მხოლოდ უფლისგან კურთხეულნი შეიძლება იყვნენ სხვების მაკურთხებელნი
მხოლოდ უფლისგან კურთხეულნი შეიძლება იყვნენ სხვების მაკურთხებელნი
დღეს უმრავლესობამ არ იცის იმ სიხარულის გემო, რომელიც მსხვერპლშეწირვას მოაქვს. ადამიანებს შრომა არ უყვართ. შემოეპარათ სიზარმაცე, თბილად მოწყობის, მეტი დასვენების სურვილი. დაკნინდა ღვთისმოსაობა, მსხვერპლშეწირვის სული. თუ ადამიანებს გამოუდით, რომ რაიმე უშრომლად მოიპოვონ და თბილად მოეწყონ, ამას მიღწევად თვლიან. სწყინთ, თუ იოლი ცხოვრების მოწყობა ვერ მოახერხეს. მაგრამ ყოველივე ამას რომ სულიერი თვალით უყურებდნენ, გაიხარებდნენ, რადგან ამ შემთხვევაში მოღვაწეობის კარგი შესაძლებლობა ექმნებათ.
პაისი ათონელი

უკლებლივ ყველა წმინდანი ეზიარა მწუხარების გზას (ებრ. 12,8). ყველა მათგანმა მიწიერი ცხოვრების ასპარეზი წვეტიან ეკლებზე განვლო. ისინი ნაირგვარი სიდუხჭირის ხმიადით იკვებებოდნენ, მწარე უსუპით ისხურებოდნენ და მუდმივად სხვადასხვა განსაცდელის სასმისს სვამდნენ. ეს მათი ცხონებისა და სრულყოფილებისთვის იყო საჭირო. მწუხარებანი ერთდროულად მათ სულიერ ჩამოყალიბებას, კურნებასა და სასჯელს ემსახურებოდა.
წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი

ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ. ბედნიერია ის ქვეყანა, რომელსაც მრავლად ჰყავს ასეთი შვილი.

საქართველომ ამ მხრივაც საოცარი მაგალითი უჩვენა მსოფლიოს XI საუკუნეში. ჯალალ ედ-დინმა დაიპყრო თბილისი, მაგრამ მისი მოსახლეობა ვერ აიძულა, ქრისტიანული სიწმინდეები შეელახა. 100000-მა ქართველმა სიკვდილი ამჯობინა რწმენისა და ღირსების უარყოფას.

მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ისეთი ფაქტი, რომ ერთ დღეს ამდენი ადამიანი წამებულიყოს სარწმუნოების დასაცავად.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

რატომ არის მნიშვნელოვანი წინდანთა ცხოვრება? - ღვთისკენ მავალი გზების უსასრულო სპექტრთა შორის შეგვიძლია ვიპოვოთ ჩვენი გზა, მივიღოთ
დახმარება და მითითება, თუ როგორ გამოვიდეთ ჩვენი დაბნეული, ცოდვილი, ადამიანური ლაბირინთიდან და ავიდეთ სინათლის გზაზე.
ალექსანდრე ელჩანინოვი

ჰოი, რამდენს სურს ზეგარდმო კურთხევის მიღება, მაგრამ არსებითად ისინი მხოლოდ საკუთარი თავისთვის ცხოვრობენ! არ ესმით, რომ უმაღლესი, უღრმესი, ერთი მხოლოდ ნამდვილი სიკეთე ისაა, რომ სხვებისთვის იცოცხლო, ემსახურო მათ, უწილადო ის, რაც თავად მივიღეთ. ამ ერთშია - ცხოვრების ჭეშმარიტი აზრი, თავისუფლება. მხოლოდ უფლისგან კურთხეულნი შეიძლება იყვნენ სხვების მაკურთხებელნი.
"მართლმადიდებელი მოძღვრის დღიური"

ვინც უდაბნოში ცხოვრობს და მუდმივად ჰგიებს, სხვებზე მეტად თავისუფალია სამი - სმენისმიერი, ხედვისმიერი და ენისმიერი საცდურისგან; ესევითარი ერთი - გულისმიერი საცდურის წინაშეღა რჩება.
წმინდა ანტონი დიდი

ჭეშმარიტი ქრისტიანები იმით სჯობიან ყველა დანარჩენთ, რომ მათი გონება და შემეცნება მარადის ზეცისაზე ფიქრობს და ყოველთვის მარადიულ სიკეთეებს გამოიძიებს სულიწმინდის მიღებით. ამისთვის ზეცით შობა მოემადლებათ მათ და ღირსნიც შეიქმნებიან, ღვთის შვილები გახდნენ ძალითა და ჭეშმარიტებით, რადგან მიუღწევიათ უკვე სიმტკიცისთვის, აღუძვრელობისა და სიმშვიდისთვის თავიანთი მრავალი ღვაწლის, შრომისა და ტაჯვა-ტკივილის გზით; აღარ მღელვარებენ ისინი ამაო სურვილებით და ამით ამაღლდებიან ამა ქვეყანაზე. მათი გონება და სულის მცნობელობა ქრისტესმიერი მშვიდობით ჰგიებს სულიერ სიყვარულსა და სიხარულში, როგორც ამას თვით უფალი იტყვის თავის მორწმუნეთათვის: "ამინ, ამინ გეტყვი თქვენ, რამეთუ რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხოვრებაი საუკუნოი, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკვდილისაგან ცხოვრებად" (იოანე 5,24).
წმინდა მაკარი დიდი, ეგვიპტელი

ჩვენნაირი ადამიანები იყვნენ ათონელი წმინდანები. სხვა მთების მსგავსად, ათონიც ველური იყო, მაგრამ ჩვენი წმინდა მამები მოშურნე მოღვაწეობით თავადაც განიწმინდნენ, მთაც განწმინდეს, ამიტომაც დაერქვა წმინდა მთა და ჩვენც ვამაყობთ დღეს, როგორც მთაწმინდელები.
ბერი პაისი

როგორც ოქრო გამოიწრთობა ცეცხლით, ასევე ადამიანიც ცოდვებისგან განიწმინდება სნეულებათა დათმენით. გავიხსენოთ მოციქულნი, წინასწარმეტყველნი და მოწამენი, რომელთაც უდიდესი სატანჯველი დაითმინეს. ისინი კი ღმერთის უდიდესი სათნომყოფელნი იყვნენ. ასე რომ, თუკი ვინმე ქვეყნიურ ცხოვრებაში დაითმენს უბედურებებსა და სნეულებებს, იცოდეთ, რომ უდიდეს საზღაურს მიიღებს ამისთვის ცათა სასუფეველში.

...წმინდა მოწამეებმა ესრეთ განიზრახეს: თუკი ღმერთი ჯვარს-ეცვა კაცთათვის, ჩვენი ხსნისთვის და ცხოვნებისთვის, ჩვენ რატომღა არ უნდა ვიტანჯოთ ღმერთისთვის და რად უნდა გვეშინოდეს სიკვდილის მიღება ჩვენი უფლისთვის?! ამისთვის ყოველი სატანჯველი მათ სიხარულად უქცია ღმერთმა.
წმინდა იოანე ოქროპირი
ბეჭდვა
1კ1