იმ სიკეთის მიცემა ადამიანისთვის, რაც სნეულებას მოაქვს, ჯანმრთელობას არ შეუძლია!
იმ სიკეთის მიცემა ადამიანისთვის, რაც სნეულებას მოაქვს, ჯანმრთელობას არ შეუძლია!
როცა ადამიანი გთხოვს, ჩემთვის ილოცეთ, ამა და ამ დღეს ოპერაცია უნდა გამიკეთონო, ლოცვა მაშინვე დაიწყე
ავადმყოფობას ყოველთვის დიდი სარგებელი მოაქვს. ჯანმრთელობა დიდი რამეა, მაგრამ იმ სიკეთის მიცემა ადამიანისთვის, რაც სნეულებას მოაქვს, ჯანმრთელობას არ შეუძლია! ავადმყოფობა დიდი მადლი და წყალობაა. ის ადამიანს ცოდვათაგან განწმენდს და ზოგჯერ ზეციური მისაგებლის გარანტიასაც აძლევს. ადამიანის სული ოქროს მსგავსია, სნეულება კი ცეცხლია, ოქროს განწმენდელი. ქრისტემ უთხრა პავლე მოციქულს: "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების" (2 კორ. 12,9). რაც უფრო იტანჯება ადამიანი სნეულებისგან, მით მეტად განიწმინდება, ოღონდ უნდა დაითმინოს და ავადმყოფობა სიხარულით მიიღოს.

ღმერთი უშვებს ავადმყოფობას, რათა მისით კაცმა მცირეოდენი სასყიდელი მიიღოს - ხორციელი სნეულება ადამიანს სიმდაბლეს აძლევს და ამით ანეიტრალებს მის სულიერ ავადმყოფობას. უფალმა იცის, რა არის აუცილებელი თითოეული ჩვენგანისთვის და ამის შესაბამისად გვაძლევს სნეულებას, ზეციური სასყიდელის მისაღებად ანდა ჩვენი ცოდვების საზღაურად.

სნეულებათათვის ზეციური მისაგებელი. ჩემთან ერთი თირკმლებით დაავადებული ქალბატონი მოვიდა. რამდენიმე წელია ჰემოდიალიზს იკეთებს. მამაო, ხელზე ჯვარი გადამსახეთ. ვენებზე ერთი ცოცხალი ადგილიც არ დამრჩა, რომ ნემსი ნორმალურად გავიკეთოო, - მთხოვა. ვანუგეშე - ეს ჭრილობები და წყლულები იმქვეყნიურ ცხოვრებაში უძვირფასეს ალმასებად გადაიქცევა-მეთქი და ვკითხე, - რამდენი წელია რაც ჰემოდიალიზით მკურნალობ? თორმეტი წელი იქნებაო. და მეორე ხელის ჭრილობა მიჩვენა: - არ იხურება და ძვალი ჩანსო. მაგრამ მის გამო ზეცაც მოჩანს. დაითმინე, გისურვებ კეთილ მოთმინებას. მსურს შევთხოვო ქრისტეს, შენში თავისი სიყვარული გაამრავლოს, რომელიც ტკივილს დაგავიწყებს. ტკივილის დაცხრომაც შემიძლია გისურვო, მაგრამ მაშინ მრავალი სარგებელი დაგეკარგება-მეთქი. საწყალი ქალი ამ სიტყვებმა ანუგეშა.

როცა ავადმყოფობისგან იტანჯება სხეული - ჩვენი თიხაქმნილი ქოხი, პატრონი ქოხისა, სული, ამის გამო საუკუნოდ გაიხარებს ზეციურ სასახლეში, ქრისტე რომ უმზადებს. ამ სულიერი ლოგიკით, რომელიც ალოგიკურია ამა სოფლის კაცისთვის, ვხარობ და თავს ვიქებ ჩემი ხორციელი სნეულებებით. იმასღა ვფიქრობ, რომ სნეულებათათვის ზეცაში მომეზღვება. სათანადოდ ვერ ვუპასუხე მის მიერ ბოძებულ უდიდეს ნიჭებს და წყალობას; ამიტომ ღვთის მიმართ ჩემი უმადურობის გამო ავადმყოფობით ვიხდი საზღაურს.

სნეულის ტანჯვა და ღვთისადმი რწმენა.

- მამაო, სწორად იქცევა მძიმე ავადმყოფი, რომელიც გადაწყვეტს, მთლიანად ღმერთს მიენდოს?

- თუ მას არა აქვს მოვალეობები სხვების მიმართ, დაე, მოიქცეს, როგორც უნდა. მაგრამ თუ სხვებზეა დამოკიდებული, მაშინ ექიმებს უნდა მიმართოს დახმარებისთვის ანდა ღმერთს მიანდოს თავი...

ავადმყოფი უნდა ეცადოს, პირველად ადამიანური შეწევნა მიიღოს და სადაც ეს არ გაჭრის, იქ ღმერთი შეეწევა.

ვიდრე ექიმთაგან შეწევნას მიიღებდეს, მანამდე დიდი განსაცდელები, სატანჯველი უნდა გამოიაროს (ათასნაირი გამოკვლევა, ოპერაციები, ქიმიოთერაპია, დასხივება და სხვა). უნდა ვევედროთ ქრისტეს, ავადმყოფს მისცეს მოთმინება და განუნათლოს გონება ექიმებს, რადგან, თუ ისინი თავმდაბლები არ იქნებიან, შეიძლება შეცდომები დაუშვან...

არ უნდა დავივიწყოთ, რომ ქრისტეს შეუძლია ისეთი სნეულებები განკურნოს, ექიმები რომ ვერაფერს შველიან, მაგრამ ქრისტეს ჩარევისთვის სერიოზული მიზეზი უნდა იყოს, ხოლო ავადმყოფისთვის მლოცველი - დიდად მორწმუნე და ქრისტეზე სრულად მინდობილი.

- ანუ როცა ადამიანები იტანჯებიან, ექიმთან არ უნდა მივიდნენ?

- მე ეს არ მიგულისხმია! მე ხომ არ ვამბობ, მაგალითად, ავადმყოფს ჟანგბადი არ მივცეთ-მეთქი. მე მსურს აღვნიშნო, თუ როგორ იტანჯებიან სნეულები, როცა ადამიანთაგან შეწევნას იღებენ. უნდა ვევედროთ ქრისტეს, დაეხმაროს სნეულს, ტანჯვა აარიდოს. თუ მძიმე ავადმყოფობაა, შევთხოვოთ უფალს, მხოლოდ ერთი თავისი ალერსით აიღოს ეს სნეულება. ქრისტე რომ უბრალოდ მოეფეროს ხელზე, ყველა სნეულება ხომ გაქრება! მაშინ არც წამალი გჭირდება და არც საწამლავი. თუ ალერსიანად მოეფერება კაცს სახეზე, ის უფრო უკეთესად გახდება. თუ მოეხვევა კიდეც, მაშინ კაცს გული შეუმსუბუქდება. მაგრამ საჭიროა დიდი რწმენა. თუ თვითონ ავადმყოფს ეს რწმენა არა აქვს, ვერ გამოჯანმრთელდება.

მსხვერპლი უნდა გაიღო.
თუ რაიმეს შევთხოვთ ღმერთს და თვითონ არაფერს გავცემთ, მაშინ ჩვენი თხოვნა ძალიან ცოტა ღირს. თუ გულხელებდაკრეფილი ვამბობთ: "ღმერთო ჩემო, განკურნე ესა და ეს სნეული", თვითონ კი არანაირი მსხვერპლის გაღებაზე არ ვფიქრობთ, გამოდის, რომ უბრალოდ კარგ სიტყვებს ვამბობ. თუ მე მაქვს სიყვარული, შევწირავ მსხვერპლს, ქრისტე ამას დაინახავს და ამისრულებს თხოვნას, რა თქმა უნდა, თუ ეს სხვისთვის სასარგებლო იქნება. ამიტომ, როცა ადამიანები ავადმყოფისთვის ლოცვას გთხოვენ, უთხარით, რომ მათაც ილოცონ, უკიდურეს შემთხვევაში, ეცადონ, ნაკლოვანებანი მოიკვეთონ.

ზოგიერთი მთხოვს: "განმკურნე. გამიგია, რომ შეგიძლია ჩემი დახმარებაო". მაგრამ ასეთებს დახმარება ხელის გაუნძრევლად უნდათ. ადამიანს ურჩევ: ნუ შეჭამ ტკბილეულს, შესწირე ეს მსხვერპლად, რათა ღმერთი დაგეხმაროს-მეთქი. გპასუხობს: - ნუთუ ღმერთს უმსხვერპლოდ არ შეუძლია განმკურნოსო! ასეთებს საკუთარი თავისთვის რაიმეს გაღებაც არ შეუძლიათ და სხვისი გულისთვის რაღას გაიმეტებენ! მაგრამ არიან ისეთებიც, ტკბილეულს რომ არ ჭამენ, ოღონდ ქრისტე შაქრის დიაბეტით დაავადებულს დაეხმაროს, ანდა არ იძინებენ (ლოცულობენ), ოღონდ ქრისტემ მისცეს ცოტა ძილი მათ, ვინც უძილობით იტანჯება. ასეთი ქცევით კაცი ღმერთს ენათესავება და მაშინ ღმერთიც თავის მადლს აძლევს ადამიანებს.

როცა კაცი მეუბნება, - ავადმყოფი ნათესავისთვის ლოცვა არ შემიძლიაო, ვურჩევ, სნეულისთვის რაიმე მსხვერპლი გაიღოს, შესწიროს ის, რაც მის საკუთარ ჯანმრთელობას ანგრევს.

ერთხელ გერმანიიდან კაცი მეწვია. მისი ქალიშვილი დავრდომილი იყო. ექიმებმა გოგონაზე ხელი აიღეს. საცოდავი მამა სასოწარკვეთილი იყო. ვურჩიე, - შვილის ჯანმრთელობისთვის რაიმე მსხვერპლი გაიღე. მუხლისდრეკა შენ არ შეგიძლია, ლოცვითაც ვერ ილოცებ... მითხარი, დღეში რამდენ სიგარეტს ეწევი-მეთქი. ოთხნახევარ კოლოფსო. "მაშინ ერთი კოლოფი მოწიე, - ვუთხარი, - დანარჩენი სამნახევრის საფასური რომელიმე გლახაკს მიეცი". მამაო, ოღონდ ჩემი შვილი გამოჯანმრთელდეს და საერთოდ დავანებებ თავს მოწევასო. "თუ ის გამოჯანმრთელდა, მერე თავის დანებებას ფასი აღარ ექნება. მოწევას თავი ახლავე უნდა ანებო. დაუტევე სიგარეტი. ნუთუ შენი შვილი არ გიყვარს?" როგორ თუ არ მიყვარს. მისი გულისთვის მეექვსე სართულიდან გადმოვეშვებიო. "ხომ არ გეუბნები, თავით გადმოეშვი მეექვსე სართულიდან-მეთქი. გირჩევ, სიგარეტის წევას თავი ანებო. თუ ასე უგუნურად მოიქცევი, მეექვსე სართულიდან გადმოხტები, შვილს უპატრონოდ დატოვებ და სულსაც დაიღუპავ". მაგრამ მას არაფრის გულისთვის არ უნდოდა მოწევისთვის თავის დანებება და საბოლოოდ ცრემლმდინარე გამშორდა! აბა, როგორ დაეხმარები ასეთ ადამიანს?! ხოლო ვინც გიჯერებს, შეწევნასაც იღებს.

ერთი კაცი მოვიდა. მგზავრობით დაღლილი ძლივსღა სუნთქავდა. მივხვდი, ბევრს ეწეოდა. ვუთხარი: "უცნაური კაცი ხარ, ამდენს რატომ ეწევი? ასე ხომ დაავადდები". ცოტა რომ ამოისუნთქა, მითხრა: "ცოლი მყავს მომაკვდავი. გთხოვ, ილოცე, რომ სასწაული მოხდეს. ექიმები ვერაფერს შველიან". გიყვარს ცოლი-მეთქი? მიყვარსო. "მაშ, შენ თვითონ რატომ არ დაეხმარები? თვითონ რომ ყოფილიყო შენს ადგილას, რაც შეეძლებოდა, ყველაფერს გააკეთებდა, ექიმებიც ასე მოიქცნენ. ახლა კი მოდიხარ ჩემთან და მთხოვ, გავაკეთო ის, რაც შემიძლია, ანუ ვილოცო, რომ ღმერთი შეეწიოს. მაგრამ შენ რა გააკეთე იმისთვის, შენმა ცოლმა შეწევნა რომ ნახოს?" "რისი გაკეთება შემიძლია, მამაო?" - გაუკვირდა კაცს. "თუ სიგარეტის წევას თავს დაანებებ, შენი ცოლი გამოჯანმრთელდება". ვიფიქრე, თუ ღმერთი დაინახავს, რომ გამოჯანმრთელება სულიერად ვერ დაეხმარება მის ცოლს, სიგარეტის წევისთვის თავის დანებებით ეს კაცი მაინც განთავისუფლდებოდა ამ ბოროტი ჩვევისგან. გავიდა ერთი თვე და ის კაცი გახარებული მოვიდა ჩემთან სამადლობლად: მამაო, თქვენი რჩევისამებრ მოვიქეცი და ჩემი ცოლი გამოჯანმრთელდაო. გავიდა ხანი. ერთხელ შეწუხებული მოვიდა - თურმე ნელ-ნელა სიგარეტის წევა დაუწყია და ცოლი კვლავ მძიმედ გახდომია ავად. "ამის წამალი უკვე იცი, - ვუთხარი, - სიგარეტს კვლავ დაანებე თავი".

ავადმყოფობის ჟამს ლოცვაზე.
მამა პაისის ერთმა მონაზონმა ჰკითხა: "მამაო, სწორად თუ ვიქცევით, როცა საკუთარ გამოჯანმრთელებაზე ვლოცულობთ?" მამა პაისიმ უპასუხა: "კარგი იქნება, თუ ღმერთს ჩვენს ვნებათაგან განთავისუფლებას ვთხოვთ. ანუ პირველად ღვთის სასუფეველს ვეძიებთ. როცა ღმერთს სნეულებათაგან საკუთარ განკურნებას ვთხოვთ, მაშინ ვფლანგავთ ჩვენს ზეციურ საუნჯეს. მაგრამ თუ ვერ დავითმენთ სატანჯველს, ვთხოვოთ ღმერთს განკურნება და ისიც სათანადოდ (ჩვენი სულისთვის სასარგებლოდ) მოიქცევა".

მამა პაისი ასევე ბრძანებდა: "როცა ადამიანი გთხოვს, ჩემთვის ილოცეთ, ამა და ამ დღეს ოპერაცია უნდა გამიკეთონო, ლოცვა მაშინვე დაიწყეთ. ნუ დაუწყებთ ლოდინს იმ დღესა და საათს, როდესაც მას საოპერაციოში შეიყვანენ. მსახურებისას, როცა მღვდელი წარმოთქვამს: "უძლურებასა შინა მყოფი", გულისტკივილით იგალობეთ: "უფალო, შეგვიწყალენ". ავადმყოფები ხომ ტკივილით იტანჯებიან, შენ არ გტკივა. ამიტომაც ილოცე მათთვის, რომ ღვთის შეწევნა მიიღონ. თუ ტკივილისგან არ ოხრავ და არც სარეცელს ხარ მიჯაჭვული, ის მაინც ქენი, სნეულებისთვის ილოცო და იოხრო. თუ ჯანმრთელები ცოტცოტაობით ავადმყოფებისთვის არ ილოცებენ, მაშინ ქრისტე მალევე ჰკითხავს მათ: "თქვენ ჯანმრთელნი იყავით და ლოცულობდით მათთვის, ვინც იტანჯებოდა? არა გიცნი თქვენ".

თუ ავადმყოფისთვის არ ვლოცულობთ, მაშინ, ბუნებრივია, ავადმყოფობა გაძლიერდება. ხოლო თუ სნეულისთვის ვილოცებთ, ამას შეუძლია შეცვალოს სენის ბუნებრივი განვითარება. ამიტომაც ყოველთვის ილოცეთ სნეულთათვის".

მამა პაისი ათონელის წიგნის მიხედვით
ბეჭდვა
1კ1