ჩვენ კი ზოგჯერ სამი წუთითაც არ შეგვიძლია მუხლებზე დგომა
ჩვენ კი ზოგჯერ სამი წუთითაც არ შეგვიძლია მუხლებზე დგომა
ცოდვის მიღება ადვილია, განგდებაა ძნელი
სქემიღუმენი საბა (ოსტაპენკო)
* კეთილი საქმის ქმნა მხოლოდ მოწყალების გაცემა და მოყვასის ნუგეშისცემა კი არ არის, არამედ ყველანაირი წყენისა და ცილისწამების პატიებაც , როცა ვლოცულობთ მათთვის, ვინც გვამძიმებს ანუ მტრებისთვის, რომლებიც ბოროტად გვექცევიან, ცილს გვწამებენ, ჩვენ კი უნდა გვიყვარდეს ისინი და ვლოცულობდეთ მათთვის.

ჩემზე ამბობენ, "ხიბლშიაო"... და კიდევ რაღას აღარ იტყვიან! მერე თვითონვე მოდიან ჩემთან და ინანიებენ... გავბრაზდე, მეწყინოს? მათზე მხოლოდ უნდა ვილოცო და არ შემოვწყრე. მიდიხარ კელიაში და ლოცულობ: "უფალო, მოულბე გული ბოროტ ადამიანებს! შენთვის ნაცნობი გზებით აცხოვნე სული ჩემს წინააღმდეგ აღმდგარი კაცისა!"

თუ ასე ადვილად და ტყუილად იტყვი, "ეს კაცი ხიბლშიაო", გმობა არის სულიწმინდისა. თუ კაცს აქვს ნაკლი, ის საკუთარ თავზე თვითონვე აგებს პასუხს, ჩვენ მხოლოდ უნდა ვილოცოთ მათზე და იმათზე, ვინც ტვირთად გვაწევს. მათი ცხონება უნდა ვისურვოთ - ესაა ყველაზე დიდი მოწყალება ღვთის წინაშე. უფალი ხომ საშინლად აწამეს, ჯვარს აცვეს და ჯვარზე გაკრული ამბობდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან". ხედავთ, როგორ მოიქცა უფალი! ჩვენც ასე უნდა მოვიქცეთ.

ჩვენ, ქრისტიანები, იმავე გზით უნდა წავიდეთ, რომლითაც ქრისტე მიდიოდა, თორემ სხვანაირად ცრუ ქრისტიანები ვიქნებით, მხოლოდ სახელით ქრისტიანები და საქმით ქრისტეს დაშორებულნი. ესე იგი არა მარტო უნდა გვწამდეს ღმერთი და საღმრთო განგებულება, არამედ კეთილი საქმეც უნდა აღვასრულოთ. ნამეტნავისგან მოწყალების გაცემა კარგია, მაგრამ სიმწირისგან გაცემა უკეთესია.

მაგალითად, თუ მე მაქვს ასი მანეთი, მაშინ ვინმესთვის მანეთის მიცემა ჩემთვის იოლია, რადგან სახარჯოდ 99 მანეთი დამრჩება. ამას ჰქვია მოწყალების გაცემა ნამეტნავისგან.

მაგრამ თუ მხოლოდ ერთი მანეთი მაქვს, ხელფასამდე კი სამი დღეა დარჩენილი, მიუხედავად ამისა, ღარიბს 60 კაპიკს ვაძლევ და მხოლოდ პურის ფულს ვიტოვებ, ამას ეძახიან სიმწირისგან მოწყალების გაცემას - უკანასკნელი გაიღო, უპუროდაც კი დარჩე, ოღონდ მოყვასი ანუგეშო! წმინდა მამები ასე ფიქრობდნენ: "როგორ შემიძლია ვჭამო საჭმელი, უხვი კერძები, როცა ამ დროს სხვას პურის ფულიც კი არა აქვს. მაშინ ის, რასაც ვჭამ, არ შემერგება!" თუ ვინმე სიმწირისგან გასცემს მოწყალებას, ეს უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს, ვიდრე უხვი და გემრიელი სადილის მიღება.

* რა ვქნათ, თუკი კეთილი საქმეები არა გვაქვს! იმედი დავკარგოთ? არა, სასო არ უნდა წარვიკვეთოთ! ეს უმძიმესი ცოდვაა. ნიშნავს, რომ არ გწამს ის, რისთვისაც უფალი მოვიდა, რათა გვაცხოვნოს. ეკლესია - ხომალდია ჩვენი ცხონებისა. დიდება ღმერთს, რომ ეკლესიაში მოვედით. ცოდვა ბევრი გვაქვს, მაგრამ დავით წინასწარმეტყველისა არ იყოს, ცოდვათა სიღრმეში შთავარდნილი, შენს გამოუკვლეველ მოწყალებათა უფსკრულს შევუვრდები. ღვთის მოწყალება კი უსაზღვროა და ჩვენს ცოდვათა უფსკრულს დაფარავს.

თუნდაც ყოველი მცნების წინაშე შეგვეცოდოს, იმედს მაინც ნუ დავკარგავთ. მოციქული პავლე ამბობს: "რაც მინდა, იმას კი არ ვაკეთებ, არამედ რაც არ მინდაო". ყველანი უძლურები ვართ, წავიფორხილებთ, ხშირად ვეცემით, მაგრამ ისევ წამოვდგებით. ამიტომაც მოგვცა უფალმა აღსარების საიდუმლო. მანასემ მძიმედ შესცოდა, მაგრამ უფალმა სინანულის გამო აპატია. მარიამ მეგვიპტელი, უდიდესი ცოდვილი, სინანულის მიერ გახდა უდიდესი წმინდანი.

საყვარელნო, თავს სინანული და კეთილი საქმეების ძებნა ვაიძულოთ და ვეცადოთ, რომ ქრისტეს სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხოთ!

* თუ ჩვენ ყველაფერს აღვასრულებთ და არავის განვიკითხავთ, უფალი ცათა სასუფეველს არ მოგვაკლებს. ზეციური სასუფეველი - საუკუნო სიხარულია, საუკუნო ნეტარება! როცა ჩვენ აქ, მიწაზე ყველა საქმე კარგად მიგვდის, მაშინ ერთგვარ სიხარულს განვიცდით, ხოლო როცა მწუხარება და სნეულება დაგვატყდება, თავს უსიამოვნოდ ვგრძნობთ. ეს დროებითი მწუხარებაა, იქ კი საუკუნო მწუხარება და სნეულება იქნება. სიკვდილი სამნაირია: პირველი - როცა სხეულით ვკვდებით, მეორე - როცა სულიდან მადლი გაგვეცლება, სხეული ცოცხლობს, სული კი მკვდარია. აი ამიტომ ხდებიან ასეთი ადამიანები ავაზაკები, მემთვრალენი, მემრუშენი. მესამე კი მაშინაა, როცა სული მიეცემა საუკუნო სატანჯველს, საუკუნო მწუხარებას.

* ახლა კი ვილოცოთ, რამეთუ უფალმა ბრძანა: უჩემოდ არაფრის ქმნა არ შეგიძლიათო. თუ არ ვილოცებთ, აღსარების თქმას ვერ შევძლებთ. გონებაგანუფანტველად უნდა ვილოცოთ, თავმდაბლობით - ვინც შევძლებთ, მუხლიც მოვიდრიკოთ, მაშინ უფალი მოხედავს თუნდაც ჩვენს გარეგნულ სიმდაბლეს, შეისმენს ჩვენს ლოცვებს, განგვწმენდს ცოდვათაგან და აღგვისრულებს სათხოვარს. თუ ფიზიკურად არ შეგიძლიათ მუხლის მოდრეკა, გულის სიმდაბლე მაინც ვაჩვენოთ, გონებით დავდგეთ მუხლებზე და გონებითვე დავმდაბლდეთ.

წმინდა სერაფიმე საროველი მუხლებზე ათასი დღე და ათასი ღამე იდგა, (დაახლოებით სამი წელი) თავისი გონიერი ამალეკისთვის რომ ეძლია. ამ ღვაწლის მერე მან უდიდესი მადლმოსილი ძალა მიიღო - ადამიანებს კურნავდა.

ჩვენ კი ზოგჯერ სამი წუთითაც არ შეგვიძლია მუხლებზე დგომა: უკვე დავიღალეთ, მუხლები წამოდგომას გვთხოვენ. იმიტომ, რომ ცოდვის მიღება ადვილია, განგდებაა ძნელი. ხოლო ცოდვა თავმდაბლობითა და ხორციელი ღვაწლით უნდა მოვიშოროთ.

ასე ხდება ხორციელი სნეულების დროსაც: კაცი უყურადღებოდ დადგება ორპირ ქარში ათი წუთით და გაცივდება, მერე თვეობით უწევს ავადმყოფობის მოშორება. ზოგიერთი ავადმყოფობა კი ქრონიკულ ფორმაში გადადის. დაგვიფარე, უფალო! ასე ხდება სულიერ ცხოვრებაშიც.

* ერთმა გოგონამ შესცოდა და დაფეხმძიმდა. არ იცოდა, რა ექნა. მეგობარმა ურჩია: "ჩამოდი ჩემთან, იცხოვრე, გაიკეთე აბორტი, ვერავინ გაიგებს. ყველაფერი მოწესრიგდება, შინ დაბრუნდები". გოგონა ესტუმრა მეგობარს, მაგრამ სინდისი ქენჯნიდა - რა ვქნაო... ვიღაცამ უთხრა: - აქ ერთი კარგი მოძღვარი ცხოვრობს, ლოცვითა და რჩევებით ხალხს ეხმარება. მიდი მასთანო. ქალი ბერს ეწვია და ყველაფერი უამბო: მრცხვენია, მშობლებმა რომ გაიგონ, ბავშვს ველოდები, შინიდან გამომაგდებენ. ვისგანაც დავორსულდი, მისი გაცემაც არ მინდა, თორემ ავს შემამთხვევს. ამიტომაც აბორტის გაკეთება მინდაო. კარგი, - უთხრა ბერმა, - მხოლოდ ასე გააკეთე: ბავშვი გააჩინე. აიყვანე ხელში, მიიხუტე მკერდზე და თქვი: - მშობლებისა მრცხვენია და... მდინარეში უნდა გადაგაგდო-თქო. ასე მოვიქცევიო, - უთხრა გოგონამ.

ბავშვი გააჩინა, გულში ჩაიკრა... საოცარი დედობრივი, ქრისტიანული სიყვარული აენთო გულში! ღმერთი შემეწევა გაჭირვებაში, შვილს კი არ მოვკლავო! - თქვა. ბავშვის სიყვარულის გულისთვის უფალი და ღვთისმშობელი შეეწივნენ: ხალხი დაეხმარა, მშობლებმაც აპატიეს და ყველაფერი კარგად დამთავრდა. აბორტის გაკეთება არ შეიძლება. ვინც აბორტს იკეთებს, ის ყველაზე გულქვა ავაზაკზე მეტად სცოდავს! ავაზაკი უცხო ადამიანებს ხოცავს გაძარცვის სურვილით, დედა კი ღვიძლ შვილს კლავს, ჯერ კიდევ სულს, სხეული სრულად რომ არ შეუმოსავს! დაგვიფაროს ღმერთმა! ადრე ასეთ ადამიანს ოცდახუთი წლით განაყენებდნენ ზიარებისგან.

დედაკაცი, რომელმაც ერთი ან ორი აბორტი გაიკეთა, სამგიეროს ავადმყოფობით იღებს. ადრე თუ გვიან შეაწუხებს დედაკაცური სნეულებანი, უძლურებები. ღმერთო ჩემო, რაოდენ უსიამოვნოა ეს ყველაფერი.

მაპატიეთ! ჩვენ, ბერებმა, ამ ყველაფერზე არც უნდა ვიფიქროთ და არც ვისაუბროთ, აუცილებელია, ცოდვისგან განგაკრძალოთ ისე, როგორც ამას წმინდა ეკლესია გვასწავლის.

* ვერავინ განკურნავს კაცს გმობის და სიძვის გულისთქმებისგან და ასევე შეპყრობილებისგან, სანამ თვითონვე არ დაანებებს სხვების განკითხვას თავს. როგორც კი აღარ განიკითხავს სხვას, საკუთარ პირად ჯვარს ეამბორება, შეპყრობილებაც მოშორდება და ბოროტი გულისთქმებიც.

* ლოცვის წაკითხვამდე შეგახსენებთ, რომ ყველას სრულად უნდა შეურიგდეთ. უპირველესად, ყველას აპატიოთ, არც ბოროტება ჩაიდოთ გულში და არც გაბრაზდეთ, თორემ სხვანაირად აღსარება და ზიარება განკითხვად და დასასჯელად გვექცევა. "ბოროტისმქმნელ გულში მადლი არ შედის", - ამბობს წმინდა წერილი. ბრაზიანთან მადლი არ მივა. ამიტომაც ყველას უნდა შევურიგდეთ.

საყვარელნო, ჩვენ, ცოდვილნი, აღსარებაზე მოვედით, უფალი კი ხარობს. ჩვენ მას ვერ ვხედავთ, ის კი გვიმზერს. ის არის უპირველესი მწყემსმთავარი როგორც ზეციური, ისე მიწიერი ეკლესიისა. მღვდლები კი მოწმეები და დამხმარენი არიან - ხილული სახით ეხმარებიან ამის განხორციელებაში, უხილავად კი თვითონ უფალი მწყემსავს ყველას. ამიტომაც ასეთ ლოცვას კითხულობენ: "აჰა, შვილო, ქრისტე უხილავად აქა მდგომარე არს, მიმღებელი აღსარებისა შენისა". ესე იგი უფალი თვითონ მოგვიტევებს ცოდვებს! მოძღვარი კი მხოლოდ ხილული სახით გადაგვაფარებს ოლარს.

* ვერ წარმოიდგენთ, უფალი როგორი მოწყალეა ჩვენ ცოდვილთადმი! ის უშვებს ჩვენზე მწუხარებას, ავადმყოფობას, განსაცდელს, რომ მათი დათმენით ვძლიოთ ჩვენში დაბუდებულ ბოროტ ძალას.

ბუნებით ცოდვისკენ მიდრეკილნი ვართ, ხშირად გონი მიგვეღება და სწორი გზიდან გადავუხვევთ ხოლმე ამ ბოროტი ძალის გამოისობით, ვცხოვრობთ ისე, როგორც ჩვენს ვნებებს სიამოვნებს. გამოვზრდით ჩვენში თავმოწონებას, მედიდურობას. თითქოსდა ვაიძულებთ თავს, ღმერთს რომ სათნო ეყოს, უფალს კი სურს, სიამოვნებით ვემსახუროთ.

მწუხარება, ავადმყოფობა, განსაცდელი - ეს აღვირია, რომლის საშუალებითაც უფალი გვამდაბლებს და ჭეშმარიტი ცხონების გზაზე გვაყენებს.

* ეცადეთ, აღსარების შემდეგ თავს უკეთესისკენ უბიძგოთ. ეცადეთ, დაუტევოთ ლანძღვის ჩვევა, თუ ვინმეს განიკითხავდით, ნაკლებად განიკითხოთ. მაშინ ყოველდღურად უფრო ნაკლებად შესცოდავთ და სულიერად წარემართებით, ისე, რომ მერე საკუთარ თავს ვეღარ იცნობთ.

რა თქმა უნდა, ცოდვას მაშინვე ვერ მოერევი: მას მომწამვლელი ძალა აქვს... ის აზიანებს სინდისს, ხასიათს, სულს, ჩვენს გულს, ის რაც შეიძლება მალე უნდა ამოვიგდოთ გულიდან მონანიებით.

* ღმერთი ყოვლადძლიერია! მას შეუძლია მოგვცეს გონება, თავისუფლება, გონიერი ნება, მაგრამ ის გვიცდის, ჩვენს უნებურად უფალი ჩვენში არ შემოვა.

მან სიცოცხლე მოგვცა, თავის ეკლესიაში მიგვიღო, მაგრამ ჩვენ, გულგრილნი, არ ვიყენებთ მის მაცხოვნებელ საშუალებებს და შეურაცხყოფილები კვლავ ჯვარს ვაცვამთ უფალს.

ჩვენი ცოდვები სულს გვიბრმავებენ.

ცრემლებით შევღაღადოთ: "უფალო, შეგვეწიე და შეგვიწყალე! განგვიმრავლე გულში სარწმუნოება!"

რწმენა ადამიანური გულის გასაღებია, ურწმუნოება კი უფალს გზას უღობავს. ვის გულშიც რწმენა და სიხარულია, იმავ გულიდან ამოიფრქვევა ღვთისადმი მადლიერების ნაკადი.
ბეჭდვა
1კ1