უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი
უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი
"ერის დაცემა და გათახსირება მაშინ იწყება, როცა ერი, თავის საუბედუროდ, თავის ისტორიას ივიწყებს".
"გავუძელით საბერძნეთს, რომსა და არაბებს, ოსმალ-თურქებს, სპარსელებს, სჯულიანსა და ურჯულოს და დროშა ქართველობისა, შუბის წვერით, ისრით და ტყვიით დაფლეთილი, ჩვენს სისხლში ამოვლებული, ხელში შევირჩინეთ, არავის წავაღებინეთ, არავის დავანებეთ, არავის შევაგინებინეთ. ცოდვა არ არის, ეს დროშა ეხლა ჩრჩილმა შეჭამოს, თაგვმა დაგვიჭრას?! დრო-ჟამი ამას გვიქადის".

"სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?"

"ბევრჯელ ააოხრეს საქართველო, ბევრჯელ მიანგრ-მოანგრიეს, ჩამოათალეს სანაპირო ქვეყნები, გული კი ვერ შეუნგრიეს. საქართველო იბრძოდა, ჯვარს ეცმოდა და გულს კი არ იტეხდა. ამ ტანჯვა-წამებით შეირჩინა რჯული, ენა, თავისი ეროვნული ვინაობა და თავისი ქვეყანა".
წმიდა ილია მართალი

"მართლმადიდებელი სარწმუნოება ხერხემალია ჩვენი ეროვნული სულისა".

"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე ახასიათებდა განსაკუთრებული თავისებურება - ეკლესია იყო ხალხთან ერთად, იგი ცოცხლობდა ხალხის ცხოვრებით, ყველაზე მძიმე და პასუხსაგებ მომენტში იგი იყო მებრძოლი ეკლესია და მთელ თავის ძალ-ღონეს იყენებდა ხალხის სულიერი და პოლიტიკური თავისუფლებისთვის... საუკუნეთა მანძილზე ჩვენი ეკლესია იყო არა მარტო სამეცნიერო და შემოქმედებითი აზროვნების ბურჯი, არამედ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ეროვნული ერთიანობის იდეის დამცველი".

"დღეს უნდა ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რა უნდა ვაკეთოთ ჩვენ, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრმა ქვეყანამ, რომ სათნო იყოს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისათვის და საცხოვნებელი - ჩვენთვის".

"საქართველოს გაბრწყინება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი გულების განწმენდიდან უნდა დაიწყოს. მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება მთელი საქართველოს გაბრწყინება".

"ჩვენ თავს ვხრით და მუხლს ვიდრეკთ ჩვენი წარსულის, ჩვენი წინაპრების წინაშე, რომელთაც შემოგვინახეს რწმენა, ჩვენი მიწა-წყალი, კულტურა და ხელოვნება; იმ ათასობით მოწამის წინაშე, რომლებმაც სარწმუნოების ღალატს მოწამებრივი სიკვდილი არჩიეს.

ჩვენ ხშირად ვამაყობთ ჩვენი წარსულით და ნაკლებად ვფიქრობთ იმაზე, თავად რა უნდა ვაკეთოთ. მარად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენმა წინაპრებმა დღემდე მოგვიტანეს ჩვენი სამშობლო საქართველო და გადაგვარჩინა იმან, რომ ვიცავდით მართლმადიდებელ სარწმუნოებას. ქართველი ერი მუდამ გამოირჩეოდა ორი განსაკუთრებული თვისებით: უპირველეს ყოვლისა, ეროვნული თვითშეგნებით და მეორე - რწმენით. ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით მართლმადიდებელი ქრისტიანები. აი, ამ ორმა ძალამ იხსნა საქართველო".

"ჩვენს წინაპართა შეგნებაში და მოქმედებაში ისევე განუყოფელი იყო სარწმუნოებისა და სამშობლოს სიყვარული, როგორც განუყოფელი იყო იესო ქრისტეს ღვთაებრივი და ადამიანური ბუნება".

"სამშობლო ადამიანის სიცოცხლის განუყოფელი ნაწილია. უსამშობლო ადამიანი სულით ღატაკია და საცოდავი. სამშობლოს სიყვარულით მწიფდება და ყალიბდება ადამიანის სულიერი სამყარო, მისი მისწრაფებანი და ფილოსოფიური შეხედულებანი, მისი გულწრფელობა და სიყვარული სხვა ერებისადმი, ვისაც არ უყვარს თავისი თავი, ის ხომ ვერც სხვას შეიყვარებს... და ვისაც არ უყვარს თავისი სამშობლო, ის როგორ იგრძნობს ცარიელ გულში სხვათა სამშობლოს სიყვარულს?! ამიტომ ბრძანა რაფიელ ერისთავმა: "სამშობლო - დედის ძუძუი, არ გაიცვლების სხვაზედა... როგორც უფალი, სამშობლოც, ერთია ქვეყანაზედა..."

"მინდა, განსაკუთრებით მივმართო მათ, ვინც იოლი გზების ძიების სურვილით დღეს საქართველოს ტოვებს და საცხოვრებლად საზღვარგარეთ მიდის: თქვენ დიდ შეცდომას უშვებთ, რადგან იქ უკეთესი ხვედრი არ გელოდებათ. მიუხედავად ყველაფრისა, უცხო გარემოში თქვენ მაინც უფრო ნაკლებად იქნებით დაცულნი, რადგან სამშობლოში ახლობლები, ნათესავები, მეგობრები გყავთ, რომელნიც განსაცდელის ჟამს გვერდში დაგიდგებიან, იქ კი ვინ იქნება თქვენი გულშემატკივარი?

აუცილებლად დადგება დრო უკან დაბრუნებისა და დაგისვამენ კითხვას: სად იყავით მაშინ, როცა სამშობლოს უჭირდა?

საზღვარგარეთ შეიძლება სასწავლებლად ან საქმიანი ვიზიტით წასვლა, მაგრამ არავითარ შემთხვევაში - აქაური სიძნელეებისთვის თავის არიდების მიზნით. ეს მოქალაქისთვის უღირსი საქციელია. არ შეიძლება სულით დაცემა, შენში და შენს გარშემო მხოლოდ ცოდვის მორევის დანახვა და ვერ შემჩნევა სიწმინდისა; არ შეიძლება ერის სულიერი ამაღლების რწმენის დაკარგვა, არ შეიძლება ღალატი და უმოქმედობა".
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

"გახსოვდეთ, ღვთის სასუფეველში შემავალი კარიბჭე ჩვენი მიწიერი, ამქვეყნიური სამშობლო და ეკლესიაა, ამიტომ მხურვალედ გიყვარდეთ და სიცოცხლესაც ნუ დაიშურებთ მისთვის".
წმიდა იოანე კრონშტადტელი
ბეჭდვა
1კ1