ღვთის წყალობა რომ მუდმივად ჩვენთან იყოს, ვერ შევიგრძნობდით ვერც ჯვრის სიმძიმეს, ვერც საკუთარ უძლურებას
ღვთის წყალობა რომ მუდმივად ჩვენთან იყოს, ვერ შევიგრძნობდით ვერც ჯვრის სიმძიმეს, ვერც საკუთარ უძლურებას
ღმერთი არ დაუშვებს, რომ ჩვენ განუწყვეტლივ შეჭირვებაში ვიყოთ ამქვეყნად, რათა სასო არ წარგვეკვეთოს. ამასთან, არც იმას დაუშვებს, რომ გამუდმებით კეთილდღეობითა და სიხარულით ვგიებდეთ, რათა არ დავეცეთ.

***
ვინც მწირის მსგავსად არ მწუხარებს და იურვებს ამქვეყნად, ის ვერ გახდება ცათა სასუფევლის მოქალაქე.
ნეტარი ავგუსტინე

აწინდელი ცხოვრების სიხარულიც ხომ არ არის მწუხარების ელფერის გარეშე, ისევე, როგორც ნახატი არ შეიძლება იყოს ჩრდილთა გარეშე. განა რომელი ცხოვრებისეული სიტკბოება შეიძლება იყოს ისე, რომ თან არ ახლდეს მწუხარება?!

***
ზოგჯერ ღმერთი გარკვეული დროით მიატოვებს ხოლმე ადამიანს, რათა სხვას შეეწიოს, რომელიც მისი მაგალითით უნდა გამოსწორდეს. ასეთნი არიან ჩვენთვის გლახაკი ლაზარე და მდიდარი (ლუკა 16, 19-31). მართლაც, სხვების ტანჯვის მაყურებელნი ბუნებრივად ვხდებით უფრო თავმდაბალნი, მორჩილნი და კეთილნი. ზოგიერთს ღმერთი სხვის განსადიდებლად მიატოვებს ხოლმე და არა - თვით მისი თუ მისი მშობლების გამო. ასე, მაგალითად: შობითვე ბრმა მთელი სიცოცხლე ევნებოდა თავისი უსინათლობით სწორედ იმისთვის, რომ მისი მეშვეობით განდიდებულიყო ადამიანთა წინაშე ძე კაცისაი (იოანე 9). გარდა ამისა, ღმერთი ამა თუ იმ ადამიანის ტანჯვას დაუშვებს სხვა ადამიანში საღმრთო მოშურნეობისა და გულმოდგინების განსაღვიძებლად, ანუ იმისათვის, რომ ტანჯულის სულიერი სიმტკიცისა და განდიდების ხილვით სხვებიც უშიშრად შეეგებონ ტანჯვა-წამებასა და განსაცდელთ, მომავალი სულიერი განდიდებისა და სიკეთეთა მიღების სასოებით. აი, სწორედ ამისთვის აღსრულდა უფლის წმინდა მოწამეთა ტანჯვა-წამებანი.
წმინდა იოანე დამასკელი

თუკი ნამდვილად გვსურს სულის სრულყოფილად აღვსება, ანუ ღვთისგან კურთხეული სიკეთეებით შემოსვა, რათა ქვეყნიურ ანგელოზებად შევიქნათ, უპირველესად, ურვა და ხორციელი შეჭირვება უნდა შევიყვაროთ, ყველანაირი სიმძიმის ტვირთვა და განსაცდელთა სიხარულით დათმენა უნდა გვსურდეს, სიღარიბე და ტკივილი გვერჩიოს, ამასთან იმ რწმენით ვითმენდეთ ყოველივე ამას, რომ ეს ნამდვილად სასიკეთოა ჩვენთვის და ჩვენს მომავალ ბედნიერ სამარადისო ცხოვრებას ემსახურება.

***
როგორი საწყლები ვართ ჩვენ, როდესაც თავს ვიტვირთავთ ცხოვრებისეული საზრუნავებით!

***
უნდა გვწამდეს, რომ სულიერი აღმავლობის მომენტები ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ისინი ღვთის წყალობაა და როცა უფალი საჭიროდ ჩათვლის, გვართმევს მათ. ეს ღვთის წყალობა რომ მუდმივად ჩვენთან იყოს, ვერ შევიგრძნობდით ვერც ჯვრის სიმძიმეს, ვერც საკუთარ უძლურებას. ჩვენი გამოცდა არ იქნებოდა ჭეშმარიტი, ჩვენს კეთილ საქმეებს არავითარი ღირსება არ ექნებოდა. ამიტომ მოთმინებით უნდა გადავიტანოთ დაცემის პერიოდები.
ალექსანდრე ელჩანინოვის ჩანაწერები

ქრისტიანს არ უნდა სძულდეს ცხოვრება, შეიგრძნობს რა, რაოდენ არასრულქმნილია იგი, პირქუში, ზოგჯერ სასტიკიც კი, მას მაინც უყვარდეს იგი, როგორც ღვთის უდიდესი ნიჭი და ესმოდეს, რომ ყოველ მოსურნეს შეუძლია, მისგან ბევრი რამ ისწავლოს. ცხოვრება ასპარეზია, სადაც ჩვენ სიმართლისთვის ვებრძვით სიცრუეს და სიკეთისთვის - ბოროტებას. იგია განძი, ხშირად ადამიანების მიერ გაფლანგული; ცხოვრებისგან უნდა მივიღოთ სარგებლობა და როდესაც დადგება ჟამი, ღმერთს უნდა დავუბრუნოთ იქ, საიდანაც მივიღეთ. ცხოვრება - ნიადაგია, ხშირად ქარიშხლიანი და უამინდო, მაგრამ კეთილისმყოფელი წვიმებით ირწყვება. დაბოლოს, იგი ნიჭია ღვთისა; მაშ, რა უფლება მაქვს, მოვიძულო ეს ნიჭი და შევაჩვენო ის, რაც ღმერთმა აკურთხა?

ვიღაცამ თქვა: "ყოველდღიურად ეცადე, კაცთა ტანჯვის ვეებერთელა მთას თუნდაც მცირეოდენი წუხილი მოაკლო და ადამიანური სიხარულის პატარა ბორცვს რაიმე შემატო". ნუ შეიყვარებ ცხოვრებას ეგოისტურად, გიყვარდეს იგი უფლისა შენისათვის, რამეთუ სწორედ ესაა ბრძოლის ის ველი, სადაც შეძლებ ქრისტესთან იყო ცოდვის წინააღმდეგ. გახსოვდეს, რომ მხოლოდ მაშინ დაიწყება ნამდვილი ცხოვრება, როდესაც მას სრულად მიანდობ იმას, ვინც გიბოძა.
"მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური"

ჩვენი მიწიერი მსახურებანი და მოვალეობანი ვიტვირთოთ, როგორც ღვთისეული უღელი, კეთილსინდისიერად, გულმოდგინედ, ღვთის მზერის წინაშე აღვასრულოთ და ღვთისთვის ანგარიშის ჩასაბარებლად მოვემზადოთ. დაე, ამ მსახურებას ცოდვიანი ზრახვანი, მიზნები ნუ წარგტაცებენ და შებილწავენ! ამქვეყნიური საქმეები ღვთის სათნოსაყოფად აღვასრულოთ და ისინი ზეციურ საქმეებად გვექცევა. ჩვენი მთავარი და არსებითი საქმიანობა, დაე, ღვთისმსახურება და უფალთან დაახლოება იყოს. ღვთისმსახურება ღვთის ნება-სურვილის განუწყვეტლივ ხსოვნაში და მთელი ჩვენი ხილული თუ უხილავი საქციელით ამ ბრძანებათა აღსრულებაში მდგომარეობს.
წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი
ბეჭდვა
1კ1