მამაო ჩვენო! როგორი ტკბილი მოწოდებაა!
მამაო ჩვენო! როგორი ტკბილი მოწოდებაა!
ვერავინ გაბედავდა მისი წმინდა სახელის ლოცვაში ხსენებას, თავად მას რომ არ მოეცა ასეთი ლოცვის ნება
"საყვარელნო ძმანო, ისე ვილოცოთ, როგორც გვასწავლა ღმერთმა. მამა ღმერთი შეიცნობს თავისი ძის სიტყვებს, როცა ჩვენ მისეული ლოცვით მივმართავთ მას. როცა ჩვენ, ცოდვილნი, ვლოცულობთ ჩვენივე ცოდვებისთვის, უნდა წარმოვთქვათ სიტყვები ჩვენი შუამდგომელისა. იგი თვითონ ამბობს, რომ რაც არ უნდა ვთხოვოთ მამას მისი სახელით, მოგვცემს მას; ამიტომ ქრისტეს სახელით გამოვითხოვოთ ყველაფერი, რაც გვჭირდება და მას შევთხოვოთ მისივე ლოცვით".
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი

"ო, როგორი განსაკუთრებული კაცთმოყვარეობაა! ო, როგორი გარდამეტებული პატივია! რომელი სიტყვა შეძლებს მიაგოს მადლიერება იმას, ვინც ეს დიდი წყალობა გაიმეტა? შეხედე, საყვარელო, შენს არარაობას და მის ბუნებას, ჩასწვდი მასთან ნათესაობას - ამ მიწას, მტვერს, ჭუჭყს, თიხასა და ფერფლს, რადგან ჩვენ შექმნილნი ვართ მიწისგან და ისევ ვიხრწნებით მიწაში. წარმოიდგინე ეს და გაიოცე მიუწვდომელი სიმდიდრე ღვთის დიდი სიკეთისა, რომლის მიხედვითაც მოგეცა შენ უფლება მისი მამად წოდებისა, მიწიერს - ზეციურისა, მოკვდავს - უკვდავისა, ხრწნადს - უხრწნადისა, დროებითს - მარადიულისა".

***
"უფალი არ ამბობს: მამაო ჩემო, არამედ მამაო ჩვენო, და ამით გვავალებს, ვილოცოთ კაცობრიობის მთელი მოდგმისთვის; ნურასოდეს ვიგულისხმებთ მხოლოდ საკუთარ სიკეთეთ, არამედ ყოველთვის ვიზრუნოთ მოყვასის სარგებლისთვის. ამით მტრობას სპობს, სიამაყეს ამდაბლებს, შურსაც ანადგურებს და სიყვარულს ამკვიდრებს".
წმინდა იოანე ოქროპირი

"როგორი დიდებული ღვთიური კაცთმოყვარებაა! ჩვენ, რომელნიც დავეცით და დავშორდით ღმერთს და მივედით უკიდურეს ბოროტებამდე, მოგვეცემა ასეთი ვედრება და ასეთი მადლი, რომ ვუწოდებთ მას მამას: მამაო ჩვენო!"
წმინდა კირილე იერუსალიმელი

"უფალი ხშირად უწოდებდა ღმერთს ჩვენს მამას. ეს მან თითქოს მცნებად დაგვიტოვა. მივმართავთ რა მას ასე ლოცვისას, ვასრულებთ მის მცნებას. ნეტარნი არიან ისინი, რომელნიც იცნობენ მას ღმერთ-მამად".

***
"ყოველ თხოვნაში ყველაზე მეტად ცდილობენ იმისი კეთილი განწყობის მოპოვებას, ვისაც თხოვნით მიმართავენ, და შემდეგ უკვე ეუბნებიან თავიანთ სათხოვარს. ეს კეთილი ნება ჩვეულებრივ ქებით ებოძება იმას, ვისგანაც სწადიათ თხოვნა. წმინდა წერილში ბევრი სიტყვაა, რითაც გამოხატულია ღვთის ქება-დიდება, მაგრამ ვერსად იპოვი, რომ ისრაელელებს მიცემული ჰქონდათ უფლება, ღვთისთვის მიემართათ სიტყვებით: მამაო ჩვენო. ეს უპირატესობა მიეცა ახალ ისრაელელთ - ქრისტიანებს; სწორედ მათ აქვთ უფლება, იყვნენ ღვთის სამწყსოდ და შეღაღადონ: - "აბბა, მამა!"

***
"ვუწოდებთ რა ღმერთს მამას, ამით ვამოწმებთ ჩვენს სიყვარულსაც. რა არის ბავშვისთვის მამის სახელზე უფრო ძვირფასი? ამით რასაც ვითხოვთ, მისი მიღების რწმენასაც ვაცხადებთ. მართლაც, რომელ თხოვნაზე უპასუხებს ღმერთი უარით თავის შვილებს, როცა მან თავად მისცა უფლება ღვთის შვილად წოდებისა?"

***
"უფალი ჩაგვაგონებს, რათა მდიდრებმა და წარჩინებულებმა ამ ქვეყანაზე, გახდებიან რა ქრისტიანები, თავი არ გარდაამეტონ ღარიბებსა და უბრალო ხალხს, რადგან როგორც მდიდარნი, ისე ღარიბნი ერთნაირად შეჰღაღადებენ ღმერთს: მამაო ჩვენო".

***
"მამაო ჩვენო! როგორი ტკბილი მოწოდებაა! ვისაც ჰყავს მამა, იგი თავის თავს გრძნობს ძლიერი ფრთების ქვეშ, რომელიც მას ყოველგვარი განსაცდელისგან იცავს; გრძნობს, რომ მისთვის არ არის საჭირო შეწუხდეს რაიმის გამო: ყველაფერი ექნება - საზრდელიც, ტანსაცმელიც, საფარიც და რომ მისთვის საკმარისია მამას მიმართოს, და რასაც ისურვებს, ყოველივეს მიიღებს".
ნეტარი ავგუსტინე

"რწმენით მოვუწოდოთ ღმერთს, როგორც მამას. მისკენ გავიშვიროთ ხელები, როგორც ბავშვებს აქვთ მშობლებისკენ ხელები გაწვდილი ყოველგვარი თხოვნისას".

***
"საუფლო ლოცვა ეხება ყოველ ჩვენს ქრისტიანულ მოვალეობას: ღმერთს, რომ ვაღიარებთ სიტყვებში "მამაო ჩვენო"; ჩვენს რწმენას, რომ ვამოწმებთ საქმეებით - "იყავნ ნება შენი"; რომ ვეძიებთ მასში ჩვენს ცხოვრებას - სიტყვებში: "პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს"; რომ ვაღიარებთ ჩვენს ცოდვებს, - ცოდვების მიტევების თხოვნაში; რომ ვეძიებთ ზეციდან თავის დაცვას განსაცდელებისას, - ბოლო ორ თხოვნაში. ერთ ღმერთს შეეძლო ესწავლებინა ჩვენთვის, მისი მოსაწონი ლოცვით როგორ გველოცა. ამიტომ მისგან მოცემული ეს კეთილკრძალულებითი ლოცვა, რომელსაც ამოძრავებს სული ღვთისა, ჩვენს გულებში მკვიდრდება, და გამოდის გარეთ, როგორც უფლის წმინდა ბაგეებიდან, მაღლდება ზეცას და კრძალვით მიართმევს მამას იმას, რაც მისმა ძემ გვასწავლა".
წმინდა ტიხონ ზადონელი

"შენ არ ამბობ: მამაო ჩემო, არამედ მამაო ჩვენო. ამიტომ უყურე ყველას, როგორც შენს ძმებს, როგორც ერთი მამის შვილებს".
ნეტარი თეოფილაქტე

"უფალმა მოგვცა ჩვენ ეს ლოცვა, მოკლედ მოათავსა მაცხონებელ სიტყვებში ყოველი ჩვენი თხოვნა და შეკრიბა სწავლულთა და უსწავლელთათვის, ყოველი სქესისა და ასაკისთვის; ამ ლოცვაში ინება ყველა თავისი მცნების კეთილად შეკრება, რათა მოწაფეთა გონებამ ადვილად შეითვისოს ყოველივე, რაც მარტივი რწმენისთვის არის აუცილებელი".
წმინდა კვიპრიანე

"მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა! ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მამა არ არის არც ადამი, არც აბრაამი და არც ქართლოსი, არამედ ის, რომელიც ცაშია, ე.ი. ღმერთი. თვით ცა არ არის ცნება ბუნებისმეტყველური, ესე იგი ცა, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არამედ რელიგიურია და ნიშნავს: რომელიც ამაღლებული ხარ, მაღლა დგახარ დედამიწაზედ, რომელზედაც ჩვენ დავდივართ, რომელიც მხოლოდ მისი ქმნილებაა, ისე როგორც ადამიანი მაღლა დგას ყველა იმ ქმნილებაზედ, რომელიც მან შეჰქმნა".

***
"მამაო ჩვენო" არაა მხოლოდ ლოცვა ამ სიტყვის ნამდვილი მნიშვნელობით, არამედ იმავე დროს პროგრამაა, მოქმედება ყოველი წევრის ქრისტეს ეკლესიის - ესაა მანიფესტი ჩვენი სარწმუნოებისა, ესაა ანდერძი იესო ქრისტესი, მოცემული მის მიერ, და სწორედ ამ ანდერძის წაკითხვა, მასში ღრმად ჩახედვა და დაფიქრება ვალია თითოეულ ჩვენგანის ამ ანდერძის მომცემელის, თითოეული ჩვენგანის ცხოვრების და ხსნის გულისთვის ტანჯული და ჯვარცმული ღმერთის წინაშე".

***
"ყოველი ქრისტიანი მოვალეა, ყოველდღე, დილით გაიმეოროს გულდასმით ეს ქრისტეს ანდერძი "მამაო ჩვენო" იმ იმედით, რომ ის ერთი დღის განმავლობაში გააკეთებს და აასრულებს - გინდაც სულ მცირე რამეს ქრისტეს ამ ანდერძიდან და ყოველ საღამოს, მეორე სიბნელის წინ ღმერთს მადლობას უძღვნის, რომ მან, მიუხედავად საშინელი გაჭირვებისა და აუტანელი პირობებისა, რომელშიც იგი იმყოფება, მაინც შეძლო რაღაცის გაკეთება".
წმინდა მღვდელმოწამე გრიგოლ (ფერაძე)
ბეჭდვა
1კ1