ყველა, ვინც ვეზიარებით წმინდა ნაწილთ, ქრისტეს მატარებელნი ვხდებით
ყველა, ვინც ვეზიარებით წმინდა ნაწილთ, ქრისტეს მატარებელნი ვხდებით
როგორც ზიარების პური სულიწმინდის მოწოდების შემდეგ უკვე ჩვეულებრივი პური კი არ არის, არამედ ქრისტეს ჭეშმარიტი სხეულია, მისი ხორცია, ამგვარადვე ნათლისღების წმინდა მირონიც სულიწმინდის მოწოდების შემდეგ უბრალო კეთილსურნელი ზეთი როდია , - იგი არის საღვთო მადლის მონიჭება შენთვის თვით ქრისტეს და სულიწმინდის ღვთაების მუნმყოფობით, რაც სინამდვილედ იქცევა.

***
საღმრთო საიდუმლოს მირონი არის ქრისტეს ხატი, უფლის გამოსახულება.

***
მირონცხებით მეორდება მორწმუნეებზე სულიწმინდის ის არსისმიერი გარდამოსვლა, რომელიც ქრისტეზე აღსრულდა მდინარე იორდანეზე, როცა მან იოანესგან მიიღო ნათელი... და ეს ყოველივე თქვენზეც აღესრულება მირონცხების დროს სახისმიერად, ხატოვნად, იმიტომ, რომ თქვენ თვითონაც ქრისტეს ხატი ხართ.

***
თუმცა კი ჩვენი გრძნობა პურსა და ღვინოს წარმოგვიდგენს ევქარისტიის საიდუმლოში, მაგრამ, დაე, რწმენით განმტკიცდე და გემოისხილვით კი ნუ იმსჯელებ ამ საიდუმლო საგნის შესახებ, არამედ რწმენით დაუდასტურე საკუთარ თავს, რომ ზიარების ნაწილთა მიღებით შენ თვით ქრისტეს სხეულისა და სისხლის მიღების ღირსი შექმნილხარ.

***
ხატი, სახე პურისა და ღვინისა - რჩება, მაგრამ ამ ხატით შენ ქრისტეს ჭეშმარიტი სხეული და სისხლი მოგემადლება და მაშინ ჩვენ, ყველა, ვინც ვეზიარებით წმინდა ნაწილთ, ქრისტეს მატარებელნი ვხდებით, მისით აღვივსებით, რადგან მისი ხორცი და სისხლი ჩვენი სხეულის ნაწილთ შეერთებიან და თანაეზიარებიან...

***
არსობის პური იმგვარ პურს ნიშნავს, რომელსაც ქმედითი ზეგავლენა აქვს სულის არსობრიობაზე და ეს პური ადამიანის სტომაქში კი არ მოექცევა, არამედ მთელ მის არსებას მოემადლება.
წმინდა კირილე იერუსალიმელი

სულიწმინდა მცნობელობის მომნიჭებელია, იგი გონიერი ნათელია, რომელიც ძიებათა ჟამს გარკვეულ სიცხადეს ანიჭებს ყოველ გონიერ ძალას.
წმიდა ბასილი დიდი

განწმენდილი თუ არის ადამიანის სული, მას თავის თავში სხვა არაფერი უნდა ჰქონდეს, გარდა ღმერთისა, და სხვას არაფერს უნდა მიაპყრობდეს თავის ყურადღებას, თვინიერ შემოქმედი ღმერთისა.

***
უფალი ნეტარებად ხმობს არა რაიმეს ცოდნას ღმერთის შესახებ, არამედ თვით ღმერთის შეძენას ადამიანის მიერ საკუთარ არსებაში, ანუ ღმერთით აღვსებასა და შემოსვას, რასაც წმინდანნი აღწევენ.
წმინდა გრიგოლ ნოსელი

წმინდა სახარების ოდენ ხილვითაც კი ჩვენ უფრო თავშეკავებულნი ვხდებით ცოდვისადმი, ხოლო თუკი ამას მისი ყურადღებით წაკითხვაც დაერთვის, მაშინ სული, თითქოს უხილავ განსაწმენდელში მოხვდაო, იწმინდება და კეთილშობილდება, ანუ უწინდელზე უმჯობესი ხდება, რადგან მას სწორედ ღმერთი ელაპარაკება წმინდა წიგნების მეშვეობით.

***
მთელი ქვეყანა წარყვნა და დააქცია იმან, რომ ბევრი ასე ფიქრობს, თითქოს მკაცრი ცხოვრება და სიწმინდე მხოლოდ ბერ-მონაზვნებისთვის იყოს აუცილებელი, სხვებს კი ნებადართული ჰქონდეთ უზრუნველი ცხოვრება.

***
სადაც წმინდა სახარება ძევს რწმენითა და ჯეროვანი მოწიწებით, იქ ვერ შევალს ბოროტი სული და ვერ ეცდება ქრისტიანის ცთუნებას.
წმინდა იოანე ოქროპირი

ბავშვობაში, წმინდანთა ცხოვრებას რომ ვკითხულობდი, ვგრძნობდი, თითქოს სულში ღვთიური სხივი შემოდიოდა, რაც სიტკბოებით, სიხარულითა და მხიარულებით მავსებდა და აღმანთებდა უფლის სიყვარულით და წყურვილით - ზეციურისადმი. მაშინ, მეძინა თუ მეღვიძა, ვსეირნობდი თუ ვინმეს ვესაუბრებოდი, ჩემი გონება ზეციურზე ფიქრობდა და გული უფალს არ შორდებოდა.
ბერი ფილოთეოსი

ვინც ეზიარა, იღებს ძალას, ნათლდება, ხედავს ახალ ჰორიზონტებს და განიცდის სიხარულის მოზღვავებას, თითოეული განსხვავებულად, სულიერი ტემპერამენტისა და განწყობილების შესაბამისად. ზოგი გრძნობს სიხარულს და მოსვენებას, ზოგი - მშვიდობას, ზოგი - ერთგულების რწმენას და ზოგი - უსაზღვრო თანაგრძნობას ყოველივესადმი. პირადად ბევრჯერ დაღლილ-დაქანცულს უფალთან ზიარების შემდეგ დაღლილობა მთლიანად მომხსნია.
ბერი ამფილოქე

ჩვენ არ უნდა განვეშოროთ ზიარებას იმიტომ, რომ თავს ცოდვილად მივიჩნევთ. უფრო მეტი და მეტი წყურვილით უნდა ვისწრაფოდეთ მისკენ სულის განკურნებისა და განწმენდისთვის. უფრო სწორი იქნება, ყოველ კვირა დღეს ვეზიაროთ ჩვენი სალმობების საკურნებლად, გულის იმ სიმდაბლით, რომლითაც გვწამს და ვაღიარებთ, რომ ვერასოდეს შევძლებთ ღირსეულად შევეხოთ წმინდა საიდუმლოებებს, ვიდრე გულის ამაო დარწმუნებით აღზვავებულებს გვწამდეს, რომ წელიწადში ერთხელ ზიარების ღირსნი ვხდებით.
წმინდა კასიანე რომაელი

სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია: შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინვებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათმიერ ნათელში. და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათ წიაღ შეღწევა მოსურვებიათ.

***
რომელი ჩვენგანი გაბედავს მყრალ, ჭუჭყიან რუში ჩააგდოს ძვირფასი სამოსი? ასევე, განა უნდა გაკადნიერდეთ თქვენც, ჰოი, ცოდვილო ადამიანებო, იმ გულში მიიღოთ მაცხოვრის უძვირფასესი სისხლი და ხორცი, რომელიც ცოდვებით აღგივსიათ?!
ნეტარი ავგუსტინე
ბეჭდვა
1კ1