ უხმარი არს. ამის მიერ დაირწმუნე ამის ჭეშმარიტება: ეშმაკი პირველ კეთილი ანგელოსი იყო, ამპარტავნებამ კი საძაგელ ეშმაკად ჰქმნა".

* "ამპარტავნება საძაგელი არის, ვითარცა ბრძანებს უფალი იესო: "ყოველი მაღალი გულითა საძაგელ არს წინაშე ღვთისა" - და სიმდაბლე ზეშთა რამ საქებელი არის, ვითარცა იტყვის დიდი იოანე სინელი: "სიმდაბლე არს უსახელო მადლი სულისა".

* "ამპარტავნების ნაყოფი ჯოჯოხეთად შთამხდელი არს, ვითარცა შთახადა ფარისეველი უფსკრულთა შინა ჯოჯოხეთისათა. სიმდაბლის ნაყოფი სასუფეველად აღმყვანებელი არს, ვითარცა ხმობს წინასწარმეტყველი დავით: "დავმდაბლდი და მაცხოვნა მე".

* "კაცი, რომელსაც კეთილი ექმნას, ქმნილს არ უნდა იხსენიებდეს, სხვა კეთილის ქმნას უნდა შეუდგეს. თუ წარსულის თვისგან ქმნილის კეთილის ხსენება დაიწყო, ამპარტავნებისგან დაინთქმის, ვითარცა ფარისეველი".
წმინდა ანტონ ჭყონდიდელი

* "ნუ აღიმაღლებ თავს შენი კეთილი საქმეებით, როგორი დიდიც არ უნდა იყვნენ ისინი".

* "ამპარტავნების სული შორს განაგდე შენი თავისაგან, ხოლო მოყვასი შენი და, საერთოდ, ყოველი ადამიანი შენზე უკეთესად და ამაღლებულად მიიჩნიე".

* "ნუ მიიჩნევ თავს ბრძნად, ნურც იტყვი, ღვთაებრივ სიბრძნეს ვარ ნაზიარებიო, რადგან ამგვარად ამპარტავნებას დაემონები და ცუდად განდიდებული სული შენი კაცთა მოდგმის მტერთა ხელთ იქნება შთავარდნილი".

* "ნუ მიიჩნევ თავს ყოვლის მცოდნედ და ღვთაებრივ სიბრძნეს მიწევნულად, სრულყოფილების რა სიმაღლეებსაც არ უნდა მიაღწიო, ნუ იტყვი ხოლმე - მეც ძალმიძს ეს, მეც კარგად ვუწყიო ეს, რადგან თუკი ასე მიეცემი ამპარტავნებას, შენი შრომა და ღვაწლი ცუდად წახდება და შენი სულის ხომალდსაც ამაოდ უცურავს აქამომდე ამქვეყნიური ცხოვრების ზღვაში".
წმინდა ანტონი დიდი

* "თავმდაბლობა შეიძლება იყოს თვითნებურიც, რომელსაც ამპარტავანი, ცრუმოძღვრებით ცდუნებული, მოტყუებული, მოხიბლული, წუთისოფლისგან ქება-დიდების მაძიებელი, მთლიანად მიწიერი წარმატებებისა და სიამაყისკენ მსწრაფველი, მარადიულობისა და ღვთის დამვიწყებელი სული საკუთარი თავისთვის თხზავს".

* "თუ ცოდვა განუწყვეტლივ თვალწინ გვექნება და მას დაწვრილებით გამოვიძიებთ, ჩვენში ვერანაირ სათნოებას და თავმდაბლობას ვერ ვპოვებთ".

* "ამპარტავნება და მისი შვილნი - ყალბი სულიერი სიამეები, რომლებიც მოქმედებენ სინანულით განუმსჭვალავ სულში, იქ შობენ თავმდაბლობის აჩრდილს, რომელიც ცვლის ჭეშმარიტ თავმდაბლობას, იკავებს სულის ტაძარს და თავად ჭეშმარიტებას ყველა შესასვლელს უღობავს".

* "განა შეიძლება, დარდს მიეცეს ის, ვინც თავი ყოველგვარი მწუხარების ღირსად წინასწარვე აღიარა? ამიტომ თავმდაბალი არასოდეს მრისხანებს, არ ეძლევა დარდს და არაფრის ეშინია".
წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი

*
"რამდენადაც ჭკვიანად წარმოაჩენ საკუთარ თავს ადამიანების წინაშე, იმდენად უგუნური ხდები საკუთარი თავის წინაშე. რაც მეტად ამაყობ შენი მოჩვენებითი ღირსებებით სხვების წინაშე, მით მეტად ჩანს შენი უმწეობა და ნაკლოვანება".

* "ერთი ჯარისკაცი უამბობდა მეგობარს, რომ ყოველთვის, როცა იგი თავის ქებით აღწერდა თავის საბრძოლო გამარჯვებებს და საკუთარ გმირობებს, მის წარმოდგენაში მეყსეულად ცოცხლდებოდა ყველა მისი დამარცხების სურათი და სიმხდალის გამოვლინების ყველა შემთხვევა".
წმინდა ნიკოლოზ სერბი

* "არაფერი ისე არ უცხო-ყოფს კაცს ღვთისაგან, როგორც ამპარტავნების მძლავრება, რადგან როდესაც იგი ჩვენთან არის, მთელი ჩვენი ცხოვრება არაწმინდაა, თუნდაც ქალწულებას ვყოფდეთ, ან მარხვას, ან ლოცვას, ან მოწყალებას, ან თუნდაც სხვა სათნოებებს, რადგან საძაგელია უფლის წინაშე ყოველი გულით მაღალი".
წმინდა იოანე ოქროპირი
ბეჭდვა
1კ1