როცა ლოცულობ, ნუ იჩქარებ ფიქრით სხვა საქმეზე გადასვლას, ვინაიდან ლოცვა უნდა იყოს შენი უმთავრესი საქმიანობა
როცა ლოცულობ, ნუ იჩქარებ ფიქრით სხვა საქმეზე გადასვლას, ვინაიდან ლოცვა უნდა იყოს შენი უმთავრესი საქმიანობა
წმინდა იოანე კრონშტადტელი
დარიგებები სამღვდელო პირებს
* როცა ლოცვაზე დგახარ, ნუ იფიქრებ, თითქოს მარტო შენ ლოცულობდე. შენთან ერთად, ერთსა და იმავე ჟამს, მილიონობით კაცს მოუყრია მუხლი შემოქმედის წინაშე.

* ლოცვის დროს გონება ნათლდება.

* არ დაგავიწყდეს, რომ ლოცვით ცოდვები აღიხოცება, ამას გვიჩვენებს სიმსუბუქე გულისა, ლოცვის შემდგომი.

* როცა ლოცვების კითხვისას უფალს დაუწყებ ძებნას, შორს ნუ მოძებნი, ის იქვეა, თვითონ ლოცვის სიტყვებში. მხოლოდ გული მიანდე მას და უფალიც შენს გულში შემოვა. ლოცვის სიტყვებში სუნთქავს ღვთის სული.

* უეჭველად გულით უნდა ვილოცოთ. გული უნდა მივუახლოვოთ ღმერთს, თორემ სხვანაირად გაგიჭირდება ლოცვა. როცა გულით და სიყვარულით ლოცულობ, ყოველთვის სასიამოვნოა და მსუბუქი. ყველა საქმე ადვილად კეთდება, თუ მას გულით და ღვთისადმი სიყვარულით ვაკეთებთ.

* რაც მეტი თავისუფლებაა და, შესაბამისად, სიმშვიდეა ლოცვისას, რწმენა და გულწრფელობა, მით ამაღლებულია ის (ლოცვა) და მოქმედი.

* შენი ლოცვა ყოველთვის წრფელი უნდა იყოს, გულიდან წამოსული. ნურასოდეს ილოცებ სიწრფელის გარეშე, თორემ შენი ლოცვა ამაო იქნება. ამიტომ როცა ლოცვისას შეამჩნევ, რომ სიწრფელე დაგეკარგა, მაშინვე სძლიე თავს, მზაკვარ გულს, ბოროტ სხეულს და გულს სიწრფელე აიძულე.

* ლოცვისთვის გულს ნუ დაზოგავ: ამოიყვანე გული ვნებებისა და ბოროტი მიდრეკილებისგან და ღვთისკენ ასწი, განწმინდე გონიერი ნათლით, თორემ მასში სიბნელე და ყველანაირი ქვეწარმავალი დაიბუდებს. ლოცვისას პირდაპირ ურტყი ცოდვილ გულს, მის განსაკურნებელ ნაკლოვანებებს, გამოწურე ისინი მისგან, ნუ დაზოგავ, დაღვარე ცრემლი და ცრემლებს გამოჰყვებიან ისინი. თუ გულს დაზოგავ და არ შეეხები, ყველანაირი საძაგლობა მასში დარჩება და ლოცვაც სიკეთეს არ მოგანიჭებს.

* სულით და ჭეშმარიტებით (იოანე 4,23) ლოცვა ნიშნავს იმ რწმენით, იმედითა და სიყვარულით ლოცვას, როგორც ლოცულობდნენ წმინდა მამები, რომელთაც დაგვიტოვეს სულიერი საგანძური - თავიანთი ლოცვები, დიდებისმეტყველება და მადლიერება ღვთისადმი.

* როცა ლოცულობ, ნუ იჩქარებ ფიქრით სხვა საქმეზე გადასვლას, ვინაიდან ლოცვა უნდა იყოს შენი უმთავრესი საქმიანობა მთელი ცხოვრების მანძილზე, ღირსეულად ლოცვის სწავლა უმნიშვნელოვანესი საქმეა.

* რატომ არ უნდა ლოცვა ბევრ ადამიანს? - სადაც არის საუნჯე შენი... (მათე 6,21) ვერ ისწავლეს ლოცვის დაფასება, გამოცდილებით ვერ შეიგრძნეს მისი სიტკბოება, ან შეიგრძნეს, მაგრამ დაუდევრად მოიქცნენ, არაწმინდა გულს უყვარს ამსოფლიური, სულიერი მისთვის აუტანელია "რაი ზიარებაი არს ნათლისა და ბნელისა" (2 კორ. 6,14).

* როცა ლოცვისას იგრძნობ, რომ შენი გული, შენი ნებისვე საწინააღმდეგოდ, მზაკვარია, აღსავსეა ურწმუნოებით და სიამაყით, ნუ შეშფოთდები და ნუ მიიდრიკები მისი ბოროტებისკენ. ეს ეშმაკის მზაკვრობაა, ასევე, როცა შეამჩნევ შენში შიშსა და შფოთს, ამით ნუ აიმღვრევი. ესეც ბნელეთის სულის მოქმედებაა. იყავი მტკიცე და რაც შეიძლება ღრმად ჩაინერგე სულში სიმდაბლე და სარწმუნოება, მუდმივად უფალს უცქირე და ელოდე მის წყალობას - ის აუცილებლად მოგინახულებს და მტერს განდევნის. შენ ამას იგრძნობ სიმშვიდით და გულის სიტკბოებით.

* როცა ლოცვისას გულში გულისთქმა შემოგივა და შფოთს შემოგიტანს, გაიხსენე მაცხოვრის სიტყვები: "რაისა შეძრწუნებულ ხართ და რაისათვის გულის-სიტყვანი მრავალნი მოვლენან გულთა თქვენთა?" (ლუკა 24,38). იცოდე, რომ არაფერმა არ უნდა შეგაშფოთოს და ამგვარი გულისთქმებიც არ უნდა შეუშვა გულში.

* თუ ლოცვისას შეამჩნევ, რომ მას გული არ იღებს, როგორც ნედლ ხეს ცეცხლი არ ეკარება, მაშინ ყველა ზომა იხმარე, რომ გულში ლოცვა შევიდეს, თორემ ეს ლოცვა სიკეთეს არ მოგაგებს. ცივი და მკვდარი დარჩება ის და მასთან ერთად სულიც. გულის სინედლეს კი მრავალი სასმელ-საჭმელი იწვევს.

* თუ ლოცვისას გული ცივი გაქვს, იფიქრე, ყოველი წუთისთვის, ყოველი წამისთვის, უფალს ცოცხალი რწმენითა და გულითადად რომ ემსახურები, უფლისგანვე მოგეზღვება ათასობით წლის ნეტარებით.

* გულს ლოცვისას ზოგჯერ სძინავს, მხოლოდ გონება მოქმედებს სუსტად, არადა საჭიროა, რომ გულმაც იფხიზლოს. რატომ არის, შინ ლოცვისას ეჭვი ვერ მოგიხელთებს და ენაც არ გიჩერდება, საზოგადო ლოცვისას კი ასეთი რამ ხდება?

* ალბათ შეგინიშნავთ, ზოგჯერ ლოცვისას თითქოს ქვა გიდევთ გულში? ეს უხილავი მტრის მოქმედებაა, რომელიც წმინდა საქმეს წინ აღუდგება, დასძლიეთ ის ლოცვისადმი თქვენი გულმოდგინებით.

* ლოცვამ და სულიერი წიგნების კითხვამ (მაგალითად, წმინდა წერილის) სულის სიტკბოება რომ მოგვიტანოს, ფიქრით და გულით უნდა ჩავუღრმავდეთ ლოცვის შინაარსს, ანდა წაკითხულს. ამ პირობის აღუსრულებლად სიტკბოებას ვერ ვპოვებთ.

* იღვაწე ლოცვასა და გულის განწმენდაში. ღმერთი მოხედავს შენს შრომას და თავის დროზე ღირსეულად დააჯილდოებს. შენ მცირე ხარ, არარაობა და გეჩვენება, რომ არა ხარ ღირსი, ღმერთმა შენზე იფიქროს. ასეთი მცირე და არარაობა იყო თავიდან ყველა წმინდანი, მაგრამ შემდეგ ღვთისადმი გულმოდგინედ სწრაფვის გამო, მათი ღვაწლისა და სულის განწმენდის გამო ღმერთმა განადიდა ისინი. უეჭველია, რომ ღვთისთვის ყველანი თანასწორნი ვართ, ყველას ერთნაირად მოგვხედავს და ყველას ერთნაირი მზერით გვაფასებს.

* წმინდანები ანდა ღირსი მამები ისე კი არ ლოცულობდნენ, როგორც ჩვენ, მათი ლოცვა სიყვარულის ცეცხლი იყო.
ბეჭდვა
1კ1