მშობელი ისეთი მასწავლებელია, რომელიც თავისი საქმითა და სიტყვით ზემოქმედებს ბავშვზე
მშობელი ისეთი მასწავლებელია, რომელიც თავისი საქმითა და სიტყვით ზემოქმედებს ბავშვზე
ღმერთი მაშინ ხარობს, როცა ადამიანთა სახეებს ცოდნის მშვენიერებით გაბრწყინებულს ხედავს
"ნუ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ხშირად უნდა შეხვდეთ განსწავლულ ადამიანებს, პოეტებს, ისტორიკოსებს, ორატორებს და ყოველ ადამიანს, ვისგანაც შეიძლება სულისთვის სასარგებლო რამ ვისწავლოთ. მათი ნაწარმოებების გაცნობა გაგვაგებინებს, გარეშე სწავლებაში რა არის სათნოებითი დარიგებები. მთლიანად კი არ უნდა მივენდოთ მათ და მივდიოთ ყველგან, საითაც წაგვიყვანენ, პირიქით, მათი ცოდნიდან უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც ჩვენთვის სასარგებლოა და ავარიდოთ თავი ჩვენთვის უსარგებლოს. ის, ვინც ყველგან და ყველაფერში ეძებს სასარგებლოს, ემსგავსება დიდ მდინარეს, რომელსაც ყველაფერი ერთვის. თუ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებთ, მაშინ ის გამოგვადგება მარადისობის გზაზე".

***
"სანამ ადამიანის სული სანთელივით რბილია, მანამ უნდა ვავარჯიშოთ ის კეთილის ქმნით. ამის შედეგად როცა განვითარდება ადამიანის გონება და გაგების უნარი, ცხოვრებისეული განსაცდელიც კი ვერაფერს დააკლებს მის ღვთისმოსაობას".
წმინდა ბასილი დიდი

"მასწავლებლის საქმე ის კი არ არის, თავის თავიდან მოსწავლის თავში გადაიტანოს ცოდნა, არამედ ის, რომ განაღვიძოს მისი გონება და მოსწავლემ თვითონ აღმოაჩინოს საკუთარ თავში ცოდნა. სწავლა რამისა - ეს ნიშნავს აზრიანად შევკრიბოთ ის ელემენტები, რომლებიც ჩვენს გონებაში მოიძიებიან".
ნეტარი ავგუსტინე

"არ არის იმაზე ცივი მასწავლებელი, რომელიც მხოლოდ სიტყვას ემყარება, ეს მსახიობის საქმეა და არა მასწავლებლისა.

მშობელი ისეთი მასწავლებელია, რომელიც თავისი საქმითა და სიტყვით ზემოქმედებს ბავშვზე".

***
"ნუ ეცდებით, თქვენი შვილი გამოვიდეს კარგი ორატორი, ეცადეთ, იგი აღზარდოთ ქრისტიანული სიყვარულითა და სიბრძნით. ეს კი ოჯახში დამოკიდებულია საქმეზე, მშობლების ქცევაზე, სხვებზე ზრუნვაზე და არა სიტყვებზე. ნუ ავარჯიშებთ მის ენას, არამედ გაწვრთენით მისი სული. ბავშვები ადვილად ითვისებენ იმას, რაც ესმით, ხედავენ და რაც წარუშლელ კვალს ტოვებს მათ სულზე. ცხოვრების პირველი წლიდან იგი ადვილად იგებს კარგსა და ცუდს, ამიტომ უნდა მოვერიდოთ ცუდს. სიკეთე უნდა გახდეს მისი მეორე ბუნება".

***
"ყოველგვარი ბოროტება ბავშვებთან ჩვენი უნდობლობის შედეგია, იმიტომ, რომ თავიდანვე არ ჩავუნერგეთ ღვთის შიში და რიდი".

***
"მოდი, ისე გავზარდოთ შვილები, რომ ყოველთვის შეძლონ განსაცდელების დათმენა და იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ მათზე მოწეული უბედურების ჟამს".

***
"დედა ბავშვის გაჩენით პირველ რიგში სამყაროს ადამიანს მატებს. ამის შემდეგ იგი მოვალეა, მისი სახით ზეცას ანგელოზი აჩუქოს".
წმინდა იოანე ოქროპირი

"დედამიწაზე მიღებული აღზრდა ადამიანს ზეცის მოქალაქედ აქცევს. ზეცაში მას ღებულობს მამა, რომლის შეცნობასაც აქ, დედამიწაზე ვსწავლობთ".

***
"გახსოვდეთ! გარე საგანზე ზრუნვის ნაცვლად გულმოდგინედ უნდა ვიზრუნოთ სულიერი თვალის სისპეტაკეზე, საიდანაც განწმენდა მთელ სხეულზე გადადის".

***
"ღმერთი მაშინ ხარობს, როცა ადამიანთა სახეებს ცოდნის მშვენიერებით გაბრწყინებულს ხედავს, სხეულს კი ზომიერების წმინდა სამოსით შემკულს".

***
"ვისაც შვილების თავისუფლების შენარჩუნება არ შეუძლია, მათ დანაშაულისგან შიშით უნდა იცავდეს. მიმართავდეს სასჯელს და მუქარას, რომ ცოდვას გადაარჩინოს".

***
"წიგნს არ შეუძლია შეცვალოს მოძღვარი. სულიერი, ცოცხალი მხოლოდ ცოცხალი ცეცხლით ენთება".
კლიმენტი ალექსანდრიელი

"მშობლებს, რომელთაც აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, ვურჩევ, შვილებისთვის ისეთი სკოლა გამოძებნონ, სადაც ზნეობრივი ატმოსფერო უფრო სუფთაა და ყურადღება არ გაამახვილონ მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტებზე, თუნდაც ეს არჩევანი მათ გარკვეულ ფინანსურ და სატრანსპორტო სიძნელეებს უქმნიდეს".
დედა მაგდალინა

"უყურადღებოდ ნუ დატოვებთ ბავშვებს, აღმოფხარით მათი გულებიდან ცოდვილი, ბილწი, მზაკვარი და მკრეხელური აზრები, ცოდვისმიერი ჩვევები, მიდრეკილებები და ვნებები. ადამიანთა მოდგმის მტერი და დაცემული ხორციელი ბუნება ბავშვებსაც არ ინდობს, ცოდვის თესლი ბავშვებშიც არის; წარმოუდგინეთ ბავშვებს ცოდვის მთელი საშიშროება ცხოვრებისეულ გზაზე, ნუ დაუმალავთ ცოდვებს, რომ ისინი უმეცრებითა და უცოდინარობით განმტკიცდნენ ცოდვისმიერ ჩვევებსა და მიდრეკილებებში, რომლებიც იზრდებიან და შესაბამისი ნაყოფი მოაქვთ ბავშვების ზრდასრულ ასაკში შესვლასთან ერთად".
წმინდა იოანე კრონშტადტელი

"კარგია, ბავშვები წმინდანთა ცხოვრების მაგალითებით აღვზარდოთ, მაგრამ არ შეიძლება მათ წაკითხულის შესრულება მოვთხოვოთ. ეს სულიერი ცხოვრების ის დონეა, რომელსაც ასე ადვილად ვერ მიაღწევენ".

***
"საფეხური სულიერი ცხოვრებისკენ - ეს არის სულის სწორად აწყობილი ცხოვრება, სწორი ემოციური მდგომარეობა, რომელიც შემდეგ მდგრად, ფხიზელ, თავგანწირულ სულიერ ცხოვრებამდე მიგვიყვანს. საჭიროა რეალური, საინტერესო საქმიანობა, რომელშიც ბავშვები თავს გამოამჟღავნებენ, როგორც უღალატო ადამიანები, რომლებიც დაეხმარებიან ერთმანეთს, აპატიებენ წყენას. საჭიროა საერთო საქმეები, რომლებიც დაამეგობრებს მათ. ზოგჯერ კლასში მხოლოდ 10 ადამიანია და ისინიც ვერ ეგუებიან ერთმანეთს".
მღვდელი ალექსი უშინსკი

"თუ სკოლას უნდა თავისი დანიშნულება შეასრულოს, ეგ სწავლა-ცოდნა ზნე-ხასიათის წვრთნასაც უნდა შეურჩიოს, ესე იგი, იმ თვისების სწავლა-ცოდნა უნდა აძლიოს, რაც გონების განახლებასაც შველის და ზნე-ხასიათის წვრთნასა და დამთავრებასაც უხდება და რგებს".

***
"ცოდნა ხერხია... სიმდიდრე არის, მერე იმისთანა, რომ კაცი საცა წავა, თან მისდევს უხარჯოდ და უბარგოდ, ვერც ვინ მოჰპარავს, ვერც ვინ გადუდგება. ეხლანდელ დროში ცოდნა ყველაფერია: ფულზედაც უფრო დიდი ბაზარი აქვს, ხმალზედაც უფრო მეტად სჭრის და ზარბაზანზედაც უფრო ძლიერია".

***
"სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწვრთნიდეს კიდეც ბავშვსა და ასწავლიდეს კიდეც. წვრთნა და სწავლა ხელი-ხელს გადაბმული უნდა ვიდოდეს სკოლაში".

***
"სკოლა, სასწავლებელი ორპირი ხმალია. ვნების მოტანაც შეუძლია და დიდი სიკეთისაც - ეგ იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ არის მოწყობილი და აგებული პროგრამა სწავლებისა".

***
"თუ სამართლიანი ხარ და კაცთმოყვარე, - მაშინ ყველაფერი ხარ. იმიტომ, რომ იღვაწებ და იმოქმედებ შეძლებისამებრ, რადგანაც უქმად ყოფნის ნებას გრძნობა სამართლიანობისა არ მოგცემს ამ წუთისოფელში, საცა ოფლის წურვით უნდა ჰყიდულობდეს თითოეული თავის კერძს ცხოვრებისას, და კეთილისმოქმედიც იქნები, რადგანაც ავკაცობის ნებას არ მოგცემს გრძნობა კაცთმოყვარეობისა... სკოლამ სწორედ ამისთანა შვილი უნდა გაუზარდოს ქვეყანას, ამისათვის გაუხსნას გონება, ამისათვის გაუხსნას გული".
წმინდა ილია მართალი

"ერთადერთი, რაც ჩვენს ახალგაზრდობას გადაარჩენს, არის ის, რომ გამოიმუშაოს წინააღმდეგობის უნარი. ამისათვის საჭიროა ეკლესიაში სიარული, რწმენა, აღსარება, ზიარება".

***
"განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბავშვების რელიგიურ აღზრდას, მათში ნამდვილი ქრისტიანული სულის გაღვივებას, მით უმეტეს დღეს, როდესაც ჩვენი გარემო სამყარო საპირისპირო მიმართულებით ვითარდება".

***
"მართალია, საქართველო დღეს მრავალი პოლიტიკური, ეკონომიკური, სულიერი და სხვა პრობლემის წინაშე დგას, მაგრამ უმთავრესი საზრუნავი მაინც ჩვენი ბავშვების სწორი აღზრდაა, რადგან ოჯახის კეთილდღეობა ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობაა".

***
"ყველაზე ეფექტიანია სამი ძალის - ოჯახის, სკოლისა და ეკლესიის შეთანხმებული მოქმედება".

***
"მჯერა, რომ ჩვენი ახალგაზრდები გააცნობიერებენ, თუ რა დიდი სულიერი ბრძოლა აქვთ გადასატანი. ჩვენ დიდგორის ველი გველის, თითოეულმა ჩვენგანმა, განსაკუთრებით კი მომავალმა თაობამ, უნდა შეძლოს დავითობა. ოღონდ მათ თავდაპირველად უნდა სძლიონ ცოდვათა შორის უპირველესს - ამპარტავნებას, ყალბ წარმოდგენას, თითქოს ისინი უფროს თაობასთან შედარებით უფრო განათლებულნი, მრავლისმცოდნენი და გონიერნი არიან".

***
"უფლის მეხუთე მცნება გვაფრთხილებს: "პატივ-ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყო ქვეყანასა ზედა", რაც გულისხმობს არა მარტო მშობლების, არამედ - საერთოდ უფროსი თაობის პატივისცემას. ამ ტრადიციას ჩვენი ხალხი ყოველთვის იცავდა და იგი მომავალმა თაობამაც უნდა გააგრძელოს".
უწმინდესი და უნეტარესი ილია II
ბეჭდვა
1კ1