ნუ დატკბები ამქვეყნიური შვება-სიამით, რადგან იგი ყველაზე სავალალო სიკვდილით მოგაკვდინებს!
ნუ დატკბები ამქვეყნიური შვება-სიამით, რადგან იგი ყველაზე სავალალო სიკვდილით მოგაკვდინებს!
თუკი შემოგთავაზებდნენ ოქროს თასს მსოფლიოში საუკეთესო ღვინით და გეტყოდნენ: "დალიე, მაგრამ იცოდე, რომ ფსკერზე მორიელია" - დალევდი?

მიწიერ სიამოვნებათა ყოველ ფიალაში მორიელი იბადება. თვით ეს ფიალებიც სულაც არაა იმდენად ღრმა, რომ მორიელი სულ ახლოს არ იყოს ჩვენს ბაგეებთან.
წმინდა ნიკოლოზ სერბი

გინახავთ, რა ტანჯვით იხუთება ნაპირზე გადმოგდებული თევზი?! აი, ასეთივე ტანჯვით შეიხუთება მძიმედ შეჭირვებული ჩვენი სულიც, როცა იგი, მანამდე მხოლოდ ამა ქვეყნისთვის მცხოვრები, პირისპირ დადგება მისი დატოვების აუცილებლობის წინაშე. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ წუთის გამო, რომელიც შეგვეძლო სულის სარგებლობისთვის გამოგვეყენებინა, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ და უქმად დაგვეკარგა ისინი. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ უზაკველი სიხარულის გამო, რომლითაც შეგვეძლო დავმტკბარიყავით, მაგრამ არ დავტკბით, რადგან ამაო, წარმავალი, გრძნობიერი სიამენი გვიშლიდა ხელს და თავისკენ გვიტაცებდა მაცთუნებელი მომხიბლაობით. მაშინ ძალზე ვინანებთ ყოველი იმ შემთხვევისთვის, რომელიც ღმერთისგან მოგვემადლა სათნოებაში ჩვენს განსამტკიცებლად და ხელიდან გავუშვით ისინი. მაშინ ჩვენ სრულად შევიცნობთ, თუ რა ძვირად მოგვისყიდია გეჰენიის ცეცხლი! და მაშინ ცხადად შეიცნობ შენ, ჰოი, ცოდვილო ადამიანო, თუ რა ძვირფასი ყოფილა ის დრო, რომელიც ამქვეყნიური ცხოვრებისას უქმად დაგვიკარგავს. მაგრამ იმ მძიმე ჟამს, როცა იძულებული იქნები დატოვო ეს ქვეყანა, უკვე მეტისმეტად გვიანი იქნება, რაიმე გამოასწორო! მაშინ ისურვებდი ნებისმიერ ფასად გეყიდა იგი, მაგრამ ვერ კი შეიძლებ!

***
ნუ დატკბები ამქვეყნიური შვება-სიამით, რადგან იგი ყველაზე სავალალო სიკვდილით მოგაკვდინებს!
წმინდა ანტონი დიდი

ადამიანები თავის წარსაწყმედად მიესწრაფვიან სიმდიდრის მოხვეჭას - ხორციელ სიამეთა ამ აუცილებელ თანამგზავრს, მან კი გლახაკად ყოფნა ამჯობინა. იმათ ქვეყნიური დიდება-პატივი და ძალაუფლება სწყუროდათ, მან კი არ ისურვა ქვეყნიური მეფობა. ხორციელ შვილთა ყოლას ადამიანები უდიდეს სიკეთედ მიიჩნევენ, მან კი უგულებელყო თავისთვის ქორწინება და ხორციელი შთამომავლობის დატოვება. ისინი უკიდურესი ზიზღით უფრთხიან თავის უპატიოყოფასა და დამცირებას, იესო ქრისტემ კი მრავალი შეურაცხყოფა დაითმინა. ადამიანებს ყველაზე მეტად ეშინიათ სიკვდილისა, იგი კი საკუთარი ნებით დაემორჩილა სიკვდილს თავისი ადამიანური ბუნებით. და ჩვენც ნებისმიერი ცოდვის ჩადენა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგვიძლია, თუკი იმას ვისურვებთ, რაც იესო ქრისტემ მოიძაგა, ანდა თუკი გავექცევით იმას, რაც მან დაითმინა. ამრიგად, მთელი მისი ქვეყნიური ცხოვრება და საზოგადო მსახურება ზნეობრივი მაგალითი და დამოძღვრა იყო, ხოლო მისმა მკვდრეთით აღდგომამ ცხადზე უცხადესად დაგვანახა, რომ ადამიანური ბუნების სულ მცირე ნაწილიც კი არ ისპობა, როცა ყოველივე მასში მრთელი და ჯანსაღია ღმერთის მადლის შეწევნით...

***
თუკი ცოდვის საქმნელად დაგიმოძღვრავს და გიბიძგებია მოყვასისთვის, ნუ იფიქრებ - მკვლელი არ ვარო... ამით შენ განხრწნი ცთუნებულ სულს და მოსტაცებ ყოველივე იმას, რაც მარადიულის კუთვნილებაა.

***
რომელი ჩვენგანი გაბედავს, მყრალ, ჭუჭყიან რუში ჩააგდოს ძვირფასი სამოსი?! ასევე, განა უნდა გაკადნიერდეთ თქვენც, ჰოი, ცოდვილო ადამიანებო, იმ გულში მიიღოთ მაცხოვრის უძვირფასესი სისხლი და ხორცი, რომელიც ცოდვებით აღგივსიათ?!
ნეტარი ავგუსტინე

ზოგჯერ ღმერთი იმასაც დაუშვებს, რომ ადამიანმა სამარცხვინო საქმე აღასრულოს და ამას იქმს იმ მიზნით, რომ თვით ამ ადამიანში სხვა, უფრო ბილწი და დამღუპველი ვნება აღმოფხვრას. ასე მაგალითად, როცა ვინმე თავს იქებს თავისი ქველი საქმეებით და მართალი მორწმუნეობით, ღმერთი დაუშვებს მის სიძვა-მრუშობის ცოდვაში ჩავარდნას, რათა სწორედ ასეთი დაცემის შედეგად მოეგოს გონს, გულისხმა-ჰყოს თავისი უძლურება, თავი დაიმდაბლოს, ქედი მოიხაროს და წრფელი აღსარებისთვის შეუვრდეს უფალს მონანული გულით.
წმინდა იოანე დამასკელი

თითოეულმა ჩვენგანმა, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანებად მივიჩნევთ, უნდა ვიცოდეთ ღმერთი, საკუთარი თავი და დემონები; ვიცოდეთ ღმერთი - ნიშნავს იმას, რომ შეგნებული გვქონდეს მისი უზენაესობა, რამეთუ იგი არის შემოქმედი, უფალი და მბრძანებელი ყოველთა და ყველაფრისა, და მხოლოდ მას ერთს და სხვას არავის ძალუძს ჩვენი ხსნა და ცხოვნება. საკუთარი თავის შეცნობა იმას ნიშნავს, რომ გულისხმავყოფდეთ ჩვენს უძლურებას, ანუ იმას, რომ აზრისმიერ ბრძოლაში ჩვენ უღონონი ვართ დემონების წინაშე, თუკი საღმრთო მადლით არ აღვიჭურვებით. დემონთა გამო კი უნდა ვიცოდეთ, რომ ისინი ფარული მტრები არიან ჩვენი ხსნისა, და რომ ჩვენ ჩვენივე თავის მეშვეობით გვებრძვიან, ჩვენვე გვიყენებენ ჩვენსავ წინააღმდეგ, რაც მეტად უცნაური რამ არის.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

ყოველივე უნდა უარვყოთ, მივატოვოთ და განვაგდოთ ჩვენგან, რაც ღვთისგან განგვაშორებს და საუკუნო სიკვდილის მიზეზად შეიქმნება ჩვენი სულებისთვის! - უარვყოთ სხვებთან ჩვენს ურთიერთობებშიც, ჩვენს საქმეებშიც, სურვილებშიც და ფიქრებშიც, რამეთუ ვინც შიშით აღივსება ამგვარი, საბოლოო სიკვდილის წინაშე და თავსაც შემოიზღუდავს მისგან კეთილმსახური ცხოვრებით, აღარ შეეშინდება სხეულებრივი სიკვდილისა, რადგან თავის არსებაში ჭეშმარიტი სიცოცხლე ექნება შეძენილი. ნამდვილი სიკვდილი ხომ სწორედ და მხოლოდ სულიერი სიკვდილია, სულის სიკვდილი, ისევე, როგორც ნამდვილი სიცოცხლე, მხოლოდ და სწორედ სულიერი სიცოცხლეა, სულის ცხოვრება. ხოლო სულის ეს ცხოვრება - შემოქმედ ღმერთთან ერთობა და თანაზიარობაა, ისევე როგორც სხეულისთვის სიცოცხლე სულთან ერთობასა და თანაზიარობაში მდგომარეობს.

***
ჩვენ ვიცით, რომ ბოროტს არა აქვს არსი, არც სხვა რამ დასაბამი, თუ არ გონიერ ქმნილებათა დაცემისა, ცდუნებისა, რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს ღვთისგან მონიჭებული თავისუფალი ნება.
წმინდა გრიგოლ პალამა

ამქვეყნიურ ამაოებას და სიამეებს აყოლილი ადამიანი ღვთის თანამყოფობას ვერასოდეს შეიგრძნობს, ღვთის განგებულებას ვერ ჭვრეტს, გამოცდილებით არ იცის, რას ნიშნავს ღვთის შიში. მის გულში ღმერთი არ არსებობს, არც მოყვასი. ის მთლიანად ამქვეყნიურია, ხორციელია და სულიერი ვნებების ხელშია. მას ისინი ამოძრავებენ და მართავენ. მათი მეოხებით ყოველგვარ ურჯულოებას მიელტვის. ის მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის სიყვარულისთვის ცხოვრობს და მოქმედებს.

მის სულში აღმართულია კერპი - "მე". კერპს მუდამ ეკმევა საკმეველი, მას მუდამ უკლავენ საკლავს. ამ სულში საძაგელი კერპისადმი მსახურება ყოვლადწმინდა ღვთისადმი მსახურებასთან როგორ უნდა გაერთიანდეს? ეს სული საშინლად ცარიელი, დაბნელებული და მკვდარია. იგი ბნელი გამოქვაბულია, რომელშიც მხოლოდ მხეცები ან უფრო მხეცი ავაზაკები ცხოვრობენ.
წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
ბეჭდვა
1კ1