თუ ისურვებდა, ღმერთთან დარჩებოდა, საღმრთო მადლით შემოსილი, თუ არადა - მოშორდებოდა ღმერთს და მისმიერ მადლსაც მოაკლდებოდა
თუ ისურვებდა, ღმერთთან დარჩებოდა, საღმრთო მადლით შემოსილი, თუ არადა - მოშორდებოდა ღმერთს და მისმიერ მადლსაც მოაკლდებოდა
რწმენა - თავისუფალი არჩევანია და იქ, სადაც არის თუნდაც დაფარული მტკიცება და ძიების სურვილი - არ არის სარწმუნოება. ღვთის არსებობის, ღვთის გამოვლინების ნიშნები არ უნდა მივიღოთ, როგორც "მტკიცებულებანი", ამით ვაკნინებთ, ვშლით სარწმუნოების ღვაწლს. წმინდანებს თვისთა ცოდვათა ღრმა განცდა ქრისტესთან სიახლოვის გზით აქვთ მომადლებული.
ალექსანდრე ელჩანინოვის ჩანაწერები

საღმრთო მადლის თავდაპირველ უხვებაში არაფერი იყო იძულებითი - ადამიანი თავისუფალი იყო ნებელობის მხრივ: თუ ისურვებდა, ღმერთთან დარჩებოდა, საღმრთო მადლით შემოსილი, თუ არადა - მოშორდებოდა ღმერთს და მისმიერ მადლსაც მოაკლდებოდა. და რაკი იგი თავისი თავისუფალი ნებით მოშორდა შემოქმედს და ცოდვით დაეცა, მსგავსად იმ ზეციური სულებისა, რომელნიც ამპარტავნებით დაეცნენ, საღმრთო მადლსაც მოაკლდა.

ყველა გონიერი არსება - ვგულისხმობთ ანგელოზებს, სულებსა და დემონებს - ღმერთმა წმინდანი და მეტად მარტივნი, უბრალონი შექმნა, ხოლო ის, რომ ზოგიერთნი მათგან ბოროტებას მიექცნენ, მათი თვითნებობითვე მოხდა, რადგან ისინი საკუთარი ნებით მოშორდნენ ღმერთს და ღირსსაფერ ზრახვებსაც მოაკლდნენ.

* ხილული ქმნილებანი თითქოს შეკრულნი არიან რაღაც უძრავი ბუნებით, მათ არ ძალუძთ არც გამოსვლა ამ მდგომარეობიდან, რომელშიც შეიქმნენ და, გონიერ ქმნილებათაგან განსხვავებით, არც თავისუფალი ნება მინიჭებიათ ღვთისგან. შენ კი, ადამიანო, ღმერთის ხატად და მსგავსად ხარ შექმნილი და როგორც ღმერთია თავისუფალი ნების მქონე და ყოველთვის იმას იქმს, რაც თვითონვე ნებავს, ასევე თავისუფალი ნებისა ხარ შენც და შეგიძლია ის აკეთო, რაც მოგენებება. მაგრამ შენი ბუნებით ადვილად ემორჩილები ცვლილებას.

* ჩვენი ადამიანური ბუნება ადვილად იღებს კეთილსაც და ბოროტსაც, საღმრთო მადლსაც და მის მოწინააღმდეგე ძალასაც, და იგი ყოველთვის თავისუფალია არჩევანში - შეუძლებელია მიმძლავრებული იყოს ვინმესგან და იძულებით მიიღოს ან კეთილი, ან ბოროტი. ასე რომ, ადამიც საკუთარი თავისუფალი ნებით გარდახდა ღვთის მცნებას და მზაკვარს დაუჯერა... უდიდესი სიმდიდრე და უდიდესი მემკვიდრეობა ჰქონდა მისთვის განმზადებულ ღმერთს, მაგრამ ადამი მოაკლდა საღმრთო მადლს, რადგან ბოროტი ზრახვებითა და გულისთქმებით აღივსო, დაიღუპა ღმერთისთვის და სიკვდილს ეწია.

* როგორც ცოდვილი კაცი თავის ნებაყოფლობით დაცემაში სრულიად მიანებებს თავს ეშმაკს და სიამოვნებით აღასრულებს ბოროტ საქმეთ, როგორც ბუნებრივს რასმე, სიხარულით ეძლევა სიძვა-მრუშებას, სიმთვრალეს, ანგარებასა თუ სხვა ვნებებს, ამგვარადვე სრულყოფილი ქრისტიანიც, როცა ნებაყოფლობით მიეცემა სათნოებებს და სიამოვნებით დაუტკბება მათ, ისე აღასრულებს კეთილ საქმეთ, როგორც სავსებით ბუნებრივს და მარადის არის აღვსებული სიმშვიდითა და სულგრძელებით, სიკეთითა და მოთმინებით, ღრმა რწმენითა და თავმდაბლობით და სხვა მრავალი სათნოებით. ამიერიდან დაუშრომლად აღასრულებს ამ სათნო საქმეთ, რადგან აღარ ებრძვიან უპატიო ვნებები, რადგან სრული გამოხსნა აქვს მიღებული უფლისგან და საღმრთო ძალით აღვსებული, ჰგიებს რა სიხარულსა და მხიარულებასა შინა, ქრისტესმიერი მშვიდობა მოეფინება მარადის მის გულს.
წმინდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი

ღმერთი შეგონებებით მოქმედებს და არა იძულებით; იგი გვარწმუნებს, გვირჩევს, გვაფრთხილებს ჩვენი ყოველი ბოროტი წამოწყების ჟამს, მაგრამ არასდროს მოქმედებს იძულებით, რამეთუ ჩვენ, მის გონიერ ქმნილებათ, თავისუფალი ნება გვაქვს მონიჭებული.
წმინდა იოანე ოქროპირი

ღმერთს არასდროს არაფერში ძალადობა არ გამოუყენებია თავისი ქმნილების მიმართ და ყოველთვის შეგონება-დამოძღვრით, დარწმუნებით მოქმედებდა და მოქმედებს. ძველი მონობის აღმოფხვრის შედეგად (როცა უფალმა იესო ქრისტემ გაგვათავისუფლა ეშმაკის ცოდვისა და სიკვდილის ტყვეობისგან), აწ თავისუფლების ჟამი დაგვიდგა, ადამიანისთვის დროულიც და მაცხოვნებელიც იყო იმის უწყება, რომ იგი თავისუფალი ნების მქონე გონიერ არსებად არის ღვთის მიერ შექმნილი.

* სიყვარულის ორგვარი სახეობა ორგვარსავე მოქალაქეობას აღმოაცენებს ქვეყნიერებაზე: ღვთის სიყვარული იერუსალიმის მოქალაქეებად შეგვქმნის, ღვთის ქალაქისა, ხოლო ამა სოფლის სიყვარული - ბაბილონის მოქალაქეებად, ანუ ეშმაკის ქალაქისა. მაშ, დაე, ყოველმა ჩვენგანმა თვითვე ჰკითხოს საკუთარ თავს, თუ ვინ და რა შეჰყვარებია მას და ასე გულისხმა-ჰყოს, თუ რომელი ქალაქის მოქალაქე შექმნილა - ღვთის ქალაქისა თუ ეშმაკის ქალაქისა!
ნეტარი ავგუსტინე

უნდა ვიცოდეთ, რომ საქმეთა არჩევანი ჩვენს ხელთაა - ჩვენს თავისუფალ ნებაზეა დამოკიდებული, მათი ბოლო კი მხოლოდ ღვთის ნებაზე. ამასთან, კეთილ საქმეთა ბოლო ღმერთის შეწევნითაა განპირობებული, რამეთუ ყოვლადძლიერი ღმერთი, თავისი წინასწარმცნობელობით სამართლიანად შეეწევა იმ ადამიანებს, რომელთაც თავიანთი მართალი სინდისით კეთილი ხვედრი აურჩევიათ. ბოროტ საქმეთა ბოლო კი ღმერთის მხრივ შეუწევნელობაზეა დამოკიდებული, რადგან ყოვლადძლიერი ღმერთი, ასევე თავისი წინასწარ მცნობელობით, სამართლიანადვე მიატოვებს ხოლმე ბოროტის ჩამდენ ადამიანს და ეს უკანასკნელიც თავის ძალთა ანაბარა რჩება.

* ღმერთს, თავისი წინამსწრობელი ნებით, სურს, ჩვენგან კეთილი საქმეები მიიღოს და სწყალობს კიდეც მათ თავისმიერი შეწევნით. ხოლო ბოროტი საქმეები მას არ სურს ჩვენგან არც თავისი წინამსწრობელი ნებით და არც თავისი შემდგომი ნებელობით. მაგრამ ღმერთი მიუშვებს ხოლმე ჩვენს თავისუფალ ნებას ბოროტის საქმნელადაც, რამეთუ იძულებით რაიმეს მოქმედება არც სათნოებად შეგვერაცხება დ არც გონიერ საქმედ.
წმინდა იოანე დამასკელი

სწორედ აქ, ამქვეყნიურ ცხოვრებაში გვებრძანა ჩვენ უფლისგან ცათა სასუფევლის მოძიება და მოპოვება, როცა მის კართა ზედა გამუდმებით უნდა ვირეკდეთ, განუწყვეტლივ უნდა ვეძიებდეთ მას და ყოველთვის უნდა ვითხოვდეთ მისგან წრფელი სინანულითა და ცრემლთა ღვრით. ხოლო თუკი არ ვიქმთ ამას, მაშინ იმა ქვეყანას გადასახლებულნი ასეთ სიტყვებს მოვისმენთ ქრისტესგან: რად ეძიებთ და ითხოვთ აქ იმას, რისი მიღებაც არ ისურვეთ თავის დროზე და შესაბამის ადგილას, როცა მე თვით გაძლევდით მას?! განა მრავალგზის არ გევედრებოდით - ცოტაოდენი იშრომეთ, მცირედ გაიჭირვეთ და მე თქვენ ცათა სასუფეველს მოგანიჭებთ-მეთქი?! მაგრამ არ ისურვეთ ეს და მოიძაგეთ კიდეც ცათა სასუფეველი, რადგან საუკუნო სიკეთეს უარყოფდით, ხოლო მიწიერს, განხრწნადსა და წარმავალს უპირატესობას ანიჭებდით და ამჯობინებდით.
წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი

უმაღლესი სიკეთე - ღმერთის შეცნობაა... ჩვენთვის ყველაზე კარგი ის იქნება, თუ გრძნობებს დავიხშობთ, უარვყოფთ სხეულსაც და ყოველივე ამქვეყნიურსაც. თუკი უკიდურესი საჭიროება არ გვექნა, არ შევეხოთ არაფერს კაცობრივს, ვესაუბროთ მხოლოდ საკუთარ თავს და შემოქმედ ღმერთს, ვიცხოვროთ ხილულზე აღმატებულად, ყოველთვის ვატარებდეთ საკუთარ თავში ღვთაებრივ სახეებს - წმინდათ, ქვენა და მომატყუებელ შთაბეჭდილებათაგან შეურყვნელთ, ვიყოთ და განუწყვეტლივ შევიქნებოდეთ სარკედ ღმრთისა და ღმრთაებრივისა, ნათელზე ნათელს ვუმატებდეთ, ნაკლებ მანათობელზე - უმეტესად გაბრწყინებულს, მანამდე, სანამ იმქვეყნიური გაბრწყინების წყაროს არ მივაღწევთ და ნეტარ დასასრულს არ ვეწევით, როცა სინამდვილის სიცხადე ყოვლად უსარგებლოდ არ გადააქცევს სარკეებს.
წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი
ბეჭდვა
1კ1