როცა რაიმე საეკლესიო საიდუმლოებას ასრულებ ან ღმერთს ევედრები, ნუ იფიქრებ სათხოვრის შესრულებაზე
როცა რაიმე საეკლესიო საიდუმლოებას ასრულებ ან ღმერთს ევედრები, ნუ იფიქრებ სათხოვრის შესრულებაზე
წმინდა იოანე კრონშტადტელი
დარიგებები სამღვდელო პირებს
* ლოცვისას ნუ იჩქარებ. სიტყვებს აცალე, შენს გულში ექოდ დაირხეს, შენი გულის საკუთარი სიტყვები გახდნენ.

* ლოცვისას გონების თვალი მიადევნე გულს - რა მიზანი გაქვს, მხოლოდ ჩაიკითხო ლოცვები თუ სულის განწმენდა გსურს. პირველი უნდა განაგდო და მეორე ჭეშმარიტი მიზანი დაისახო. პირველი მიზანი ლოცვას ანგრევს და გადააქცევს მრავლისმეტყველებად, რომელსაც ღმერთი არ შეისმენს.

* როცა უფლისადმი ლოცულობ, გასაძლიერებლად სარწმუნოებისა და თავად შენი ლოცვისა, მოუხმე ყველა ზეციურ ძალას: წინასწარმეტყველთ, მოციქულთ, მოწამეებს, ღირსთა და მართალთ. მათი დასების წინამძღვრობით იცხოვრე და მათეული რწმენით ილოცე.

* როცა საიდუმლოთა აღსრულებისას ლოცვებს კითხულობ, ნუ იფიქრებ, როგორ აღესრულება ლოცვებში ნათქვამი მოქმედება - ყოველივე ღმერთს მიანდე.

* მას შემდეგ, რაც მტერმა პირველი ადამიანები ცოდვისკენ მიდრიკა გრძნობისმიერი სიკეთეებით, თითქოსდა ხელთ იპყრო ოქრო-ვერცხლი და ყველა გრძნობისმიერი სიტკბოება, ამით ატყვევებს და იმორჩილებს ყველა გაუფრთხილებელ კაცს. თავის სიმდიდრეს არ ჩუქნის ღვთისმოშიშთ; მაგრამ ამ ღვთისმოშიშთ, ღვთის საქმის აღსრულების გამო რაც მეტი მატერიალური ჯილდო აქვთ უფლისგან, უფრო მეტად ებრძვის მათ შინაგანად ეშმაკი და განხურვებულ ისრებს ესვრის. განსაკუთრებულ ვაებას შეგვამთხვევს ეშმაკი ჩვენი მიცვალებულების გამო. მათზე ლოცვისას სამაგიეროს გვიხდის. რაც უფრო უნანელი და დიდად ცოდვილია მიცვალებული, მით მეტად გვეტანჯება გული მათი ცოდვებისთვის.

* უფლის ჯვრის წინაშე განკრძალული იყავი, განსაკურებით, როცა ხელთ გიპყრია, იტვირთე უაღრესად კეთილმოშიშებით, თითქოს თვით ჯვარცმული უფლის წინაშე იდგე, ნუ გაკადნიერდები, სული ისე მოაუძლურო, რომ იცინოდე, - შენი ცოდვებით დაამდაბლებ უფლის ჯვარცმას. უფლის ჯვრის ხილვისას უნდა ილოცო და იტირო.

* უფლის მიერ პურისა და ღვინის საკუთარ სისხლად და ხორცად გადაქცევა ისეთივე ჩვეულებრივ, დიდებულ და აღმატებულ საქმედ ჩათვალე, როგორც აფთიაქარის მიერ ყოველდღიურად წამლის მომზადება. უდიდესი სიმშვიდით და მტკიცე რწმენით მიიღე უფლის სისხლი და ხორცი. შიში და ეჭვი - მიუტევებელი სისულელე და დიდი ცოდვაა. ასეთი კაცი თავის თავს სჯის შიშით "მუნ, სადა არა იყო შიში" (ფსალ. 13,5).

* როგორც სისხლმდინარე დედაკაცი, ისე შეეხე უფლის სამოსს, ანუ მის ხატს, მისგან მიიღებ კურნებას და დაგიფარავს მტრის ისართაგან.

* ბოროტი სულის გულში მოქმედება - ფრიად საგრძნობი ხდება წმინდა წერილის კითხვის დაწყებისას, ანდა როცა წმინდა მამათა ნაწერებს კითხულობ, ან ლოცვისას - საზოგადო ღვთისმსახურების ან საეკლესიო წესთა შესრულებისას ან შინ ლოცვისას: თუ მძიმედ, უსურვილოდ კითხულობ და წაკითხულს გულით ვერ იგებ, წაკითხული არ ჩერდება გულში, რომელიც მანამდე ჯოჯოხეთის სულს დაუკავებია. მაგრამ მალე ძალას მოიკრებს შენში ღვთის სიტყვა, ან მამათა ნაწერები, ანდა ლოცვები და განაგდებენ ბოროტ სულს, რომელიც გაგვირბის, ხედავს რა ამ საქმისას ჩვენს სიმტკიცეს. ნუ შეგეშინდება, რომ გძლევს სატანა, "რამეთუ უფროის არს, რომელი თქვენს შორის არს, ვიდრეღა რომელი იგი სოფლისაგან" (1 იოანე 4,4), ანუ სატანა. გახსოვს, მაცხოვრის სიტყვები საუფლო ლოცვაში: და ნუ შემიყვანებ ჩვენ განსაცდელსა, არამედ მიხსნენ ჩვენ ბოროტისაგან. შემდეგ კი ამბობს, - რას? - რამეთუ შენი (და არა ეშმაკისა) არს სუფევა და ძალი და დიდება უკუნისამდე. ამინ.

* როცა ცხოველმყოფელ საიდუმლოებათა ზიარებისას ეშმაკი მათზე ეჭვის ფიქრს მოგგვრის, წამითაც არ დაგაბრკოლოს საფრთხეებმა, არამედ უთხარ: არად მიჩნს შენი მზაკვრობა და ჩემი უფლის იესო ქრისტეს სახელით ვძლევ შენს სიცრუეს - და ამ სიტყვებით მიიღე წმინდა ძღვენი (უფლის სისხლი და ხორცი). უბედურება ისაა, რომ ვსულმოკლეობთ ეშმაკის ცილისწამებისას და დიდ რამედ მიგვაჩნია ისინი. გძაგდეს და არად გიჩნდეს სულის მომკვლელი ბოროტი სული.

* განა მხოლოდ სიამოვნებისთვის მსახურებ ღმერთს? მადლიერებით დაითმინე, რაც შეგემთხვევა.

* როცა მოგიხმობენ ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსასრულებლად, ამ დროს გული მცირედმორწმუნეობით გეტანჯება (მცირედმორწმუნეობისას გული მშიშარაა და კაცის ყოველი მოქმედება არასწორი, არამყარი, გაუბედავია, სიტყვებიც არამყარია, სწრაფად და ნაწყვეტ-ნაწყვეტ წარმოთქმული, ხმა კი მთრთოლვარე) და გაოგნებული თითქოს საკუთარ თავს ეკითხები: როგორ განკურნავ, უფალო, ჩემი უღირსი ლოცვის გამო ასეთ უძლურს? - მაშინ, თუ გინდა, შენი მცირედმორწმუნეობა ცოცხალი და დამამშვიდებელი სარწმუნოებით შეიცვალოს, საკუთარ თავს ჰკითხე: მესაათეს განა არ ძალუძს შეაკეთოს საათის დაზიანებული ნაწილები? მემანქანეს განა არ შეუძლია იმ მანქანის უწესრიგობა აღმოფხვრა, რომელიც თვითონ გააკეთა? ნებისმიერი საქმის ოსტატს ნუთუ არ შეუძლია გამოასწოროს თავისივე შექმნილის დაზიანება? რა თქმა უნდაო, - იტყვი. ასევე გჯეროდეს, რომ უფალს შეუძლია შეაკეთოს ანუ განკურნოს ადამიანი, რომელიც არის ხელთა მისთა ქმნილება. ჩვენი სხეული თიხის ჭურჭელია, ყოვლადბრძენი მოქანდაკის, ღმერთის ხელთა მიერ შექმნილი. ამ ჭურჭელში შემოქმედის ბრძნული ნების მიერ მოთავსებულია უკვდავი სული - სუნთქვა მისი, რომელიც დაცემულობის გამო მიდრეკილია სნეულებისკენ და ენგრევა მატერიალური საცხოვრისი - სხეული. ამიტომაც ეცადე, ავადმყოფში აღძრა გულწრფელი სურვილი, რომ ცოდვები მიეტევოს, ჰქონდეს იმედი უფლის ყოვლისშემძლეობისა და სახიერებისა, რომელსაც ძალუძს განკურნოს ყოველი სენი და ყოველი უძლურება ერსა შორის (შეადარე მათე 4,23), მასთან ერთად რწმენით ილოცე და არა ორგულობით.

* როცა მოგიხმობენ სნეული ღატაკისთვის ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსასრულებლად, ნუ იფიქრებ შენს თავზე, მით უმეტეს, ნუ იტყვი, უმაგისოდაც ეშველება, საკმარისია აღსარება თქვას და ეზიაროსო, არამედ მაშინვე წადი, ნუ ჰკრავ ხელს სიღარიბის გამო. უფალი არ ასხვავებს მდიდარსა და ღარიბს. გახსოვდეს, რომ ღარიბ სნეულთა შორის, განსაკუთრებით კი ვინც დიდხანს იტანჯება, ნახავ განწმენდილ ოქროს - ანუ დიდად მართალ ადამიანებს, რომელთა ლოცვას მრავალი რამ ძალუძს ღვთის წინაშე. როცა ზეთის კურთხევის საიდუმლოს აღსრულებისას მიხვალ მასთან შინ და იხილავ სიღატაკეს, სივიწროვეს, არეულობას, ჭუჭყს, გულში ნუ იტყვი: აქ ყველა ღარიბ-ღატაკი და უწიგნურია, ამიტომაც შემიძლია ლოცვა შევამოკლოო, რადგან იქვეა უფალი ჩვენი და მისი ანგელოზები. იქვეა შენი მფარველი ანგელოზი და სნეულისაც, რამეთუ "ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ზეცათაისა" (შეადარე მათე 18,10), იცოდე, ისინი არიან მოწამენი ღვთის წინაშე საიდუმლო ფიქრებისა და საიდუმლოების გულგრილად აღსრულებისა. როცა სხვა საიდუმლოთა აღსრულებისთვის მოგიხმობენ, მაშინაც ნურც პიროვნებას მიხედავ, ნურც გარემოებებს, ნურც დროს და ისე იმოქმედე, ვითარცა ღვთის პირის წინაშე მდგარმა.

* როცა რაიმე საეკლესიო საიდუმლოებას ასრულებ ან ღმერთს ევედრები, ნუ იფიქრებ სათხოვრის შესრულებაზე. მხოლოდ შენი საქმე უნდა გააკეთო, სხვას ყველაფერს კი ყოვლისშემძლე ღმერთი მოიმოქმედებს, ანუ ის, ვინც არარაობისგან ყოფიერებაში მოგიყვანა. შენ აქ მხოლოდ იარაღი ხარ, ნუ გამოცდი, არამედ გწამდეს. შენი ღმერთი - სასწაულთმოქმედია. შენც სასწაული ხარ, საკუთარი სულით და სხეულით. ისევე, როგორც შენი სისხლი შენი ნების გარეშე მიმოიქცევა, ასევე უფლის სისხლად და ხორცად გადაიქცევა პური და ღვინო. შენს სხეულში მუდმივად ხდება სასწაული: წარმოშობა სისხლისა, შენი სხეული მუდმივად შენდება, მუდმივად ნგრევასთან ერთად, და ყველაფერი ხდება შენს უკითხავად, შემოქმედი ღმერთის ნებით, რომელმაც კანონები დაუდგინა ყოფიერებას და შეეწევა მას.

* "ჰოი ნათესავი ურწმუნო, ვიდრემდის ვიყო თქვენთანა; ვიდრემდის თავს ვიდებდე თქვენსა?" - ხედავ, უფალი, სარწმუნო და ჭეშმარიტი მოწმე მრისხანებს ურწმუნო ადამიანებზე. მათზე, ვინც მის სასწაულებს ხედავს, ისმენს, მაგრამ ჯერაც არ სწამს, რომ უფალი ყოვლადძლიერია და მისთვის არაფერია შეუძლებელი. ეს სიტყვები მიესადაგება იმ მცირედმორწმუნე მღვდლებსაც, რომლებიც საკუთარ თავში სულიერი თვალით ხედავენ უფლის სისხლისა და ხორცისგან აღსრულებულ ცხოველსმყოფელ საიდუმლოს, ეზიარებიან, მაგრამ ზოგჯერ შეეჭვდებიან: "მართლა გადააქცევს უფალი პურსა და ღვინოს თავის სისხლად და ხორცად?" ასეთებს უფალი რისხვით ეუბნება: "ჰოი, ნათესავო ურწმუნო, ვიდრემდის ვიყო თქვენთანა? ვიდრემდის თავს ვიდებდე თქვენსა?" მღვდელნო უფლისანო! იცოდეთ: ცხოველსმყოფელი საიდუმლოსას ისევე უეჭველია, რომ პური და ღვინო უფლის სისხლი და ხორცია, როგორც უეჭველად გასხიათ ხორცი, სხეულში კი სისხლი და სულია თქვენი... ეს თვითონაც შეგიგრძნიათ, როცა ღირსეულად და უეჭველი რწმენით ზიარებულხართ, როცა უფლის სული მოგეხვეოდათ, შთანთქავდა თქვენს სულს - და უფლისმიერი სიმშვიდე და ნეტარება ჩაგეღვრებოდათ არსებაში. ზიარების წინ გულში თქვი: როგორც მე მაქვს სისხლი და ხორცი, ასევე აქ (ბარძიმში) შენი სისხლი და ხორცია, როგორც ჩემს სხეულში ცხოვრობს ჩემი სული, ასევე ამ წმინდა ფეშხუმზე დაბრძანებულ შენს სხეულში სულია შენი, ცხოვრებისმომცემელო ქრისტე ღმერთო ჩემო!

* მთელ სამყაროს ვერ დამოძღვრავ, ვერ გადააკეთებ. ასწავლე მათ, ვისი გულგრილობისა და უდარდელობის გამოც პასუხს აგებ ღვთის წინაშე, - ასე ფიქრობს მიხაილ დეფლორანსკი.

* როცა უხილავი მტრები ძლევის სურვილით შემოგიტევენ და შენს გულს ჯოჯოხეთური შიშით და შეჭირვებით შეავიწროებენ ისე, რომ აღარ ძალგიძს გულის მათი ბნელი ზეგავლენისგან განთავისუფლება და შიგ ქრისტეს შეყვანა, ნუ გამწარდები, მოითმინე, ილოცე და ეცადე, გულში ცოცხალი რწმენით უფალი შეიყვანო! ღვთის სჯულის სიმართლე მოითხოვს, რომ ზოგჯერ უხილავ მტერთა ნებაზე დავრჩეთ, რათა გამოიცადოს ჩვენი სარწმუნოება, უფლისადმი ერთგულება.

* რამდენად მაღალი პატივი, ღირსებაა და ბედნიერება - ილოცო ადამიანებისთვის, უფლის ამ უძვირფასესი მონაგარისა და საგანძურისთვის! როგორი სიხარულით, მხნეობით, გულითადობით, სიყვარულით უნდა ილოცო მამა ღმერთის წინაშე ადამიანებისთვის, რომლებიც მისმა ძემ თავისი სისხლით მოისყიდა: "სყიდულ არიან კაცთაგან შესაწირავად ღმრთისა და კრავისა" (გამცხ. 14,4).

* ყურადღება მიაქციე ეკლესიაში კაცთა სულის განსვენებისთვის წარმოთქმულ შენს ლოცვას. ღმერთი ყურს არ უგდებს იმ ლოცვას, რომელსაც ჩვენვე არ ვუსმენთ.

* ჩვენი ლოცვა რომ მოქმედებდეს, საჭიროა განვაგდოთ მიწიერის მიმართ მიზიდულობა, აღმოვფხვრათ ჩვენი ძმისადმი ყველანაირი სიძულვილი და გულით შევიყვაროთ ზეციური სამყაროს საგნები, სიკეთეები ზეციური სასუფევლისა, განსაკუთრებით კი ამ სამეუფოს უფალი. სწავლებაა: "ზეცისასა ზრახევდით" (კოლ. 3,2). განსაკუთრებით ლოცვისას უნდა აღვასრულოთ იგი. როცა შეუდგები ლოცვას, ღმერთთან საუბარს, დაუტევე მიწიერზე ფიქრი და მხოლოდ ზეციურზე იფიქრე. ჰოი, სიცრუევ მიწიერ სიკეთეთა, სიცრუევ სიმდიდრისა, როგორ ძლიერად მიგვიზიდავ მიწისკენ.

* როცა ლოცვაზე დადგები, მაშინ გრძნობათა სრულ სიმყუდროვეში ილოცე და მიაყურადე შენს ლოცვას.

* ლოცვისას მტკიცედ გწამდეს და სასოებდე, რომ უფალი, როგორც თავის ხატებას, გისმენს. თავის ხატებაზე უახლოესი და უსაყვარლესი ვინა ჰყავს მას! თქვი შენთვის: მე შენი სუნთქვა ვარ და მჯერა, რომ შეისმენ ჩემსას და არ უარმყოფ.

* როცა ცოცხალ ცოდვილებზე ლოცულობ, ევედრე ისე, როგორც საკუთარი თავისთავს. მაგალითად, თუ ხედავ მემთვრალეს და იცი, რომ მას საუკუნო ცეცხლი ემუქრება, ეცადე, ამ ცეცხლიდან გამოიტაცო. ასე ილოცე ყველა სხვა ცოდვილისთვის, ყველაფერი გააკეთე მათ გადასარჩენად.

* ლოცვა სატანჯველი სამუშაო კი არა, ყველაზე მსუბუქი და კეთილი უღელია.
ბეჭდვა
1კ1